ებრაელების მიმართ 7:1—28
7 მელქისედეკი, სალემის მეფე, უზენაესი ღვთის მღვდელი, შეეგება მეფეების დამარცხების შემდეგ დაბრუნებულ აბრაამს და დალოცა იგი,+
2 აბრაამმა კი მას ყველაფრის მეათედი მისცა. პირველ ყოვლისა, მისი სახელი ითარგმნება, როგორც „სიმართლის მეფე“, თუმცა, ამასთანავე, ის სალემის მეფეცაა ანუ „მშვიდობის მეფე“.
3 უმამო, უდედო და უგვარტომო, რომელსაც არც დასაბამი ჰქონია და არც დასასრული; ამგვარად ის ღვთის ძეს ჰგავს და მღვდელია მარადიულად.+
4 ნახეთ, რა დიდებული ყოფილა ეს კაცი, რომელსაც ჩვენმა მამამთავარმა აბრაამმა მეათედი მისცა საუკეთესო ნადავლიდან.+
5 კანონის თანახმად, ლევის+ იმ შთამომავლებმა, რომლებიც მღვდლებად ინიშნებიან, მეათედი უნდა აიღონ ხალხისგან+ ანუ თავიანთი მოძმეებისგან, თუმცა ისინიც აბრაამის შთამომავლები არიან.
6 მაგრამ ამ კაცმა, რომელიც არ ყოფილა ლევიანი, აბრაამისგან აიღო მეათედი და დალოცა ის, ვისაც ღვთისგან ჰქონდა მიღებული დაპირებები.+
7 უდავოდ, მხოლოდ მაღლა მდგომი თუ დალოცავს მასზე დაბლა მდგომს.
8 ერთ შემთხვევაში მოკვდავი ადამიანები იღებენ მეათედს, მეორე შემთხვევაში კი — ის, ვისზეც წერილები მოწმობს, რომ ცოცხალია.+
9 შეიძლება ითქვას, რომ აბრაამის მეშვეობით თვით ლევიმაც, რომელიც თავადაა მეათედის მიმღები, გადაიხადა მეათედი,
10 როცა მელქისედეკი შეხვდა აბრაამს, რომლისგანაც უნდა წარმოშობილიყო ლევი.+
11 გასრულყოფილება ლევიანთა სამღვდელოების მეშვეობით+ რომ ყოფილიყო შესაძლებელი (ამ სამღვდელოების არსებობას ხალხისთვის მიცემული კანონი ითვალისწინებდა), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის გამოჩენა, რომელზეც ითქვა, რომ მელქისედეკის+ მსგავსი მღვდელი გახდებოდა და არა აარონის მსგავსი?!
12 ამიტომ, რაკი სამღვდელოება უნდა შეიცვალოს, კანონიც უნდა შეიცვალოს.+
13 კაცი, რომელზეც ვსაუბრობთ, იმ ტომიდანაა, რომლიდანაც არავის უმსახურია სამსხვერპლოსთან.+
14 ცხადია, რომ ჩვენი უფალი იშვა იუდას+ ტომში, თუმცა მოსეს ამ ტომის მღვდლობაზე არაფერი უთქვამს.
15 ეს კიდევ უფრო ცხადი ხდება ახლა, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა მელქისედეკის+ მსგავსი ეს მღვდელი,+
16 რომელიც წარმოშობის მიხედვით კი არ გახდა მღვდელი, რაც კანონით მოითხოვებოდა, არამედ მოუსპობელი სიცოცხლის ძალით,+
17 რადგან დაწერილიც მოწმობს მასზე: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად, მელქისედეკის მსგავსი!“+
18 ამიტომ წინანდელი მცნებები გაუქმდა თავისი სისუსტისა და უსარგებლობის გამო,+
19 რადგან კანონს არაფერი გაუსრულყოფილებია;+ გასრულყოფილება ღვთის მიერ მოცემული უკეთესი იმედის+ წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელიც გვაახლოებს მასთან.+
20 იესო ფიცის გარეშე არ გამხდარა მღვდელი
21 (არიან ისეთები, ვინც ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ის კი მისი ფიცის საფუძველზე გახდა მღვდელი, ვინც მის შესახებ თქვა: «იეჰოვამ* დაიფიცა და არ გადათქვამს: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად“»),+
22 რის გამოც იგი უკეთესი შეთანხმების თავდები გახდა.+
23 თანაც ერთ მღვდელს მეორე ცვლიდა,+ რადგან სიკვდილის გამო ვეღარ აგრძელებდნენ მღვდელმსახურებას,
24 მაგრამ მისი მღვდლობა სხვას არ გადაეცემა, რადგან იგი მარადიულად ცოცხლობს.+
25 ამიტომ მას შეუძლია საბოლოოდ იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია მათ საშუამავლოდ.+
26 ასეთიც უნდა იყოს ჩვენი მღვდელმთავარი: ერთგული, უდანაშაულო, წაუბილწველი,+ ცოდვით დაულაქავებელი და ცათა ზემოთ ამაღლებული.+
27 მას არ სჭირდება, სხვა მღვდელმთავრების მსგავსად ყოველდღიურად+ ჯერ თავისი ცოდვებისთვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის,+ რადგან მან ერთხელ უკვე გაიღო ამგვარი მსხვერპლი, როცა თავი გასწირა;+
28 კანონის თანახმად, მღვდელმთავრებად ადამიანური სისუსტეების+ მქონე კაცები ინიშნებოდნენ, კანონის შემდეგ წარმოთქმული ფიცით+ კი ინიშნება ძე, მარადიულად გასრულყოფილებული.+
სქოლიოები
^ იხ. დანართი ა5.