არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავზოგოთ ენერგია

როგორ დავზოგოთ ენერგია

ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ენერგიის გარეშე. სახლის გასათბობად თუ გასაგრილებლად, ავტომობილით გადასაადგილებლად და ბევრი სხვა ყოველდღიური საქმის გასაკეთებლად სწორედ ენერგორესურსებია საჭირო. თუმცა დღეს მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას ენერგომოხმარების პრობლემა.

გარის, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს, თავსატეხს უჩენს საწვავის ფასის მუდმივი ზრდა; ფილიპინებზე, სადაც არასტაბილური ენერგომომარაგების პრობლემაა, ჯენიფერს დიდ სირთულეს უქმნის ელექტროენერგიის ხშირი შეწყვეტა; სალვადორში მცხოვრები ფერნანდო კი ამბობს, რომ აღელვებს „გარემოს დაბინძურების საკითხი“. ერთი რამ ცხადია: მთელ მსოფლიოში ენერგორესურსების მოპოვება და მოხმარება გარემოს დაბინძურებას იწვევს.

ალბათ, თქვენც გაღელვებთ მსგავსი საკითხები და გაინტერესებთ, როგორ გაართვათ თავი ასეთ სირთულეებს.

თითოეულს შეგვიძლია გონივრულად მოვიხმაროთ ენერგორესურსები. ენერგიის დაზოგვა და რაციონალურად გამოყენება მრავალმხრივაა სასარგებლო. რაც ნაკლებ ენერგიას მოვიხმართ, მით ნაკლები გადასახადი გვექნება; გარდა ამისა, თუ უმიზნოდ არ დავხარჯავთ ენერგიას, რომელზეც მუდმივად იზრდება მოთხოვნა, ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას.

ქვემოთ ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია ენერგეტიკული რესურსების გონივრულად გამოყენება სახლში, ტრანსპორტით სარგებლობისას და ყოველდღიური საქმეების კეთების დროს.

სახლში

დაზოგეთ ენერგია გამათბობელი და გამაგრილებელი მოწყობილობების მოხმარების დროს. ევროპის ერთ ქვეყანაში მოსახლეობას სთხოვეს, ზამთრის თვეებში გათბობის თერმოსტატი ორი გრადუსით დაბალ ტემპერატურაზე დაეყენებინათ, რაც მთელი წლის მანძილზე ენერგიის დაზოგვის ყველაზე ეფექტური ხერხი აღმოჩნდა. ამას ადასტურებს კანადაში მცხოვრები დერეკის სიტყვებიც: „ნაცვლად იმისა, რომ ზამთარში გათბობას ბოლომდე ავუწიოთ, თბილად ვიცვამთ და ამგვარად ენერგიას ვზოგავთ“.

იგივე პრინციპი ვრცელდება გამაგრილებელი მოწყობილობების გამოყენებაზეც. როდოლფო, რომელიც ფილიპინებზე ცხოვრობს, კონდიციონერის მუშაობის ისეთ რეჟიმებს ირჩევს, რითაც ენერგიასაც ზოგავს და ფულსაც.

ოთახის გათბობის ან გაგრილების დროს დაკეტეთ ფანჯრები და კარები. * ენერგიას ფუჭად არ დავხარჯავთ, თუ ოთახში სითბოს ან სიგრილის შესანარჩუნებლად შესაბამის ზომებს მივიღებთ. მაგალითად, ცივ ამინდში კარის ღიად დატოვება საგრძნობლად ზრდის სახლის გასათბობად საჭირო ენერგიის დანახარჯს.

ზემოაღნიშნულის გარდა, ზოგმა ენერგოხარჯის შესამცირებლად უფრო ხარისხიანი თბოიზოლაცია და ენერგოეფექტური ფანჯრები დააყენა.

გამოიყენეთ ენერგოდამზოგავი ნათურები. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ჯენიფერი ამბობს: „ჩვეულებრივი ნათურები ენერგოეფექტური ნათურებით ჩავანაცვლეთ“. მართალია, ეს ახალი ტიპის ენერგოდამზოგავი სანათი საშუალებები ძვირი ჯდება, მაგრამ თავისი რესურსის ამოწურვამდე გაცილებით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, რის შედეგადაც საბოლოოდ თანხებიც იზოგება.

