არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჰაბტემიქაელ ტესფამარიამი თავის ცოლ ლეტებირჰან ბაზაბჰისთან ერთად ჰაბტემიქაელის დაპატიმრებამდე

2018 წლის 25 აპრილი
ერიტრეა

ერიტრეის ციხეში ორი ხანდაზმული იეჰოვას მოწმე გარდაიცვალა

ერიტრეის ციხეში ორი ხანდაზმული იეჰოვას მოწმე გარდაიცვალა

2018 წლის დასაწყისში ქალაქ ასმერასთან ახლოს მდებარე მაი სერვას ციხეში გარდაიცვალა ორი იეჰოვას მოწმე ჰაბტემიქაელ ტესფამარიამი და ჰაბტემიქაელ მეკონენი. ორივე მათგანი 2008 წლის ზაფხულში რელიგიური მრწამსის გამო დააპატიმრეს. ისინი თითქმის ათი წლის განმავლობაში უძლებდნენ ციხის უმკაცრეს პირობებს.

ჰაბტემიქაელ ტესფამარიამი 76 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა 2018 წლის 3 იანვარს მაი სერვას ციხეში. მისი თანაპატიმრები გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ. იგი 1942 წელს დაიბადა (მანდეფერა, ერიტრეა). ის 1970 წელს გახდა იეჰოვას მოწმე და არაერთგზის უსამართლო მოპყრობისა და დაპატიმრების მიუხედავად, უარი არ უთქვამს თავის რწმენაზე. მას დარჩა მეუღლე ლეტებირჰან ბაზაბჰი, ოთხი ვაჟი და სამი ქალიშვილი.

ჰაბტემიქაელ მეკონენი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა 2018 წლის 6 მარტს მაი სერვას ციხეში. პატიმრების აზრით, მისი სიკვდილის მიზეზი თირკმლის უკმარისობა გახდა. მეკონენი 1940 წელს სამხრეთ ერიტრეაში, სოფელ კუდო ფელასში დაიბადა. იგი დაახლოებით 55 წლის წინ გახდა იეჰოვას მოწმე და ტესფამარიამის მსგავსად, არასდროს წასულა კომპრომისზე რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, მიუხედავად უსაფუძვლო დაპატიმრებისა და ცუდი მოპყრობისა. მას დარჩა მეუღლე მიჰრეთ ელიასი, ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

უსამართლო დაპატიმრება და არაადამიანური მოპყრობა

მეკონენი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც სამართალდამცავმა პირებმა ის ყოველგვარი ბრალის წაყენების გარეშე დააკავეს 2008 წლის ივლისში. იგივე მოხდა ტესფამარიამის შემთხვევაში; ისიც საკუთარ სახლში დააპატიმრეს 2008 წლის აგვისტოში. მალევე ორივენი სისასტიკით ცნობილ მიტერის ციხეში გადაიყვანეს, რომელიც უდაბნოში, ასმერას ჩრდილოეთით მდებარეობს და სადაც მათ გაუსაძლისი და არაადამიანური პირობების ატანა მოუწიათ. სასჯელის დამძიმების მიზნით, ციხის ხელმძღვანელებმა იეჰოვას მოწმე პატიმრები ნახევრად მიწაში ჩაფლულ საპატიმროში, ეგრეთ წოდებულ, „მიწისქვეშეთში“ გადაიყვანეს, სადაც ისინი 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე იმყოფებოდნენ. აუტანელი სიცხის, არასრულფასოვანი კვებისა და უწყლოობის გამო ზოგიერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა.

2017 წელს მოწმეები მიტერის ბანაკიდან მაი სერვას ციხეში გადაიყვანეს. იქ მათ შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ნათესავებისგან გამოგზავნილი საკვები და განსაკუთრებით კრიტიკულ მდგომარეობაში უზრუნველყოფილ იქნენ მკურნალობით. მართალია, ეს ერთგვარი შვება იყო პატიმრებისთვის, მაგრამ ტესფამარიამისა და მეკონენისთვის სამწუხაროდ უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.

ჰაბტემიქაელ მეკონენი თავის მეუღლე მიჰრეთ ელიასთან ერთად ჰაბტემიქაელის დაპატიმრებამდე

ტესფამარიამი და მეკონენი არ იყვნენ პირველი მოწმეები, რომლებიც ან ციხეში დაიღუპნენ, ან გათავისუფლებიდან მალევე. საშინელი პირობებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო ორი იეჰოვას მოწმე ციხეში დაიღუპა, სამი — გათავისუფლების შემდეგ მალევე. სულ მცირე, შვიდი იეჰოვას მოწმე ჯანმრთელობის მწვავე პრობლემებს ებრძვის. ეს პრობლემები მათ ციხეში ყოფნისას დაეწყოთ. ერიტრეის ციხეში ამჟამად 53 იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული რწმენის გამო, მათ შორისაა ტესფამარიამის ძმა, ტარეკე.

„რელიგიური ნიშნით დევნა ითვლება კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად“

2016 წლის 8 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეფუძნებოდა ერიტრეის საგამოძიებო კომისიის მიერ გაკეთებულ კვლევის შედეგებს. ეს კომისია ადამიანის უფლებათა საბჭომ სწორედ იმ მიზნით დააფუძნა, რომ გამოეკვლიათ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ერიტრეაში. გაეროს საგამოძიებო კომისიამ მოუწოდა ერიტრეის მთავრობას, „პატივი სცეს ადამიანის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებას და შეწყვიტოს აღმსარებლობის გამო ადამიანების თვითნებური დაპატიმრება, განსაკუთრებით, ზოგიერთი რელიგიური ჯგუფის წევრების, მაგალითად, იეჰოვას მოწმეების დაპატიმრება ... დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ისინი, ვინც უკანონოდ და თვითნებურად ჰყავს პატიმრობაში“. გაეროს საგამოძიებო კომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ერიტრეის მთავრობის მხრიდან „რელიგიური ნიშნით დევნა ითვლება კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად“.

იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ ტესფამარიამისა და მეკონენის გარდაცვალების ფაქტები საერთაშორისო საზოგადოებას არ დარჩება შეუმჩნეველი და ეს ტრაგიკული შემთხვევა უბიძგებს ქვეყანაში არსებულ სამართლიან უფლებამოსილ პირებს, სათანადო ზომები მიიღონ მათ სასარგებლოდ, ვინც რწმენის გამო უსამართლოდ არის დაპატიმრებული.