„უნდა დავშორდეთ!“
„უნდა დავშორდეთ!“
დანგრევის პირას მისული სახლის დანახვაზე ალბათ იფიქრებთ, რომ ამ სახლისთვის დიდი ხანია არავის მიუხედავს. წლების მანძილზე მან მრავალ ქარიშხალს გაუძლო, მაგრამ ყველას ვერა. ამჟამად კი შენობა ისეა დაზიანებული, რომ საეჭვოა, დანგრევას გადაურჩეს.
დღეს მრავალი ოჯახი მსგავს მდგომარეობაშია. თქვენს ოჯახსაც ხომ არ ემუქრება დანგრევის საფრთხე? გახსოვდეთ, რომ არც ერთი წყვილი არ არის დაზღვეული პრობლემებისგან. ბიბლიაში ტყუილუბრალოდ არ არის ნათქვამი, რომ დაქორწინებულებს გასაჭირი ექნებოდათ (1 კორინთელები 7:28).
ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს მკვლევართა ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ ქორწინება არის „ყველაზე სარისკო წამოწყება, რომელსაც ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი ჰკიდებს ხელს. ურთიერთობა, რომელიც დიდი სიხარულითა და იმედებით იწყება, ადამიანისთვის უდიდესი ტკივილისა და იმედგაცრუების მიზეზი ხდება“.
ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან რომელიმე თქვენს ოჯახსაც ხომ არ უქმნის საფრთხეს?
● გაუთავებელი კამათი
● შეურაცხმყოფელი საუბარი
● ღალატი
● წყენა
რა უნდა იღონოთ, თუ თქვენი ოჯახიც დანგრევის პირასაა? არის განქორწინება გამოსავალი?
[ჩარჩო⁄სურათი 3 გვერდზე]
მყარად ფეხმოკიდებული მოვლენა
განქორწინებათა რიცხვი მრავალ ქვეყანაში განუწყვეტლივ იზრდება. მაგალითად შეერთებულ შტატებში მრავალი წლის განმავლობაში განქორწინება შედარებით იშვიათი მოვლენა იყო. მწერალი ბარბარა დეფო უაიტჰედი თავის წიგნში, რომელიც განქორწინების საკითხებს ეხება, წერს: „[1960 წლიდან] განქორწინებათა რიცხვი საოცარი ტემპით გაიზარდა. დაახლოებით ათ წელიწადში გაორმაგდა და 80-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში პიკს არ მიაღწია. ასეთი მკვეთრი და უწყვეტი ზრდის შედეგად, განქორწინებამ სულ რაღაც სამ ათწლეულში მყარად მოიკიდა ფეხი ამერიკულ საზოგადოებაში“.