არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 48

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 97 ღვთის სიტყვას სიცოცხლე მოაქვს

ხალხის სასწაულებრივად დაპურება

ხალხის სასწაულებრივად დაპურება

„მე ვარ სიცოცხლის პური. მას, ვინც ჩემთან მოდის, არასოდეს მოშივდება“ (ᲘᲝᲐᲜ. 6:35).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიაში განვიხილავთ იოანეს მეექვსე თავში აღწერილ იესო სასწაულს, როცა მან პურითა და თევზით ათასობით ადამიანი დააპურა. იმასაც დავინახავთ, ჩვენ რას გვასწავლის იესოს ეს სასწაული.

1. რამხელა მნიშვნელობა ენიჭებოდა ბიბლიურ დროში პურს?

 ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠ დროში პური ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტი იყო (დაბ. 14:18; ლუკ. 4:4). ბიბლიაში ზოგჯერ „პური“ საკვების სინონიმადაც გამოიყენება (ეზეკ. 5:16; მათ. 6:11). ორ შემთხვევაში იესომ სასწაულებრივად სწორედ პურით დაანაყრა ხალხი (მათ. 16:9, 10). ერთი შემთხვევა იოანეს მეექვსე თავშია აღწერილი. ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ შემთხვევას და დავინახავთ, რისი სწავლა შეგვიძლია იესოს მოხდენილი ამ სასწაულიდან.

2. რისი საჭიროება შეიქმნა ბეთსაიდის მახლობლად?

2 ერთხელ იესოს მოციქულები სამქადაგებლო მოგზაურობიდან დაღლილები დაბრუნდნენ. ამიტომ იესომ მათ უთხრა, ნავით გალილეის ზღვის მეორე მხარეს წასულიყვნენ, რომ დაესვენათ (მარ. 6:7, 30–32; ლუკ. 9:10). ისინი ბეთსაიდის მახლობლად ერთ უკაცრიელ ადგილას მივიდნენ, მაგრამ მალევე ათასობით ადამიანმა მოიყარა მათთან თავი. როგორ მოიქცა იესო? ის არ გარიდებია მათ, პირიქით, ბევრი რამ ასწავლა ღვთის სამეფოზე და ავადმყოფებიც განკურნა. ამასობაში მოსაღამოვდა და უეჭველია, ხალხსაც მოშივდებოდა. თუმცა უმეტესობას თან არაფერი ჰქონდა წაღებული და სოფლებში უნდა წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად. ამიტომ ბუნებრივია, რომ მოწაფეებს კითხვა გაუჩნდათ, როგორ უნდა გამოეკვებათ ამდენი ხალხი (მათ. 14:15; იოან. 6:4, 5). ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები.

ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲔᲑᲠᲘᲕᲐᲓ ᲓᲐᲞᲣᲠᲔᲑᲐ

3. რა დაავალა იესომ მოციქულებს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

3 იესომ მოწაფეებს უთხრა: „თქვენ მიეცით საჭმელი“ (მათ. 14:16). ამ დავალების შესრულება მარტივი არ იქნებოდა, რადგან იქ დაახლოებით 5 000 კაცი იყო. ამ რიცხვში ქალები და ბავშვები არ შედიოდნენ, ამიტომ მთლიანობაში მათ დაახლოებით 15 000 ადამიანის გამოკვება მოუწევდათ (მათ. 14:21). მოწაფეებმა ერთი პატარა ბიჭუნა ნახეს, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი პატარა თევზი ჰქონდა, რომლებიც, სავარაუდოდ, გამომშრალი და დამარილებული იყო. თუმცა როგორც ანდრიამ თქვა, იმდენ ხალხს ეს არ ეყოფოდა (იოან. 6:9).

იესომ ხალხის სულიერ და ფიზიკურ საჭიროებებზე იზრუნა (იხილეთ აბზაცი 3).


4. რას ვსწავლობთ იესოს მაგალითიდან? (იოანე 6:11–13; იხილეთ აგრეთვე სურათები).

