არჩეულ მასალაზე გადასვლა

2013 წლის 5 ოქტომბერი
სომხეთი

სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ

სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ

სომხეთის მთავრობამ საბოლოოდ ცნო მათი უფლებები, ვინც მრწამსისა და სინდისის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე. 90-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ განცხადება შეიტანა იმის თაობაზე, რომ დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნა ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურზე. 2013 წლის 23 ოქტომბერს სომხეთის ეროვნულმა კომისიამ მოისმინა და დააკმაყოფილა მათგან 57-ის წერილობითი მოთხოვნა (კომისია დანარჩენების განცხადებებსაც განიხილავს). შემდგომ კომისიამ დააკმაყოფილა 20 დაპატიმრებული იეჰოვას მოწმიდან 6-ის მოთხოვნა, რომლებიც ერებუნის ციხეში იხდიდნენ სასჯელს. ექვსივე 2013 წლის 24 ოქტომბერს გაათავისუფლეს. კომისია აგრეთვე განიხილავს იმ დანარჩენი დაპატიმრებული იეჰოვას მოწმეების განცხადებებსაც, რომლებიც ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს ითხოვენ; მოსალოდნელია, რომ მათაც გაათავისუფლებენ.

ახალი პროგრამა

ეს ძვრები 2013 წლის 8 ივნისს დაიწყო, როცა სომხეთის მთავრობამ შესწორებები შეიტანა თავის კანონში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე, რათა ის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა. ეს სახეცვლილი კანონი 2013 წლის 25 ივლისიდან შევიდა ძალაში. 2013 წლის 2 ოქტომბერს სომხეთის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ამ სახეცვლილ კანონთან დაკავშირებით აღნიშნა: „ისინი, ვინც მრწამსისა და სინდისის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, მეტად აღარ ჩაითვლებიან კრიმინალებად და აღარც პასუხისგებაში მიეცემიან “. 2013 წლის 3 ოქტომბერს სომხეთმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ამნისტიას; ამ კანონის თანახმად, მათ, ვინც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამოა დაპატიმრებული, სასჯელი 6 თვით შეუმცირდება. ეს ამნისტია შეეხო 8 იეჰოვას მოწმეს, რომლებსაც გათავისუფლებამდე ექვს თვეზე ნაკლები ჰქონდათ დარჩენილი და ვადაზე ადრე, 2013 წლის 8 და 9 ოქტომბერს გამოუშვეს ციხიდან.

ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებული ეს ახალი პროგრამა უფლებას აძლევს მათ, ვინც მრწამსისა და სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, თავიანთი მოვალეობა სახელმწიფოს წინაშე ისეთი სახით შეასრულონ, რომ არ შეიბღალოს მათი ბიბლიით განსწავლული სინდისი. ალტერნატიული სამსახური მეტად აღარ არის სომხეთის შეიარაღებული ძალების მეთვალყურეობის ქვეშ; ის დღეს სამოქალაქო სამსახურს გადაეცა. სამოქალაქო სამსახურის წესდების თანახმად, ის, ვინც სინდისისა და რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, ვალდებულია 36 თვის განმავლობაში ყოველ კვირა 48 საათი იმუშაოს. წელიწადში მათ მხოლოდ 10 შვებულების დღე ეძლევა. ვინც ამის თაობაზე განაცხადს შეიტანს, ისეთი ალტერნატიული სამუშაოთი დაკმაყოფილდება, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება სამხედრო სამსახურთან და თანაც მის საცხოვრებელთან ახლოს იქნება.

რამ განაპირობა კანონში შესწორების შეტანა

როდესაც 2001 წელს სომხეთი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, მას, როგორც ყველა ახალ წევრ ქვეყანას, დაეკისრა ვალდებულება, მიეღო კანონი ალტერნატიული სამსახურის შესახებ და ყველა პატიმარი, ვინც სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის გამო განაცხადა უარი სამხედრო სამსახურზე, გაეთავისუფლებინა. ამის მიუხედავად, სომხეთი კვლავ ასამართლებდა და აპატიმრებდა ახალგაზრდა მოწმეებს.

