არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტობიოგრაფია

სხვების კარგი მაგალითი კურთხევების მიღებაში დამეხმარა

სხვების კარგი მაგალითი კურთხევების მიღებაში დამეხმარა

მოზარდობის ასაკში ქადაგება მიჭირდა. როცა წამოვიზარდე, შინაგანად ყოველთვის ისეთი განცდა მქონდა, რომ დავალებულ საქმეს თავს ვერ გავართმევდი. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, როგორ დამეხმარა თანაქრისტიანების მაგალითი, დამეძლია შიში და 58-წლიანი სრული დროით მსახურების განმავლობაში უამრავი კურთხევით გამეხარა.

დავიბადე ქალაქ კვებეკში, კანადის ამავე სახელწოდების ფრანგულენოვან პროვინციაში. მოსიყვარულე მშობლებმა, ლუიმ და ზელიამ აღმზარდეს. მამაჩემი ბუნებით მორიდებული კაცი იყო და კითხვა უყვარდა. მე კი ხშირად ვწერდი სხვადასხვა თემაზე და ვიმედოვნებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჟურნალისტი გავხდებოდი.

12 წლისა ვიქნებოდი, როცა მამაჩემის თანამშრომელი, რუდოლფ სუსი და მისი მეგობარი გვესტუმრნენ. ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მოწმეების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და მათი რელიგიაც დიდად არ მაინტერესებდა. თუმცა მოვიხიბლე იმით, თუ როგორ ლოგიკურად პასუხობდნენ ბიბლიიდან ჩვენს კითხვებს. მათმა საუბარმა ჩემს მშობლებზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მთელმა ოჯახმა ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ.

იმ დროს კათოლიკურ სკოლაში ვსწავლობდი. დროდადრო კლასელებს იმ თემებზე ვესაუბრებოდი, რასაც ბიბლიის შესწავლაზე განვიხილავდით. ამის შესახებ მასწავლებლებმა შეიტყვეს, რომლებიც სასულიერო პირები იყვნენ. მათ ის კი არ უცდიათ, რომ ბიბლიის მეშვეობით ვემხილებინე სიცრუეში, არამედ მთელი კლასის წინაშე ბუნტის თავი მიწოდეს. მართალია, უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაგრამ ეს შემთხვევა სასიკეთოდ შემომიბრუნდა. ამან დამარწმუნა, რომ მათი რელიგიური სწავლებები ბიბლიას ეწინააღმდეგებოდა. მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. ამიტომ მშობლების ნებართვით სხვა სკოლაში გადავედი.

ნელ-ნელა მიყვარდება მსახურება

მართალია, ბიბლიის შესწავლას ვაგრძელებდი, მაგრამ კარდაკარ ქადაგების შიში ხელს მიშლიდა სულიერ წინსვლაში. კათოლიკურ ეკლესიას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, ამიტომ ქადაგების დროს დიდ წინააღმდეგობას ვხვდებოდით. კვებეკის პრემიერ-მინისტრი მორის დუპლე ეკლესიის მოკავშირე იყო. მისი მხარდაჭერით ბრბო ავიწროებდა და თავს ესხმოდა მოწმეებს. იმ დროს მსახურებაში გასვლა დიდ ვაჟკაცობას მოითხოვდა.

შიშის დაძლევაში ერთი ძმა, ჯონ რეი დამეხმარა, რომელიც „გალაადის“ მე-9 კლასის კურსდამთავრებული იყო. ჯონი ძალიან გამოცდილი, თუმცა იმავდროულად, თავმდაბალი, მოკრძალებული და უშუალო ადამიანი იყო. ის პირდაპირ თითქმის არასოდეს მაძლევდა რჩევას, მაგრამ მისი შემხედვარე ბევრს ვსწავლობდი. ჯონს უჭირდა ფრანგულად საუბარი, ამიტომ ხშირად მივყვებოდი მსახურებაში და ენის სწავლაში ვეხმარებოდი. მასთან ურთიერთობა ძალიან დამეხმარა, ბოლოს და ბოლოს გადამედგა ნაბიჯი და იეჰოვას მსახური გავმხდარიყავი. მოწმეებთან შეხვედრიდან ათი წლის შემდეგ, 1951 წლის 26 მაისს მოვინათლე.

