არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერი მწყემსი ვარ

ბედნიერი მწყემსი ვარ

ბედნიერი მწყემსი ვარ

მოგვითხრო ალიმბეკ ბეკმანოვმა

ცხვრის მწყემსვა სამი წლის ასაკში დავიწყე. ეს საქმე ძალიან შემიყვარდა. 17 წლისა უკვე გამოცდილი მწყემსი ვიყავი. მოგვიანებით გავიგე, რომ სულიერი მწყემსებიც არსებობდნენ. დიდი სიამოვნებით მოგითხრობთ, რატომ მანიჭებს სულიერ მწყემსად მსახურება უფრო დიდ სიხარულს.

დავიბადე 1972 წელს დიდ ყირგიზულ ოჯახში, ჩირპიკტიში, ტბა ისიკ-ყულის სანაპიროზე გაშენებულ სოფელში. ყირგიზეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში ჩამოსული ტურისტები ტბის შემოგარენს ხშირად სტუმრობენ. დღეს მე და ჩემი მეუღლე, გულმირა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ვცხოვრობთ, რომელიც 200 კილომეტრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც გავიზარდე.

მწყემსი და ცხვარი

გაზაფხულობით, პატარა რომ ვიყავი, ცხვრები მაღალი მთის საძოვრებზე აგვყავდა 3 000 მეტრის სიმაღლეზე, რასაც რამდენიმე დღე სჭირდებოდა. ზოგი მწყემსი მთაზე რომ მალე ასულიყო, მოკლე გზას არჩევდა. მაგრამ ეს გზა ვიწრო ხეობაზე გადიოდა და ცხვარი ფარას ოდნავაც რომ გასცლოდა, შავდებოდა ან ნადირის ლუკმა ხდებოდა.

ასეთ გზებზე მგლები ცხვრებს ხშირად ესხმოდნენ თავს, ფარას გამოსტაცებდნენ და ჭამდნენ. ამიტომ, ბიძაჩემი ადვილად სასიარულო და ნაკლებად საშიშ გზას ირჩევდა მიუხედავად იმისა, რომ ასეთ გზაზე სიარულს დამატებით ერთი ან რამდენიმე დღე სჭირდებოდა. ზოგჯერ მინდოდა, ჩქარა მივსულიყავი, მაგრამ ბიძა მეტყოდა ხოლმე: „ალიმბეკ, ცხვარზეც იფიქრე, მარტო საკუთარ თავზე ნუ ფიქრობ!“

ღამით ცხვარი უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო, ლამაზი მთის საძოვრებზე გაკეთებული იყო დროებითი ბაკები, ანუ შემოზღუდული უსახურავო სადგომები. ძილის მოყვარული მწყემსები გვიან დგებოდნენ და ცხვარი მაშინ გაჰყავდათ საძოვრებზე, როცა მზე კარგა ხნის ამოსული იყო. მათი ცხვარი ბალახობას პაპანაქება სიცხეში იწყებდა.

სიცხისგან გათანგული ცხვრები თავჩაღუნულები იდგნენ და მძიმედ სუნთქავდნენ. ვინაიდან საკმარისი რაოდენობის საკვებს არ იღებდნენ, უძლურდებოდნენ და წონაში იკლებდნენ. ბიძაჩემი კი ჯერ გათენებული არ იყო, რომ უკვე ფეხზე იდგა. ის ოთხ საათზე დგებოდა და ცხვარი საძოვარზე მზის ამოსვლამდე მიჰყავდა. ცხვარს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ დილის სიგრილეში ბალახი მოეძოვა. აქ ასე იციან თქმა: „შეხედე ცხვარს და გაიგებ, როგორია მისი მწყემსი“.

საუკეთესო დრო ცხვრის შესამოწმებლად და სამკურნალოდ მაშინ არის, როცა ის დანაყრებული ისვენებს. ცხვრებს ყველაზე მეტად მწერები აწუხებენ — ისინი მათ ჭიპში კვერცხებს დებენ, რაც ანთებით პროცესს იწვევს და ჭიპი უსივდებათ. თუ ასეთ დროს ცხვარს დროულ დახმარებას არ აღმოუჩენ, ტკივილმა შეიძლება იმდენად შეაწუხოს, რომ ფარა დატოვოს და მოკვდეს. ამიტომ, ცხვარს ჩვენ თითქმის ყოველდღე ვამოწმებდით. მართალია, ეს დროსა და ენერგიას მოითხოვდა, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენი საქონელი ჯანმრთელი იყო და თავს კარგად გრძნობდა.

