მიჰბაძეთ მათ რწმენას | რებეკა
„წავყვები“
რებეკამ ხრიოკ და უსწორმასწორო არემარეს მოავლო თვალი. უკვე ბინდდებოდა. რამდენიმე კვირიანი მგზავრობის შემდეგ აქლემზე მჯდარი რებეკა, როგორც იქნა, შეეგუა რწევით მგზავრობას. მას უკვე ასობით კილომეტრი აშორებდა მშობლიური სახლიდან, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარანში იყო. შესაძლოა რებეკას აფიქრებდა, იხილავდა თუ არა ოდესმე ოჯახის წევრებს. მას, ალბათ, მომავალზე ფიქრიც უტრიალებდა გონებაში, განსაკუთრებით ახლა, როცა მისი ხანგრძლივი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა.
ქარავანმა ქანაანი თითქმის უკან ჩამოიტოვა და ახლა უფრო ხრიოკ მხარეს, ნეგებს, კვეთს (დაბადება 24:62). მართალია, ეს ტერიტორია მოუსავლიანი იყო, მაგრამ საძოვრების სიუხვით ნამდვილად გამოირჩეოდა. ამ უცხო მიწაზე რებეკა, ალბათ, ცხვრის ფარასაც მოჰკრავდა თვალს. სამაგიეროდ ეს ტერიტორია კარგად ნაცნობი გახლდათ მოხუცი კაცისთვის, რომელიც ქარავანს მიუძღოდა. მას ერთი სული ჰქონდა, თავისი ბატონისთვის ახალი ამბავი ეცნობებინა! უდავოა, რებეკას აფიქრებდა, როგორ იცხოვრებდა უცხო მიწაზე, როგორი იქნებოდა მისი საქმრო, ისაკი; მათ ხომ ერთმანეთი არასოდეს ენახათ. რებეკა, ალბათ, იმაზეც ფიქრობდა, მოეწონებოდა თუ არა ისაკს და თავად რას იგრძნობდა საქმროს მიმართ.
ბევრ ქვეყანაში გარიგებით ქორწინება შესაძლოა ყოვლად მიუღებელი და უცნაურიც კია, მაშინ როცა ზოგან ეს სავსებით ნორმალურია. როგორც არ უნდა ფიქრობდეთ, იმ აზრს უეჭველად დაეთანხმებოდით, რომ რებეკას სრულიად უცხო ხალხში და უცხო გარემოში მოუწევდა ცხოვრება. ის მართლაც გაბედული და ძლიერი რწმენის მქონე ქალი იყო. რებეკას მსგავსად, ამ თვისებების გამოვლენა ჩვენც გვჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს ცხოვრებაში რაღაც იცვლება. ამ ახალგაზრდა ქალს რწმენის გარდა სხვა ბევრი შესანიშნავი თვისებაც ამკობდა.
„შენი აქლემებისთვისაც ამოვიღებ წყალს“
ის დღე, როდესაც რებეკას ცხოვრებაში უდიდესი ცვლილება მოხდა, სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდებოდა. რებეკა შუამდინარეთში, ქალაქ ხარანში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიზარდა. მისი მშობლები იქაურებისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. ისინი არ ეთაყვანებოდნენ მთვარის ღვთაებას, სინის, რადგან მათი ღმერთი იეჰოვა იყო (დაბადება 24:50).
რებეკა თვალტანადი ქალწული იყო. მის გარეგნობას შინაგანი თვისებებიც ალამაზებდა. ის ზარმაცი და უქნარა კი არა, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იყო. იგი მაღალზნეობრივი ფასეულობებითაც გამოირჩეოდა. მართალია, რებეკას მშობლები მდიდრები იყვნენ და მსახურებიც ჰყავდათ, მაგრამ ქალიშვილს არ ანებივრებდნენ, პირიქით, ბავშვობიდან აჩვევდნენ შრომას. იმ დროში მცხოვრები მრავალი ქალის მსგავსად, რებეკაც ბევრ საქმეს აკეთებდა, მაგალითად, ოჯახს წყლით ამარაგებდა. ის საღამოობით მხარზე დოქშემოდგმული ჭისკენ მიეშურებოდა ხოლმე (დაბადება 24:11, 15, 16).
