არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 36

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 89 უსმინეთ, იყავით მორჩილნი და მიიღეთ კურთხევები

„იყავით სიტყვის შემსრულებელნი“

„იყავით სიტყვის შემსრულებელნი“

„იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“ (ᲘᲐᲙ. 1:22).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეს სტატია კიდევ უფრო გაგვიძლიერებს სურვილს, ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია, ჩავუკვირდეთ წაკითხულს და ცხოვრებაში გამოვიყენოთ.

1, 2. რა აბედნიერებს ღვთის ხალხს? (იაკობი 1:22–25).

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ და იესოს ჩვენი ბედნიერება სურთ. ფსალმუნის 119:2-ში ვკითხულობთ: „ბედნიერნი არიან მისი მითითებების დამცველნი, მთელი გულით მისი მძებნელნი“. ამ აზრს იესომაც გაუსვა ხაზი: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და ასრულებს მას!“ (ლუკ. 11:28).

2 ფაქტია, იეჰოვას მსახურების ბედნიერებას ბევრი რამ უწყობს ხელს. როგორც ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლებიდანაც გამოჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი ღვთის სიტყვის რეგულარული კითხვა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებაა (წაიკითხეთ იაკობის 1:22–25).

3. რატომ არის კარგი წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენება?

3 მოდი შევიხსენოთ, რატომ არის კარგი წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენება. პირველ რიგში იმიტომ, რომ იეჰოვას ძალიან სიამოვნებს ამის დანახვა. იმის ცოდნა კი, რომ იეჰოვას მოსაწონად ვიქცევით, გვაბედნიერებს (ეკლ. 12:13). გარდა ამისა, საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ბიბლიური რჩევების გამოყენება ოჯახის წევრებთან თუ თანაქრისტიანებთან ურთიერთობას აუმჯობესებს. ჩვენ ბევრ ისეთ პრობლემასაც ვირიდებთ თავიდან, რომლებსაც დღეს ხალხი ქვეყნიერებაში ხვდება. ამ ყველაფრის ფონზე, შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ მეფე დავითს, რომელმაც იეჰოვას კანონებსა და ბრძანებებზე საუბრის ბოლოს ასეთი დასკვნა გააკეთა: „დიდია ჯილდო მათი დაცვისთვის“ (ფსალმ. 19:7–11).

4. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს წაკითხულის გამოყენება?

4 ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყოველთვის ადვილი არ არის, ღვთის სიტყვის შემსრულებელნი ვიყოთ. გადატვირთული გრაფიკის გამო შეიძლება გაგვიჭირდეს, კონკრეტული დრო გამოვუყოთ ბიბლიის კითხვასა და შესწავლას. თუმცა ამის გაკეთება აუცილებელია, რომ ჩავწვდეთ, რას მოელის იეჰოვა ჩვენგან. სწორედ ამიტომ ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგვეხმარება, რეგულარულად ვიკითხოთ ბიბლია, ვიფიქროთ მასზე და ნასწავლი ჩვენს თავს დავუკავშიროთ.

ᲓᲠᲝ ᲒᲐᲛᲝᲧᲐᲕᲘᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲬᲐᲡᲐᲙᲘᲗᲮᲐᲓ

5. რას მიაქვს ჩვენი დროის დიდი ნაწილი?

5 იეჰოვას მსახურები ძალიან დაკავებულები ვართ, რადგან უამრავი ბიბლიური პასუხისმგებლობის შესრულება გვიწევს. მაგალითად, ვმუშაობთ საკუთარი თავისა თუ ოჯახის სარჩენად (1 ტიმ. 5:8). ბევრ ქრისტიანს ავადმყოფი თუ ხანდაზმული ოჯახის წევრის მოვლაც უწევს. დრო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც მიაქვს. გარდა ამისა, კრებაშიც ვასრულებთ არაერთ დავალებას და სამქადაგებლო საქმეშიც აქტიურად ვმონაწილეობთ. ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება გაგვიჭირდეს, ყოველდღიურად გამოვყოთ დრო ბიბლიის კითხვისა და ფიქრისთვის, და არც წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენება იყოს ადვილი. მოდი ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია.

