ებრაელების მიმართ 10:1—39
-
ცხოველთა სისხლით შეუძლებელია ცოდვის აღმოფხვრა (1—4).
-
„კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილია“ (1).
-
-
განწმენდილნი ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით (5—18).
-
სიცოცხლემდე მიმყვანი ახალი გზა (19—25).
-
„ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას“ (24, 25).
-
-
გაფრთხილება განზრახ შეცოდებაზე (26—31).
-
რწმენა და გაბედულება მოთმინების საწინდარია (32—39).
10 კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილია+ და არა თვით ეს კურთხევა,+ ამიტომ კანონს* არ შეუძლია მსხვერპლით, რომელიც გამუდმებით იწირება ყოველწლიურად, გაასრულყოფილოს ღვთის თაყვანისმცემლები.+
2 სხვაგვარად, განა არ შეწყდებოდა მსხვერპლშეწირვა?! რადგან, თუ ღვთის თაყვანისმცემლები ერთხელ და სამუდამოდ განიწმინდებოდნენ, მათ ხომ აღარ დაქენჯნიდათ სინდისი ცოდვის გამო.
3 სინამდვილეში, ეს შესაწირავები ყოველწლიურად ახსენებს მათ, რომ ცოდვილები არიან,+
4 რადგან მოზვრებისა და თხების სისხლით შეუძლებელია ცოდვის აღმოფხვრა.
5 ამიტომ, ქვეყნიერებაში როცა მოვიდა, ქრისტემ თქვა: «„მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე, მაგრამ სხეული გამიმზადე.
6 არ მოიწონე მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი“.+
7 მაშინ ვთქვი: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად, ღმერთო. ჩემ შესახებ გრაგნილზე წერია“».+
8 ჯერ თქვა: „არ ისურვე და არ მოიწონე მსხვერპლი, შესაწირავი, მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი“, რომლებსაც კანონის თანახმად სწირავენ,
9 შემდეგ კი დასძინა: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად“.+ ის აუქმებს პირველს, რათა ძალაში შევიდეს მეორე.
10 ღვთის ამ ნებით+ ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით.+
11 ყოველი მღვდელი ყოველდღე თავის ადგილს იკავებს ღვთისმსახურების შესასრულებლად+ და მსხვერპლის არაერთგზის შესაწირავად,+ თუმცა ეს მსხვერპლი სრულად ვერასდროს გამოისყიდის ცოდვას.+
12 ქრისტემ კი ერთხელ შესწირა მსხვერპლი ცოდვებისგან სამუდამოდ გამოსასყიდად და ღვთის მარჯვნივ დაჯდა.+
13 მას შემდეგ ელის იმ დროს, როცა ღმერთი მის ფეხქვეშ მოაქცევს მის მტრებს.+
14 მან ერთხელ შეწირვით სამუდამოდ გაასრულყოფილა ისინი,+ ვინც იწმინდებიან.
15 გარდა ამისა, წმინდა სულიც გვიმოწმებს, რადგან ამბობს:
16 „ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ მათ იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა*. — გულში ჩავუნერგავ ჩემს კანონებს და გონებაში ჩავუწერ“.+
17 შემდეგ კი ამბობს: „აღარ გავუხსენებ ცოდვასა და უკანონობას“.+
18 და, რაკიღა ღმერთმა მოგვიტევა ცოდვები, საჭირო აღარაა ცოდვის შესაწირავი.
19 ამიტომ, ძმებო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით თამამად შეგვიძლია წმინდათაწმინდაში+ შესვლა
20 სიცოცხლემდე მიმყვანი ახალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით,+ ანუ თავისი სხეულით,
21 და, რადგან გვყავს დიდებული მღვდელი, რომელსაც ღვთის სახლეულობა აბარია,+
22 მივუახლოვდეთ ღმერთს წრფელი გულითა და ურყევი რწმენით, სხურებით განწმენდილი გულითა და გასუფთავებული სინდისით,+ სუფთა წყლით განბანილი სხეულით.+
23 მტკიცედ და უყოყმანოდ განვაგრძოთ ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადება,+ რადგან ერთგულია ის, ვინც დაგვპირდა.
24 ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ.+
25 ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას ზოგიერთებივით,+ პირიქით, გავამხნეოთ ერთმანეთი,+ მით უმეტეს, რომ ვხედავთ იმ დღის მოახლოებას.+
26 თუ ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ განზრახ ვცოდავთ,+ აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვების გამოსასყიდად,+
27 ჩვენ ისღა გვრჩება, რომ ველოდოთ შიშის მომგვრელ სასამართლოს და რისხვის ცეცხლს, რომელიც გამზადებულია მოწინააღმდეგეთა მოსასპობად.+
28 მოსეს კანონის დამრღვევი შეწყალების გარეშე ისჯება სიკვდილით ორი ან სამი კაცის მოწმობის საფუძველზე.+
29 მაშ, რამდენად მკაცრ სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ღვთის ძე და უმნიშვნელოდ მიიჩნია შეთანხმების სისხლი,+ რომლითაც განიწმინდა, და ვინც შეურაცხყო ღვთის სული, რომლითაც ღვთის წყალობა ვლინდება?!+
30 ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: „მე ვიძიებ შურს, მე მივუზღავ“. და კიდევ: „იეჰოვა* გაასამართლებს თავის ხალხს“.+
31 საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა!
32 გახსოვდეთ წინანდელი დრო: მას შემდეგ, რაც სინათლეს ეზიარეთ,+ დიდი ბრძოლა გადაიტანეთ და მრავალ სატანჯველს გაუძელით;
33 ხან საქვეყნოდ შეურაცხგყოფდნენ და გასაჭირში გყრიდნენ, ხანაც თავად ედექით მხარში მსგავს განსაცდელში მყოფთ;
34 პატიმრებს თანაუგრძნობდით და მაშინაც, როცა ქონებას გართმევდნენ,+ სიხარულს არ კარგავდით, რადგან იცით, რომ ბევრად უკეთეს, მარადიულ საკუთრებას ფლობთ.+
35 ამიტომ, ნუ დაკარგავთ გაბედულებას, რადგან ამის გამო დიდად დაჯილდოვდებით.+
36 მოთმინება გმართებთ,+ რომ შეასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ დანაპირები,
37 რადგან „კიდევ ცოტაც“+ და „მოვა ის, ვინც მოდის, არ დააყოვნებს“.+
38 „ჩემი მართალი მსახური რწმენით იცოცხლებს“+ და, „თუ უკან დაიხევს, არ მოვიწონებ მას“.+
39 ჩვენ მათ არ ვგავართ, ვინც უკან იხევს დასაღუპავად,+ არამედ მათ, ვინც რწმენის წყალობით გადარჩება.