ერთ საღამოს, როდესაც რებეკამ ჭიდან წყალი ამოიღო, მასთან ხნიერმა მამაკაცმა მიირბინა და მოკრძალებულად სთხოვა: „ცოტა წყალი დამალევინე შენი დოქიდან“. რებეკამ შენიშნა, რომ მამაკაცს გრძელი გზა ჰქონდა გამოვლილი, ამიტომ დოქი სწრაფად ჩამოიღო მხრიდან და მგზავრს იმდენი ცივი წყალი დაალევინა, სანამ ამ უკანასკნელმა წყურვილი არ მოიკლა. მან იქვე ათი დაჩოქილი აქლემიც შენიშნა, გეჯა კი ცარიელი იყო. რებეკას არც უცნობის სასიამოვნოდ გაკვირვებული, სანდომიანი თვალები დარჩენია შეუმჩნეველი, რომლებიც დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ მას. ამიტომ ცდილობდა, რაც შეიძლება გულუხვი ყოფილიყო მის მიმართ და უთხრა: „შენი აქლემებისთვისაც ამოვიღებ წყალს, სანამ არ დარწყულდებიან“ (დაბადება 24:17—19).
მიაქციეთ ყურადღება, რომ რებეკამ ის კი არ თქვა, აქლემებს წყალს დავალევინებო, არამედ — დავარწყულებო. * მაგრამ რებეკამ ხომ არ იცოდა ეს?! ის მძიმე შრომისთვისაც კი იყო მზად, რათა ხნიერი უცნობის მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოევლინა. კაცი დათანხმდა შემოთავაზებას და რებეკამაც არ დააყოვნა. მგზავრს თვალი არ მოუცილებია ქალისთვის, რომელიც წინ და უკან დარბოდა ხან ცარიელი, ხანაც სავსე დოქით ხელში და წყალს გეჯაში ცლიდა (დაბადება 24:20, 21).
ძალიან მოწყურებულმა აქლემმა შეიძლება 95 ლიტრზე მეტი წყალი დალიოს. ასე რომ, თუ ათივე აქლემი მწყურვალე იქნებოდა, რებეკას მათ დასარწყულებლად რამდენიმე საათი მძიმედ შრომა მოუწევდა. მოვლენების შემდგომი განვითარება ცხადყოფს, რომ აქლემები არ იყვნენ ძალიან მოწყურებულები.რებეკასგან ერთობ მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეგვიძლია. დღეს ეგოიზმით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ადამიანები იქნებიან „საკუთარი თავის მოყვარულები“, რომლებსაც სხვების დახმარების არანაირი სურვილი არ ექნებათ (2 ტიმოთე 3:1—5). ქრისტიანები, რომლებიც ცდილობენ, არ მოექცნენ დღევანდელი ქვეყნიერების სულის გავლენაში, ჰბაძავენ ბიბლიურ დროში მცხოვრებ ამ ახალგაზრდა ქალს, რომელიც სხვის დასახმარებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა.
ეჭვგარეშეა, რებეკა შენიშნავდა, როგორი ინტერესით აკვირდებოდა მას მოხუცი. მის ასეთ დაჟინებულ მზერაში შეუფერებელი არაფერი იყო, რადგან მისი თვალებიდან განცვიფრება და სიხარული გამოსჭვიოდა. როცა რებეკამ აქლემები დაარწყულა, მადლიერების ნიშნად მოხუცმა მას ძვირფასი სამკაულები აჩუქა და ჰკითხა: „მითხარი, ვისი ასული ხარ? აქვს მამაშენს ჩვენთვის ღამის გასათევი ადგილი სახლში?“. ქალიშვილის მშობლების ვინაობის გაგებამ მამაკაცი ერთიორად გაახარა. რებეკამ ხალისით განაგრძო: „ბზეცა გვაქვს, ბევრი სხვა საკვებიც საქონლისთვის და ღამის გასათევი ადგილიც“. ეს მართლაც შესანიშნავი შემოთავაზება იყო, რადგან მოხუცს თან სხვა მამაკაცებიც ახლდნენ. შემდეგ ყმაწვილი ქალი გაიქცა, რათა დედამისისთვის შეეტყობინებინა ყველაფერი, რაც მოხდა (დაბადება 24:22—28, 32).