6. რა დაგეხმარებათ, ყოველდღიურად იკითხოთ ბიბლია? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

6 ბიბლიის კითხვა ქრისტიანებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს (ფილ. 1:10). ფსალმუნმომღერალმა თქვა, რომ ბედნიერია ის, ვისაც „იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და კითხულობს მას დღედაღამ“ (ფსალმ. 1:1, 2). ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ აუცილებელია, კონკრეტული დრო გამოვყოთ ბიბლიის კითხვისთვის. როგორ უნდა განვსაზღვროთ, როდისაა საუკეთესო დრო ბიბლიის წასაკითხად? პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის მოვახერხებთ ამას რეგულარულად. აი რას ამბობს ერთი ძმა ვიქტორი: „მართალია, დილით ადრე ადგომა დიდად არ მიყვარს, მაგრამ ბიბლიის კითხვას მაინც ამ დროს ვამჯობინებ. დილით მომცდენი ფაქტორები ნაკლებია, გონებაც ბევრად გახსნილი მაქვს და შესაბამისად წაკითხულზე კონცენტრირებაც მიადვილდება“. კარგი იქნება, თქვენც დაფიქრდეთ, პირადად თქვენთვის როდისაა საუკეთესო დრო ბიბლიის წასაკითხად.

დღის რომელ მონაკვეთში შეძლებთ, რომ რეგულარულად იკითხოთ ბიბლია? (იხილეთ აბზაცი 6)


ᲘᲤᲘᲥᲠᲔᲗ ᲬᲐᲙᲘᲗᲮᲣᲚᲖᲔ

7, 8. რა შემთხვევაში შეიძლება ბიბლიის კითხვამ ვერ მიაღწიოს თავის მიზანს? მოიყვანეთ მაგალითი.

7 გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ რაღაც წაიკითხეთ, მაგრამ მეორე წუთას აღარ გახსოვთ? სამწუხაროდ, შეიძლება ბიბლიის კითხვის დროსაც დაგვემართოს ასეთი რამ. მაგალითად, შეიძლება მიზნად გვაქვს დასახული, რომ ყოველდღიურად ბიბლიის რამდენიმე თავი წავიკითხოთ. ეს ნამდვილად კარგია, რადგან ყველა ქრისტიანი უნდა ვისახავდეთ მიზნებს და ვცდილობდეთ მათ მიღწევას (1 კორ. 9:26). თუმცა ბიბლიის კითხვამ რომ სასურველი შედეგი გამოიღოს, ამაზე მეტია საჭირო.

8 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: მცენარეებს არსებობისთვის წყალი სჭირდებათ, მაგრამ თუ მოკლე დროში უხვი ნალექი მოვა, შეიძლება წვიმამ საერთოდ ვერ შეუწყოს ხელი მათ ზრდას. მიზეზი ისაა, რომ მიწას დროს სჭირდება წყლის შესაწოვად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ მიაწოდებს მას მცენარეებს. მსგავსადვე, დროა საჭირო, რომ გავიაზროთ წაკითხული და შევძლოთ მისი დამახსოვრება, შემდეგ კი ცხოვრებაში გამოყენება. ამას კი იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გადარბენით არ წავიკითხავთ ბიბლიას (იაკ. 1:24).

მიწას დრო სჭირდება, რომ წვიმის წყლით გაიჟღინთოს. ჩვენც დრო უნდა გამოვუყოთ ღვთის სიტყვაზე დაფიქრებას, წაკითხული ცხოვრებაში რომ გამოვიყენოთ (იხილეთ აბზაცი 8).


9. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვევად გვექცა გადარბენით კითხვა?

9 რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვევად გვექცა გადარბენით კითხვა? მარტივად რომ ვთქვათ, საჭიროა, დავაგდოთ ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვის დროს პარალელურად გავიაზროთ წაკითხული. ამის გაკეთება არც ისე რთულია. უბრალოდ ცოტა მეტი დროის გამოყოფაა საჭირო. შეიძლება ნაკლები მასალის წაკითხვა გადავწყვიტოთ, რომ დრო დაგვრჩეს ფიქრისთვის. ზემოთ მოხსენიებული ვიქტორი ამბობს: „ვცდილობ, ბევრი არ წავიკითხო, მაქსიმუმ ერთი თავი. რახან ბიბლიას დილაობით ვკითხულობ, მთელი დღის მანძილზე ვახერხებ წაკითხულზე ფიქრს“. რა რაოდენობის მასალასაც არ უნდა ვკითხულობდეთ, მთავარია, ისეთი ტემპით წავიკითხოთ, რომ გააზრება შევძლოთ (ფსალმ. 119:97; იხილეთ ჩარჩო  „დასაფიქრებელი კითხვები“).

10. მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ დავუკავშიროთ წაკითხული საკუთარ თავს (1 თესალონიკელები 5:17, 18).

10 მნიშვნელობა არ აქვს, როდის კითხულობთ ბიბლიას და რამდენ დროს უთმობთ ამას, მთავარია, წაკითხული საკუთარ თავს დაუკავშიროთ. კითხვის დროს დაფიქრდით: როგორ შემიძლია დღესვე გამოვიყენო ეს ინფორმაცია ან მომავალში როგორ გამომადგება? მოდი პრაქტიკულად დავინახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. დავუშვათ, კითხულობთ 1 თესალონიკელების 5:17, 18-ს (წაიკითხეთ). ამ მუხლების წაკითხვის შემდეგ შეიძლება დაფიქრდეთ, რამდენად ხშირად და შინაარსიანად ლოცულობთ და მადლიერების რა მიზეზები გაქვთ. ამის შემდეგ კი გადაწყვიტოთ, იეჰოვას სამი კონკრეტული რამისთვის გადაუხადოთ მადლობა. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ, ჩასწვდეთ წაკითხულს და ცხოვრებაში გამოიყენოთ. და თუ ამას ყოველდღიურ სახეს მისცემთ, უფრო მეტად შეძლებთ იეჰოვას მოსაწონად მოქცევას. მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუ უკვე თავგზა აგებნათ და არ იცით, რა კუთხით იმუშაოთ საკუთარ თავზე?

ᲓᲐᲘᲡᲐᲮᲔᲗ ᲠᲔᲐᲚᲘᲡᲢᲣᲠᲘ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ

11. რატომ შეიძლება გაგვიტყდეს გული? მოიყვანეთ მაგალითი.

11 რა ჯობია, თუ ბიბლიაში წაკითხულს საკუთარ თავს უკავშირებთ. თუმცა, თუ ისეთი განცდა გეუფლებათ, რომ ძალიან ბევრ რამეზე გაქვთ სამუშაო, შეიძლება გულიც კი გაგიტყდეთ. მაგალითისთვის მოვიყვანოთ პირობითი სიტუაცია. დავუშვათ, ერთ დღეს ბიბლიის კითხვის დროს ხვდებით რჩევას, რომ არ უნდა იყოთ მიკერძოებული (იაკ. 2:1–8). თქვენც ხედავთ, რომ ამ მხრივ გაუმჯობესება გჭირდებათ და გადაწყვეტილებას იღებთ, რომ გარკვეული ცვლილებები მოახდინოთ. მეორე დღეს კითხულობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ, რას და როგორ ამბობთ (იაკ. 3:1–12). თქვენ ხვდებით, რომ თქვენი საუბრები ყოველთვის არაა გამამხნევებელი და რაღაც გაქვთ შესაცვლელი. მესამე დღეს კი ბიბლიის კითხვის დროს ხედავთ, რამდენად საშიშია ქვეყნიერებასთან მეგობრობა და იმ დასკვნამდე მიდიხართ, რომ მეტი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ, რას უყურებთ, რას კითხულობთ და რას უსმენთ (იაკ. 4:4–12). თუ ასე მოხდება, შეიძლება ბოლოს ისეთი განცდაც კი დაგეუფლოთ, რომ ამდენ რამეზე მუშაობას თავს ვერ გაართმევთ.

12. რატომ არ უნდა გაიტეხოთ გული? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).