ყოველ საღამოს საძოვრიდან დაბრუნებულები ცხვარს ვითვლიდით. სადგომში ისინი ვიწრო კარით შედიოდნენ, ზოგჯერ — სამი ან ოთხი ერთდროულად. ფარაში ასობით ცხვარი იყო. დათვლაში ისე გავიწაფეთ, რომ 15—20 წუთში 800-მდე ცხვრის დათვლას ვასწრებდით. ამის მისაღწევად ბევრი ვარჯიში დაგვჭირდა.

როგორც კი შევამჩნევდით, რომ ფარას ცხვარი აკლდა, ბიძაჩემი ერთ ხელში თოფს დაიჭერდა, მეორეში ჯოხს და მაშინაც კი, როცა წვიმდა და ბნელოდა, იმ ერთი დაკარგულის საძებნელად მიდიოდა. ის ხმამაღლა ეძახდა ცხვარს და, ამავე დროს, თავისი ხმით ნადირებს აფრთხობდა. მწყემსის ხმის გაგონებაზე ცხვარი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.

ყველა ცხვარს გარეგნობისა და ხასიათის თავისებურებების მიხედვით თავისი სახელი შევურჩიეთ. ფარაში ყოველთვის იყო ურჩი ცხვარი. ასეთები მწყემსს რატომღაც არ ემორჩილებოდნენ. ურჩს ზოგჯერ სხვები ჰბაძავდნენ. ამიტომ, მწყემსს ჯიუტი ცხვრების მორჯულება და დასჯა უწევდა. მაგალითად, ის ცხვარს სადგომში მარტო ტოვებდა. დროთა განმავლობაში ზოგი ცხვარი სწორდებოდა და მწყემსს უჯერებდა, გამოუსწორებელი კი ჩვენს სუფრაზე ხვდებოდა.

სულიერი მწყემსი

1989 წელს საბრძოლო ხელოვნებას ვსწავლობდი და საკმაოდ წარმატებითაც. მომდევნო წელს საბჭოთა არმიაში გამიწვიეს. როცა რუსეთის ჯარში ვმსახურობდი, ჩემმა თანაკურსელებმა კრიმინალური ბანდა ჩამოაყალიბეს. ყირგიზეთში რომ დავბრუნდი, ბანდის წევრობა შემომთავაზეს და თან დამპირდნენ, რომ ყველაფერი მექნებოდა. სწორედ ამ პერიოდში გავიცანი იეჰოვას მოწმეები.

მოწმეებმა პასუხი გამცეს იმ კითხვებზე, რომლებიც ბავშვობიდან მოსვენებას მიკარგავდა. ერთ-ერთი ასეთი კითხვა იყო, რატომ კვდება ადამიანი. ჩვენი საუბრებიდან გავიგე, რომ სიკვდილი პირველი ადამიანის, ადამის ცოდვის შედეგი იყო (რომაელები 5:12). ბიბლიიდან აგრეთვე შევიტყვე, რომ იეჰოვამ, ჭეშმარიტმა ღმერთმა, თავისი ძე, იესო, გამოგზავნა დედამიწაზე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად და, თუ იეჰოვასა და მის ძეს ვირწმუნებდით, მემკვიდრეობით მიღებული ჩვენი ცოდვები დაიფარებოდა. ეს კი სამოთხეში დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას მოგვცემდა, რაც ღმერთს თავიდან ადამიანებისთვის ჰქონდა ჩაფიქრებული (ფსალმუნი 37:11, 29; 83:18; იოანე 3:16, 36; 17:1—5; გამოცხადება 21:3, 4).

მოწმეებმა იმდენად ნათლად და გასაგებად გასცეს ჩემს კითხვებს პასუხები ბიბლიიდან, რომ წამოვიძახე, უთუოდ ასეა-მეთქი. ყოფილ ძმაკაცებთან ურთიერთობის სურვილი დავკარგე. მათ რამდენჯერმე სცადეს ჩემი ბანდაში დაბრუნება, მაგრამ იმდენად მოწადინებული ვიყავი, მესწავლა ბიბლია და ნასწავლი ცხოვრებაში გამომეყენებინა, რომ თავიანთი მაცდური შემოთავაზებებით ვერ დამიყოლიეს და ხელი ვერ შემიშალეს, სულიერი მწყემსი გავმხდარიყავი.