აშკარაა, რომ მშობლებმა რებეკას სტუმრის სიყვარული და პატივისცემა ასწავლეს. სამწუხაროდ, დღევანდელი საზოგადოებისთვის სტუმართმოყვარეობაც უცხო გახდა, ამიტომ ნამდვილად ღირს, ამ მხრივ გულკეთილ და ძლიერი რწმენის მქონე ახალგაზრდა ქალს, რებეკას მივბაძოთ. ღვთისადმი რწმენამ მათე 5:44—46; 1 პეტრე 4:9).
სტუმართმოყვარეობისკენ უნდა გვიბიძგოს, რადგან იეჰოვა ყველას მიმართ გულუხვად ავლენს ამ თვისებას და სურს, რომ მისი მსახურებიც იმავე სულს ავლენდნენ. ჩვენს ზეციერ მამას ძალიან სიამოვნებს, როცა სტუმართმოყვარეობას მათ მიმართაც ვავლენთ, ვინც შესაძლოა იმავეთი ვერასოდეს გვიპასუხოს („მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟს“
საინტერესოა, ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ჭასთან ქალს ესაუბრა? იგი აბრაამის, რებეკას პაპის ძმის, მსახური იყო. ამიტომ ის რებეკას მამამ, ბეთუელმა, გულთბილად მიიღო. როგორც ჩანს, მისი სახელი ელიეზერი იყო. * მასპინძლებმა მას საჭმელი მიართვეს, მაგრამ მან უარი თქვა ჭამაზე, რადგან სურდა, ჯერ სტუმრობის მიზეზი აეხსნა (დაბადება 24:31—33). წარმოიდგინეთ, როგორი აღელვებით მოუყვებოდა მათ იმის შესახებ, თუ რა სასწაულებრივად უმართავდა იეჰოვა ხელს ბატონის მიერ დავალებული საქმის შესასრულებლად. რამ დაარწმუნა ელიეზერი, რომ ეს ყველაფერი იეჰოვასგან იყო?
ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა სულგანაბულები ისმენდნენ ელიეზერის მონათხრობს რებეკას ძმა ლაბანი და მამამისი, ბეთუელი. იგი მათ მოუყვა, როგორ აკურთხა იეჰოვამ აბრაამი ქანაანში, რომ აბრაამსა და სარას შეეძინათ ვაჟი, ისაკი, რომელიც მათი ქონების მემკვიდრე გახდებოდა. ის მათ იმასაც ეტყოდა, რომ თავისმა ბატონმა მას მეტად მნიშვნელოვანი დავალება მისცა, კერძოდ, ისაკისთვის ცოლი ხარანიდან, აბრაამის სანათესაოდან მოეყვანა (დაბადება 24:34—38).
აბრაამმა დააფიცა ელიეზერი, რომ ისაკს ცოლად ქანაანელ ქალს არ შერთავდა, რადგან ისინი პატივს არ მიაგებდნენ და არ ეთაყვანებოდნენ იეჰოვა ღმერთს. აბრაამმა იცოდა, რომ თავის დროზე იეჰოვა პასუხს მოსთხოვდა მათ ბოროტი საქმეებისთვის. მას არ სურდა, რომ მის საყვარელ ვაჟს, ისაკს, რაიმე საერთო ჰქონოდა ამ ხალხთან, რომლებიც უზნეო ცხოვრებას ეწეოდნენ. აბრაამს ისიც კარგად ესმოდა, რომ ისაკს მნიშვნელოვანი როლი ეკისრა ღვთის დანაპირების შესრულებაში (დაბადება 15:16; 17:19; 24:2—4).
ელიეზერმა მასპინძლებს ისიც უამბო, რომ როცა ხარანის მახლობლად ჭასთან მივიდა, იეჰოვას ლოცვით მიმართა. ლოცვაში მან ღმერთს სთხოვა, ისაკისთვის საცოლის არჩევაში დახმარებოდა. ელიეზერმა იეჰოვას სთხოვა, რომ გოგონა, რომელიც ისაკის საცოლე გახდებოდა, ჭასთან მოსულიყო და, როცა წყალს სთხოვდა, არა მარტო მისთვის, არამედ აქლემებისთვისაც დაელევინებინა (დაბადება 24:12—14). და როგორც უკვე გავიგეთ, რებეკა ზუსტად ასე მოიქცა. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა რებეკა, ელიეზერის სიტყვებისთვის რომ მოეკრა ყური!