გასული 20 წლის მანძილზე 450-ზე მეტ იეჰოვას მოწმეს მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა; ხშირად მათ სასტიკი მოპყრობისა და გაუსაძლისი პირობების ატანა უწევდათ.

ამ ახალგაზრდებს იმედის ნაპერწკალი მაშინ გაუჩნდათ, როცა 2004 წლის 1 ივლისს სომხეთის რესპუბლიკაში ძალაში შევიდა კანონი ალტერნატიული სამსახურის შესახებ. მაგრამ სომხეთში გარკვეული პერიოდი ალტერნატიული სამსახური სამხედრო ძალების მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მათ მიერ კონტროლირდებოდა; შესაბამისად, დამსჯელი ზომებიც მათ მიერ ხორციელდებოდა. ევროსაბჭომ არაერთხელ გაამახვილა იმაზე ყურადღება, რომ სომხეთში არსებული ალტერნატიული სამსახური არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. მაგალითად, 2007 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1532-ე რეზოლუციაში ნათქვამი იყო: „ევროსაბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ სომხეთის მთავრობამ ვერ შექმნა სათანადო სამოქალაქო სამსახური, რის გამოც ათეულობით ადამიანი, რომლებმაც რწმენისა და სინდისის გამო უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე და რომელთა უმრავლესობაც იეჰოვას მოწმეა, კვლავაც სასჯელს იხდის, რადგან პატიმრობას არჩევს ისეთი ალტერნატიული სამსახურის შესრულებას, რომელიც სინამდვილეში არ არის სამოქალაქო სამსახური“.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიც მსგავს შეშფოთებას გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ სომხეთის მთავრობა კვლავაც აპატიმრებდა მოწმეებს, რომლებიც სინდისისა და რწმენის გამო უარს აცხადებდნენ სამხედრო სამსახურზე. 2012 წელს 105-ე სხდომაზე ამ კომიტეტმა თავისი დაკვირვებები ასე შეაჯამა:

„სომხეთის მთავრობამ უნდა შექმნას ნამდვილი ალტერნატივა სამხედრო სამსახურისთვის, რომელიც იქნება მკვეთრად გამიჯნული სამხედრო სამსახურისგან, მისაღები ყველასთვის, ვინც სინდისის, მრწამსისა და აღმსარებლობის გამო აცხადებს უარს სამხედრო სამსახურზე, რომელიც არც სადამსჯელო ხასიათის იქნება და არც დისკრიმინაციული თავისი ფორმით, ხარჯებითა და ხანგრძლივობით. სომხეთის მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს ყველა, ვინც მრწამსისა და სინდისის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე ან უკვე არსებულ ალტერნატიულ სამსახურზე“.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო სიმართლის მხარეს იკავებს

მას შემდეგ, რაც სომხეთის სასამართლოებმა მსჯავრდადებული ვაჰან ბაიათიანისა და სხვა ახალგაზრდა მოწმეების სარჩელი არ დააკმაყოფილეს, მათ სომხეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. ძმა ბაიათიანის საქმე სრულიად სხვაგვარად წარიმართა, როცა 2011 წლის 7 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ევროპულმა სასამართლომ თავისი არსებობის მანძილზე პირველად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებათა ევროპის საბჭოს კონვენციით დაცული უნდა ყოფილიყო მათი უფლებები, ვინც სინდისის, მრწამსისა და აღმსარებლობის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დიდმა პალატამ კიდევ ოთხი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ასევე ითვალისწინებდა მათი უფლებების დაცვას, ვინც სინდისის, მრწამსისა და აღმსარებლობის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე. a

ახლახან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიცვა იმ მოწმეების უფლებები, ვინც სინდისის, მრწამსისა და აღმსარებლობის გამო უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე: ჰაიკ ბუხარათიანი, აშოტ ცატურიანი.

სომხეთის მთავრობამ, რომელმაც არაფრად ჩააგდო დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბაიათიანის საქმის თაობაზე, სასამართლო საქმე აღძრა 29 ახალგაზრდა მოწმის წინააღმდეგ და 23 მათგანი დააპატიმრა. 2011 წლის ივლისიდან 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით 86 მამაკაცმა საერთო ჯამში 168 წელი გაატარა სომხეთის ციხეებში. მათგან ზოგიერთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა ეს უკანონოდ გამოტანილი განაჩენი.

