მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ძალმომრეობითი დანაშაული. ძალიან კარგადაა დაწერილი სტატიათა სერია „ძალმომრეობითი დანაშაული — არსებობს გამოსავალი?“ (8 ივლისი, 2003). მომეწონა, რომ პირველი სტატია ფაქტებს ეფუძნება და გამოსავალს მაშინვე არ გვანახვებს. სტატიის ბოლოს მოცემულია დასაფიქრებელი კითხვები, რომლებიც საშუალებას აძლევს მკითხველს, პრობლემის არსს ჩასწვდეს. შემდეგ ბიბლიის თვალსაზრისზე მახვილდება ყურადღება. ტერმინოლოგიის სიმცირის გამო სტატიები სასიამოვნოდ იკითხება.
ა. ლ. (შეერთებული შტატები).
ამ სერიის ბოლო სტატია — „არსებობს რეალური გამოსავალი?“ — დამეხმარა, გამეგო, რომ ადამიანებს სიმართლის შესაყვარებლად გულისა და გონების გარდაქმნა სჭირდებათ. ყველამ იეჰოვა ღმერთისგან უნდა ვისწავლოთ, როგორც ეს ესაიას 54:13-ში წერია. იეჰოვას დახმარებით ახლავე შეგვიძლია ახალ პიროვნებებად ჩამოვყალიბდეთ და მისი მოსაწონები გავხდეთ.
ვ. კ. (შეერთებული შტატები).
ტრაგედია. გმადლობთ სტატიისთვის „როგორ გავუმკლავდე ტრაგედიას?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 ივლისი, 2003). სტატიის კითხვა დავამთავრე თუ არა, ვიგრძენი, რომ ეს იეჰოვას პასუხი იყო იმ პრობლემაზე, რომელიც დიდი ხანი მაწუხებდა. როგორც ქრისტიანმა, ვიცი, რომ „უკანასკნელი დღეები“ ძნელი ასატანი იქნება (2 ტიმოთე 3:1). მიუხედავად ამისა, როდესაც ტელევიზორში საზარელ ახალ ამბებს ვისმენდი, გული მიწუხდებოდა. ეს ისე მთრგუნავდა და ძალას მაცლიდა, რომ ხანდახან სახლში ვრჩებოდი და საქადაგებლად აღარ მივდიოდი. იმაზეც კი ვნერვიულობდი, რაც მომავალში, შესაძლოა, არც მომხდარიყო. ამ სტატიამ შემახსენა, რამდენად აუცილებელია ყოველდღე მივდიო სულიერ პროგრამას, გულისნადები გადმოვუღვარო იეჰოვას და სრულად მივენდო მას. მთელი გულით გიხდით მადლობას ასეთი პუბლიკაციებისთვის.
ე. კ. (იაპონია).
2003 წლის იანვარში პაპაჩემი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩემს სიცოცხლეში პირველად შევესწარი ახლობელი ადამიანის სიკვდილს. ამ სტატიამ ყველა კითხვაზე მიპასუხა. ჩემს გულს განსაკუთრებით შეეხო ქვესათაური „რატომ ხდება ამდენი უბედურება?“. ის დამეხმარა, გამეგო, რომ ჩვენს ოჯახს გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო დაატყდა უბედურება. ეს არ ნიშნავს, რომ იეჰოვამ მიგვატოვა. სტატიის წაკითხვის შემდეგ შიში გამიქრა და დავმშვიდდი.
მ. ო. (იაპონია).
სულიერი წყურვილი. თვალზე ცრემლი მომადგა, როცა წავიკითხე სტატია „ჩემი სულიერი წყურვილი დაკმაყოფილდა“ (8 ივლისი, 2003). კათოლიკურ ოჯახში აღვიზარდე და რვა წელი კათოლიკურ სკოლაში დავდიოდი. თუმცა სკოლაში და მესაზე ბიბლიას არასდროს ვკითხულობდით, მე ყოველთვის ვაფასებდი მას და ყოველ ღამე ვკითხულობდი. ლუჩია მიუსანეტის მსგავსად, ყოველთვის ძალიან მინდოდა ის მეკეთებინა, რასაც ბიბლიიდან ვიგებდი, მაგრამ არ ვიცოდი — როგორ. როცა იეჰოვას მოწმეებთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა, სულიერი წყურვილი დავიკმაყოფილე. დიდი მადლობა ასეთი შთამბეჭდავი ბიოგრაფიების გამოქვეყნებისთვის!
კ. ფ. (შეერთებული შტატები).
დიაბეტი. დიდ მადლობას გიხდით შესავალ სტატიათა სერიისთვის „ცხოვრება დიაბეტით“ (8 ივნისი, 2003). 12 წელია, რაც I ტიპის დიაბეტი მაწუხებს და ხშირად მჭირდება ინსულინის გაკეთება. ჩემი ცოლი დიდ დახმარებას მიწევს; ერთად ვიკვლევთ ამ დაავადებას და ერთად მივდივართ ექიმთან. მე კი, ჩემის მხრივ, ვცდილობ დადებითი განწყობა განვივითარო. მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობ და ვხედავ, რომ თანაქრისტიანები უზარმაზარ სიკეთესა და მოთმინებას ავლენენ ავადმყოფების მიმართ, რათა ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარონ. ასეთი დამოკიდებულება მეხმარება, გავაგრძელო მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურება. სტატიათა ეს სერია დროული იყო ჩემთვის. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით.
ვ. ბ. (პოლონეთი).
28 წელია, რაც დიაბეტი მაქვს. ჩემი ოჯახის ათი წევრიც ამ დაავადებით იტანჯება. სტატიათა ეს სერია შეიცავს ყველაზე ამომწურავ ინფორმაციას, რაც კი მანამდე წამიკითხავს. სტატიები გამსჭვალულია შემოქმედის სიყვარულით, რასაც ამ თემაზე გამოსულ ვერც ერთ ქვეყნიურ სტატიაში ვერ იპოვით. არ მინდოდა ოჯახს ტვირთად დავწოლოდი. ამიტომ ვცდილობდი სხვებს არ დაენახათ, რომ ავად ვიყავი. მომწონდა, როცა სხვებზე ვზრუნავდი. მაგრამ ამ სტატიებმა დამანახვა, რომ საჭირო იყო, ჩემს თავზეც მეზრუნა, რათა სხვებს უკეთესად დავხმარებოდი.
ლ. პ. (საფრანგეთი).