ღმერთზე მინდობა ვისწავლე
ღმერთზე მინდობა ვისწავლე
მოგვითხრო ელა ტოუმმა
ჩვენი ოჯახი სამხრეთ ესტონეთის პატარა ქალაქ ოტეპიის მახლობლად ცხოვრობდა, რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრის მოშორებით. სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1944 წლის ოქტომბერში მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა. რუსეთის არმიის წინააღმდეგობის შედეგად გერმანელებმა ესტონეთის გავლით უკან დაიხიეს. ოცი კაცი — მე, ჩემი ოჯახის წევრები და მეზობლები, ტყეში ვიმალებოდით; თან გვყავდა შინაური ცხოველები.
ორი თვის განმავლობაში ჩვენ გარშემო ომი მძვინვარებდა; ირგვლივ ბომბები ფეთქდებოდა. ჩვენ ერთად ვისხედით; მე სხვადასხვა მონაკვეთს ვკითხულობდი ბიბლიიდან, ძირითადად „იერემიას გოდებიდან“. ცხოვრებაში პირველად ვკითხულობდი ბიბლიას. ერთ დღეს გორაკზე ავედი და მუხლზე დაჩოქილმა ღმერთს მივმართე: „როცა ომი დამთავრდება, გპირდები, ყოველ კვირა დღეს ეკლესიაში ვივლი“.
მალე ბრძოლის ველმა დასავლეთით გადაინაცვლა. საბოლოოდ, გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და 1945 წლის მაისში ომი დამთავრდა. შეპირების თანახმად, ყოველ კვირა ეკლესიაში დავდიოდი. იქ მხოლოდ ხანში შესულ რამდენიმე ქალს თუ შეხვდებოდით, რის გამოც თავს უხერხულად ვგრძნობდი. როდესაც სახლში მოულოდნელად ვინმე გვესტუმრებოდა, ბიბლიას მაგიდის ქვეშ ვმალავდი.
მალე სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ეს ის პერიოდი იყო, როცა კომუნისტური რეჟიმი დამყარდა და ათეიზმმა ფეხი მოიკიდა. კომუნისტურ პარტიაში შესვლაზე უარი ვთქვი. სხვადასხვა საზოგადოებრივი საკითხით ვიყავი დაკავებული, მაგალითად, ბავშვებისთვის ხალხურ ცეკვებს ვუწევდი ორგანიზებას.
იეჰოვას მოწმეების გაცნობა
ბავშვებისთვის ცეკვის ფორმები გვჭირდებოდა, რის გამოც 1945 წლის აპრილში გამოცდილ მკერავთან ემილი სანამისთან წავედი. არ ვიცოდი, რომ ის იეჰოვას მოწმე იყო. მან მკითხა: „რას ფიქრობთ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე?“ ამ დროს სამშვიდობო მოლაპარაკება მიმდინარეობდა სან-ფრანცისკოში (აშშ), და ამიტომ ვუპასუხე: „დარწმუნებული ვარ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად, ამ მთავრობას მალე ბოლო მოეღება“.
ემილიმ თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება მაინც ვერ მოუტანდა ადამიანებს ხანგრძლივ ბედნიერებას. მან მითხრა, თუ მსურდა, ბიბლიიდან მაჩვენებდა, რატომ იყო ეს შეუძლებელი. მაგრამ სურვილი არ მქონდა, მისთვის მომესმინა. ის იყო შუა ხნის, მშვიდი და თავაზიანი ქალი. ბოლოს მან მკითხა: „იცით, რა განზრახვა ჰქონდა
ღმერთს, როცა ადამი და ევა დედამიწაზე დაასახლა?“ რადგან პასუხი ვერ გავეცი, მან მითხრა: „მამათქვენს ჰკითხეთ“.როგორც კი სახლში მივედი, მამას ამის შესახებ ვკითხე. მან პასუხი ვერ გამცა და მითხრა, რომ ბიბლიით არასოდეს ვყოფილვართ დაინტერესებულნი; უბრალოდ გვწამდა ღმერთი. როდესაც ფორმების წამოსაღებად მივედი მკერავთან, ვუთხარი, რომ მამაჩემმა ვერ გამცა მის კითხვაზე პასუხი. ემილიმ და მისმა დამ ბიბლიიდან ამომიკითხეს, თუ რა დავალება მისცა ღმერთმა ადამსა და ევას — მათ უნდა ეზრუნათ ედემის ბაღზე, სადაც მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებდნენ, უნდა ჰყოლოდათ ბავშვები და სამოთხედ ექციათ მთელი დედამიწა. ბიბლიაში წაკითხულმა ძალიან დამაინტერესა (დაბადება 1:28; 2:8, 9, 15; ფსალმუნები 36:29; ესაია 45:18; გამოცხადება 21:3, 4).
