ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 7
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 15 აქეთ იეჰოვას პირმშო!
როგორ გვპატიობს იეჰოვა?
„ჭეშმარიტად მიმტევებელი ხარ“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 130:4).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე შედარებას, რომლებიც დაგვანახებს, როგორ გვპატიობს იეჰოვა. ეს განხილვა კიდევ უფრო გაგვიღრმავებს მისადმი მადლიერებას.
1. რას შეიძლება გულისხმობდეს ადამიანი, როცა ვინმეს ეუბნება, რომ აპატია?
„ᲓᲐᲕᲘᲕᲘᲬᲧᲝᲗ, ᲠᲐᲪ ᲘᲧᲝ, ᲘᲧᲝ“. თუ ვინმეს აწყენინეთ, ალბათ ამაზე კარგი მოსასმენი არაფერი იქნებოდა. ამ სიტყვებით ადამიანს შეიძლება იმის თქმა სურდეს, რომ ძველებურად გააგრძელებთ მეგობრობას. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ის იმასაც გულისხმობდეს, რომ ამ თემაზე საუბარი აღარ სურს, მაგრამ ვერც უწინდელი ურთიერთობა გაგრძელდება. ფაქტია, ადამიანებს სხვადასხვანაირად ესმით პატიება.
2. რა არის ბიბლიაში ნათქვამი იეჰოვაზე? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).
2 ფაქტია, ყოველთვის ადვილი არ არის, მივხვდეთ, რას გულისხმობენ ადამიანები, როცა გვეუბნებიან, რომ გვპატიობენ. თუმცა იეჰოვას შემთხვევაში ასე არ არის. ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას ასეთი სიტყვებით მიმართა: „ჭეშმარიტად მიმტევებელი a ხარ, ამიტომაც აქვთ შენდამი კრძალვა!“ (ფსალმ. 130:4). დიახ, იეჰოვას ვერავინ შეედრება მიმტევებლობაში. ჩვენ სწორედ მის მაგალითზე ვიგებთ, სინამდვილეში რა არის პატიება. ზოგჯერ ებრაულ წერილებში ვხვდებით სიტყვას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას მიმტევებლობის აღსაწერად გამოიყენება.
3. რით გამოირჩევა იეჰოვას მიმტევებლობა? (ესაია 55:6, 7).
3 როცა იეჰოვა ვინმეს პატიობს, ის შლის მის ცოდვას და უწინდელ ურთიერთობას აღადგენს მასთან. ნამდვილად გვაოცებს ის ფაქტი, რომ იეჰოვა ასე დიდსულოვნად გვპატიობს (წაიკითხეთ ესაიას 55:6, 7).
4. როგორ გვეხმარება იეჰოვა, ჩავწვდეთ მის მიმტევებლობას?
4 რაკი იეჰოვას მიმტევებლობა ასეთი გამორჩეულია, არასრულყოფილ ადამიანებს გვიჭირს, ბოლომდე ჩავწვდეთ მას. სწორედ ამიტომ იეჰოვას ბიბლიაში სხვადასხვა შედარება მოჰყავს იმის აღსაწერად, როგორი მრავლის მომცველია მისი მიმტევებლობა. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს განვიხილავთ და დავინახავთ, როგორ გვპატიობს იეჰოვა ცოდვებს და როგორ აღადგენს უწინდელ ურთიერთობას ჩვენთან. ეს განხილვა ზეციერი მამისადმი მადლიერებით აგვივსებს გულს.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲒᲕᲐᲨᲝᲠᲔᲑᲡ ᲪᲝᲓᲕᲐᲡ
5. რა ხდება, როცა იეჰოვა ცოდვას გვპატიობს?
5 ბიბლიაში ცოდვა ხშირად მძიმე ტვირთთან არის შედარებული. აი რა თქვა მეფე დავითმა: „წამლეკა ჩემმა დანაშაულმა, უმძიმეს ტვირთად დამაწვა“ (ფსალმ. 38:4). თუმცა თუ ვინანიებთ, იეჰოვა, ასე ვთქვათ, მხრებიდან გვხსნის ცოდვის ტვირთს და შორს მიაქვს (ფსალმ. 25:18; 32:5). სწორედ ამ აზრს ატარებს „პატიებად“ და „მიტევებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა.
