სწორი თუ არასწორი — დროში გამონაცადი რჩევები
ბიბლიური რჩევების პრაქტიკულობაში მილიონობით ადამიანი დარწმუნდა. მაგალითად, შევეხოთ ოთხ მხარეს.
1. ქორწინება
დღეს ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ქორწინებასა და ბედნიერ ოჯახზე.
ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘᲐ: „თითოეულ თქვენგანს ისე უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33).
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ: ქორწინებას ღმერთმა ჩაუყარა საფუძველი, ამიტომ მან ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდება ცოლ-ქმარს ბედნიერებისთვის (მარკოზი 10:6—9). ოჯახი მაშინ არის ბედნიერი, თუ ცოლიცა და ქმარიც უფრო მეტად ერთმანეთის მოთხოვნილებებზე ფიქრობს და არა საკუთარზე. მოსიყვარულე ქმარი კეთილად ეპყრობა ცოლს და ზრუნავს მასზე, ცოლი კი ქმრის მიმართ პატივისცემას სიტყვითა და საქმით გამოხატავს.
ᲠᲐᲡ ᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ: ვიეტნამელი ცოლ-ქმარი კუანგი და ტაი ქორწინებაში თავს უბედურად გრძნობდნენ. კუანგი ცოლს უხეშად ეპყრობოდა. ის აღიარებს, რომ არ უფრთხილდებოდა ცოლის გრძნობებს და ამცირებდა მას. ამის გამო ტაის განქორწინება სურდა, რადგან ქმრის მიმართ პატივისცემა და ნდობა ჰქონდა დაკარგული.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც კუანგმა და ტაიმ გაიგეს ბიბლიის თვალსაზრისი ქორწინებაზე. მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ეფესოელების 5:33-მა. კუანგი ამბობს, რომ სწორედ ამ მუხლმა დაანახვა იმის საჭიროება, რომ ცოლს თბილად უნდა მოპყრობოდა, მისი გრძნობები გაეთვალისწინებინა და ეზრუნა მის მატერიალურ, ფიზიკურ თუ ემოციურ მოთხოვნილებებზე. შედეგმაც არ დააყოვნა და მან კვლავ დაიმსახურა ცოლის სიყვარული და პატივისცემა. ტაიც აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად იყენებდა ეფესოელების 5:33-ში ჩაწერილ პრინციპს, მით უფრო მეტად გრძნობდა ქმრის სიყვარულსა და მზრუნველობას. დღეს ისინი ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ვებგვერდზე jw.org იხილეთ 2018 წლის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, №2, „ბედნიერი ოჯახის 12 საიდუმლო“.
2. სხვებისადმი დამოკიდებულება
ხშირად ადამიანები ცუდად ეპყრობიან მათ, ვისაც განსხვავებული გარეგნობა, წარმოშობა, მრწამსი და სექსუალური ორიენტაცია აქვს.
ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘᲐ: „პატივი ეცით ყველას“ (1 პეტრე 2:17).
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ: ბიბლია გმობს სიძულვილს, რა ნიშნითაც არ უნდა იყოს განპირობებული. ის მოგვიწოდებს, რომ ყველას მიმართ პატივისცემა გამოვავლინოთ მიუხედავად მათი ეროვნებისა თუ სოციალური სტატუსისა და კეთილად მოვეპყროთ სხვებს მაშინაც კი, თუ არ ვიზიარებთ მათ შეხედულებებს ან მათი ცხოვრების წესი ჩვენთვის მიუღებელია (საქმეები 10:34; მათე 7:12).
ᲠᲐᲡ ᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ: დანიელს ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ აზიელები მისი ქვეყნის მტრები იყვნენ. მას ისე სძულდა ისინი, რომ საჯაროდაც კი არ ერიდებოდა მათ შეურაცხყოფას. დანიელი ამ საქციელს პატრიოტიზმით ამართლებდა და დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა.
როცა დანიელი ბიბლიას გაეცნო, მიხვდა, რომ დამოკიდებულება რადიკალურად უნდა შეეცვალა. მან გაიგო, რომ ღმერთი ადამიანებს წარმოშობის მიხედვით არ განასხვავებს და გაიაზრა, რომ თავადაც მსგავსი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა. ახლა დანიელი საერთოდ აღარ აქცევს ყურადღებას სხვების წარმომავლობას. მას ყველა უყვარს და სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან მეგობრობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ვებგვერდზე jw.org იხილეთ ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, №3, „წინასწარშექმნილი აზრისგან გათავისუფლება“.