პირველად ქრისტიანულ კრებაზე
1945 წლის ზაფხულში მასწავლებლებისთვის სამთვიანი კურსები ეწყობოდა ქალაქ ტარტუში და, რადგან იქ წასვლას ვაპირებდი, ემილიმ მოწმეების მისამართი მომცა. მან აგრეთვე მაჩუქა წიგნი „შემოქმედება“, რომელშიც ძირითადი ბიბლიური სწავლებები ნათლად იყო ახსნილი. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ასე რომ, 1945 წლის 4 აგვისტოს მოწმეებთან წავედი.
კარზე დავაკაკუნე, პასუხი არავინ გამცა. შემდეგ ისე მაგრად დავაკაკუნე, რომ მეზობელმა გააღო კარი. როცა მამაკაცმა ჩემი მისვლის მიზანი შეიტყო, მოწმეების მისამართი მომცა. იქ მისვლისას ქალი დავინახე, რომელიც კარტოფილს თლიდა. მას ვკითხე: „აქ ტარდება რელიგიური შეხვედრა?“ მან გაბრაზებით მითხრა: „შენ აქ არავის დაუპატიჟებიხარ!“ მე არ მოვეშვი მას, რის შედეგადაც ქალმა ზევით ამიყვანა, სადაც მოწმეები ბიბლიის შესწავლის მიზნით იყვნენ შეკრებილნი. მათ მალე უნდა ესადილათ და წასვლა დავაპირე. მაგრამ მთხოვეს, დავრჩენილიყავი.
იქაურობას თვალი მოვავლე და ორი ახალგაზრდა, ფერმკრთალი და გამხდარი მამაკაცი დავინახე, რომლებიც ფანჯარასთან ისხდნენ. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ომის დროს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი სხვადასხვა ადგილას იმალებოდნენ *. მოხსენება წარმოთქვა ფრიდრიხ ალთფერმა, რომელმაც გამოიყენა სიტყვა „არმაგედონი“. ეს სიტყვა პირველად გავიგე. მის შესახებ ფრიდრიხს ვკითხე და მან ბიბლიაში მაჩვენა (გამოცხადება 16:16). რადგან გამიკვირდა, ის მიხვდა, რომ სიტყვა „არმაგედონი“ ჩემთვის უცნობი იყო.
თანდათანობით მივხვდი, რომ აქ შეხვედრა ტარდებოდა იმ მოწმეებისთვის, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ომის შემდეგ ეს მათთვის პირველი შეხვედრა იყო. ამ დროიდან ღმერთზე მინდობის აუცილებლობა დავინახე (იგავები 3:5, 6). ერთი წლის შემდეგ, 1946 წლის აგვისტოში, 20 წლის ვიყავი, როცა ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვასადმი, მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.
ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა
მთავრობა მოითხოვდა, რომ სკოლაში ათეისტური შეხედულებები ესწავლებინათ. ეს ბიბლიით განსწავლულ ჩემს სინდისს ეწინააღმდეგებოდა. მინდოდა, პროფესია შემეცვალა. როცა დედას ამის შესახებ შეპარვით ვუთხარი, განრისხდა და თმებში მწვდა. სახლიდან გაქცევა მინდოდა. მაგრამ მამამ მირჩია, შინ დავრჩენილიყავი, და ის დამეხმარებოდა.