დაახლოებით ამ პერიოდში დედაჩემთან დადიოდა ჩვენს მხარეში ცნობილი რწმენით მკურნალი. ერთხელაც შინ დაბრუნებულს ეს ქალი დამხვდა. ის სპირიტულ სეანს ატარებდა. ქალმა მითხრა, რომ განსაკუთრებული ნიჭის პატრონი ვიყავი და მეჩეთში მისვლა მირჩია ავგაროზის ასაღებად. მითხრა, რომ ავგაროზი დამეხმარებოდა. ამ ქალმა კინაღამ დამარწმუნა, რომ თუ ავგაროზს ავიღებდი, განკურნების უნარი მომეცემოდა.

მეორე დღეს იმ მოწმეებთან წავედი, რომლებიც ბიბლიას მასწავლიდნენ და ყველაფერს მოვუყევი. მათ ბიბლიიდან დამანახვეს, რომ იეჰოვა სპირიტიზმის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგია, რადგან ეს ბოროტ სულებთან არის დაკავშირებული (კანონი 18:9—13). რამდენიმე ღამე დემონები არ მასვენებდნენ და ვერ ვიძინებდი. მოწმეებმა მასწავლეს, როგორ უნდა მელოცა იეჰოვას ნებისამებრ. ლოცვის შედეგად მალე კოშმარებისგან გავთავისუფლდი. დავრწმუნდი, რომ ნამდვილი მწყემსი, იეჰოვა ვიპოვე.

მე ისიც გავიგე, რომ ბიბლიაში მრავალი ფსალმუნის ავტორი, დავითი, ახალგაზრდობაში მწყემსი ყოფილა. ის იეჰოვას „ჩემს მწყემსს“ უწოდებს; გრძნობები, რომლითაც დავითი იეჰოვას მიმართ იყო განმსჭვალული, ნაცნობი გახდა ჩემთვის (ფსალმუნი 23:1—6). ძალიან მინდოდა, მიმებაძა იეჰოვას ძისთვის, იესოსთვის, რომელსაც ცხვრის მწყემსი ჰქვია (ებრაელები 13:20). 1993 წლის დასაწყისში ბიშკეკში ჩატარებულ კონგრესზე იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.

მნიშვნელოვანი შეკრება

ბევრმა ჩემმა ნათესავმა და მეზობელმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ჩვენს სოფელში დაახლოებით 70 კაცი ტბა ისიკ-ყულთან იკრიბებოდა. ჩემი ერთი ნათესავი, რომელიც სოფლის საბჭოს თავმჯდომარე იყო, ბიბლიით დაინტერესდა. მან მითხრა, რომ შეეძლო დიდი შეკრების მოწყობა, რომელზეც შეგვეძლო ახალშეძენილი რწმენის შესახებ გვესაუბრა. მაგრამ ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ჩვენ წინააღმდეგ ხალხის შეგულიანება დაიწყეს. მათ დაგეგმილი ჰქონდათ, ეს შეხვედრა ჩვენსავე წინააღმდეგ გამოეყენებინათ და ხალხი აემხედრებინათ.

დანიშნულ დღეს დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ ისინი, ვინც სამ ახლომდებარე სოფელში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთმა მოწმემ შეკრებილების წინაშე ბიბლიური სწავლებების ახსნა დაიწყო. ამასობაში, ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ერთი წამოდგა და პროვოკაციული კითხვები დაგვაყარა. ამას მოჰყვა ბრალდებები და მუქარა. ბოლოს, ბრბო ისე გახელდა, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადასვლას აპირებდა.

ამ დროს ჩემი უფროსი ძმა, რომელსაც ახალი დაწყებული ჰქონდა ბიბლიის შესწავლა, ჩვენ დასაცავად წამოდგა. ის კარგი მოჭიდავე იყო, ამიტომ, მისი ყველას ეშინოდა და გაურბოდა. იგი უშიშრად ჩადგა ჩვენსა და თავდამსხმელებს შორის. საბედნიეროდ, არაფერი მომხდარა. მომდევნო წლებში ბევრი, ვინც ადრე კრებას ესწრებოდა, იეჰოვას მოწმე გახდა. დღეს ჩვენს სოფელში, სადაც 1 000 მოსახლეა, 50-ზე მეტი იეჰოვას მოწმეა.

მწყემსის ქალიშვილი

1993 წლის აგვისტოში მოსკოვში (რუსეთი) დავესწარი დიდ კონგრესს. კონგრესამდე რამდენიმე თვით ადრე გავიცანი ერთი მოწმე, გულმირა, რომელიც ყირგიზეთის ერთ-ერთი სოფლიდან იყო. მისი ოჯახის წევრებიც მწყემსები იყვნენ. 1988 წელს, როცა საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ჯერ კიდევ აკრძალული იყო, გულმირას დედამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო ერთ მოწმესთან, აქსამაისთან. გასული საუკუნის 70-იან წლებში აქსამაი პირველი იეჰოვას მოწმე იყო ყირგიზეთში.

