სასწავლო სტატია 6
ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას, ძალიან ვუყვარვართ
«ამიტომ, ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა“» (მათ. 6:9).
სიმღერა 135 იეჰოვას თბილი თხოვნა: „შვილო, იყავი ბრძენი“
მოკლე შინაარსი *
1. როგორ უნდა მოქცეულიყო ის, ვისაც სპარსეთის მეფესთან დალაპარაკება სურდა?
მოდი ცოტა ხნით შორეულ წარსულში გადავინაცვლოთ. წარმოიდგინეთ, რომ სპარსეთის სამეფოში ცხოვრობთ და გსურთ, მეფეს ეახლოთ. ამისთვის სატახტო ქალაქ შუშანში ჩასვლა მოგიწევთ. რა თქმა უნდა, თავში აზრადაც არ მოგივათ, რომ მეფის წინაშე მისი ნებართვის გარეშე წარდგეთ, რადგან ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ (ესთ. 4:11).
2. რა სურს იეჰოვას?
2 რაოდენ მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა სრულებითაც არ ჰგავს სპარსეთის მეფეს. ის ნებისმიერ მმართველზე გაცილებით აღმატებულია, თუმცა ყოველთვის მზად არის ჩვენ მოსასმენად და სურს, თავისუფლად ვესაუბროთ. მართალია, იეჰოვა დიდებული შემოქმედი, ყოვლისშემძლე და უზენაესი ღმერთია, მაგრამ უფლებას გვაძლევს, მამა ვუწოდოთ (მათ. 6:9). სიხარულს გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას სურს, თბილი და ახლო ურთიერთობა გვქონდეს მასთან.
3. რატომ შეგვიძლია იეჰოვას მამა ვუწოდოთ და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 იეჰოვას მართებულად შეგვიძლია მამა ვუწოდოთ, რადგან ის სიცოცხლის წყაროა (ფსალმ. 36:9). ვინაიდან იეჰოვა ჩვენი მამაა, მას უნდა დავემორჩილოთ. თუ მის ნებას შევასრულებთ, შესანიშნავი კურთხევებით დავტკბებით (ებრ. 12:9). ამ კურთხევებს შორის შეგვიძლია მოვიხსენიოთ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ზეცაში თუ დედამიწაზე. თუმცა ღვთის მოსაწონად მოქცევას დღესვე დიდი სიკეთე მოაქვს ჩვენთვის. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, საიდან ჩანს, რომ იეჰოვა მოსიყვარულე მამასავით გვეპყრობა და რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ის არასოდეს მიგვატოვებს. თავდაპირველად ვისაუბროთ, რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენს ზეციერ მამას ძალიან ვუყვარვართ და მზრუნველობას არ გვაკლებს.
იეჰოვა მოსიყვარულე და მზრუნველი მამაა
4. რატომ უჭირს ზოგს, იეჰოვა საკუთარ მამად მიიჩნიოს?
4 ხომ არ გიჭირთ, ღმერთი საკუთარ მამად მიიჩნიოთ? ზოგის აზრით, იეჰოვა იმდენად დიდებულია, რომ მის თვალში არაფერს წარმოადგენს. ამიტომ უჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთი პირადად მისი კეთილდღეობით არის დაინტერესებული. თუმცა ჩვენს მოსიყვარულე მამას არ უნდა, რომ ასე ვიფიქროთ. მან სიცოცხლე გვაჩუქა და სურს, რომ დავუახლოვდეთ. სწორედ ამაზე ესაუბრა მოციქული პავლე ათენელებს და დაანახვა მათ, რომ იეჰოვა „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქ. 17:24—29). იეჰოვას სურს, მასთან ისე ვგრძნობდეთ თავს, როგორც ბავშვი — მოსიყვარულე და მზრუნველ მშობელთან.
5. რას ვსწავლობთ ერთი დის მაგალითიდან?
5 ზოგსაც იმიტომ უჭირს იეჰოვა მოსიყვარულე მამად მიიჩნიოს, რომ თითქმის არასდროს უგრძნია მამის სითბო და სიყვარული. მაგალითად, ერთი და ამბობს: „მამაჩემი სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ამიტომ, როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყე, მიჭირდა, ზეციერ მამასთან სიახლოვე მეგრძნო. თუმცა მას შემდეგ, რაც უკეთ გავიცანი იეჰოვა, ყველაფერი შეიცვალა“. თქვენც ხომ არ გეუფლებათ მსგავსი გრძნობები? თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხთ! დროთა განმავლობაში დარწმუნდებით, რომ იეჰოვა საუკეთესო მამაა.