ა) ჯონ რეის მაგალითი ბ) მე დამეხმარა, კარდაკარ მსახურების შიში დამეძლია

კვებეკში პატარა კრება იყო, სადაც უმეტესობა პიონერად მსახურობდა. მათმა კარგმა მაგალითმა მეც აღმძრა პიონერობისკენ. ვინაიდან მაშინ კარდაკარ მხოლოდ ბიბლიით ვქადაგებდით და არც ლიტერატურა გვქონდა, ბიბლია დახელოვნებულად უნდა გამოგვეყენებინა. იმ პერიოდში ბევრი ბიბლიური მუხლი ვისწავლე, რაც მსახურებაში გამომადგებოდა. თუმცა, თუ ბიბლია კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური ნებართვით არ იყო გამოცემული, უმეტესობა მუხლების ამოკითხვის საშუალებასაც არ გვაძლევდა.

1952 წელს ერთგულ დაზე, სიმონე პატრიზე დავქორწინდი და საცხოვრებლად მონრეალში გადავედით. ერთი წლის შემდეგ იეჰოვამ გვაკურთხა და ქალიშვილი, ლიზი შეგვეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე პიონერად მსახურება შევწყვიტე, მე და სიმონე ვცდილობდით, უბრალოდ გვეცხოვრა, რათა სულიერ საქმეებში მაქსიმალურად მიგვეღო მონაწილეობა.

10 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავფიქრდი პიონერად მსახურებაზე. 1962 წელს ერთი თვით კანადის ბეთელში გავემგზავრე, სადაც უხუცესებისთვის სამეფო მსახურების სკოლა უნდა ჩატარებულიყო. ოთახში ერთ ძმასთან, კამილ უელეტთან გამანაწილეს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ კამილი დიდი გულმოდგინებით მსახურობდა მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა. იმ დროს იშვიათობას წარმოადგენდა, ვინმეს შვილებიც ჰყოლოდა და თან პიონერად ემსახურა, თუმცა კამილი ამას ახერხებდა. მან აღმძრა, ჩემი მდგომარეობისთვის გადამეხედა. რამდენიმე თვეში კვლავ განვაახლე პიონერად მსახურება. ზოგი ფიქრობდა, რომ არაგონივრული გადაწყვეტილება მივიღე. თუმცა მე დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვა აკურთხებდა ჩემს გადაწყვეტილებას და დამეხმარებოდა, უფრო აქტიური მონაწილეობა მიმეღო მსახურებაში.

სპეციალურ პიონერებად მსახურება კვებეკში

1964 წელს მე და სიმონე სპეციალურ პიონერებად დავინიშნეთ კვებეკში, ჩვენს მშობლიურ მხარეში, სადაც რამდენიმე წელი ვიმსახურეთ. იმ პერიოდში ქადაგების დროს ნაკლებად ვხვდებოდით აგრესიას, თუმცა ზოგი მაინც გვეწინააღმდეგებოდა.

მახსოვს, შაბათი იყო, ნაშუადღევი, როცა კვებეკთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ სენტ-მარიში დამაპატიმრეს. პოლიციელმა განყოფილებაში წამიყვანა და ციხეში ჩამსვა, რადგან კარდაკარ უნებართვოდ ვქადაგებდი. მოგვიანებით მოსამართლის წინაშე წარმადგინეს, რომელსაც ბელარჟო ერქვა. მისი შემხედვარე კაცს შიში შეგიპყრობდა. მან მკითხა, ვინ იქნებოდა ჩემი ადვოკატი. როცა ვუთხარი, რომ ჩემს უფლებებს ცნობილი იურისტი გლენ ჰაუ * დაიცავდა, მოსამართლეს ნერვიულად აღმოხდა: „ოღონდ ეგ არა!“. გლენიც იეჰოვას მოწმე იყო. ის თანაქრისტიანების უფლებებს იცავდა და საკმაოდ წარმატებული იყო თავის საქმეში. მალევე სასამართლოდან შეტყობინება მივიღე, რომ ყველა ბრალდება მომიხსნეს.

წინააღმდეგობის გამო კვებეკში კრების შეხვედრების ჩასატარებლად შესაფერისი ადგილის დაქირავება გვიჭირდა. ჩვენი კრებისთვის ერთი ძველი გარაჟი ვიპოვეთ. ზამთრის სუსხიან დღეებში გაყინული გარაჟის გასათბობად ძმები ნავთის ღუმელს იყენებდნენ. ხშირად კრების შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე და-ძმები ღუმელს შემოვუსხდებოდით ხოლმე და ერთმანეთს გამამხნევებელ შემთხვევებს ვუყვებოდით.

