უნიკალური წიგნი
უნიკალური წიგნი
„ბიბლია ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია“ (ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“).
დაახლოებით 550 წლის წინ გერმანელმა გამომგონებელმა იოჰან გუტენბერგმა პირველმა დაიწყო ასოთამწყობი საბეჭდი დაზგის გამოყენება. პირველი ცნობილი წიგნი, რომელიც მან გამოსცა, ბიბლია * იყო. მას შემდეგ გუტენბერგმა მილიონობით წიგნი დაბეჭდა, თუმცა თავისი მნიშვნელობით ვერც ერთი მათგანი ვერ გაუტოლდებოდა ბიბლიას.
▪ როგორც ცნობილია, დღემდე ბიბლიის 4, 7 მილიარდი ეგზემპლარია დაბეჭდილი. ბიბლიის საერთო ტირაჟი ხუთჯერ აღემატება ბიბლიის შემდეგ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბროშურის „მაო ძედუნის ციტატების“ საერთო ტირაჟს.
▪ ბოლო ერთ წელიწადში გაიყიდა ბიბლიის 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, სრული თუ არასრული გამოცემა. „ბიბლია ყოველი წლის ბესტსელერია“, — ნათქვამია ჟურნალში „ნიუ-იორკერი“.
▪ მთლიანად თუ ნაწილობრივ ბიბლია დაახლოებით 2 400 ენაზეა ნათარგმნი. ბიბლიის ზოგიერთი წიგნი ხელმისაწვდომია იმ ენებზე, რომლებზეც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტი ლაპარაკობს.
▪ ბიბლიის დამწერთაგან თითქმის ნახევარს თავიანთი წიგნების წერა დამთავრებული ჰქონდა სახელგანთქმული ჩინელი მოაზროვნის, კონფუცის, და ბუდიზმის დამაარსებლის, სიდჰართა გაუტამას დაბადებამდე.
▪ ბიბლიამ დიდი გავლენა იქონია ხელოვნების ისეთ დარგებზე, როგორიცაა მხატვრობა, მუსიკა თუ ლიტერატურა.
▪ ბევრი სახელმწიფო კრძალავდა ბიბლიის გავრცელებას; ბიბლიებს აგრეთვე წვავდნენ და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ; ასეთი აგრესია არც ერთ სხვა წიგნს არ მოჰყოლია. ამ ყოველივეს მიუხედავად, ბიბლიამ მაინც მოაღწია ჩვენამდე.
ნუთუ არ არის ზემოთ მოყვანილი ფაქტები საყურადღებო?! რა თქმა უნდა, მხოლოდ შთამბეჭდავი ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები ვერ დაადასტურებს იმას, რომ ბიბლია სანდო წიგნია. მომდევნო სტატიებიდან შევიტყობთ ხუთ ძირითად მიზეზს, თუ რატომ ენდობა ბიბლიას მილიონობით ადამიანი.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 გუტენბერგის მიერ გამოცემული ბიბლია, რომელსაც აგრეთვე 42-სტრიქონიანი ბიბლია ეწოდება და რომელზეც მუშაობა დაახლოებით 1455 წელს დასრულდა, ლათინურ ენაზე იყო ნათარგმნი.
[სურათი 4 გვერდზე]
გუტენბერგის საბეჭდი დაზგა და მის მიერ დაბეჭდილი ბიბლიის ერთ-ერთი გვერდი
[სურათი 4 გვერდზე]
Press: Courtesy American Bible Society; page: © Image Asset Management/age fotostock