4 იესოს სურდა, ხალხს გამასპინძლებოდა, ამიტომ მათ უთხრა, ბალახზე ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ (მარ. 6:39, 40; წაიკითხეთ იოანეს 6:11–13). შემდეგ თავის ზეციერ მამას მადლობა გადაუხადა, რითაც ცხადყო, რომ ის აძლევს ყველა ადამიანს საკვებს. ლოცვა რომ დაასრულა, მოწაფეებს დაავალა, საკვები ხალხისთვის ჩამოერიგებინათ. ყველა კარგად დანაყრდა. და მაინც, საკვები იმდენი დარჩა, რომ იესომ მოწაფეებს დარჩენილი ნატეხები შეაგროვებინა, რადგან არ სურდა, რამე გადაყრილიყო. ჩვენ რას ვსწავლობთ იესოს მაგალითიდან? მის მსგავსად ჩვენც უნდა ვილოცოთ ჭამის წინ მიუხედავად იმისა, მარტო მივირთმევთ საკვებს თუ სხვებთან ერთად. იესოს მაგალითიდან იმასაც ვხედავთ, რომ ყაირათიანები უნდა ვიყოთ და გონივრულად გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ მშობლები ამ შემთხვევას შვილებთან ერთად განიხილავენ და იმსჯელებენ, რატომ არის მნიშვნელოვანი ჭამის წინ ლოცვა და სხვების მიმართ სტუმართმოყვარეობისა და გულუხვობის გამოვლენა.

დაფიქრდით: ვბაძავ იესოს და ვლოცულობ ჭამის წინ? (იხილეთ აბზაცი 4).


5. რისი გაკეთება მოინდომა ხალხმა და როგორ მოიქცა იესო?

5 იესოს სასწაულებითა და სწავლებით აღფრთოვანებული ხალხი შესაძლოა ფიქრობდა, რომ სწორედ ის იყო მოსეს მიერ მოხსენიებული წინასწარმეტყველი, რომელსაც ღმერთი მოავლენდა (კან. 18:15–18). მათთვის იესო სასურველი მმართველი იქნებოდა, რომელსაც მხოლოდ მათი კი არა, მთელი ერის გამოკვებაც არ გაუჭირდებოდა. ამიტომაც მოინდომეს მისი გამეფება (იოან. 6:14, 15). მისცემდა იესო ხალხს ამის გაკეთების უფლებას? არა, რადგან ამ შემთხვევაში ისე გამოვიდოდა, რომ იესო პოლიტიკაში ჩაერეოდა. თუმცა ხალხის ზეწოლის მიუხედავად ის ასე არ მოიქცა. იესო იქაურობას გაეცალა და მთაზე განმარტოვდა. მისი მაგალითი ჩვენთვისაც საყურადღებოა.

6. საიდან გამოჩნდება, რომ იესოს ვბაძავთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

6 ფაქტია, დღეს ჩვენგან არავინ მოელის, რომ სასწაულებრივად დავაპურებთ ხალხს ან ვინმეს განვკურნავთ. არც ჩვენს გამეფებას ან ერის წინამძღოლად დანიშვნას მოინდომებენ. მაგრამ შეიძლება ჩვენს დაყოლიებას შეეცადონ, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა ან მათთვის სასურველ პოლიტიკურ ლიდერს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა. თუმცა ამ საკითხზე იესოს დამოკიდებულება ცხადზე ცხადია. ის კატეგორიულად ამბობდა უარს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობაზე, რაზეც მისივე სიტყვები მეტყველებს: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოან. 17:14; 18:36). ჩვენც გვმართებს, ამ საკითხზე იესოს მსგავსი დამოკიდებულება გვქონდეს და ეს საქმითაც გამოვხატოთ. ჩვენ მხოლოდ ღვთის სამეფოს ვუჭერთ მხარს, მის შესახებ ვქადაგებთ და ვლოცულობთ (მათ. 6:10). მოდი ახლა ისევ იოანეს მეექვსე თავში აღწერილ მოვლენებს დავუბრუნდეთ და ვნახოთ, კიდევ რისი სწავლა შეგვიძლია.