ტრანსპორტით სარგებლობისას

თუ შესაძლებელია, ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. „სამსახურში შეძლებისდაგვარად მატარებლით ან ველოსიპედით დავდივარ“, — ამბობს ენდრიუ დიდი ბრიტანეთიდან. ერთ წიგნში ნათქვამია: „ავტომობილით სარგებლობისას ერთ მგზავრზე ენერგოხარჯი სამჯერ მეტს შეადგენს, ვიდრე მატარებლით მგზავრობისას“ (Energy: What Everyone Needs to Know).

წინასწარ დაგეგმეთ თქვენი მარშრუტი. თუ ასე მოიქცევით, ერთ ჯერზე რამდენიმე საქმეს გააკეთებთ, რის შედეგადაც ენერგოხარჯსაც შეამცირებთ, დროშიც მოიგებთ და ფულსაც დაზოგავთ.

ჯეთრო, რომელიც ფილიპინებიდანაა, ყოველთვიურად განსაზღვრავს, რამდენ თანხას დახარჯავს საწვავში. ის ამბობს: „ეს მეხმარება, წინასწარ დავგეგმო, სად და როდის წავალ“.

ყოველდღიური საქმეების კეთების დროს

შეამცირეთ ცხელი წყლის მოხმარება. ავსტრალიაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, „ქალაქის მოსახლეობის შემთხვევაში წყლის გასათბობად საჭირო ენერგია ქალაქის მთლიანი ენერგოხარჯის 1,3%-ს შეადგენს, რიგითი ოჯახის შემთხვევაში კი — 27%-ს“.

ვინაიდან წყლის გასათბობად დიდი რაოდენობით ენერგიაა საჭირო, კარგი იქნება, თუ შევამცირებთ ცხელი წყლის მოხმარებას და ამგვარად დავზოგავთ ენერგიას. ვიქტორი, რომელიც სამხრეთ აფრიკიდანაა, ამბობს: „შხაპის მიღების დროს ვცდილობთ, რაც შეიძლება მცირე რაოდენობით ცხელი წყალი გამოვიყენოთ“. როგორც სპეციალისტი სტივენ კენუეი აღნიშნავს, „ცხელი წყლის დაზოგვა ყველასთვის მომგებიანია, [რადგან] ამცირებს როგორც მომხმარებლის მიერ ენერგიისა და წყლის მოხმარებას, ისე კომუნალური მომსახურების კომპანიების ენერგომოთხოვნას და, ამასთან, ეხმარება ოჯახებს, . . დაზოგონ თანხები“.

გამორთეთ შუქი და ელექტრომოწყობილობები, მათ შორის ტელევიზორი და კომპიუტერი. გახსოვდეთ, რომ ელექტრომოწყობილობები ლოდინის რეჟიმშიც კი ხარჯავენ ენერგიას. ამიტომ ზოგი სპეციალისტი გვირჩევს, დენის წყაროდან გამოვრთოთ მსგავსი მოწყობილობები ან გამოვიყენოთ დენის გამანაწილებელი, რომელსაც ჩამრთველი ღილაკი აქვს. ზემოხსენებულ ფერნანდოს ჩვევად აქვს, ყოველთვის ჩააქროს შუქი და დენის წყაროდან გამორთოს ის მოწყობილობები, რომლებითაც აღარ სარგებლობს.

მართალია, ვერც ენერგოტარიფებს შევამცირებთ და ვერც ენერგიის წარმოების შედეგად გამოწვეულ გარემოს დაბინძურებას შევაჩერებთ, მაგრამ ენერგორესურსების გონივრულად გამოყენება ყველას შეგვიძლია. მთელ მსოფლიოში ამის მისაღწევად ბევრი ადამიანი სხვადასხვა საშუალებას ეძებს. თუმცა ენერგიის დასაზოგად ბევრი რამის წინასწარ დაგეგმვა და ძალისხმევაა საჭირო, შედეგები ნამდვილად ღირს ამად. მექსიკაში მცხოვრები ვალერია, რომელიც თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს ენერგიის დასაზოგად, ამბობს: „ფულსაც ვზოგავ და გარემოსაც ვუფრთხილდები“.

^ აბზ. 10 გამათბობელი და გამაგრილებელი მოწყობილობები უსაფრთხოდ რომ გამოიყენოთ, მიჰყევით მწარმოებლის ინსტრუქციებს. მაგალითად, ზოგი მოწყობილობის გამოყენების დროს აუცილებელია კარის ან ფანჯრის ღიად დატოვება ვენტილაციის უზრუნველსაყოფად.