ჩემი ძმა ანთი დედაჩემის მხარეზე იყო. ერთ დღეს მთხოვა, მისთვის ბიბლიური ლიტერატურა მიმეცა. მან წაიკითხა და ძალიან მოეწონა. დედა ამაზე ძალიან განრისხდა. მიუხედავად ამისა, ანთი ღმერთის შესახებ სკოლაში საუბრობდა. თუმცა, წინააღმდეგობას როცა წააწყდა, შეწყვიტა მოწმეებთან ურთიერთობა. მალე ანთის უბედურება შეემთხვა. ის წყალში თავით გადახტა და ტრავმა მიიღო. პარალიზებული საკაცეზე იწვა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. „მაპატიებს იეჰოვა?“ — მკითხა მან. „რა თქმა უნდა“, — ვუპასუხე. ანთი რამდენიმე დღეში დაიღუპა. ის მხოლოდ 17 წლის იყო.
1947 წლის სექტემბერში სკოლიდან წამოვედი. დედა კვლავაც გაბრაზებული იყო ჩემზე. მან ტანსაცმელები გადამიყარა ქუჩაში. სახლიდან წავედი და სანამის ოჯახს შევაფარე თავი. ისინი ხშირად მახსენებდნენ, რომ იეჰოვა არასოდეს ტოვებს თავის მსახურებს, რაც ძალიან მამხნევებდა.
ომის შემდგომი განსაცდელები ესტონეთში
ემილის დებთან ვმუშაობდი, რომლებიც ფერმაში მომუშავე ოჯახებისთვის ტანსაცმელს კერავდნენ. ხშირად გვეძლეოდა შესაძლებლობა, ამ ოჯახებთან ბიბლიურ სწავლებებზე გვესაუბრა. ეს, მართლაც, დაუვიწყარი დრო იყო! მხოლოდ კერვა კი არ ვისწავლე, არამედ მეტი გამოცდილება მივიღე ქრისტიანულ მსახურებაში. აგრეთვე, მათემატიკის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. 1948 წელს მთავრობამ მოწმეების დაპატიმრება დაიწყო.
ერთ დღეს, 1949 წლის ოქტომბერში, ფერმაში ყოფნისას შევიტყვე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სანამის სახლში მისულან ჩემს დასაპატიმრებლად. როდესაც ძმა ჰიუგო სუსისთან თავის შეფარებას ვაპირებდი, მისი დაპატიმრების შესახებ გავიგე. ერთმა ქალმა, რომელიც ჩემი კლიენტი იყო, თავის სახლში დარჩენა შემომთავაზა. მოგვიანებით ფერმიდან ფერმაში დავდიოდი, ვკერავდი და თან ვქადაგებდი.
ზამთრის დასაწყისში, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (სუკ-ი) ქალაქ ტარტუში მომაგნო ერთგული ახალგაზრდა მოწმის ლინდა მეტიგის სახლში. ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. სუკ-ის თანამშრომლებმა დამაპატიმრეს და დასაკითხად პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. იქ მაიძულეს, ტანსაცმელი გამეხადა; პოლიციის ახალგაზრდა თანამშრომლები მომჩერებოდნენ, რაც შეურაცხმყოფელი იყო. მას შემდეგ, რაც იეჰოვას ლოცვით მივმართე, სიმშვიდე ვიგრძენი.
შემდეგ ისეთ პატარა საკანში გადამიყვანეს, სადაც დაწოლა შეუძლებელი იყო. იქიდან მხოლოდ დაკითხვის დროს გამოვდიოდი. გამომძიებლებმა მითხრეს: „ჩვენ არ გეუბნებით, რომ ღმერთი უარყო. შეწყვიტე სულელური ქადაგება! შენ შეგიძლია გქონდეს კარგი მომავალი“. ისინი დამემუქრნენ: „გინდა, რომ იცოცხლო? თუ გირჩევნია, ღვთის გულისთვის ციმბირში მოკვდე?“
სამი დღის განმავლობაში ხშირი დაკითხვების გამო არ მძინებია. ბიბლიურ პრინციპებზე ფიქრი განსაცდელების დაძლევაში დამეხმარა. ბოლოს გამომძიებელმა დოკუმენტი მომცა, რომელზეც ხელი უნდა მომეწერა, რომ აღარ ვიქადაგებდი. „მირჩევნია, ციხეში ვიჯდე და ღვთის ერთგული ვიყო, ვიდრე თავისუფლება მოვიპოვო და ღვთის მოწონება დავკარგო“. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გამომძიებელმა დამიყვირა: „სულელო! თითოეულ თქვენგანს ციმბირში გადაგასახლებენ!“
მოულოდნელი გათავისუფლება
ჩემდა გასაკვირად, ღამით გამომძიებლებმა მითხრეს, ჩემი ნივთები ამეღო და წავსულიყავი. რადგან ვიცოდი, პოლიციელები გამომყვებოდნენ, თანაქრისტიანებთან არ წავედი, რომ მათი ადგილსამყოფელი არ გაეგოთ. მართლაც, სამი მათგანი მომყვებოდა. იეჰოვას მივმართე ლოცვით, რომ ეხელმძღვანელა და ბნელი ქუჩის გავლით სწრაფად გავიქეცი ბაღისკენ. მიწაზე დავწექი და ფოთლები დავიყარე. მათი ფეხის ხმა მესმოდა და მათი ფარნების შუქს ვხედავდი.