იესო პოლიტიკაში არ ერეოდა, რითაც კარგი მაგალითი დაუტოვა თავის მიმდევრებს (იხილეთ აბზაცი 6).


„ᲓᲐᲞᲣᲠᲔᲑᲐᲛ ᲕᲔᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲐᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲛᲐᲗ“

7. რა გააკეთა იესომ და რა რეაქცია ჰქონდათ მოციქულებს? (იოანე 6:16–20).

7 ხალხი რომ დააპურა, იესომ მოციქულებს უთხრა, ნავით კაპერნაუმში წასულიყვნენ. თავად კი მთაზე ავიდა, რომ გარიდებოდა ხალხს, რომელსაც მისი გამეფება სურდა (წაიკითხეთ იოანეს 6:16–20). მოციქულები ნაპირისგან შორს იყვნენ, როდესაც ქარიშხალი ამოვარდა. ამ დროს იესო მათთან ზღვაზე სვლით მივიდა და პეტრესაც უთხრა, მასაც გაევლო წყალზე (მათ. 14:22–31). როგორც კი იესო ნავში ჩაჯდა, ქარიც ჩადგა. ამის დანახვაზე გაოცებულმა მოწაფეებმა უთხრეს: „ნამდვილად ღვთის ძე ხარ!“ (მათ. 14:33). a მართალია, ცოტა ხნით ადრე ისინი იმის მომსწრენი გახდნენ, თუ როგორ დააპურა იესომ სასწაულებრივად ხალხი, მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდნენ, რამდენად დიდი ძალა ჰქონდა მას მიცემული იეჰოვასგან. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას მარკოზის სიტყვები: „ამან ისინი ძალიან გააოცა, რადგან იესოს მიერ ხალხის სასწაულებრივად დაპურებამაც ვერაფერი ასწავლა მათ, დახშული ჰქონდათ გული“ (მარ. 6:50–52). მოგვიანებით იესომ თავად გაიხსენა ეს სასწაული და ისეთი რამ თქვა, რაც ჩვენთვისაც საყურადღებოა.

8, 9. რატომ დაუწყო ხალხმა იესოს ძებნა? (იოანე 6:26, 27).

8 მეორე დღეს ხალხმა, რომელიც იესომ სასწაულებრივად დააპურა, ნახა, რომ მასაც და მოციქულებსაც იქაურობა დაეტოვებინათ. ამიტომ ტიბერიიდან მომავალ ნავებში ჩასხდნენ და იესოს საძებნელად კაპერნაუმისკენ გაცურეს (იოან. 6:22–24). თუმცა იესოს მოძებნა იმიტომ კი არ უნდოდათ, რომ მეტი გაეგოთ ღვთის სამეფოს შესახებ, არამედ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სურდათ. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?

9 დააკვირდით, რა მოხდა, როდესაც ხალხმა იესო კაპერნაუმთან ახლოს იპოვა. იესომ პირდაპირ დაანახა ამ ადამიანებს, რა იყო მათი პრობლემა და მოუწოდა: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის იშრომეთ, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ“ (წაიკითხეთ იოანეს 6:26, 27). წარმოიდგინეთ, როგორ გააოცებდა ხალხს იმის გაგება, რომ არსებობდა ისეთი საკვები, რომელსაც მათთვის მარადიული სიცოცხლის მიცემა შეეძლო. რა საზრდოზე საუბრობდა იესო და მათგან რისი გაკეთება მოითხოვებოდა?

10. რა მოეთხოვებოდა ხალხს მარადიული სიცოცხლის მისაღებად?