6. რამდენად შორს მიაქვს იეჰოვას ჩვენი ცოდვები?
6 რამდენად შორს მიაქვს იეჰოვას ჩვენი ცოდვები? ამ კითხვაზე პასუხს ფსალმუნის 103:12-დან ვიგებთ: „როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები“. მზის ამოსავალი და ჩასავალი ანუ აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთის უკიდურესი წერტილებია. ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ იეჰოვას რაც შეიძლება შორს მიაქვს ჩვენი ცოდვები. ამის ცოდნა ნამდვილად მანუგეშებელია ჩვენთვის.
7. როგორაა აღწერილი იეჰოვას მიმტევებლობა მიქას 7:18, 19-ში?
7 ხიზკიას სიტყვებიდან კარგად ჩანს, რას ნიშნავს, რომ იეჰოვა საერთოდ იშორებს ჩვენს ცოდვას: „ზურგს უკან მოისროლე ყველა ჩემი ცოდვა“ (ეს. 38:9, 17). ეს ფრაზა შეიძლება ასეც ითარგმნოს: „ისე მომაშორე ცოდვები, თითქოს არც ჩამედინოს“. მსგავსი შედარებაა მოყვანილი მიქას 7:18, 19-შიც (წაიკითხეთ). აქ ნათქვამია, რომ იეჰოვა ცოდვებს „ზღვის სიღრმეებში“ ისვრის. მაშინ, როცა ეს სიტყვები დაიწერა, ზღვის ფსკერიდან რაიმეს ამოტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ამგვარად, ეს სიტყვები იმაში გვარწმუნებს, რომ როცა გვპატიობს, იეჰოვა აღარ იხსენებს ჩვენს დანაშაულს.
8. რა გავიგეთ იეჰოვას მიმტევებლობის შესახებ ზემოთ მოყვანილი შედარებებიდან?
8 როგორც ზემოთ მოყვანილი შედარებებიდან დავინახეთ, იეჰოვა ბოლომდე გვპატიობს. ამიტომ მიზეზი არ გვაქვს, კვლავაც გვქენჯნიდეს სინდისი ჩადენილი დანაშაულის გამო. აი რა თქვა დავითმა: „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც ეპატიათ უკანონო საქმეები და მიეტევათ ცოდვები. ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის“ (რომ. 4:6–8).
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲨᲚᲘᲡ ᲪᲝᲓᲕᲐᲡ
9. კიდევ რა შედარება უსვამს ხაზს, რომ იეჰოვა ბოლომდე გვპატიობს?
9 ბიბლიაში ცოდვების პატიებასთან დაკავშირებით ისეთი სიტყვებიცაა გამოყენებულია, როგორებიცაა „განბანა“ და „ჩამორეცხვა“ (ფსალმ. 51:7; ეს. 4:4; იერ. 33:8). იეჰოვას სიტყვებიდან კარგად ჩანს, რა საფუძვლიანად ხდება ცოდვის ლაქის მოშორება: „ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება; შინდისფერი ქსოვილივითაც რომ იყოს, მატყლს დაემსგავსება“ (ეს. 1:18). ქსოვილიდან ალისფერი ლაქის ამოყვანა საკმაოდ რთულია. თუმცა როგორც იეჰოვა გვარწმუნებს, მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ისე გაათეთროს ჩვენი ცოდვები, რომ საერთოდ შეუმჩნეველი გახდეს.
10. რომელი შედარებიდან ჩანს, რომ იეჰოვა დიდსულოვნად გვპატიობს?
