არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?

იეჰოვას მოწმეების მრწამსი გასაიდუმლოებული არ არის, რადგან მათი ლიტერატურა ასობით ენაზეა ხელმისაწვდომი. ქვემოთ მოცემულია, ძირითადად, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს.

1. ბიბლია. იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). რელიგიის მეცნიერებათა პროფესორის თანაშემწემ, ჯეისონ ბედიუნმა აღნიშნა: „[იეჰოვას მოწმეები] თავიანთ მრწამსს ბიბლიაზე აფუძნებენ და თაყვანისმცემლობის დროს ზედმიწევნით მიჰყვებიან ღვთის სიტყვას“. მათ რწმენა ბიბლიის საფუძველზე უყალიბდებათ. ისინი თავისებურად არ ხსნიან ბიბლიას და არ ცდილობენ, მოირგონ ბიბლიური სწავლებები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოწმეები ბიბლიიდან ყველაფერს სიტყვასიტყვით არ იგებენ. მაგალითად, შემოქმედების შვიდ დღეს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და გაცილებით დიდ პერიოდს მოიცავს (დაბადება 1:31; 2:4).

2. შემოქმედი. ჭეშმარიტმა ღმერთმა დაირქვა სახელი იეჰოვა * (ანუ იაჰვე, როგორც რომის კათოლიკურ ეკლესიის მიერ გამოცემულ „იერუსალიმის ბიბლიაში“ წერია, და სახელის ამ ფორმას ზოგი მეცნიერი უპირატესად მიიჩნევს), რომ ცრუ ღმერთებისგან განგვესხვავებინა (ფსალმუნი 83:18). ბიბლიის ორიგინალში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. იესომ ლოცვის ნიმუშში ყურადღება გაამახვილა ღვთის სახელზე. მან თქვა: „განიწმინდოს შენი სახელი“. ღმერთი სამართლიანად ითხოვს განსაკუთრებულ ერთგულებას. ამიტომ, იეჰოვას მოწმეები არ იყენებენ ხატებსა და გამოსახულებებს თაყვანისცემის დროს (1 იოანე 5:21).

3. იესო ქრისტე. იესო არის მხსნელი „ღვთის ძე“ და „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ (იოანე 1:34; კოლოსელები 1:15; საქმეები 5:31). რამდენადაც იესო ღმერთმა შექმნა, შეუძლებელია ის სამების ნაწილი იყოს. „მამა ჩემზე დიდია“, — თქვა იესომ (იოანე 14:28). დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში ცხოვრობდა. სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ იგი კვლავ ზეცაში დაბრუნდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მამასთან [მის] გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6).

4. ღვთის სამეფო. ეს არის ზეციერი მთავრობა, რომელსაც სათავეში უდგას მეფე იესო ქრისტე და 144 000 თანამმართველი, რომლებიც არიან „დედამიწიდან ნაყიდი“ (გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3, 4; დანიელი 2:44; 7:13, 14). ისინი იმმართველებენ დედამიწაზე, სადაც ბოროტება აღარ იარსებებს. იქ მილიონობით ღვთისმოშიში ადამიანი დასახლდება (იგავები 2:21, 22).

5. დედამიწა. ეკლესიასტეს 1:4-ში ნათქვამია: „დედამიწა . . . მარადიულად რჩება“. როცა ბოროტები განადგურდებიან, დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. სამოთხეში სიმართლის მოყვარული ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ (ფსალმუნი 37:10, 11, 29). მაშინ შესრულდება იესოს სიტყვები: ‘იყოს ნება შენი დედამიწაზე’ (მათე 6:10).

6. ბიბლიური წინასწარმეტყველება. ‘შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს’ (ტიტე 1:2). ღვთის წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება, მათ შორის ბოლო დღეებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები (ესაია 55:11; მათე 24:3—14). ვინ გადარჩება უფლის რისხვის დღეს? 1 იოანეს 2:17-ში ნათქვამია „ღვთის ნების შემსრულებელი . . . სამარადისოდ რჩება“.

7. ქვეყნიური მმართველები. იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მარკოზი 12:17). იეჰოვას მოწმეები ემორჩილებიან თავიანთი ქვეყნის კანონებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ღვთის კანონებს (საქმეები 5:29; რომაელები 13:1—3).

8. ქადაგება. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ მთელ მსოფლიოში იქადაგებდნენ აღსასრულის მოსვლამდე (მათე 24:14). იეჰოვას მოწმეებისთვის დიდი პატივია ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობა. თითოეული პირადად წყვეტს, მოისმენს თუ არა ამ ცნობას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხადება 22:17).

9. ნათლობა. იეჰოვას მოწმეები მხოლოდ მათ ნათლავენ, ვისაც ბიბლიის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ სურვილი უჩნდება, იეჰოვას მოწმე გახდეს და ღმერთს ემსახუროს (ებრაელები 12:1). ისინი თავს უძღვნიან ღმერთს და მიძღვნის ნიშნად ინათლებიან (მათე 3:13, 16; 28:19).

10. სასულიერო და საერო პირებად დაყოფა. „თქვენ ყველანი ძმები ხართ“, — უთხრა იესომ თავის მიმდევრებს (მათე 23:8). პირველი ქრისტიანები, მათ შორის ბიბლიის დამწერები, არ მიეკუთვნებოდნენ სამღვდელოებას. იეჰოვას მოწმეებიც ბიბლიაში ჩაწერილის თანახმად იქცევიან, ამიტომ ისინი არ არიან კლასებად დაყოფილი.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 იეჰოვას მოწმეებს თავად არ მოუგონიათ სახელი „იეჰოვა“. საუკუნეების წინათ ღვთის სახელი არაბიბლიურ წყაროებშიც მოიხსენიებოდა, მაგალითად, გერმანულ და ინგლისურ წყაროებში. სამწუხაროდ, ბიბლიის ზოგმა თანამედროვე მთარგმნელმა ღვთის სახელი ტიტულებით „ღმერთით“ და „უფლით“ შეცვალა, რითაც ბიბლიის ავტორის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინეს.

[ჩანართი 8 გვერდზე]

„მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28).

[ჩანართი 9 გვერდზე]

„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).