მარკოზის სახარება 13:1—37

  • ქვეყნიერების აღსასრული (1—37).

    • ომები, მიწისძვრები და საკვების უკმარისობა (8).

    • სასიხარულო ცნობის ქადაგება (10).

    • დიდი გასაჭირი (19).

    • კაცის ძის მოსვლა (26).

    • ლეღვის ხის მაგალითი (28—31).

    • „იფხიზლეთ!“ (32—37).

13  იესო ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფემ უთხრა: „მოძღვარო, ნახე, რა დიდებული ქვები და შენობებია!“+  იესომ მას უთხრა: „ხომ ხედავ ამ დიდებულ შენობებს?! ყველაფერი ისე დაინგრევა, რომ ქვა ქვაზე არ დარჩება“.+  როცა იესო ზეთისხილის მთაზე იჯდა და ტაძარს გადაჰყურებდა, პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ განცალკევებით ჰკითხეს:  „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება ამ ყოველივეს დასასრულის ნიშანი?“+  იესომ მიუგო: „ფრთხილად იყავით, არავინ შეგაცდინოთ.+  ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, ის მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ.  როცა გაიგონებთ ომების ხმებს და მოისმენთ ცნობებს ომების შესახებ, ნუ შეშინდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.+  ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ იქნება მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, და საკვების უკმარისობა.+ ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.+  ფრთხილად იყავით! ჩემ გამო გადაგცემენ სასამართლოებს,+ გცემენ სინაგოგებში და+ გამგებელთა და მეფეთა წინაშე დაგაყენებენ, რაც ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ.+ 10  თუმცა ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს.+ 11  როცა გადაგცემენ, წინასწარ ნუ იდარდებთ იმაზე, რა თქვათ; რაც გაგიმჟღავნდებათ, ის თქვით. იმ დროს თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ წმინდა სული.+ 12  ძმა ძმას გაიმეტებს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. შვილები მშობლებს აუმხედრდებიან და დახოცავენ.+ 13  ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო,+ ბოლომდე მომთმენი+ კი გადარჩება.+ 14  როცა დაინახავთ გამაპარტახებელ სისაძაგლეს,+ რომელიც იქ იდგება, სადაც არ უნდა იდგეს (წამკითხველმა გამჭრიახობა გამოიჩინოს), მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ.+ 15  ბანზე მყოფი ნურც ძირს ჩამოვა და ნურც სახლში შევა რაიმეს ასაღებად; 16  ნურც ყანაში მყოფი დაბრუნდება სახლში მოსასხამის ასაღებად. 17  ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ 18  ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს, 19  რადგან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება,+ როგორიც ღვთის შემოქმედების დასაბამიდან იმ დრომდე არ ყოფილა და არც აღარასოდეს იქნება.+ 20  თუ იეჰოვა* არ შეამოკლებს იმ დღეებს, ვერცერთი ხორციელი ვერ გადარჩება; ამიტომ ის რჩეულთა გულისთვის, რომლებიც თავად ამოირჩია, შეამოკლებს იმ დღეებს.+ 21  მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აი აქ არის ქრისტე ან იქ არისო, არ დაიჯეროთ,+ 22  რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები+ და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ სასწაულებსა და საკვირველებებს, რათა გზა აუბნიონ რჩეულებს, თუკი შეძლებენ. 23  ამიტომ იფხიზლეთ!+ წინასწარ გითხარით ყველაფერი. 24  იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გაანათებს,+ 25  ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივდება და ციური ძალები შეირყევა. 26  მაშინ იხილავენ კაცის ძეს+ ღრუბლებში ძლევამოსილებითა და სიდიადით მომავალს.+ 27  მაშინ გაგზავნის ის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს დედამიწის ოთხივე კუთხიდან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე.+ 28  ლეღვის ხეს დააკვირდით და ისწავლეთ: როცა ყლორტებს გამოიტანს და შეიფოთლება, იცით, რომ მოახლოებულია ზაფხული.+ 29  თქვენც, როცა დაინახავთ ამ ყოველივეს, იცოდეთ, რომ ის* კარზეა მომდგარი.+ 30  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება.+ 31  ცა და დედამიწა განადგურდება,+ მაგრამ ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება.+ 32  მამის გარდა არავინ იცის, როდის დადგება ის დღე და საათი — არც ანგელოზებმა ზეცაში და არც ძემ.+ 33  ყურადღებით იყავით და იფხიზლეთ,+ რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო.+ 34  ეს ისეა, სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე კაცმა თავისი სახლი მონებს რომ ჩააბაროს,+ თითოეულს თავისი საქმე მიუჩინოს, და დარაჯს უბრძანოს, იფხიზლეო.+ 35  მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი:+ დღის ბოლოს, შუაღამისას, გამთენიისას თუ დილით ადრე,+ 36  რათა მოულოდნელად რომ მოვა, მძინარეთ არ მოგისწროთ.+ 37  რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ!“+

სქოლიოები

იგულისხმება კაცის ძე.