მალე ბიბლიის შესწავლას გულმირაც შეუერთდა. 1990 წელს ორივე მონათლული იეჰოვას მოწმე გახდა. ცოტა ხანში გულმირა აღიძრა, სრული დროით პიონერად დაეწყო მსახურება.

ჩემი სახლი გულმირას სახლიდან დაახლოებით 160 კილომეტრით იყო დაშორებული, ამიტომ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გულმირას შიგადაშიგ ვხვდებოდი. 1995 წლის მარტის ერთ მშვენიერ დღეს მის უკეთ გასაცნობად მასთან სტუმრობა გადავწყვიტე. თავზარი დამეცა, როცა გავიგე, რომ მომდევნო დღეს მსახურების მიზნით რუსეთის ფილიალში მიემგზავრებოდა 5 633 კილომეტრის დაშორებით.

იმ დროისთვის დავიწყე სრული დროით მსახურება და რუსულ ენის შესწავლა, რადგან მაშინ ყირგიზულ ენაზე ლიტერატურა არ გამოიცემოდა. სამი წლის განმავლობაში მე და გულმირას მიმოწერა გვქონდა. ვგეგმავდით ერთი და იმავე ბიბლიური მონაკვეთების წაკითხვას და შემდეგ ერთმანეთს სულიერ აზრებს ვუზიარებდით. მაშინ პატარა ქალაქ ბალიკჩიში პირველ ყირგიზულენოვან კრებაში ვმსახურობდი.

იეჰოვას გულმირასთან ერთად ვემსახურები

1998 წელს გულმირა შვებულების დროს ყირგიზეთში ჩამოვიდა და ჩვენ დავქორწინდით. მე და გულმირა რუსეთის ფილიალში მიგვიწვიეს. ძალიან მიხაროდა, რომ დაწყებული მქონდა რუსული ენის სწავლა. მოგვიანებით, ყირგიზულ მთარგმნელობით ჯგუფში დავიწყე მუშაობა — ვთარგმნიდით ბიბლიურ ლიტერატურას ყირგიზულ ენაზე. ლოცვაში იეჰოვას სიბრძნესა და მოთმინებას ვთხოვდი. რასაკვირველია, ჩემი მეუღლე გულმირა, რომელიც, ამავე დროს, ჩემი თანამშრომელიც იყო, ძალიან მეხმარებოდა.

2004 წელს ჩვენი მთარგმნელობითი ჯგუფი ბიშკეკში გადავიდა. იქ დავინიშნე კომიტეტის წევრად, რომელიც ყირგიზეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობას უწევს ხელმძღვანელობას. მაშინ ქვეყანაში 7 ყირგიზულენოვანი და 30-ზე მეტი რუსულენოვანი კრება იყო. ამჟამად აქ 20-ზე მეტი ყირგიზულენოვანი კრება და მრავალი ჯგუფია, რაც ყირგიზეთში მცხოვრები 4 800 იეჰოვას მოწმის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს.

მე და გულმირამ ინგლისური ენის შესწავლა გადავწყვიტეთ, რადგან მისი ცოდნა მსახურებაში გამოგვადგებოდა. 2008 წელს იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოდან მოწვევა მივიღეთ სპეციალური სკოლის გასავლელად, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც თავ-თავიანთ ქვეყანაში სამქადაგებლო საქმეს უძღვება.

დღეს მე და გულმირას უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ყირგიზელების სულიერ ინტერესებზე. საკუთარი გამოცდილებიდან დავინახეთ, რომ იეჰოვა ნამდვილად მოსიყვარულე მწყემსია. საკუთარ თავზე გამოვცადე ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება. აბიბინებულ საძოვრებზე მასვენებს, წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ მიმიძღვის. სულს მიცოცხლებს. სიმართლის ბილიკებით მივყავარ თავისი სახელის გულისთვის“ (ფსალმუნი 23:1—3).

[სურათი 23 გვერდზე]

ჩვენი ცხვარი საძოვარზე

[სურათი 23 გვერდზე]

ყოველ საღამოს ცხვარს ვითვლიდით, ფარას ერთიც რომ არ მოჰკლებოდა

[სურათი 24 გვერდზე]

მე და გულმირა დღეს