6. მათეს 11:27-ის თანახმად, რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა მოსიყვარულე მამაა?
6 ბიბლიაში ჩაწერილ იესოს სიტყვებსა და საქმეებზე ფიქრი გვეხმარება, იეჰოვა მოსიყვარულე მამად მივიჩნიოთ (წაიკითხეთ მათეს 11:27). იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს, ამიტომ თამამად შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:9). ის ხშირად მოიხსენიებდა იეჰოვას მამად. მაგალითად, მხოლოდ ოთხ სახარებაში იესომ სიტყვა „მამა“ იეჰოვასთან მიმართებით, სულ მცირე, 165-ჯერ გამოიყენა. ამით მას სურდა, დაერწმუნებინა ხალხი, რომ იეჰოვა მოსიყვარულე მამაა (იოან. 17:25, 26).
7. როგორ ეპყრობოდა იეჰოვა თავის ძეს და რას ვსწავლობთ აქედან?
7 დავფიქრდეთ, რისი სწავლა შეგვიძლია იქიდან, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა იესოს. ის ყოველთვის უსმენდა და პასუხობდა თავისი ძის ლოცვებს (იოან. 11:41, 42). რა განსაცდელსაც არ უნდა შეხვედროდა, იესო გრძნობდა მამის სიყვარულსა და მხარდაჭერას (ლუკ. 22:42, 43).
8. როგორ ზრუნავდა იეჰოვა თავის ძეზე?
8 იესოს კარგად ესმოდა, რომ იეჰოვამ არა მხოლოდ სიცოცხლე უბოძა, არამედ ყოველივე აუცილებლითაც უზრუნველყო. ამაზე მოწმობს მისი სიტყვები: „მისით ვცოცხლობ“ (იოან. 6:57). იესო სრულად ენდობოდა მამას და იეჰოვაც ყოველთვის ზრუნავდა მის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე და, რაც ყველაზე მთავარია, სულიერ მხარდაჭერასაც არ აკლებდა (მათ. 4:4).
9. საიდან ჩანდა, რომ იეჰოვა იესოსთვის მოსიყვარულე და მზრუნველი მამა იყო?
9 მოსიყვარულე მამას, იეჰოვას სურდა, რომ იესოს არასდროს შეჰპარვოდა ეჭვი მის მხარდაჭერაში (მათ. 26:53; იოან. 8:16). მართალია, იეჰოვა თავის ძეს ყველანაირი ზიანისგან არ იცავდა, მაგრამ განსაცდელების ატანაში ეხმარებოდა. იესომ იცოდა, რომ ნებისმიერი ტკივილი, რომლის ატანაც მოუწევდა, დროებითი იყო (ებრ. 12:2). იეჰოვა სიყვარულს ავლენდა თავისი ძის მიმართ — უსმენდა მას, მხარს უჭერდა, ასწავლიდა და ზრუნავდა მასზე (იოან. 5:20; 8:28). ახლა დავფიქრდეთ, როგორ ზრუნავს ზეციერი მამა ჩვენზე.
როგორ ზრუნავს მოსიყვარულე მამა ჩვენზე
10. ფსალმუნის 66:19, 20-დან გამომდინარე, რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვას ვუყვარვართ?
10 იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 66:19, 20). ის შეზღუდვებს არ გვიდგენს ლოცვასთან დაკავშირებით. პირიქით, მოგვიწოდებს, ხშირად ვილოცოთ (1 თეს. 5:17). ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია ღმერთს ლოცვით მივმართოთ. ის ყოველთვის გამონახავს დროს, რომ ყურადღებით მოგვისმინოს. იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს, მისადმი სიყვარულს გვიღრმავებს. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „სიყვარულით ვივსები, რადგან იეჰოვა ისმენს ჩემს ხმას“ (ფსალმ. 116:1).
11. როგორ პასუხობს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს?
11 ჩვენი ზეციერი მამა არა მხოლოდ ისმენს ჩვენს ლოცვებს, არამედ გვპასუხობს კიდეც. მოციქული იოანე გვარწმუნებს: „რაც უნდა ვთხოვოთ [ღმერთს] მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14, 15). თუმცა შესაძლებელია, იეჰოვამ ისე არ გვიპასუხოს ლოცვაზე, როგორც ამას ჩვენ მოველით. მან იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო, ამიტომ ზოგჯერ სათხოვარზე უარს „გვეუბნება“, ზოგჯერ კი უბრალოდ უნდა დაველოდოთ მის პასუხს (2 კორ. 12:7—9).
12, 13. როგორ ზრუნავს ზეციერი მამა ჩვენზე?