10 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ბიბლია ცოდვებს ვალებს ადარებს (მათ. 6:12; ლუკ. 11:4). ჩვენ მემკვიდრეობად დიდი ვალი გვერგო და ყოველ ჯერზე, როცა რამეს ვაშავებთ, ეს ვალი კიდევ უფრო იზრდება. აშკარაა, იეჰოვასი ყველას ძალიან ბევრი გვმართებს. თუმცა როცა ის გვპატიობს, „ანულებს“ ჩვენს ვალს და მის გადახდას აღარასდროს გვთხოვს. მართლაც, რამხელა შვებას ვგრძნობთ, როცა იეჰოვა გვპატიობს!
11. რას გულისხმობს ბიბლია, როცა ცოდვების წაშლაზე საუბრობს? (საქმეები 3:19).
11 ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვა ჩვენს ვალებს ანუ ცოდვებს შლის (წაიკითხეთ საქმეების 3:19). შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ იეჰოვა ჩვენს ცოდვებს თითქოს ხაზის გადასმით აუქმებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ისე გამოდის, რომ ვალის ოდენობა კვლავაც ჩანს. მაშ, რა იგულისხმება ცოდვების წაშლაში? ეს რომ უკეთ გავიგოთ, გავიხსენოთ, როგორ მელანს იყენებდნენ ძველად. მაშინ მელანს ისეთი შემადგენლობა ჰქონდა, რომ დაწერილის წაშლა სველი ღრუბლით ძალიან ადვილი იყო და წაშლილი წარწერა საერთოდ აღარ ჩანდა. აქედან გამომდინარე, როცა იეჰოვა ჩვენი ცოდვების წაშლაზე საუბრობს, ამაში მათ უკვალოდ გაქრობას გულისხმობს, თითქოს ვალი არც არასდროს გვქონია. ამის ცოდნა ნამდვილად გულს გვითბობს (ფსალმ. 51:9).
12. რა გაგებით ფარავს იეჰოვა ცოდვებს „სქელი ღრუბლით“?
12 ესაიას 44:22-ში იეჰოვას კიდევ ერთი შედარება მოჰყავს: „ისე დავფარავ შენს დანაშაულს, თითქოს ღრუბლით დამეფაროს, თითქოს სქელი ღრუბლით დამეფაროს შენი ცოდვები“. სქელი ღრუბლის მიღმა შეუძლებელია რამის დანახვა. მსგავსად, როცა იეჰოვა გვპატიობს, ჩვენს ცოდვებსაც ზუსტად ასე ფარავს.
13. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, როცა იეჰოვა გვპატიობს?
13 რაში დაგვარწმუნა ზემოთ განხილულმა? როცა იეჰოვა ცოდვებს გვპატიობს, ცოდვის „ლაქა“ უკვალოდ ქრება და იესოს მიერ დაღვრილი სისხლის საფუძველზე ჩვენი ვალი „ნულდება“, თითქოს ის არც კი გვქონია. ასე რომ, თუ ვინანიებთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, იეჰოვა სწორედ ასე გვაპატიებს!
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲩᲕᲔᲜᲗᲐᲜ ᲣᲬᲘᲜᲓᲔᲚ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐᲡ ᲐᲦᲐᲓᲒᲔᲜᲡ
14. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ბოლომდე გვპატიობს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
14 როცა იეჰოვა გვპატიობს, ის ჩვენთან უწინდელ ურთიერთობას აღადგენს. ამიტომ არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ დანაშაულის გრძნობა გვტანჯავდეს. არც იმის შიში უნდა გვქონდეს, რომ იეჰოვა კვლავაც გაგვიხსენებს დანაშაულს და პასუხს გვაგებინებს. ამის ალბათობა ნულის ტოლია. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? იეჰოვამ იერემიას ასეთი სიტყვები უთხრა: „ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვას“ (იერ. 31:34). მოგვიანებით ამ სიტყვების ციტირება მოციქულმა პავლემაც მოახდინა (ებრ. 8:12). მოდი კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე ვნახოთ, რას ნიშნავს ეს სიტყვები.
15. რას ნიშნავს, რომ იეჰოვა აღარ გაიხსენებს ჩვენს ცოდვებს? (მოიყვანეთ მაგალითი).