ელიეზერის ნაამბობმა იმდენად იმოქმედა ბეთუელსა და ლაბანზე, რომ თქვეს: „ეს საქმე იეჰოვასგან არის“. მაშინდელი ჩვეულებისამებრ მათ აღთქმა დადეს, რომ რებეკას ისაკს მიათხოვებდნენ (დაბადება 24:50—54). ნიშნავდა ეს იმას, რომ რებეკას არავინ ეკითხებოდა აზრს?
სწორედ ეს საკითხი წამოჭრა ელიეზერმა რამდენიმე კვირის წინ აბრაამთან საუბრისას, როდესაც ჰკითხა: „რომ არ წამომყვეს ქალი?“, რაზეც აბრაამმა მიუგო: „მაშინ გათავისუფლდები ჩემ წინაშე ფიცით დაკისრებული მოვალეობისგან“ (დაბადება 24:39, 41). რებეკას აზრი არც მისი ოჯახის წევრებისთვის ყოფილა უმნიშვნელო. ელიეზერი იმდენად გახარებული იყო საქმის ასე წარმართვით, რომ მასპინძლებს მეორე დილითვე სთხოვა, რებეკასთან ერთად ქანაანში გაეშვათ. ოჯახს სურდა, რებეკა მათთან ათ დღეს მაინც დარჩენილიყო. საბოლოოდ, მათ საკითხის გადასაჭრელად გადაწყვიტეს, აზრი რებეკასთვის ეკითხათ და თქვეს: „მაშინ თვითონ ყმაწვილ ქალს დავუძახოთ და მისი პირით გავიგოთ პასუხი“ (დაბადება 24:57).
რებეკას ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა. საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ის? ხომ არ სთხოვდა მამას და ძმას, რომ აეცილებინათ მისთვის უცხო მამაკაცთან ერთად შორეული მგზავრობა? თუ ის დიდ პატივად ჩათვლიდა, იმ მოვლენის მონაწილე გამხდარიყო, რომელსაც აშკარად იეჰოვა ხელმძღვანელობდა? რებეკამ მათ თანხმობა განუცხადა და თქვა: „წავყვები“, რითაც ცხადყო, თუ როგორ უყურებდა იგი ამ მოულოდნელ და ერთი შეხედვით სახიფათო ცვლილებას (დაბადება 24:58).
რა შესანიშნავი სულის პატრონი იყო ეს ახალგაზრდა ქალი! მართალია, ქორწინებასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები დღეს ძალიან განსხვავებულია, მაგრამ რებეკასგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ის საკუთარ შეხედულებებზე მაღლა თავისი ღვთის, იეჰოვას, თვალსაზრისს აყენებდა. ღვთის სიტყვა ქორწინებასთან დაკავშირებით დღესაც საუკეთესო დახმარებას გვთავაზობს. მაგალითად, გვასწავლის, თუ როგორ ავირჩიოთ ცხოვრების თანამგზავრი და როგორ გავხდეთ უკეთესი ქმარი 2 კორინთელები 6:14, 15; ეფესოელები 5:28—33). კარგი იქნება, თუ მივბაძავთ რებეკას და გადაწყვეტილებების მიღების დროს იეჰოვას თვალსაზრისს გავითვალისწინებთ.
ან ცოლი („ვინ არის ის კაცი?“
მას შემდეგ, რაც ოჯახმა დალოცა რებეკა, ის რამდენიმე მსახურ ქალთან და დებორასთან ერთად, რომელიც ბავშვობაში მისი ძიძა იყო, ელიეზერსა და მის თანმხლებ მამაკაცებს გაჰყვა (დაბადება 24:59—61; 35:8). მალე მათ ხარანი უკან ჩამოიტოვეს. ქარავანს დაახლოებით 800 კილომეტრი უნდა გაევლო, რასაც, სავარაუდოდ, სამ კვირას მოანდომებდნენ. ამხელა გზაზე აქლემებით მგზავრობა ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. რებეკას, ალბათ, მანამდეც არაერთხელ ენახა ეს ცხოველი, მაგრამ იმას დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ის მიჩვეული იყო აქლემებით მგზავრობას. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მისი მშობლები მეცხვარეები იყვნენ და არა ვაჭრები, რომლებიც აქლემების ქარავნებით მოგზაურობდნენ (დაბადება 29:10). მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგიც: ისინი, ვინც აქლემებით მგზავრობენ, ხშირად ჩივიან, რომ ამ „ტრანსპორტით“ გადაადგილება მოკლე მანძილზეც კი მოუხერხებელია.
