ლუკას სახარება 17:1—37

  • დაბრკოლება, პატიება და რწმენა (1—6).

  • უსარგებლო მონები (7—10).

  • ათი კეთროვნის განკურნება (11—19).

  • ღვთის სამეფოს მოსვლა (20—37).

    • „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (21).

    • „გახსოვდეთ ლოტის ცოლი!“ (32).

17  შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „დამაბრკოლებელი მიზეზები აუცილებლად იქნება, მაგრამ ვაი მას, ვინც სხვას დააბრკოლებს!  მისთვის უმჯობესი იქნება, კისერზე დოლაბი* დაჰკიდონ და ზღვაში ჩააგდონ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი დააბრკოლოს.+  დაუკვირდით საკუთარ თავს. თუ შენი ძმა შესცოდავს, გაკიცხე,+ და, თუ მოინანიებს, აპატიე.+  დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე გითხრას, ვინანიებო, აპატიე“.+  მოციქულებმა უფალს უთხრეს: „რწმენა გაგვიძლიერე“.+  უფალმა მიუგო: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და ამ შავი თუთის ხეს უთხრათ, ზღვაში გადაირგეო, დაგემორჩილებათ.+  რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს, მხვნელი ან მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებულს რომელი ეტყვით, მოდი სუფრას მოუჯექიო?!  განა არ ეტყვით, ვახშამი მომიმზადე, წინსაფარი გაიკეთე და მომემსახურე, სანამ ჭამა-სმას არ დავამთავრებ, შენ კი მერე ჭამე და სვიო?!  განა მადლობას ეტყვით მონას დავალების შესრულებისთვის?! 10  თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით, უსარგებლო მონები ვართ, ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინაო“.+ 11  იერუსალიმში რომ მიდიოდა, მან სამარიასა და გალილეას შორის გაიარა. 12  როცა ერთ სოფელში შევიდა, მას თვალი მოჰკრა ათმა კეთროვანმა, რომლებიც მოშორებით იდგნენ.+ 13  მათ ხმამაღლა უთხრეს იესოს: „იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე!“ 14  იესომ შეხედა მათ და უთხრა: „წადით და მღვდლებს ეჩვენეთ“.+ ისინიც წავიდნენ და გზაში განიწმინდნენ.+ 15  ერთ-ერთი განკურნებული დაბრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს. 16  იგი იესოს ფეხებთან დაემხო და მადლობას უხდიდა; ის კაცი სამარიელი+ იყო. 17  იესომ იკითხა: „ათივენი არ განიწმინდნენ? დანარჩენი ცხრა სადღაა? 18  ნუთუ ამ უცხოტომელის გარდა არცერთი არ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“ 19  შემდეგ მას უთხრა: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ განგკურნა!“+ 20  როცა ფარისევლებმა ჰკითხეს, ღვთის სამეფო როდის მოვაო,+ მან უპასუხა: „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად მოვა; 21  არ იტყვის ხალხი, აი აქ არისო ან იქ არისო, რადგან ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“.+ 22  შემდეგ მოწაფეებს უთხრა: „მოვა დრო, როცა კაცის ძის ერთი დღის ხილვას მოისურვებთ, მაგრამ ვერ იხილავთ. 23  ხალხი გეტყვით: აი იქ არისო ან აი აქ არისო; ნუ წახვალთ და ნუ გაჰყვებით,+ 24  ვინაიდან როგორც ელვა ანათებს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძის+ მოსვლაც.+ 25  ოღონდ ჯერ მრავალ სატანჯველს გადაიტანს და შემდეგ ეს თაობა უარყოფს მას.+ 26  როგორც ნოეს დროს იყო,+ ისევე იქნება კაცის ძის დროსაც:+ 27  ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა.+ მერე მოვიდა წარღვნა და ყველანი დაიხოცნენ.+ 28  ლოტის+ დროსაც ასე იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. 29  მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა წამოვიდა ციდან და ყველანი განადგურდნენ.+ 30  ასევე იქნება მაშინაც, როცა კაცის ძე გამოცხადდება.+ 31  იმ დღეს ბანზე მყოფი ნუ ჩამოვა სახლიდან თავისი ნივთების ასაღებად, ნურც ყანაში მყოფი დაბრუნდება სახლში რაიმეს წასაღებად. 32  გახსოვდეთ ლოტის ცოლი!+ 33  ვისაც სიცოცხლის* შენარჩუნება სურს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც დაკარგავს, დაიბრუნებს მას.+ 34  გეუბნებით: იმ ღამეს ერთ საწოლში ორნი იწვებიან; ერთს წაიყვანენ და მეორეს დატოვებენ.+ 35  ორი ქალი დაფქვავს ერთი ხელსაფქვავით; ერთს წაიყვანენ და მეორეს დატოვებენ“. 36  *—— 37  მათ ჰკითხეს: „სად, უფალო?“ მან მიუგო: „სადაც ლეშია, არწივებიც იქ მოგროვდებიან“.+

სქოლიოები

იგულისხმება ისეთი დოლაბი, რომელსაც ვირი ატრიალებდა.
ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).