გზა ბედნიერებისკენ
კმაყოფილება და ხელგაშლილობა
ხშირად ბედნიერ და წარმატებულ ადამიანად მას თვლიან, ვინც დიდ ქონებას ან სიმდიდრეს ფლობს. ამ აზრით შეპყრობილი მილიონობით ადამიანი დღე-ღამეს ასწორებს მუშაობაში, რომ მეტი ფული იშოვოს. მაგრამ მოაქვს ფულს და ქონებას ნამდვილი ბედნიერება? რაზე მეტყველებს ფაქტები?
როგორც ერთ ჟურნალში იყო აღნიშნული, როცა ძირითად მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ, დამატებითი შემოსავალი მაინცდამაინც დიდ სიხარულს აღარ გვანიჭებს (Journal of Happiness Studies). სხვა ჟურნალში კი ნათქვამია, რომ ის, რაც ადამიანს ბედნიერებას აკარგვინებს, ფულის შოვნის დაუოკებელი სურვილია (Monitor on Psychology). ასე რომ, პრობლემა ფული კი არა, ფულისადმი არასწორი დამოკიდებულებაა. მსგავსი აზრი დაახლოებით ორი ათასი წლის წინ ბიბლიაში ჩაიწერა: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, . . მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:9, 10). რა ტკივილზეა საუბარი?
შფოთვა და უძილო ღამეები. მდიდრებს ეშინიათ ქონების დაკარგვის. „ტკბილია მსახურის ძილი, მიუხედავად იმისა, ცოტას ჭამს ის თუ ბევრს; მდიდარს კი ძილს უფრთხობს ქონების სიუხვე“ (ეკლესიასტე 5:12).
გულგატეხილობა. ვინც ფიქრობს, რომ ფული ბედნიერებას მოუტანს, გულგატეხილი რჩება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანი ვერასდროს კმაყოფილდება. „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:10). მეტიც, ხშირად ასეთი ადამიანი მზად არის, მთელი დრო ფულის შოვნაში გალიოს, ნაცვლად იმისა, რომ ეს დრო ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს დაუთმოს და სულიერი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, რასაც ნამდვილი ბედნიერება მოაქვს.
წუხილი და იმედგაცრუება. დაბანდებული კაპიტალის ან ფულის გაუფასურება იმედგაცრუებას იწვევს. „სიმდიდრის შეძენას ძალ-ღონეს ნუ შეალევ. საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. თვალს აპყრობ მას? ის ხომ არარაობაა! არწივის ფრთებს შეისხამს და ცაში გაფრინდება“ (იგავები 23:4, 5).
რა უწყობს ხელს ბედნიერებას
კმაყოფილება. „ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:7, 8). მას, ვინც კმაყოფილდება იმით, რაც აქვს, არ ახასიათებს წუწუნი და არ შურს სხვისი. ასეთი ადამიანები არ ოცნებობენ ისეთ რამეზე, რაზეც ხელი არ მიუწვდებათ, ამიტომ ზედმეტ თავის ტკივილსა და წუხილს ირიდებენ თავიდან.
ხელგაშლილობა. „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). ხელგაშლილი ადამიანები ბედნიერები იმიტომ არიან, რომ სხვებს სიხარულს ანიჭებენ, თუნდაც იმით, რომ ცოტაოდენ დროს უთმობენ ან დახმარების ხელს უწვდიან. სანაცვლოდ ბევრად მეტს იღებენ — სხვების სიყვარულს და პატივისცემას გრძნობენ და ნამდვილ მეგობრებს იძენენ, რომლებიც, თავის მხრივ, გულუხვად გასცემენ მათთვის. ამას კი ფულით ნამდვილად ვერ იყიდი! (ლუკა 6:38).
ქონებაზე წინ ადამიანების დაყენება. „ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია ნასუქ ხარსა და სიძულვილს“ (იგავები 15:17). აქ მოცემული პრინციპიდან ჩანს, რომ ადამიანების მიმართ სიყვარულის გამოვლენა და მათთან თბილი ურთიერთობა ქონებაზე გაცილებით ძვირფასია. როგორც მოგვიანებით დავინახავთ, სიყვარულის გარეშე ბედნიერება არ არსებობს.
საბინამ, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს, დაინახა, რამდენად ღირებულია ბიბლიური პრინციპები. მას შემდეგ, რაც ეს ქალი ქმარმა მიატოვა, მარტოს უწევდა საკუთარი თავისა და ორი გოგონას რჩენა. ის ორ ადგილზე მუშაობდა და ყოველდღე დილის ოთხ საათზე დგებოდა. ასეთი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საბინამ გადაწყვიტა, ბიბლია შეესწავლა. შეიცვალა რამე მის ცხოვრებაში?
მართალია, მისი ფინანსური მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, მაგრამ, სამაგიეროდ, ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამ საბინას ბედნიერება მოუტანა (მათე 5:3). თანაქრისტიანებს შორის მან ნამდვილი მეგობრები იპოვა. მეტიც, როცა თავად დაიწყო სხვებისთვის გაცემა და ბიბლიიდან ნასწავლის გაზიარება, უდიდესი სიხარული იგრძნო.
ბიბლიაში წერია, რომ „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). აქედან გამომდინარე, თუ კმაყოფილები და ხელგაშლილები ვიქნებით და ქონებაზე წინ ადამიანებს დავაყენებთ, ბიბლიური სიბრძნის სიმართლეში დავრწმუნდებით.