3. ფული
ბევრი ბედნიერებისა და უსაფრთხო მომავლის გარანტად ფულსა და სიმდიდრეს მიიჩნევს.
ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘᲐ: „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც, მაგრამ ცოდნა და სიბრძნე იმით უპირატესობს, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებს მის პატრონს“ (ეკლესიასტე 7:12).
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ: მართალია, ფული ყველას გვჭირდება, მაგრამ მასზე არ არის დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება თუ უსაფრთხო მომავალი (იგავები 18:11; 23:4, 5). ამის გარანტიას მხოლოდ ბიბლიაში ჩაწერილი ღვთიური სიბრძნით მოქმედება გვაძლევს (1 ტიმოთე 6:17—19).
ᲠᲐᲡ ᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ: ინდონეზიაში მცხოვრები ერთი მამაკაცი, სახელად კარდო, თავის დროსა და ენერგიას ფულის შოვნას ახმარდა. მას ყველაფერი ჰქონდა, რაზეც ხალხი ოცნებობს. ბევრს მოგზაურობდა, ყიდულობდა ძვირადღირებულ ნივთებს, მანქანებსა და სახლებს. მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა. კარდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა და თვალის დახამხამებაში დაკარგა ყველაფერი, რასაც წლები შეალია. მას გული გაუტყდა და სიცარიელისა და უღირსობის გრძნობა დაეუფლა.
მოგვიანებით კარდომ გაიგო, რას ამბობს ბიბლია ფულზე. ის ახლა უბრალოდ ცხოვრობს და მისი მთავარი მიზანი ფულის შოვნა აღარ არის. კარდო მიხვდა, რომ ნამდვილი ბედნიერება სულიერ ფასეულობებს მოაქვს და არა მატერიალურს. ის ამბობს, რომ ახლა თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობს და ღამითაც მშვიდად სძინავს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ვებგვერდზე jw.org იხილეთ 2021 წლის „საგუშაგო კოშკი“, №3, სტატია „არის განათლება და ფული უსაფრთხო მომავლის გარანტი?“.
4. სექსი
როცა საქმე სექსუალურ ცხოვრებას ეხება, ადამიანებს განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ, რა არის მისაღები და რა არა.
ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘᲐ: „არ მოიქცეთ უზნეოდ. ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი სხეულის ფლობა სიწმინდითა და ღირსებით, და ნუ დაემსგავსებით იმ ხალხებს, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს და დაუოკებელ, ავხორცულ ვნებებს არიან აყოლილნი“ (1 თესალონიკელები 4:3—5).
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ: ბიბლიის თანახმად სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების ნებისმიერი გზა მოსაწონი ვერ იქნება. ბიბლია „უზნეობაში“ გულისხმობს დაუქორწინებლებს შორის სქესობრივ კავშირს, მრუშობას, მეძაობას, ჰომოსექსუალიზმსა და ზოოფილიას (1 კორინთელები 6:9, 10). სქესობრივი ურთიერთობა ღვთისგან ბოძებული ძღვენია, რომელიც მხოლოდ კანონიერი ცოლ-ქმრისთვისაა განკუთვნილი (იგავები 5:18, 19).
ᲠᲐᲡ ᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ: ერთი ავსტრალიელი ქალი, კაილი, რომელსაც ქმარი არ ჰყავდა, ფიქრობდა, რომ თუ ვინმესთან სექსი ექნებოდა, თავს დაცულად და ბედნიერად იგრძნობდა. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. მას იმედი გაუცრუვდა და გული გაუტყდა.
მოგვიანებით კაილიმ გაიგო, რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ამ საკითხზე. ის მიხვდა, რომ ღვთის ნორმები ადამიანს ბევრი ტკივილისგან იცავს. ახლა მას მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე ჰყავს, რომელთანაც თავს ბედნიერად გრძნობს. ბიბლიური რჩევების გათვალისწინებამ კაილის ბევრი საწუხარი აარიდა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ვებგვერდზე jw.org იხილეთ სტატია „რას ამბობს ბიბლია ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრებაზე?“
ჩვენი შემოქმედი გვასწავლის, რა არის სწორი და რა არა. მართალია, მისი ნორმებით ცხოვრება ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ნამდვილად ღირს, რადგან ჩვენს მარადიულ ბედნიერებას ემსახურება.