10 როგორც ჩანს, იესოს მსმენელმა დაასკვნა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინათ ასეთი საზრდოს მისაღებად. შესაძლოა ისინი ფიქრობდნენ, რომ ამისთვის მოსეს კანონის დაცვა იყო საჭირო. თუმცა აი რა უთხრა იესომ მათ: „ღვთისთვის მოსაწონი საქმე ის იქნება, თუ ირწმუნებთ მას, ვინც მან გამოგზავნა“ (იოან. 6:28, 29). იესოს მანამდეც ჰქონდა ნათქვამი, რომ მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა ერწმუნათ ის და ამის შემდეგაც საუბრობდა ამ საკითხზე (იოან. 3:16–18, 36; 17:3).

11. საიდან გამოჩნდა, რომ იუდეველები მხოლოდ საკვებზე ფიქრობდნენ? (ფსალმუნი 78:24, 25).

11 იუდეველებმა ყური არ ათხოვეს იესოს სიტყვებს, რომ ის უნდა ერწმუნათ. ამიტომ კითხვა შეუბრუნეს: „რა სასწაულს გვიჩვენებ, რომ გირწმუნოთ? რას გააკეთებ?“ (იოან. 6:30). შემდეგ ის დრო გაიხსენეს, როდესაც მათი წინაპრები ყოველდღე მანანას ჭამდნენ (ნეემ. 9:15; წაიკითხეთ ფსალმუნის 78:24, 25). ამ ხალხის მსჯელობიდან აშკარად გამოჩნდა, რომ მათთვის უმთავრესი ფიზიკური საკვები იყო. ისინი არც მაშინ დაინტერესებულან, რას გულისხმობდა იესო, როცა ზეციდან მოვლენილი „ჭეშმარიტი პური“ ახსენა, რომელსაც მათთვის მარადიული სიცოცხლის მიცემა შეეძლო (იოან. 6:32). ეს ხალხი იმდენად იყო ფიზიკურ საჭიროებებზე კონცენტრირებული, რომ ვერ ხვდებოდნენ, რისი დანახება სურდა იესოს მათთვის. ვნახოთ, ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲧᲝᲡ ᲣᲛᲗᲐᲕᲠᲔᲡᲘ

12. როგორ დაგვანახა იესომ, რა არის უმთავრესი?

12 იოანეს მეექვსე თავიდან ერთ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: ჩვენთვის უმთავრესი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უნდა იყოს. სწორედ ამას გაუსვა ხაზი იესომ, როცა სატანამ მისი შეცდენა სცადა (მათ. 4:3, 4). მან მთაზე ქადაგების დროსაც იმაზე გაამახვილა ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის ქონა (მათ. 5:3). ამიტომ კარგი იქნება, დავფიქრდეთ: ცხადყოფს ჩემი ცხოვრება, რომ სულიერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება?

13. ა) რატომ არის ნორმალური, სიამოვნებას გვანიჭებდეს ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? ბ) რა გაფრთხილებაა ჩაწერილი ბიბლიაში ყველა ქრისტიანის საყურადღებოდ? (1 კორინთელები 10:6, 7, 11).

13 ცუდი არაფერია, თუ ფიზიკურ საჭიროებებზე ვლოცულობთ და სიამოვნებას გვანიჭებს ის, რაც გვაქვს (ლუკ. 11:3). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ნორმალურია, „კაცმა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში“, რადგან ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია (ეკლ. 2:24; 8:15; იაკ. 1:17). თუმცა სიფრთხილე გვმართებს, რომ ფიზიკურ საჭიროებებზე ზრუნვა ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი არ გახდეს. სწორედ ამას გაუსვა ხაზი პავლემ კორინთელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში. მან ისრაელის ისტორიიდან ზოგიერთი მოვლენა გაიხსენა, მათ შორის ისიც, რაც სინაის მთასთან მოხდა, და ქრისტიანების გასაფრთხილებლად თქვა: „ბოროტება არ მოვისურვოთ მათ მსგავსად“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:6, 7, 11). რა იგულისხმა პავლემ „ბოროტებაში“? ისრაელები იმდენად დახარბდნენ საჭმელს, რომ ბოროტებად ექცათ ისიც კი, რასაც იეჰოვა სასწაულებრივად აძლევდა (რიცხ. 11:4–6, 31–34). იეჰოვას მორჩილება რომ არ აღელვებდათ, მაშინაც გამოჩნდა, როცა ოქროს ხბოს თაყვანისცემა დაიწყეს და ჭამა-სმასა და მხიარულებას მიეცნენ (გამ. 32:4–6). პავლემ ეს შემთხვევები იმ ქრისტიანების გასაფრთხილებლად მოიყვანა, რომლებიც იუდეველთა სისტემის აღსასრულის წინა პერიოდში ცხოვრობდნენ. დღესაც, როცა ამ ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი, მნიშვნელოვანია, მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთ პავლეს რჩევას.