რამდენიმე საათის განმავლობაში მიწაზე ვიწექი და სიცივისგან მთელი სხეული დამიბუჟდა. ბოლოს ქვაფენილს ფეხშიშველა დავადექი, რომ ფეხსაცმლის ხმა არ გაეგოთ. ქალაქს რომ გავცდი, გზატკეცილთან მდებარე არხს გავუყევი. როგორც კი მანქანები გამოჩნდებოდა, მიწაზე ვწვებოდი. დილის ხუთ საათზე იუერი და მიტა ტოუმელების სახლს მივუახლოვდი, რომელიც ქალაქ ტარტუდან არც ისე შორს მდებარეობდა.
მიტამ მაშინვე გაათბო აბანო; როგორც იქნა შვება ვიგრძენი. მეორე დღეს ის ქალაქ ტარტუში წავიდა ლინდა მეტიგთან. ლინდამ მთხოვა: „დაუყოვნებლივ დავიწყოთ ქადაგება და მთელ ესტონეთს ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა“. ვარცხნილობა და მაკიაჟი შევიცვალე, სათვალე გავიკეთე, და ქადაგება დავიწყეთ. თვეების განმავლობაში ველოსიპედით დიდ მანძილს გავდიოდით. გზად თანაქრისტიანებს ვამხნევებდით, რომლებიც ფერმებში ცხოვრობდნენ.
მოწმეებმა 1950 წლის 24 ივლისისთვის კონგრესის ჩატარება დაგეგმეს პატარა ქალაქ ოტეპიასთან *.
ახლოს ერთ-ერთ ფარდულში. ამის შესახებ სუკ-მა შეიტყო, თუმცა შევძელით ბევრი მოწმის გაფრთხილება. მეორე დღეს კონგრესი სხვა ადგილას ჩატარდა, რომელსაც დაახლოებით 115 ადამიანი დაესწრო. თითოეული ჩვენგანი კმაყოფილები დავბრუნდით უკან და გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს ღვთისადმი ერთგულება შეგვენარჩუნებინალინდა და მე განვაგრძობდით მსახურებას და, ამავე დროს, თანაქრისტიანებს ვამხნევებდით. იმ წელს ვიმუშავეთ კარტოფილის აღებაზე და მუშებს სამეფოს შესახებ ვუქადაგეთ. ერთ-ერთი ფერმის მეპატრონემ შეწყვიტა მუშაობა და ერთი საათის განმავლობაში გვისმენდა, შემდეგ კი თქვა: „მართლაც, იშვიათად თუ მოისმენ ასეთ ცნობას!“
მე და ლინდა ტარტუში დავბრუნდით, სადაც შევიტყვეთ, რომ ბევრი მოწმე იყო დაპატიმრებული, მათ შორის ლინდას დედა, სანამის დები და ჩვენი სხვა მეგობრები. რადგან ვიცოდით, რომ სუკ-ი გვეძებდა, ქადაგება ტარტუს ახლოს მდებარე ტერიტორიებზე გავაგრძელეთ ორი ველოსიპედით. ერთ ღამეს სუკ-მა ახალი მონათლული დის ალმა ვაჯას სახლში მომაგნო. ერთმა მათგანმა, მას შემდეგ, რაც ჩემი პასპორტი შეამოწმა, წამოიძახა: „ელა, ჩვენ ყველგან გეძებდით!“ ეს მოხდა 1950 წლის 27 დეკემბერს.