12 იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე. ის მამებისგან მოითხოვს, რომ იზრუნონ ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე და თავადაც ამავე პრინციპით მოქმედებს (1 ტიმ. 5:8). იეჰოვა ზრუნავს თავისი შვილების ფიზიკურ საჭიროებებზე. მას არ სურს, ზედმეტად ვდარდობდეთ საჭმელზე, ტანსაცმელზე და თავშესაფარზე (მათ. 6:32, 33; 7:11). როგორც მოსიყვარულე მშობელმა, იეჰოვამ ყველაფერი გააკეთა, რომ ბედნიერი მომავალი გვქონდეს.
13 ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე. ბიბლიის მეშვეობით მან თავი გაგვაცნო, თავისი განზრახვა გაგვიმჟღავნა, სიცოცხლის აზრი დაგვანახვა და გვითხრა, როგორი მომავალი გველის. ის ფაქტი, რომ იეჰოვამ ჭეშმარიტება მშობლების ან სხვა რომელიმე თავისი მსახურის მეშვეობით გაგვიმჟღავნა, იმაზე მოწმობს, რომ ის პირადად არის დაინტერესებული ჩვენით. ჩვენ დღესაც ვგრძნობთ იეჰოვას მზრუნველობას უხუცესებისა და სხვა მოწიფული და-ძმებისგან. გარდა ამისა, იეჰოვა ერთ ოჯახად გვკრებს და ქრისტიანული შეხვედრების მეშვეობით გვარიგებს. ამ და სხვა საშუალებებით ღმერთი თითოეული ჩვენგანის მიმართ მამობრივ მზრუნველობას ავლენს (ფსალმ. 32:8).
14. რატომ გვასწავლის იეჰოვა და როგორ აკეთებს ის ამას?
14 იეჰოვა გვასწავლის. იესოსგან განსხვავებით არასრულყოფილები ვართ, ამიტომ ჩვენ სასწავლებლად მოსიყვარულე მამას დროდადრო აღმზრდელობითი ზომების გატარება უწევს. მის სიტყვაში ნათქვამია: „იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს“ (ებრ. 12:6, 7). ის სხვადასხვა საშუალებას იყენებს ჩვენ შესაგონებლად. მაგალითად, თავისი სიტყვისა და კრების შეხვედრების მეშვეობით გვანახვებს, რა ცვლილებების მოხდენა გვჭირდება აზროვნებასა თუ საქციელში. ზოგჯერ იეჰოვა ჩვენ დასახმარებლად უხუცესებსაც იყენებს. არა აქვს მნიშვნელობა, რა აღმზრდელობით ზომას მიმართავს იეჰოვა, ის ყოველთვის სიყვარულით არის ნაკარნახევი (იერ. 30:11).
15. როგორ გვიჭერს მხარს იეჰოვა?
15 იეჰოვა მხარში გვიდგას განსაცდელების დროს. მოსიყვარულე მამის მსგავსად, რომელიც ზრუნავს გასაჭირში მყოფ შვილებზე, ზეციერი მამაც გვეხმარება, ავიტანოთ განსაცდელები. ის წმინდა სულის მეშვეობით გვიცავს სულიერი ზიანისგან (ლუკ. 11:13). იეჰოვა გულგატეხილობის დროსაც გვანუგეშებს. მაგალითად, ის მომავლის დიდებულ იმედს გვაძლევს, რაც სირთულეებთან გამკლავებაში გვეხმარება. გახსოვდეთ, რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვა ყველანაირ ტკივილს გაგვიქარვებს. ნებისმიერი პრობლემა, რაც დღეს გვაქვს, დროებითია, იეჰოვასგან მომდინარე კურთხევებს კი ბოლო არ ექნება (2 კორ. 4:16—18).
ჩვენი ზეციერი მამა არასოდეს მიგვატოვებს
16. რა შედეგი მოჰყვა ადამის დაუმორჩილებლობას?
16 იეჰოვას ჩვენდამი სიყვარული იქიდანაც გამოჩნდა, თუ რა რეაგირება მოახდინა მან, როცა პირველი ადამიანები ეურჩნენ. ადამი არ დაემორჩილა ზეციერ მამას. შედეგად მან თავადაც დაკარგა იეჰოვას ოჯახში ყოფნის პატივი და ეს შესაძლებლობა თავის შთამომავლებსაც წაართვა (რომ. 5:12; 7:14). მიუხედავად ამისა, იეჰოვამ თავად გადადგა ნაბიჯი, რომ ადამის შთამომავლები უიმედო მდგომარეობიდან დაეხსნა.
17. რა გააკეთა იეჰოვამ ადამის ურჩობის შემდეგ?