14. რა არის ბიბლიაში ნათქვამი საკვებთან დაკავშირებით?

14 იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, ლოცვაში იეჰოვასთვის „დღეისთვის სამყოფი პური“ ეთხოვათ და იმაზეც ელოცათ, რომ მისი ნება შესრულებულიყო „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 6:9–11). როგორი წარმოგიდგენიათ ცხოვრება, როცა დედამიწაზე ღვთის ნება შესრულდება? როგორც ესაიას 25:6–8-შია ნათქვამი, ღვთის სამეფოს მმართველობის დროს უხვად იქნება გემრიელი და ჯანსაღი საკვები. ფსალმუნის 72:16-შიც მსგავს წინასწარმეტყველებას ვკითხულობთ: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“. წარმოიდგინეთ, როგორი სასიამოვნო იქნება, როცა ახალ ქვეყნიერებაში სხვადასხვა რეცეპტით დამზადებულ ახალგამომცხვარ პურს შეექცევით ან თქვენივე ვენახში დაკრეფილ ყურძენს და თქვენივე დაყენებულ ღვინოს დააგემოვნებთ (ეს. 65:21, 22). თანაც ამის შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულებს კი არა, ყველას ექნება.

15. რა უნდა ისწავლონ მათ, ვინც მკვდრეთით აღდგებიან? (იოანე 6:35).

15 წაიკითხეთ იოანეს 6:35. რა ელით წინ მათ, ვინც იესომ პურითა და თევზით დააპურა? მართალია, მათ არ ირწმუნეს ის, მაგრამ ზოგი შეიძლება მკვდრეთით აღდგეს და მათი გაცნობის შესაძლებლობა მოგეცეთ (იოან. 5:28, 29). ნებისმიერ შემთხვევაში ამ ადამიანებს მაინც მოუწევთ იმის სწავლა, თუ რა იგულისხმა იესომ შემდეგ სიტყვებში: „მე ვარ სიცოცხლის პური. მას, ვინც ჩემთან მოდის, არასოდეს მოშივდება“. მათ იესოს გამოსასყიდისადმი რწმენაც უნდა განივითარონ. ეს რომ შეძლონ, მათთვის და ახალ ქვეყნიერებაში დაბადებული ბავშვებისთვის სულიერი საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდება. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო იქნება ჩვენთვის ამ საქმეში მონაწილეობა! ყველაზე დიდ სიხარულს ახალ ქვეყნიერებაშიც იეჰოვასთან ურთიერთობა და სხვებისთვის მისი გაცნობა მოგვანიჭებს. ამგვარ სიხარულს ფიზიკური საკვები ვერასდროს განგვაცდევინებს.

16. რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

16 ამ სტატიაში განვიხილეთ იოანეს მეექვსე თავში ჩაწერილი ზოგიერთი შემთხვევა. თუმცა ამავე თავიდან იმასაც ვიგებთ, კიდევ რისი სწავლება სურდა იესოს როგორც იუდეველებისთვის, ისე ჩვენთვის. ამიტომ მომდევნო სტატიაში განვაგრძობთ ამ თავის განხილვას.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 20 უძვირფასესი ძე გაიღე