დაპატიმრება და ციმბირში გადასახლება
ჩვენ მშვიდად ჩავალაგეთ ნივთები, შემდეგ კი საჭმელად დავსხედით. სუკ-ის გაოცებულმა აგენტებმა გვითხრეს: „სულაც არ წუხხართ. ზიხართ და ჭამთ“. ჩვენ მივუგეთ: „ახალი დავალების შესასრულებლად მივდივართ და არ ვიცით, შემდეგ როდის მოგვიწევს ჭამა“. თან წავიღე ძაფი, რომლისგანაც თბილი წინდები და ხელთათმანები მოვქსოვე. ციხეში რამდენიმე თვის ყოფნის შემდეგ, 1951 წლის აგვისტოში ესტონეთში მცხოვრებ სხვა მოწმეებთან ერთად ციმბირში გადამასახლეს *.
მატარებლით ლენინგრადში (ამჟამინდელი სანკტ-პეტერბურგი) ჩაგვიყვანეს. იქიდან კომის რესპუბლიკის (ჩრდილოეთ პოლარული წრის ზემოთ მდებარეობდა) ქალაქ ვორკუტის ცნობილ შრომა-გასწორების ბანაკთა კომპლექსში გადაგვიყვანეს. პატიმრებს შორის, რომლებსაც ერთად მოგვიწია მგზავრობა, იეჰოვას სამი მოწმე ვიყავით. სკოლაში რუსულს ვსწავლობდი და დაპატიმრებამდე პრაქტიკაც მივიღე. ასე რომ, რუსულად თავისუფლად ვლაპარაკობდი.
ვორკუტაში გავიცანით ახალგაზრდა უკრაინელი ქალი, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დროს პოლონეთის საკონცენტრაციო ბანაკში გახდა მოწმე. 1945 წელს ის და 14 სხვა მოწმე გემზე იმყოფებოდნენ, რომელიც გერმანელებს სურდათ, რომ ჩაეძირათ ბალტიის ზღვაში. მაგრამ გემი უსაფრთხოდ ჩავიდა დანიაში. მოგვიანებით ეს უკრაინელი და რუსეთში დაბრუნდა, სადაც ქადაგების გამო დააპატიმრეს და ვორკუტაში გაგზავნეს. ის ჩვენ ძალიან გვამხნევებდა.
ჩვენ აგრეთვე შევხვდით ორ ქალს, რომლებმაც უკრაინულ ენაზე გვკითხეს: „ვინმე ხომ არ არის აქ იეჰოვას მოწმე?“ მივხვდით, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მათ გაგვამხნევეს და დახმარება გაგვიწიეს. სხვა პატიმრებმა აღნიშნეს, რომ ისინი ისე შეგვხვდნენ, თითქოს ოჯახის წევრები იყვნენ და ჩვენს დაბრუნებას ელოდნენ.
მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში
1951 წლის დეკემბერში ჩიყვი აღმომაჩნდა და 1 500 კილომეტრის მოშორებით სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში
გადამიყვანეს. ის მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 400 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. აქ, ქალთა ბანაკში შევხვდი გერმანელ, უნგრელ, პოლონელ და უკრაინელ მოწმეებს. აგრეთვე შევხვდი ესტონელ პოლიტპატიმარს მიმუს.ესტონეთში, ციხეში ყოფნის დროს მას ბავშვი შეეძინა, რომელიც ერთმა მცველმა მიმუს დედას მიუყვანა. ჩვენ ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ მიმუსთან; ის ნასწავლს ცხოვრებაში იყენებდა. მიმუმ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ დედას მისწერა, რომელმაც შესწავლა დაიწყო. მან მიმუს პატარა გოგონას, კარინსაც, ასწავლა ბიბლია. ექვსი წლის შემდეგ მიმუ ციხიდან გაათავისუფლეს და ის შვილთან დაბრუნდა. კარინი გაიზარდა და თანაქრისტიანზე დაქორწინდა. ისინი 11 წელია, რაც ტალინის (ესტონეთი) იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობენ.
მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში ერთი ბანაკი გალიის სახელით იყო ცნობილი. კედლით გარშემორტყმულ ბანაკში ერთმანეთთან ახლოს მდებარე პატარა, კარგად დაცული ბარაკები მდებარეობდა. სხვა ექვს მოწმესთან ერთად ამ ბანაკში მოვხვდი. ხელით გადაწერილი „საგუშაგო კოშკის“ სტატიების მცირე ფორმის ასლებს ახლომდებარე ბანაკებში ჩუმად ვავრცელებდით თანაქრისტიანებში. ერთ-ერთი საშუალება ის იყო, რომ საპნის შუა ნაწილს ვიღებდით და შიგ სტატიას ვდებდით.
ამ ბანაკში გატარებული წლების განმავლობაში ათზე მეტ ადამიანს დავეხმარე, ღვთის თაყვანისმცემელი გამხდარიყო. 1956 წლის 4 მაისს მითხრეს: „თავისუფალი ხარ, წადი და იწამე შენი ღმერთი, იეჰოვა“. მაისის შუა რიცხვებში ესტონეთში დავბრუნდი.
დაახლოებით 50 წლის შემდეგ
არც სამსახური მქონდა, არც ფული და არც სახლი. რამდენიმე დღის შემდეგ შევხვდი ერთ ქალბატონს, რომელმაც ბიბლიისადმი ინტერესი გამოავლინა. ის მეუღლესთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა; მან თავისთან ცხოვრება შემომთავაზა. ნასესხები ფულით შალის ძაფი ვიყიდე, სვიტრებს ვქსოვდი და ბაზარში ვყიდდი. მოგვიანებით ტარტუს ონკოლოგიურ საავადმყოფოში შემომთავაზეს მუშაობა. იქ შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა საქმეს ვასრულებდი. ამ დროს ციმბირიდან დაბრუნდა ლემბით ტოუმი და 1957 წლის ნოემბერში დავქორწინდით.
ჩვენ გამუდმებით სუკ-ის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით, რადგან სამქადაგებლო საქმიანობა ჯერ კიდევ აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ჩვენი რწმენა სხვებისთვის გაგვეზიარებინა. ეს პერიოდი ლემბითმა აღწერა 1999 წლის 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში. 50—70-იან წლებში იეჰოვას მოწმეები გადასახლებიდან დაბრუნდნენ. 80-იანი წლების მიწურულს ესტონეთში უკვე 700-ზე მეტი მოწმე ვიყავით. 1991 წელს ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა კანონიერად აღიარეს და მოწმეთა რიცხვმა 4 100-ს გადააჭარბა.
60-წელზე მეტი გავიდა, რაც პირველად დავესწარი მოწმეთა კრებას, რომელიც იმ დროს ფარულად ტარდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიბლიურ რჩევას ვითვალისწინებდი: „მიენდე უფალს და ქმენ კეთილი“. დავრწმუნდი, რომ ასე თუ ვიქცევით, ‘ის გვისრულებს გულისწადილს’ (ფსალმუნები 36:3, 4).
[სქოლიოები]
^ აბზ. 14 ერთ-ერთი მათგანი იყო ლემბით ტოუმი, რომლის ბიოგრაფია 1999 წლის 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში დაიბეჭდა.
^ აბზ. 30 ამ კონგრესთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 1999 წლის 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 12, 13.
^ აბზ. 34 ესტონელი მოწმეების უმეტესობა 1951 წლის აპრილის დასაწყისში გადაასახლეს ციმბირში. ამასთან დაკავშირებით იხილეთ 2001 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 6—8; და ვიდეოფილმი „ერთგულნი განსაცდელის დროს — იეჰოვას მოწმეები საბჭოთა კავშირში“.
[ჩანართი 23 გვერდზე]
„დაუყოვნებლივ დავიწყოთ ქადაგება და მთელ ესტონეთს ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა“ (ლინდა მეტიგი).
[სურათი 24 გვერდზე]
ცხრა მოწმესთან ერთად მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში.
[სურათი 24 გვერდზე]
დღეს ჩემს მეუღლესთან, ლემბითთან, ერთად.