გადაუჭრელი საკითხები

ის ახალგაზრდები, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელი და 2013 წლის ოქტომბერში გათავისუფლდნენ, იმედოვნებენ, რომ რამდენადაც სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებები შევიდა, მათი სახელები ამოიშლება სისხლის სამართლის დანაშულის ჩამდენთა სიიდან. კიდევ ერთი საკითხი ეხება იმას, გადაუხდიან თუ არა კომპენსაციას მათ, ვინც ბაიათიანის საქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაასამართლეს და დააპატიმრეს.

აშკარაა, რომ სომხეთის მთავრობამ ალტერნატიული სამსახურის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. მაგრამ ახლა მან უფრო სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ აღიაროს მათი უფლებები, ვინც სინდისის, მრწამსისა და აღმსარებლობის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე.

რა ძვრები მოხდა ყველასთვის მისაღები ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შექმნამდე

როდის

განვითარება

2001

სომხეთი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, მას დაეკისრა ვალდებულება, მიეღო კანონი ყველასთვის მისაღები ალტერნატიული სამსახურის შესახებ.

2004

სომხეთის რესპუბლიკაში ძალაში შევიდა კანონი ალტერნატიული სამსახურის შესახებ, მაგრამ ალტერნატიული სამსახური სამხედრო ძალების მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მათ მიერ კონტროლირდებოდა. იეჰოვას მოწმეები ასეთ ალტერნატიულ სამსახურს არ შეასრულებდნენ.

2006

ზემოაღნიშნული კანონი ალტერნატიული სამსახურის შესახებ უკვე სადამსჯელო ზომებსაც ითვალისწინებდა, მაგრამ ამ კანონის თანახმად, ეს სამსახური არ იყო მკვეთრად გამიჯნული სამხედრო სამსახურისგან და ამიტომ ის იეჰოვას მოწმეებისთვის მიუღებელი იყო.

2011

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ბაიათიანის საქმის თაობაზე მის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სომხეთის მთავრობამ შელახა მათი უფლებები, ვინც სინდისის, მრწამსისა და აღმსარებლობის გამო აცხადებს უარს სამხედრო სამსახურზე და, შესაბამისად, დაიცვა ამ პირთა უფლებები.

2012

ევროპულმა სასამართლომ განიხილა ორი ახალგაზრდის საქმე, რომლებმაც სინდისისა და მრწამსისა გამო განაცხადეს უარი სამხედრო სამსახურზე: „ბუხარათიანი სომხეთის წინააღმდეგ“ და „ცატურიანი სომხეთის წინააღმდეგ“.

2013

8 ივნისს კანონში შესწორება შევიდა; ეს სახეცვლილი კანონი, რომელიც ითვალისწინებს ალტერნატივას სამხედრო სამსახურისთვის ანუ ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს, 25 ივლისიდან ამოქმედდა.

8 და 9 ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ გაათავისუფლა 8 ახალგაზრდა, რომლებმაც სინდისისა და მრწამსის გამო განაცხადეს უარი სამხედრო სამსახურზე.

23 ოქტომბერს სომხეთის ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა 57 იეჰოვას მოწმის წერილობითი მოთხოვნა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე; აგრეთვე 20 დაპატიმრებული იეჰოვას მოწმიდან 6-ის მოთხოვნა, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ პატიმრობაში.

24 ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ გაათავისუფლა ექვსი მოწმე ერებუნის ციხიდან.

a ნახეთ საქმე №43965/04 „ერჩეპი თურქეთის წინააღმდეგ“, 2011 წლის 22 ნოემბერი; საქმე №37819/03 „ბუხარათიანი სომხეთის წინააღმდეგ“, 2012 წლის 10 იანვარი; საქმე №37821/03, „ცატურიანი სომხეთის წინააღმდეგ“, საქმე №5260/07 „დემირტაში თურქეთის წინააღმდეგ“, 2012 წლის 17 იანვარი.