12 გულს ნუ გაიტეხთ, თუ ბიბლიის კითხვის დროს დაინახავთ, რომ ბევრ რამეში გჭირდებათ გაუმჯობესება. სინამდვილეში ეს იმაზე მოწმობს, რომ თავმდაბალი ადამიანი ხართ და ღვთის სიტყვას სწორი მოტივით კითხულობთ. a ისიც გახსოვდეთ, რომ „ახალი პიროვნებით“ შემოსვა მუდმივი პროცესია (კოლ. 3:10). მოდი გავიგოთ, რა დაგეხმარებათ, რომ ღვთის სიტყვის შემსრულებლებიც იყოთ, მაგრამ არც უკიდურესობებში გადავარდეთ.

13. რა უნდა გაითვალისწინოთ მიზნების დასახვის დროს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

13 კარგი იქნება, ჯერ მხოლოდ ერთი-ორი მიზნის მიღწევას შეეცადოთ (იგავ. 11:2). შეგიძლიათ ასეთი მიდგომა სცადოთ: ჩამოწერეთ, რაზე გაქვთ სამუშაო, შემდეგ კი შეარჩიეთ მათგან ერთი-ორი და ამით დაიწყეთ. დანარჩენებზეც ასე ეტაპობრივად იმუშავეთ. მაგრამ როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელია მათ შორის პრიორიტეტული?

ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერზე ერთბაშად იმუშაოთ, კარგი იქნება, თავიდან მხოლოდ ერთი-ორი მიზნის მიღწევას შეეცადოთ (იხილეთ აბზაცები 13, 14).


14. როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელი მიზანია პრიორიტეტული?

14 შეგიძლიათ თავიდან იმ მიზნის მიღწევას შეეცადოთ, რომელიც ყველაზე ადვილი გეჩვენებათ, ან პირიქით, იმაზე მუშაობა გადაწყვიტოთ, რაშიც ყველაზე მეტად გჭირდებათ გაუმჯობესება. ამის განსაზღვრის შემდეგ გამოიკვლიეთ ეს საკითხი, რაშიც „საგუშაგო კოშკის ონლაინბიბლიოთეკა“ და „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“ დაგეხმარებათ. იეჰოვასაც ესაუბრეთ თქვენს მიზანზე და სთხოვეთ, რომ სურვილიც აღგიძრათ და მოქმედების ძალაც მოგცეთ (ფილ. 2:13). შემდეგ ყველანაირად ეცადეთ, გაითვალისწინოთ მოძიებული რჩევები. როცა დაინახავთ, რომ ერთ საკითხში გაუმჯობესდით, ეს მოტივაციას შეგმატებთ და სხვა ცვლილებების მოხდენაც უფრო გაგიადვილდებათ.

ᲛᲘᲔᲪᲘᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲐᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲖᲔ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ

15. რა განასხვავებს იეჰოვას ხალხს? (1 თესალონიკელები 2:13).

15 ზოგს არაერთხელ აქვს ბიბლია წაკითხული. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, მათ არ სჯერათ იმის, რასაც ბიბლიაში კითხულობენ ან არ ცდილობენ მის ცხოვრებაში გამოყენებას. მაგრამ იეჰოვას ხალხზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად ბიბლიას ჩვენც ღვთის სიტყვად მივიჩნევთ და ყველანაირად ვცდილობთ, წაკითხულმა იმოქმედოს ჩვენზე (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:13).

16. რა დაგვეხმარება, ღვთის სიტყვის შემსრულებელნი ვიყოთ?

16 როგორც დავინახეთ, ბიბლიის კითხვა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება ყოველთვის არაა ადვილი. შეიძლება კითხვისთვის დროის გამოყოფა გიჭირდეთ ან ისე სწრაფად კითხულობდეთ, რომ გააზრებას ვერ ახერხებდეთ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დაითრგუნოთ, რადგან აღმოაჩინოთ, რომ ბევრ რამეზე გაქვთ სამუშაო. როგორც არ უნდა იყოს, გჯეროდეთ, რომ იეჰოვას დახმარებით ამ პრობლემის გადალახვას შეძლებთ. ასე რომ, მიიღეთ იეჰოვასგან დახმარება და იყავით ღვთის სიტყვის შემსრულებელი და არა „გულმავიწყი მსმენელი“. ამ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად ბედნიერები იქნებით! (იაკ. 1:25).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 94 მადლიერნი ღვთის სიტყვისთვის