15 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ბრაზილია
ბრაზილიის ფედერალური უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს პაციენტის უფლებას, თავად აირჩიოს მკურნალობის მეთოდი
მოსამართლეები იეჰოვას მოწმეების ორ საქმეზე ერთხმად იღებენ გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ
2024 წლის 25 სექტემბერს ბრაზილიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თითოეულ სრულწლოვან პაციენტს უფლება აქვს, უარი თქვას სისხლის გადასხმაზე და თავად აირჩიოს მკურნალობის მეთოდი. აგრეთვე სასამართლოს დადგენილების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ სათანადო მკურნალობა ჩაუტარდეს იმ პაციენტებს, რომლებიც პირადი თუ რელიგიური შეხედულების გამო უარს აცხადებენ სისხლის გადასხმაზე.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ორი სასამართლო საქმის საფუძველზე, რომლებიც ეხებოდა ბრაზილიაში მცხოვრებ ორ იეჰოვას მოწმეს. 2018 წელს ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს, მალვინა სილვას, საავადმყოფომ გაუუქმა დაგეგმილი ოპერაცია, რადგან მალვინამ ხელი არ მოაწერა პაციენტის თანხმობის ფორმას, რომლის თანახმადაც ექიმები უფლებამოსილი იქნებოდნენ, ოპერაციის დროს მისთვის სისხლი გადაესხათ. მას თითქმის ორი წელი დასჭირდა ლოდინი, სანამ მისთვის მისაღები მკურნალობა ჩაუტარდებოდა.
2014 წელს კიდევ ერთ იეჰოვას მოწმეს, ჰელი დე სუზას, ქირურგიული ოპერაცია სჭირდებოდა, თუმცა ადგილობრივი საავადმყოფო უსისხლო ოპერაციის ჩასატარებლად სათანადოდ არ იყო აღჭურვილი. ჯანდაცვის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ჰელის მოთხოვნა, რომ ის გადაეყვანათ ისეთ კლინიკაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო აპარატურაც იქნებოდა და მის არჩევანსაც გაითვალისწინებდნენ. ჰელი კვლავ ოპერაციის მოლოდინშია. ბრაზილიაში მსგავს პრობლემებს ბევრი იეჰოვას მოწმე ხვდება. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებს მათი ნების საწინააღმდეგოდ უსხამენ სისხლს.
სასამართლოს თავმჯდომარემ, ლუის რობერტო ბაროსომ, მიღებული გადაწყვეტილების წაკითხვისას აღნიშნა: „რელიგიური შეხედულების საფუძველზე სისხლის გადასხმაზე უარის თქმის უფლება ადამიანის ღირსებისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ კონსტიტუციური პრინციპებით არის დაცული. შესაბამისად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების საფუძველზე იეჰოვას მოწმეები უფლებამოსილნი არიან, ხელი მიუწვდებოდეთ მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებზე და უარი თქვან ნებისმიერ სამედიცინო პროცედურაზე, რომელიც საჭიროებს სისხლის გადასხმას“.
ეს გადაწყვეტილება ბრაზილიის ყველა სასამართლოს ავალდებულებს, პატივი სცენ პაციენტის კონსტიტუციურ უფლებას, თავად აირჩიოს მკურნალობის მეთოდები. უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილებები სხვა ქვეყნებშიც იქნა მიღებული, მაგალითად, ავსტრალიაში, აშშ-ში, იაპონიაში, კანადასა და სამხრეთ აფრიკაში. 2024 წლის 17 სექტემბერს ანალოგიური დადგენილება გამოსცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, რომელიც ევროპის 46 ქვეყანასა თუ ტერიტორიას ავალდებულებს, პატივი სცეს პაციენტის გადაწყვეტილებას.
გვიხარია, რომ ბრაზილიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ პაციენტთა სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, რელიგიური მრწამსის საფუძველზე, თავად აირჩიოს მკურნალობის მეთოდი.