სასიამოვნოა იმის დანახვა, წლების განმავლობაში როგორ წაიწია წინ სამქადაგებლო საქმემ. 1960-იან წლებში ქალაქ კვებეკში, კოტ-ნორსის რაიონსა და გასპეს ნახევარკუნძულზე მხოლოდ რამდენიმე პატარა კრება იყო. დღეს კი იქ რამდენიმე რაიონია და და-ძმები ლამაზ სამეფო დარბაზებში იკრიბებიან.

მიმოსვლითი მსახურება

1977 წელს ტორონტოში (კანადა) დავესწარი მიმომსვლელი ზედამხედველებისთვის გამართულ შეხვედრას

1970 წელს სიმონე და მე მიმოსვლით მსახურებაში ჩავებით. 1973 წელს კი საოლქო ზედამხედველად დამნიშნეს. იმ წლებში ბევრი რამ ვისწავლე გამოცდილი ძმებისგან, ლორიე სომუერისა * და დეივიდ სპლეინისგან. * იმ პერიოდში ისინიც მიმოსვლით მსახურებაში იყვნენ. ყოველი სარაიონო კონგრესის შემდეგ დეივიდი და მე ერთმანეთს რჩევებს ვაძლევდით, როგორ გაგვეუმჯობესებინა სწავლების უნარი. მახსოვს, ერთხელ დეივიდმა მითხრა: „ლეონს, ძალიან მომეწონა შენი დასკვნითი მოხსენება, მაგრამ მაგ რაოდენობის მასალით მე სამ მოხსენებას გავაკეთებდი!“. ჩვევაში მქონდა, მოხსენების დროს ძალიან ბევრი აზრი გადმომეცა. მივხვდი, რომ არ იყო საჭირო, ზედმეტი ინფორმაციით გადამეტვირთა მოხსენებები.

კანადის აღმოსავლეთ ნაწილში არაერთ ქალაქში ვიმსახურე

საოლქო ზედამხედველების პასუხისმგებლობა იყო სარაიონო ზედამხედველების გამხნევება. ვინაიდან კვებეკში და-ძმები კარგად მიცნობდნენ, კრების მონახულების დროს სიხარულით თანამშრომლობდნენ ჩემთან. მათთან ერთად მსახურება იმდენად მსიამოვნებდა, რომ სარაიონო ზედამხედველთან თანამშრომლობისთვის დრო თითქმის აღარ მრჩებოდა. ერთხელაც სარაიონო ზედამხედველმა ასეთი რამ მითხრა: „ძალიან კარგია, დროს რომ უთმობ და-ძმებს, მაგრამ არ დაგავიწყდეს, აქ იმიტომ ხარ, რომ მე გამამხნეო. მეც ხომ მჭირდება გამხნევება?!“. მისი რჩევა დამეხმარა, უფრო გაწონასწორებული გავმხდარიყავი.

1976 წელს მოულოდნელად ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ჩემი ძვირფასი მეუღლე სიმონე მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა. მას ძალიან უყვარდა იეჰოვა და თავგანწირვის სულს ავლენდა, ამიტომაც იყო ის ჩემი ცხოვრების შესანიშნავი მეგზური. მსახურებაში აქტიური მონაწილეობა დამეხმარა, რომ ამ დანაკარგს შევგუებოდი. მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომელიც იმ მძიმე წუთებში მხარში მედგა. მოგვიანებით დავქორწინდი გულმოდგინე პიონერ დაზე, კაროლინ ელიოტზე, რომელიც კვებეკში მსახურების გასაფართოებლად ჩამოვიდა. კაროლინი ძალიან უშუალოა და გულწრფელად ინტერესდება სხვებით, განსაკუთრებულ ყურადღებას კი მათ მიმართ ავლენს, ვინც თავს მარტოდ გრძნობს ან მორცხვია. ის ნამდვილად დიდ დახმარებას მიწევს მიმოსვლით მსახურებაში.

განსაკუთრებული თარიღი

1978 წლის იანვარში კვებეკში პირველი პიონერული სკოლის ჩატარება დამავალეს. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან სასწავლო მასალა ჩემთვისაც ისეთივე ახალი იყო, როგორც მოსწავლეებისთვის. საბედნიეროდ, პირველ კლასში ბევრი გამოცდილი პიონერი სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი ვიყავი, მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

1978 წელს მონრეალის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა საერთაშორისო კონგრესი სახელწოდებით „გამარჯვების მომტანი რწმენა“. ეს იყო ყველაზე დიდი კონგრესი, რაც კი ოდესმე კვებეკში ჩატარებულა. მას 80 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. კონგრესის პერიოდში იმ განყოფილებაში დამავალეს მსახურება, რომლის პასუხისმგებლობაში ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება შედიოდა. ბევრ ჟურნალისტთან მომიწია საუბარი; გაოცებული ვიყავი, იმდენი დადებითი რამ დაიწერა პრესაში ჩვენ შესახებ. ასობით სტატია გამოქვეყნდა. ტელევიზიამ და რადიომ კი ოც საათზე მეტი დაუთმო კონგრესთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას. ამ ყველაფერმა იეჰოვას სახელი განადიდა.

