არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევა 2 — იზრუნეთ საკუთარ თავზე

რჩევა 2 — იზრუნეთ საკუთარ თავზე

რჩევა 2 — იზრუნეთ საკუთარ თავზე

„არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფესოელები 5:29). თუ რამდენიმე ძირითად რჩევას გაითვალისწინებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.

კარგად გამოიძინეთ. „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). დღევანდელი ცხოვრების წესი ადამიანებს სულ უფრო ნაკლებ დროს უტოვებს ძილისთვის. მაგრამ ძილი ჯანმრთელობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გამოკვლევებიდან გამოჩნდა, რომ ძილის დროს ჩვენს ტვინსა და სხეულს თვითაღდგენის უნარი აქვს, რაც დადებითად აისახება მეხსიერებასა და განწყობაზე.

ძილი აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ამცირებს სხვადასხვა ინფექციების, დიაბეტის, ინსულტის, გულის დაავადებების, კიბოს, სიმსუქნის, დეპრესიისა და ალცჰეიმერის დაავადების რისკსაც კი. ნაცვლად იმისა, რომ ტკბილეულით, კოფეინითა და სხვა სტიმულატორებით ხელი შევუშალოთ ძილს, ამ ბუნებრივ „დამცავ მექანიზმს“, კარგი იქნება, თუ მოვუსმენთ ჩვენი ორგანიზმის ხმას და დროულად დავიძინებთ. ზრდასრულ ადამიანს ყოველღამე შვიდი-რვა საათი უნდა ეძინოს, რომ თავი კარგად იგრძნოს, კარგად გამოიყურებოდეს და შრომისუნარიანი იყოს. ახალგაზრდებს ძილისთვის უფრო მეტი დრო სჭირდებათ. ის ახალგაზრდები, რომლებსაც ძილი აკლიათ, უფრო ხშირად ხვდებიან ფსიქოლოგიურ პრობლემებს და საჭესთან ეძინებათ.

ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავადმყოფობის პერიოდში. მაგალითად, ჩვენი ორგანიზმი ადვილად მოერევა გაციებას, თუ ცოტა მეტს დავიძინებთ და ბევრ სითხეს მივიღებთ.

გაუფრთხილდით კბილებს. ჭამის შემდეგ კბილების გახეხვა და ძაფით გაწმენდა, განსაკუთრებით ძილის წინ, თავიდან აგარიდებთ კარიესს, ღრძილების ანთებასა და კბილების დაკარგვას. კბილების გარეშე გაგვიჭირდება საჭმლის დამუშავება. როგორც ამბობენ, სპილოები ასაკის გამო კი არ იღუპებიან, არამედ შიმშილით, რადგან გაცვეთილი კბილების გამო სათანადოდ ვეღარ ღეჭავენ საკვებს. იმ ბავშვებს, რომლებსაც ჭამის შემდეგ კბილების გახეხვასა და ძაფით გაწმენდას აჩვევენ, უკეთესი ჯანმრთელობა ექნებათ.

მიაკითხეთ ექიმს. ზოგი დაავადების დროს აუცილებელია პროფესიული სამედიცინო დახმარება. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკით შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ გართულებები და ზედმეტი ხარჯები. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, იმის ნაცვლად, რომ სიმპტომებს შეებრძოლოთ, გამოიკვლიეთ მიზეზები და აღმოფხვერით.

კვალიფიციურ სპეციალისტთან რეგულარული გამოკვლევის ჩატარება, განსაკუთრებით ორსულობის დროს, მრავალ სერიოზულ პრობლემას აგარიდებთ. * მაგრამ გახსოვდეთ, რომ ექიმებს სასწაულის მოხდენა არ შეუძლიათ. ყველანაირი ავადმყოფობისგან სრულად მხოლოდ მაშინ განვიკურნებით, როცა ღმერთი „ყველაფერს ახალს“ შექმნის (გამოცხადება 21:4, 5).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 იხილეთ სტატია, „ჯანმრთელი დედების ჯანმრთელი შვილები“ 2009 წლის ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში.