2014 წლის 24 სექტემბერი
ერიტრეა
ოცი წელი გისოსებს მიღმა
ოცი წლის წინ ერიტრეაში სამი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს და სავას ციხეში ჩასვეს, სადაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ყოფნა. ეს მამაკაცები დღემდე ამ ციხეში არიან. მათთვის, როგორც დამნაშავეებისთვის, არც ბრალი წაუყენებიათ და არც სასამართლო წესით თავის დაცვის საშუალება მიუციათ. რატომ მოექცნენ ამ მამაკაცებს ასე უსამართლოდ?
პაულუს ეიასუ, ნეგედე ტეკლემარიამი და ისააკ მოგოსი იეჰოვას მოწმეები არიან და თავიანთი მტკიცე რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. მათთვის, ამ მიზეზით ოფიციალურად რომ წაეყენებინათ ბრალდება, განსაზღვრული ვადით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ. ამჟამად პაულუსი 41 წლისაა, ნეგედე — 40-ის, ისააკი კი — 38-ის. მათ მთელი თავიანთი ახალგაზრდობა გისოსებს მიღმა გაატარეს. მათ არ ჰქონიათ დაქორწინებისა და შვილების ყოლის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, თავიანთი მოხუცებული მშობლების მოვლის საშუალებაც არ მიეცათ. პაულუს, ნეგედესა და ისააკს წაართვეს უფლება, საკუთარი არჩევნისამებრ ეცხოვრათ და თავიანთი ღვთისთვის თანამორწმუნეებთან ერთად ეცათ თაყვანი.
ეს სამი მამაკაცი 1994 წლის 24 სექტემბერს დააპატიმრეს და სავას ციხეში ჩასვეს. წლების მანძილზე მათ სასტიკად ექცეოდნენ და აწამებდნენ კიდეც. მაგრამ ბოლო წლებში მათ უკვე ასე საშინლად აღარ ეპყრობიან. უფრო მეტიც, ამ მამაკაცების სიმტკიცემ, ბოლომდე უერთგულონ თავიანთ რელიგიას, ციხის ზედამხედველები პატივისცემით განაწყო მათ მიმართ.
სხვა იეჰოვას მოწმე პატიმრები გაუსაძლის პირობებში
ერიტრეაში იეჰოვას მოწმეები ყველაზე მეტად იდევნებიან. იმ დროს, როცა ეს სტატია მზადდებოდა, ერიტრეაში 73 იეჰოვას მოწმე იყო დაპატიმრებული, რომელთა შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები. უმეტესობას არაადამიანურ პირობებში უწევდა ყოფნა. მათ არ ჰქონდათ საკმარისი რაოდენობით წყალი და ნორმალური საკვები; ყველაფერთან ერთად ციხეში სასტიკადაც ეპყრობოდნენ. სხვა სამი მოწმე უკვე ათ წელზე მეტია სავას ციხეში იმყოფება. მაგრამ ყველა სხვა დაპატიმრებულ მოწმეებთან შედარებით პაულუსი, ნეგედე და ისააკი ყველაზე დიდი ხანი არიან პატიმრობაში.
საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს ერიტრეის მთავრობას, შეწყვიტოს რელიგიური ნიშნით დევნა
საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იეჰოვას მოწმეები და სხვა რელიგიური უმცირესობები ერიტრეაში უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან.
2004 წლიდან მოყოლებული დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი ერიტრეაში არსებულ „მდგომარეობას განსაკუთრებით შემაშფოთებელს“ უწოდებს და მას იმ ქვეყნების რიცხვს მიაკუთვნებს, სადაც „უხეშად არღვევენ რელიგიის თავისუფლების უფლებას და იწყნარებენ ასეთ დამოკიდებულებას, რასაც ხშირი ხასიათი აქვს“.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ „ერიტრეის მთავრობა ასე უხეშად არღვევს თავისი ქვეყნის მოსახლეობის უფლებებს“. ის მოუწოდებს ერიტრეის მთავრობას, „პატივი სცეს ყველა ადამიანის აზრის, სინდისის და მრწამსის თავისუფლების უფლებას“.
შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომიტეტის 2014 წლის ანგარიშში ნათქვამია: „განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეების რელიგიური თავისუფლება იზღუდება“.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს (Human Rights Watch) თავის 2013 წლის მსოფლიო ანგარიშში აღნიშნავს, რომ ერიტრეის მთავრობა კვლავაც აკავებს, აპატიმრებს და აწამებს იმ რელიგიური მიმდინარეობების წევრებს, რომლებიც ამ ქვეყანაში არ არის აღიარებული. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, დევნის სამიზნე განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეები ხდებიან.
2005 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა აფრიკის კომისიამ მიიღო „რეზოლუცია ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ერიტრეაში“; ეს კომისია მოუწოდებს ერიტრეის მთავრობას, „უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო განხილვის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანად შეკრების უფლება“.
ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეების მრჩეველი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, მთელ მსოფლიოში მცხოვრები მოწმეების სახელით აღნიშნავს: „დიდი იმედი გვაქვს, რომ ერიტრეის მთავრობა გაათავისუფლებს ყველა იეჰოვას მოწმე პატიმარს, მათ შორის იმ სამ მამაკაცს, რომლებიც 20 წელზე მეტია პატიმრობაში იმყოფებიან, და შეწყვეტს ჩვენი თანამორწმუნეების დევნას“.