15 სიკვდილის წინ ძელზე გაკრულმა ბოროტმოქმედმა იესოს სთხოვა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“ (ლუკ. 23:42, 43). ფაქტია, მას იესოსთვის ის არ უთხოვია, რომ უბრალოდ მოეგონებინა, არამედ მისთვის რაღაცის გაკეთებას სთხოვდა. ეს იესოს პასუხიდანაც გამოჩნდა. ის ბოროტმოქმედს შეჰპირდა, რომ აღადგენდა. აქედან გამომდინარე, როცა იეჰოვა ამბობს, რომ აღარ გაიხსენებს ჩვენს ცოდვებს, ის იმას გულისხმობს, რომ პასუხს აღარასდროს გვაგებინებს მათ გამო.
16. რა შედარებაა ბიბლიაში მოყვანილი იეჰოვას პატიების აღსაწერად?
16 ბიბლიაში „ცოდვის მონები“ გვეწოდება, ამიტომ პატიება ცოდვისგან გათავისუფლებასაა შედარებული (რომ. 6:17, 18; გამოცხ. 1:5). რთული წარმოსადგენი არ არის, როგორი ბედნიერია გათავისუფლებული მონა. ჩვენც ზუსტად ასე ვხარობთ, როცა იეჰოვა გვპატიობს.
17. რატომაა პატიება შედარებული განკურნებასთან? (ესაია 53:5).
17 წაიკითხეთ ესაიას 53:5. ცოდვა სასიკვდილო სენთანაც არის შედარებული. ბიბლიაში ამიტომაცაა ნათქვამი, რომ იესოს მიერ გამოსასყიდად გაღებულმა მსხვერპლმა, ასე ვთქვათ, განგვკურნა (1 პეტ. 2:24). გამოსასყიდის წყალობით იმის შესაძლებლობა გვეძლევა, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა აღვადგინოთ. როცა სულიერად ვიკურნებით და კვლავაც იეჰოვას კეთილგანწყობას ვგრძნობთ, ჩვენც ისეთივე სიხარულს განვიცდით, როგორსაც სასიკვდილო სენისგან განკურნებული ადამიანი.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲪᲕᲚᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲛᲢᲔᲕᲔᲑᲚᲝᲑᲐ
18. რა გავიგეთ იეჰოვას მიმტევებლობის შესახებ? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „როგორ გვპატიობს იეჰოვა“).
18 რა გავიგეთ იეჰოვას მიმტევებლობის შესახებ? როცა იეჰოვა ცოდვებს გვპატიობს, ისე ივიწყებს მათ, თითქოს არასდროს ჩაგვედინოს და აღარასდროს გვახსენებს. ჩვენს ზეციერ მამასთან კარგი ურთიერთობა სწორედ ამის წყალობით გვაქვს. ამასთანავე, არ გვავიწყდება, რომ ჩვენ არ დაგვიმსახურებია პატიება. ეს იეჰოვას სიყვარულისა და წყალობის უდიდესი დასტურია (რომ. 3:24).
19. ა) რის გამო ვართ მადლიერი? (რომაელები 4:8). ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?
19 წაიკითხეთ რომაელების 4:8. ფაქტია, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა „ჭეშმარიტად მიმტევებელია“ (ფსალმ. 130:4). თუმცა იეჰოვამ რომ გვაპატიოს, ჩვენ გარკვეულ პირობას უნდა ვაკმაყოფილებდეთ. აი რა თქვა იესომ: „თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს, არც თქვენ გაპატიებთ ცოდვებს ზეციერი მამა“ (მათ. 6:14, 15). დიახ, თუ გვინდა, იეჰოვამ გვაპატიოს, ჩვენც უნდა მივბაძოთ მას და მზად ვიყოთ, ვაპატიოთ სხვებს. შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 46 გმადლობთ, იეჰოვა!
a ფრაზა, რომელიც ითარგმნა როგორც „ჭეშმარიტად მიმტევებელი“, დედნისეულ ენაზე იმ აზრს ატარებს, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ცოდვების სრულად მიტევება.