17 მართალია, იეჰოვამ დასაჯა ადამი, მაგრამ მისი ჯერ არშობილი შთამომავლობა უიმედოდ არ დაუტოვებია. ის მაშინვე დაჰპირდა მორჩილ ადამიანებს, რომ თავის ოჯახში დააბრუნებდა (დაბ. 3:15; რომ. 8:20, 21). იეჰოვამ ეს თავისი საყვარელი ძის, იესოს მსხვერპლის მეშვეობით გახადა შესაძლებელი, რითაც დაგვანახვა, რაოდენ ძლიერ ვუყვარვართ (იოან. 3:16).
18. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვას სურს, თავის ოჯახში მიგვიღოს, მაშინაც კი, თუ ჩამოვშორდით მას?
18 მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ, იეჰოვას სურს, თავის ოჯახში მიგვიღოს. ის ტვირთად არ მიგვიჩნევს და არასოდეს იტყვის უარს ჩვენს დახმარებაზე. მაშინაც კი, თუ იმედს გავუცრუებთ ზეციერ მამას ან გზას ავცდებით, ის ხელს არ ჩაიქნევს ჩვენზე. იეჰოვას მამობრივ სიყვარულს კარგად აღწერს იესოს იგავი, რომელიც გზასაცდენილი შვილის დაბრუნებას ლუკ. 15:11—32). ამ იგავში მოხსენიებულ მამას არასოდეს დაუკარგავს იმედი, რომ ერთ დღესაც თავისი ვაჟი დაუბრუნდებოდა. როცა ეს დღე დადგა, მამამ ის უდიდესი სიხარულით მიიღო. თუ ჩამოვშორდით იეჰოვას, მაგრამ ვნანობთ ჩვენს საქციელს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი მოსიყვარულე მამა მზად არის, კვლავ მიგვიღოს თავის ოჯახში.
ეხება (19. როგორ აღმოფხვრის იეჰოვა ადამის ცოდვის შედეგად გამოწვეულ ყოველგვარ ზიანს?
19 ჩვენი ზეციერი მამა ადამის ცოდვის შედეგად გამოწვეულ ყოველგვარ ზიანს აგვინაზღაურებს. პირველი წყვილის ურჩობის შემდეგ იეჰოვამ განიზრახა, დედამიწიდან 144 000 ადამიანი თავის ზეციერ ოჯახში შვილებად მიეღო, რომლებიც იესოსთან ერთად მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ. ახალ ქვეყნიერებაში იესო და მისი თანამმართველები მორჩილ ადამიანებს სრულყოფილებამდე მიიყვანენ. საბოლოო გამოცდის შემდეგ კი ღმერთი ადამიანებს მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს. ზეციერ მამას უდიდეს კმაყოფილებას მოჰგვრის იმის ხილვა, თუ როგორ აივსება დედამიწა სრულყოფილი ადამიანებით. წინ მართლაც დიდებული მომავალი გველის!
20. როგორ გვანახვებს იეჰოვა, რომ ძალიან ვუყვარვართ, და რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?
20 იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ძლიერ ვუყვარვართ. ის ისმენს ჩვენს ლოცვებს და ზრუნავს ჩვენს ფიზიკურ და სულიერ საჭიროებებზე. იეჰოვა ნამდვილად შეუდარებელი მამაა. ის გვასწავლის და მხარს გვიჭერს, მომავალში კი ბედნიერ და კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრებას გვპირდება. გულს გვითბობს იმის დანახვა, რომ იეჰოვა მამობრივ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენს ჩვენ მიმართ. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ზეციერი მამის სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხოთ.
სიმღერა 108 ღმერთი ერთგულებას და სიყვარულს ავლენს
^ აბზ. 5 ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა ჩვენი შემოქმედი და უზენაესი მმართველია. თუმცა არაერთი მიზეზი გვაქვს, რომ ის მოსიყვარულე და მზრუნველ მამადაც მივიჩნიოთ. წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ მიზეზებზე ვიმსჯელებთ. აგრეთვე გავიგებთ, რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებს.
^ აბზ. 59 სურათის აღწერა: სურათზე ვხედავთ, როგორი ურთიერთობა აქვს მამა-შვილს სხვადასხვა სიტუაციაში. 1) მამა ყურადღებით უსმენს შვილს; 2) მამა ზრუნავს თავის გოგონაზე; 3) მამა ასწავლის თავის ბიჭუნას; 4) მამა ანუგეშებს შვილს. უკანა ფონზე ვხედავთ იეჰოვას ხელს, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ისიც მსგავსად ზრუნავს ჩვენზე.