„ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“
„ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“
იესოს ეს სიტყვები, რომელიც იოანეს 8:32-შია ჩაწერილი, სრული ჭეშმარიტებაა. ბიბლიური ჭეშმარიტება გვათავისუფლებს ცრურწმენისა და ისეთი წეს-ჩვეულებებისგან, რომლებიც არც ღმერთს მოსწონს და ჩვენთვისაც საზიანოა. ქვემოთ მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, როგორ გაათავისუფლა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები არაერთი ადამიანი შობა-ახალ წელთან დაკავშირებული დამამძიმებელი წეს-ჩვეულებებისგან.
ისინი ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გაათავისუფლა
არგენტინა. „ჩვენი ოჯახი გადაეჩვია გადამეტებულ ჭამა-სმას. აღარც იმაზე გვიწევს ფიქრი, სად ვიშოვოთ ფული საჩუქრებისთვის“, — ამბობს ოსკარი.
მარიომ დიდი შვება იგრძნო, როცა გაიგო, რომ ეს ყველაფერი, როგორც თვითონ ამბობს „საშობაო ტყუილი“ ყოფილა. ის ამბობს: „მიხარია, რომ თუ საშუალება მაქვს, მადლიერების ნიშნად წელიწადის ნებისმიერ დროს შემიძლია საჩუქრები გავუკეთო სხვებს“.
კანადა. „საჩუქრის ჩუქებაც მიყვარს და მიღებაც, — წერს ელფი. — მაგრამ არ მიყვარს ფორმალურად გაკეთებული საჩუქრები. დავისვენეთ მას შემდეგ, რაც აღარ აღვნიშნავთ შობა-ახალ წელს“.
ული, ელფის ერთ-ერთი ქალიშვილი ამბობს: «მას შემდეგ, რაც ჩემმა მშობლებმა შეწყვიტეს შობის აღნიშვნა, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სიურპრიზებითა და საჩუქრებით გვანებივრებდნენ, რაც ძალიან მოგვწონდა. როცა კლასელები გვეკითხებოდნენ, რასთან დაკავშირებით გვჩუქნიდნენ, ჩვენ ამაყად ვპასუხობდით: „უბრალოდ, ისე!“ ნათესავების წინააღმდეგობის გამო ჩვენი მშობლებისთვის ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება არ იყო ადვილი, მაგრამ ისინი სიმტკიცეს ინარჩუნებდნენ. ჩემი მშობლების სიმტკიცემ ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინა».
როგორც სილვია ამბობს, მას შემდეგ, რაც შობა-ახალი წლის აღნიშვნას თავი დაანება, შვება იგრძნო. ის ამბობს: „თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი. მახარებდა ის, რომ ეს ღმერთს სიამოვნებდა. ასეთ სიხარულს ათასობით შობა-ახალი წელიც ვერ მომანიჭებდა“.
კენია. პიტერი წერს: „როცა შობას ვზეიმობდი, საჩუქრების საყიდლად და ძვირფასი სუფრის გასაშლელად ვალების აღება მიწევდა. ამიტომ ბევრს ვმუშაობდი, რის გამოც ოჯახს დროს ვეღარ ვუთმობდი. რა ბედნიერება იყო ჩემთვის ამ ყველაფრისგან გათავისუფლება“.
„მე, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები საჩუქრებს წელიწადის ნებისმიერ დროს ვჩუქნით ერთმანეთს, — ამბობს კეროლაინი. — ჩემი აზრით გულიდან გამომდინარე მოულოდნელი საჩუქრები გაცილებით სასიამოვნოა“.
იაპონია. „ჩვენი შვილები, — წერენ ჰიროში და რიე, — საჩუქრებს კონკრეტულ დღეს არ ელოდებიან, ამიტომ უფრო მეტად აფასებენ მათ. მათ ესმით, რომ გაცემა გულიდან უნდა მომდინარეობდეს. ჩვენ კი, როგორც მშობლებს, ეს ძალიან გვახარებს“.
კეიკო ამბობს: «ჩვენი ოჯახი ყოველთვის აღნიშნავდა შობა-ახალ წელს. როცა ჩვენი ბიჭი იძინებდა, მე და ჩემი მეუღლე საჩუქარს საწოლთან ვუდებდით, დილით კი ვეუბნებოდით: „სანტა-კლაუსმა საჩუქარი მოგიტანა, რადგან კარგად იქცეოდი“. როდესაც შობის შესახებ სიმართლე გავიგე და ამაზე ჩემს ვაჟსაც ვესაუბრე, ის გაოგნდა და ატირდა. მაშინღა მივხვდი, რომ შობა-ახალი წელი არც ისე კარგია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის ტყუილი, რომელსაც ჩემდა უნებურად ჩემს შვილსაც ვაჯერებდი».
ფილიპინები. დეივი ამბობს: „ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის სიხარული, რომელიც ბიბლიიდან ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ვიგრძენი. როდესაც სხვებს ვჩუქნით საჩუქრებს, სანაცვლოდ არაფერს ველოდებით და ამას მთელი გულით ვაკეთებთ“.
ეს ადამიანები მხოლოდ ერთეულები არიან იმ მილიონთა შორის, რომლებიც პირადად დარწმუნდნენ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ათავისუფლებს. და რაც მთავარია, როცა ადამიანი ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრობს, ღმერთს უხარებს გულს (იგავები 27:11). იესო ქრისტემ თქვა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23). ხედავს ღმერთი თქვენს გულშიც ჭეშმარიტების წყურვილს? ვიმედოვნებთ, რომ პასუხი დადებითია.
[სურათი 9 გვერდზე]
ქრისტიანები სიყვარულით გასცემენ წლის ნებისმიერ დროს