გალატელების მიმართ 2:1—21

  • პავლე მოციქულებს ხვდება იერუსალიმში (1—10).

  • პავლე კიცხავს პეტრეს (კეფას) (11—14).

  • ადამიანი რწმენით მართლდება (15—21).

2  კვლავ ჩავედი იერუსალიმში 14 წლის შემდეგ ბარნაბასთან+ ერთად და ტიტეც თან წავიყვანე.+  იქ იმიტომ წავედი, რომ გამოცხადება მივიღე. ცალკე შევხვდი პატივდებულ ძმებს და მოვუყევი, რასაც უცხოტომელებს ვუქადაგებ, რადგან მინდოდა, ზუსტად მცოდნოდა, ტყუილად ხომ არ ვაკეთებდი იმას, რასაც მანამდე ვაკეთებდი.  ბერძენი ტიტეც+ კი, რომელიც თან მახლდა, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა.+  ეს ცრუძმების გამო გახდა სადავო. ისინი შემოიპარნენ,+ რათა ჩაგვსაფრებოდნენ და ძირი გამოეთხარათ ჩვენი თავისუფლებისთვის,+ ქრისტე იესოსთან ერთობამ რომ მოგვიტანა; და ეს იმიტომ, რომ დავემონებინეთ,+  მაგრამ ჩვენ ოდნავაც არ დაგვიხევია უკან,+ რათა სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება თქვენში დარჩენილიყო.  რაც შეეხება პატივდებულთ+ — ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, რადგან ღმერთი ადამიანს მისი მდგომარეობის მიხედვით არ აფასებს — მათ ჩემთვის განსხვავებული არაფერი უთქვამთ.  უფრო მეტიც, როცა დაინახეს, რომ მონდობილი მქონდა სასიხარულო ცნობის გაცხადება წინადაუცვეთელებისთვის,+ როგორც პეტრეს — წინადაცვეთილებისთვის,  რადგან მან, ვინც პეტრეს მისცა საჭირო ძალა წინადაცვეთილებთან სამოციქულოდ, მეც მომცა ძალა უცხოტომელებთან სამოციქულოდ,+  და, როცა მიხვდნენ, რა წყალობა მიყო ღმერთმა,+ იაკობმა,+ კეფამ და იოანემ, რომლებიც ბურჯებად ითვლებოდნენ, მე და ბარნაბას+ თანამშრომლობის ნიშნად ხელი გამოგვიწოდეს, რათა ჩვენ უცხოტომელებთან წავსულიყავით, თავად კი — წინადაცვეთილებთან. 10  მხოლოდ ის გვთხოვეს, რომ გვეზრუნა ღარიბებზე, რის გაკეთებასაც ყოველთვის გულმოდგინედ ვცდილობდი.+ 11  მაგრამ, როცა კეფა+ ანტიოქიაში+ მოვიდა და ვნახე, დავუპირისპირდი, რადგან აშკარად გასაკიცხი იყო. 12  სანამ იაკობისგან+ მოვიდოდნენ ზოგიერთები, ის უცხოტომელებთან ერთად ჭამდა.+ მათი მოსვლის შემდეგ კი აღარ ჭამდა მათთან ერთად და თავიც შორს დაიჭირა მათგან წინადაცვეთილთა შიშით.+ 13  თვალთმაქცობაში მას სხვა ებრაელებიც აჰყვნენ. ის კი არადა, ბარნაბაც აიყოლიეს. 14  როცა დავინახე, რომ ისინი არ იქცეოდნენ სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტების თანახმად,+ ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: „თუ შენ, ებრაელი, უცხოტომელივით ცხოვრობ და არა ებრაელივით, უცხოტომელებს როგორღა აიძულებ, ებრაელებივით იცხოვრონ?!“+ 15  ჩვენ, ვინც ებრაელებად დავიბადეთ და არა ცოდვილ უცხოტომელებად, 16  ვაღიარებთ, რომ ადამიანი იესო ქრისტესადმი+ რწმენით ჩაითვლება მართლად+ და არა კანონის დაცვით. ქრისტე იესოც ხომ იმიტომ ვირწმუნეთ, რომ ქრისტესადმი რწმენით გავმართლებულიყავით და არა კანონის დაცვით, ვინაიდან კანონის საქმეებით ვერავინ გამართლდება.+ 17  მაგრამ, თუ ჩვენც ცოდვილებად ვითვლებით, ვინც ქრისტეს მეშვეობით ვცდილობთ გამართლებას, გამოდის, რომ ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც! 18  თუ კვლავ იმას ვაშენებ, რაც ერთხელ დავანგრიე, კანონის დამრღვევი გამოვდივარ. 19  მე თავად კანონის მეშვეობით მოვკვდი კანონისთვის,+ რათა გავცოცხლებულიყავი ღვთისთვის. 20  მე ქრისტესთან ერთად ვარ ძელზე გაკრული.+ მე მეტად აღარ ვცოცხლობ,+ არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. და, თუ ახლა ვცოცხლობ, ღვთის ძისადმი რწმენით ვცოცხლობ,+ რომელმაც შემიყვარა და თავი გაწირა ჩემთვის.+ 21  არ უგულებელვყოფ ღვთის წყალობას,+ რადგან თუ კანონის მეშვეობით უნდა ჩავითვალოთ მართლად, მაშინ ქრისტე ტყუილუბრალოდ მომკვდარა.+

სქოლიოები