სხვა ტერიტორიაზე გადასვლა

1996 წელი ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების წელი იყო. ნათლობის შემდეგ კვებეკის ფრანგულენოვან ტერიტორიაზე ვმსახურობდი, მაგრამ ამჯერად დამავალეს, ტორონტოში ინგლისურენოვან რაიონში მემსახურა. მეგონა, ამ დავალებას თავს ვერ გავართმევდი. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ ჩემი დამტვრეული ინგლისურით მოხსენებები უნდა წარმომეთქვა. ამიტომ გადავწყვიტე, უფრო მხურვალედ მელოცა და ბოლომდე მივნდობოდი იეჰოვას.

სანამ იქ მსახურებას შევუდგებოდი, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ტორონტოში ორი შესანიშნავი წელი გავატარე. კაროლინი მოთმინებით მეხმარებოდა ინგლისური ენის დახვეწაში. ძმებიც მამხნევებდნენ და მხარს მიჭერდნენ. ამ მოკლე დროში ბევრი მეგობარი შევიძინეთ.

მაშინაც კი, როცა სარაიონო კონგრესთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ვიყავი ჩართული, ხშირად პარასკევ საღამოს ერთი საათით კარდაკარ ვმსახურობდი. შეიძლება ზოგს ეფიქრა, რა აუცილებელი იყო კონგრესის წინა დღეს მსახურებაში გასვლა, როცა ამდენი საქმე მქონდა მოსაგვარებელი. მაგრამ ქადაგების დროს არაერთი კარგი შემთხვევა მქონდა, რაც ძალიან მამხნევებდა. სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა დღემდე დიდ სიხარულს მანიჭებს.

1998 წელს მე და კაროლინი სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს. წლების განმავლობაში ჩემს პასუხისმგებლობაში შედიოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგების ორგანიზება და მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, რათა იეჰოვას მოწმეებზე წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი გამექარწყლებინა. დღეს მე და კაროლინს დიდ სიხარულს გვანიჭებს კანადაში ჩამოსულ უცხოელებთან ქადაგება, რომლებიც დიდი ინტერესით ისმენენ ბიბლიურ ცნობას.

ჩემს მეუღლესთან, კაროლინთან ერთად

იეჰოვას მსახურებაში 68 წელი გავატარე. როცა განვლილ წლებზე ვფიქრობ, უდიდეს კმაყოფილებას ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბიბლიის შესწავლაში ბევრ ადამიანს დავეხმარე და ვისწავლე, როგორ მეპოვა სიხარული მსახურებაში. როცა შვილიშვილები წამოიზარდნენ, ჩემმა ქალიშვილმა და მისმა მეუღლემ პიონერად მსახურება დაიწყეს. გულს მითბობს იმის დანახვა, რომ ჩემი შვილი კვლავაც გულმოდგინედ არის ჩართული სამქადაგებლო საქმეში. განსაკუთრებით მადლიერი ვარ თანაქრისტიანების, რომელთა მაგალითი და რჩევები დიდად წამადგა, სულიერად გავზრდილიყავი და სხვადასხვა თეოკრატიული დავალება შემესრულებინა. მივხვდი, რომ ორგანიზაციაში მიღებულ ნებისმიერ დავალებას მზადყოფნით შევასრულებთ, თუ იეჰოვასა და მის წმინდა სულზე ვიქნებით დაიმედებული (ფსალმ. 51:11). ვემადლიერები იეჰოვას, რომ მისი სახელის განდიდების პატივი მხვდა წილად (ფსალმ. 54:6).

^ აბზ. 16 იხილეთ გლენ ჰაუს ბიოგრაფია 2000 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში „ბრძოლა თქვენი კი არ არის, არამედ ღვთის!“.

^ აბზ. 20 იხილეთ ლორიე სომუერის ბიოგრაფია 1976 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ [ინგლ.].

^ აბზ. 20 დეივიდ სპლეინი იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრია.