არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად ხეა?

ნამდვილად ხეა?

ნამდვილად ხეა?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრალიიდან

უსწორმასწორო და გამომშრალ ლანდშაფტზე საოცრად მსხვილი ღეროს მქონე ავსტრალიური ბაობაბის ხეები შეიძლება უჩვეულოდ და უშნოდაც კი გამოიყურებოდეს. მშრალი სეზონის დროს ფოთოლგაცვენილი ბაობაბის ხეები უცნაური სანახავია — თითქოს ამოუყირავებიათ და ვარჯის ადგილი ფესვებს დაუკავებიაო. აბორიგენთა ლეგენდის თანახმად, ხე დაწყევლეს და ამიტომ იზრდება უკუღმა!

ნორჩ ბაობაბის ხეებს შედარებით წვრილი ღერო აქვს და უფრო ლამაზი სანახავიცაა. მაგრამ ზრდასთან ერთად მისი ნაცრისფერი ღერო იბერება და მრგვალდება; დროთა განმავლობაში მის ქერქს მრავალი რამ აზიანებს. 1837 წელს მკვლევარი ჯორჯ გრეი ბაობაბის შესახებ წერდა, რომ ის „დაავადებული ხის შთაბეჭდილებას ტოვებს“. რატომ არის ბაობაბი სხვა ხეებისგან ასე განსხვავებული, და რატომ აფასებენ და უყვართ ის მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ, მათ შორის, აბორიგენებს?

რაც უფრო ტანდაბალია, მით უკეთესია

ბაობაბი აფრიკასა (მადაგასკარსა) და ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიაში იზრდება. მაშინ, როცა უმრავლესობა ამ ხეს ბაობაბს უწოდებს, ავსტრალიელები მას ბოაბს ეძახიან. ზოგი ადგილობრივი მკვიდრი ხუმრობით ამბობს, რომ ხალხმა მისი სახელი იმის გამო შეამოკლა, რომ პირი დიდხანს არ ჰქონოდათ ღია და მწერები არ შეფრენოდათ. ასე გახდა ბაობაბი ბოაბი, და ცოტა ხანში ეს ახალი სახელი ადგილობრივთა შორის მყარად დამკვიდრდა.

ბაობაბს მკვდარი ვირთხის ხესაც უწოდებენ. საინტერესოა, რატომ? ბაობაბის თესლი შორიდან კუდით დაკიდებულ მკვდარ ვირთხას ჰგავს. გარდა ამისა, როდესაც ბაობაბის ყვავილი ზიანდება, ფერმენტაციის შედეგად, მაშინვე აყროლებული ხორცის სუნს აყენებს; თუმცა საღი ყვავილი უზარმაზარი, თეთრი და სურნელოვანია.

არახელსაყრელი პირობებისთვის შექმნილი

ბაობაბი კარგად ხარობს კიმბერლის რეგიონსა (დასავლეთი ავსტრალია) და მის მეზობელ ჩრდილოეთ ტერიტორიებზე. აქ კლიმატი მკვეთრად იცვლება — წვიმიან სეზონს, რომელიც შედარებით ხანმოკლეა და მუსონური თავსხმა წვიმებით ხასიათდება, მშრალი სეზონი ცვლის.

ბაობაბი საოცარი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. ხშირად ისინი საუკუნეები ცოცხლობენ. „მაშინაც კი, თუ ხის მერქანი მთლიანად დაიწვება და მხოლოდ ქერქი დარჩება, ან ხეს ქერქს მთლიანად შემოაცლიან, ის ჩვეულებრივ არ კვდება — აღიდგენს დაზიანებულ ნაწილს და კვლავ განაგრძობს ზრდას“, — ამბობს მცენარეთა ფიზიოლოგიის შემსწავლელი დ. ჰერნი *. შემდეგ კი დასძენს: „ხე იმდენად სიცოცხლისუნარიანია, რომ, თუ სრულად არ არის განადგურებული, თითქმის ნორმალურად განაგრძობს ზრდას“. საზღვარგარეთ გასატანად ყუთში ჩადებულმა ერთმა ბაობაბის ხემ ყუთიდან ფესვები გამოყო და ნიადაგში გაიდგა!

ბაობაბი, რომელიც მდინარის ქვიან კალაპოტში, ფრიალო კლდესა თუ ქვიშიან პლატოზე იზრდება, ხშირად მეზობელ ხეებზე მაღალია. ზოგი ბაობაბი, რომელიც კიმბერლის პლატოზე ხარობს, სიმაღლით 25 მეტრს აღემატება და გარშემოწერილობითაც თითქმის ამხელაა.

ბაობაბის სიდიდეს მასში არსებული წყალი განაპირობებს. ღრუბელის მსგავსად ბაობაბის მერქანიც რბილი და ბოჭკოვანია; ამიტომ შესაძლებელია, ბევრი სითხის ერთგვარ რეზერვუარად იქცეს. მუსონური წვიმის წყლის შეწოვის შემდეგ ბაობაბის მერქანი საგრძნობლად სქელდება. მშრალ სეზონზე ხე ნელ-ნელა ადრინდელ ზომას უბრუნდება.

ზამთრის ცივ პერიოდში ფოთლოვანი ხეები სიცოცხლეს იმით ინარჩუნებენ, რომ ფოთლები სცვივათ. ბაობაბს ფოთლები ხანგრძლივი მშრალი სეზონის განმავლობაში სცვივა. მშრალი სეზონის დამთავრებისთანავე ბაობაბი ყვავის და სწრაფად იზრდება სისქეში. ადგილობრივ მკვიდრთათვის ეს წვიმიანი სეზონის მოახლოების მომასწავებელია; ასე რომ, ამ ხეს ისინი ზოგჯერ ხე-კალენდარსაც უწოდებენ.

ბაობაბის ყვავილი ღამით იშლება, რამდენიმე საათს ყვავის და მზის ამოსვლისთანავე ჭკნება. ნაყოფი დიდი კოლოფია, რომლის მიწაზე დაცემის შემდეგ თესლები იფანტება.

სიცოცხლის ხე

კიმბერლის აბორიგენები დიდი ხანია, რაც ბაობაბის თესლებს, ფოთლებსა და ფისს იყენებენ; საკვებად გამოიყენება მისი ფესვებიც. თესლები გამოშრობამდე რბილი, თეთრი და საჭმელად სასიამოვნოა. გვალვის დროს აბორიგენები წყურვილის მოსაკლავად ხის ბოჭკოვან მერქანსა და ფესვებს ღეჭავენ, წვიმიან სეზონზე კი ადგილობრივები ზოგჯერ ხის ღრუში ან ტოტების განშტოების ადგილას ჩაგუბებულ წყალს პოულობენ.

1856 წელს ავგუსტუს გრეგორის ექსპედიციის წევრებმა კიმბერლის პლატოზე ყოფნისას სურავანდის განსაკურნავად შეაგროვეს ბაობაბის ხის ნაყოფი და მისგან „სასურველი ჯემი“ დაამზადეს. C ვიტამინით მდიდარმა ნაყოფმა ექსპედიციის წევრებს მალე ჯანმრთელობა აღუდგინა.

წარსულის მოწმე

ძველად ბაობაბის ხეებზე როგორც აბორიგენები, ისე ევროპელები აკეთებდნენ წარწერებს. 1820 წელს დედამიწის ზედაპირის წყლების შემსწავლელი ხომალდი „მარმეიდი“ შესაკეთებლად კიმბერლის სანაპიროს მიადგა. კაპიტანი ფილიპ პაკერ კინგი საადმირალოს მითითებას დაემორჩილა და მათი იქ ყოფნის აღსანიშნავად ბაობაბის ხის უზარმაზარ ღეროზე წააწერა: «HMC „მარმეიდი“, 1820».

მაშინ ამ ხის გარშემოწერილობა 8,8 მეტრი იყო, დღეს კი 12,2 მეტრს აღემატება. ხეზე გაკეთებული ის წარწერა დღეს ისე მკვეთრი აღარ არის, მაგრამ მნახველს იმ ადრინდელ მკვლევარებს ახსენებს. ბაობაბის ზოგ ხეზე გაკეთებული ძველი წარწერები დღემდეა შემორჩენილი და მათი ნახვა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასულ ტურისტებს შეუძლიათ.

კიმბერლიში ჩასული ევროპელებისთვის უზარმაზარი ბაობაბები უცხო ადგილას გზის მაჩვენებლები, შეხვედრის ადგილები და კარვების გასაშლელი ადგილებია. მენახირეები თავიანთ საქონელს ასვენებენ ბაობაბის ხეებქვეშ, რომლებსაც ამშვენებს წარწერები: „აღმოსავლური სასტუმრო“, „კლუბ-სასტუმრო“ თუ „სამეფო სასტუმრო“.

1886 წელს, როდესაც არაკეთილმოსურნე აბორიგენებმა გერმანელ ახალმოსახლეს ავგუსტ ლიუკანუსს ხომალდი მოჰპარეს, მას და მასთან მყოფ ხალხს ქალაქ უინდენამდე 100 კილომეტრის გავლა მოუწიათ; მათ ნიანგებით სავსე ზღვის ყურე და მდინარეები უნდა გაევლოთ. ლიუკანუსმა მოგვიანებით დაწერა, რომ მან და მისმა ხალხმა ერთი მკვლევარის დღიურიდან იცოდნენ, რომ „პიტ-სპრინგსის მახლობლად ერთი დიდი ბაობაბის ქვეშ მან დამარხა იარაღები, რომლებზეც მისი ინიციალები იყო ამოტვიფრული“. საოცარია, რომ მათ ეს ხეც იპოვეს და მის ქვეშ დამარხული იარაღებიც. მათ „მოჭრეს ბაობაბის დიდი ხე“ და მისგან ხუთ დღეში გამოთალეს კანოე. კანოემ შესანიშნავად შეასრულა თავისი დანიშნულება და შინ ყველა მშვიდობით დაბრუნდა.

ბაობაბის ხეებს შორის ყველაზე ცნობილია, ეგრეთ წოდებული, დებრისა და უინდემის ციხის ხეები (ამ ხეებს მათთან ახლომდებარე ქალაქების სახელები ჰქვია). ხალხში გავრცელებული შეხედულების თანახმად, ეს გიგანტური ხეები იმდენად დიდი იყო, რომ მათში რამდენიმე ადამიანი ეტეოდა, და XIX საუკუნეში მათ საპატიმროებადაც კი იყენებდნენ. მაგრამ ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი ამ აზრს საეჭვოდ მიიჩნევს. და მაინც, ეს ხეები მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბაობაბზე შესრულებული ნახატები

იყო დრო, როდესაც ხალხი ბაობაბის ხეზე „ხატავდა“ და წარწერებს აკეთებდა. მაგრამ დღეს ადგილობრივი მკვიდრნი ხის ნაცვლად მის ნაყოფზე „ხატავენ“; ეს ნაყოფი შეიძლება სიგრძეში 25 სანტიმეტრი იყოს და დიამეტრი 15 სანტიმეტრი ჰქონდეს.

შესაფერისი ნაყოფის მოწყვეტის შემდეგ იქაური მხატვარი ნაყოფის ყავისფერ კანზე ჯიბის დანით „ხატავს“. ჩვეულებრივ, „ხატავენ“ ცხოველებს, აბორიგენთა ნადირობის სცენებს და ადამიანებს. ხშირად მათ კოლექციონერები ყიდულობენ; მყიდველები ტურისტები და ადგილობრივი მაღაზიების მფლობელებიც არიან.

მართალია, ბაობაბი ისეთივე დიდი არ არის, როგორც სექვოია, ისეთივე შთამბეჭდავი — როგორც ალვის ხე, და ისეთივე ხასხასა ფერებით შემკული, როგორც ნეკერჩხალი, მაგრამ ის უნიკალური, ამტანი, სიცოცხლისუნარიანი, სასარგებლო ხეა ადგილობრივ მკვიდრთათვის, რომელიც დიდებას მიაგებს შემოქმედს და, შესაძლოა, მის იუმორის გრძნობაზეც მიუთითებდეს.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 ჩვეულებრივ, ხისთვის წრიულად ქერქის გარკვეული მონაკვეთის შემოცლა, აფერხებს ფესვებიდან წყლისა და მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებების მიწოდებას, რის გამოც ხეების უმეტესობა ხმება.

[სურათი 17 გვერდზე]

ბაობაბი ღამით ყვავის და ყვავილი რამდენიმე საათში ჭკნება

[სურათი 18 გვერდზე]

ბაობაბის ნაყოფზე ამოჭრილი ქვეწარმავალი