როგორც უნდა ყოფილიყო, რებეკა მხოლოდ მომავალზე ფიქრობდა. ის, ალბათ, ცდილობდა, რომ ელიეზერისგან რაც შეიძლება მეტი გაეგო ისაკისა და მისი ოჯახის შესახებ. წარმოიდგინეთ, როგორ სხედან შებინდებისას რებეკა და ელიეზერი ცეცხლთან და როგორ უყვება ის ახალგაზრდა ქალს იმ დანაპირების შესახებ, რომელიც იეჰოვამ თავის მეგობარს, აბრაამს, მისცა. ღმერთი დაჰპირდა, რომ მისი შთამომავლის მეშვეობით კურთხევებს მთელი კაცობრიობა მიიღებდა. ალბათ, რებეკა მოწიწებით აივსებოდა, როცა გააცნობიერებდა, რომ იეჰოვას დანაპირები მისი მომავალი ქმრის, ისაკის, მეშვეობით შესრულდებოდა და ამაში თავის როლსაც დაინახავდა (დაბადება 22:15—18).
და აი, დადგა ისაკთან შეხვედრის დღეც, რომელზეც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ. ქარავანს უკვე ნეგები გადაეკვეთა, როცა შებინდებისას რებეკამ მინდორში მოსეირნე მამაკაცს მოჰკრა თვალი. ისაკი ჩაფიქრებული ჩანდა. მის დანახვაზე რებეკა „აქლემიდან ჩამოხტა“ (შესაძლოა არც კი დაელოდა აქლემის დაჩოქებას) და მსახურს ჰკითხა: „ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის?“. როცა გაიგო, რომ ის ისაკი იყო, საქმროს პატივისცემის ნიშნად თავსაბურავი ჩამოიფარა (დაბადება 24:62—65). ასეთ საქციელს დღეს ბევრი ძველმოდურად მიიჩნევს, მაგრამ რებეკას თავმდაბლური საქციელისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ როგორც ქალებს, ისე კაცებს. თავმდაბლობა ხომ სწორედ ის ძვირფასი თვისებაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ასე გვჭირდება.
40 წლის ისაკი, კვლავაც გლოვობდა თითქმის სამი წლის წინ გარდაცვლილ დედას, სარას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თბილი და მგრძნობიარე ადამიანი იყო. რამხელა კურთხევა იქნებოდა ასეთი მამაკაცისთვის რებეკასნაირი გამრჯე, სტუმართმოყვარე და თავმდაბალი ცოლი. საინტერესოა, როგორ შეეწყვნენ ისინი ერთმანეთს? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ისაკს „შეუყვარდა იგი“ (დაბადება 24:67; 26:8).
ამ შემთხვევიდან 39 საუკუნე გავიდა, თუმცა დღემდე გვხიბლავს რებეკას ისეთი თვისებები, როგორიცაა: გაბედულება, შრომისმოყვარეობა, სტუმართმოყვარეობა და თავმდაბლობა. მოდი, ყველამ — ახალგაზრდამ თუ ხანდაზმულმა, კაცმა თუ ქალმა, დაქორწინებულმა თუ დაუქორწინებელმა — მივბაძოთ რებეკას რწმენას!
^ აბზ. 10 უკვე საღამოს პირი იყო. ბიბლიის ამ მონაკვეთიდან არ ჩანს, რომ რებეკამ ჭასთან საათები დაჰყო. ამ მონაკვეთიდან არც ის ჩანს, რომ სახლში დაბრუნებულს ოჯახი მძინარე დახვდა ან მას ვინმემ მიაკითხა იმის გასაგებად, თუ რატომ შეაგვიანდა.
^ აბზ. 15 მართალია, ბიბლიის ამ მონაკვეთში მსახურის სახელი არ არის მოხსენიებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ის სწორედ ელიეზერი იყო. ერთ დროს აბრაამი ფიქრობდა, რომ თუ მემკვიდრე არ ეყოლებოდა, ქონებას ელიეზერს უანდერძებდა. აშკარაა, რომ ელიეზერი აბრაამის სახლეულობაში ყველაზე უფროსი და ნდობით აღჭურვილი მსახური იყო. სწორედ ასეა აღწერილი აბრაამის მსახური ბიბლიის ამ მონაკვეთში (დაბადება 15:2; 24:2—4).