არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

პირველი საუკუნის სინაგოგა: ეს მაკეტი პირველი საუკუნის სინაგოგის გეგმის მიხედვითაა გაკეთებული, რომელიც ქალაქ გამლაში აღმოაჩინეს. ქალაქი გამლა გალილეის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობდა. ეს მაკეტი წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო უძველესი სინაგოგა.

საიდან იღებს დასაბამს სინაგოგა?

სიტყვა „სინაგოგა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ერთად შეკრებას ან თავშეყრას ნიშნავს. ეს ნამდვილად შესაფერისი სახელწოდებაა, რადგან უძველესი დროიდან ებრაელი ხალხი სინაგოგებში მითითებების მისაღებად და თაყვანსაცემად იკრიბებოდა. ებრაული წერილებიდან ბევრს ვერაფერს ვიგებთ სინაგოგების შესახებ, მაგრამ ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ ასეთი თავშეყრის ადგილები ახ. წ. პირველი საუკუნისთვის უკვე არსებობდა.

სწავლულთა უმეტესობის აზრით, სინაგოგები ბაბილონში ებრაელთა ტყვეობის პერიოდიდან იღებს დასაბამს. „იუდაურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „უცხო მიწაზე გადასახლებულები და ტაძრისგან მოწყვეტილები დარდის გასაქარვებლად დროდადრო, სავარაუდოდ შაბათ დღეს, იკრიბებოდნენ და წმინდა წერილებს კითხულობდნენ“. გათავისუფლებული ებრაელები, როგორც ჩანს, კვლავაც აგრძელებდნენ ერთად ლოცვასა და წმინდა წერილების კითხვას. ისინი სინაგოგებს აშენებდნენ ყველგან, სადაც კი სახლდებოდნენ.

ახ. წ. პირველი საუკუნისთვის ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლეთისა და ისრაელის ტერიტორიაზე გაფანტული იუდეველებისთვის სინაგოგები რელიგიური მსახურებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრი იყო. „[სინაგოგაში] შესასწავლად, წმინდა საკვების მისაღებად, სასამართლო საქმის განსახილველად, საქველმოქმედო ფონდში ფულის შესატანად და პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საკითხების განსახილველად იკრიბებოდნენ“, — აღნიშნა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორმა ლი ლევინმა. ის დასძენს, რომ სინაგოგების ძირითადი დანიშნულება რელიგიური მსახურების შესრულება იყო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ დადიოდა იესო ხშირად სინაგოგებში (მარ. 1:21; 6:2; ლუკ. 4:16). იესო ასწავლიდა, არიგებდა და ამხნევებდა იქ მყოფთ. ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ მოციქული პავლეც ხშირად ქადაგებდა სინაგოგებში. ღმერთთან დასაახლოებლად ხალხი სინაგოგაში დადიოდა, ამიტომ ქალაქში შესვლისთანავე პავლე სინაგოგებში მიდიოდა და იქ ქადაგებდა (საქ. 17:1, 2; 18:4).