არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

ყველგან არის ღმერთი?

ბევრს სჯერა, რომ ღმერთი ყველგან მყოფია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პირდაპირი გაგებით ყველგან და ყველაფერშია. ბრძენმა მეფე სოლომონმა ასეთი სიტყვებით მიმართა ღმერთს ლოცვაში: „ისმინე შენი მტკიცე ზეციური სამყოფლიდან“ (1 მეფეები 8:30, 39). ამრიგად, ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღმერთს აქვს თავისი სამყოფელი. სოლომონი ღვთის სამყოფელს „ზეცას“ უწოდებს. რა იგულისხმება ზეცაში?

მართალია, ბიბლიის ორიგინალის ენაზე „ზეცისა“ და „ცის“ გამოსახატავად ერთი და იგივე სიტყვა გამოიყენება, მაგრამ „ზეცა“, ღვთის სამყოფელი, განსხვავდება „ცისგან“, დედამიწის ზემოთ არსებული სივრცისგან (დაბადება 2:1, 4). ეს ლოგიკურიცაა, რადგან ღვთის სამყოფელი მატერიალური სამყაროს შექმნამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ამრიგად, ღმერთი არსებობს სამყაროში, რომელიც სცილდება ფიზიკური სამყაროს საზღვრებს. აქედან გამომდინარე, როცა ბიბლიაში ლაპარაკია „ზეცაზე“, იეჰოვა ღმერთის სამყოფელზე, იგულისხმება არა ცა, არამედ სულიერი სამყარო.

გასაოცარი ხილვა

როგორც ბიბლია მოგვითხრობს, იოანე მოციქულს ღმერთმა მისცა ხილვა, რომელიც შთამბეჭდავად აღწერს იეჰოვას სამყოფელს. იოანემ იხილა ზეცაში ღია კარი და გაიგონა ხმა, რომელმაც უთხრა: „ამოდი აქ“ (გამოცხადება 4:1).

შემდეგ იოანემ იხილა იეჰოვა ღმერთის ბრწყინვალება: „ზეცაში ტახტი იდგა . . . ტახტზე მჯდომი შესახედაობით იასპსა და ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა; ტახტის ირგვლივ ცისარტყელა იყო, რომელიც ზურმუხტს ჰგავდა . . . ტახტიდან ელვა, ხმები და ქუხილი გამოდიოდა . . . ტახტის წინ თითქოს ბროლის მსგავსი მინის ზღვა იყო“ (გამოცხადება 4:2—6).

ეს ხილვა ცოცხლად აღწერს იეჰოვას თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას და შეუდარებელ სიდიადეს. შენიშნეთ, რომ იეჰოვას ტახტის ირგვლივ ცისარტყელა განასახიერებს მშვიდობას; ელვა, ხმები და ქუხილი ღვთის ძალას, ხოლო მინის ზღვა ღვთის წინაშე მდგარ წმინდებს.

მართალია, ეს ხილვა სიმბოლურია, მაგრამ ის ბევრს გვეუბნება ღვთის სამყოფელზე. ზეცაში იეჰოვას სრულყოფილი წესრიგი აქვს დამყარებული. მის სამყოფელში არ არის ქაოსი.

ყველგან და ყოველთვის?

ის ფაქტი, რომ იეჰოვას აქვს სამყოფელი, იმაზე მეტყველებს, რომ იგი ყველგან და ყოველთვის არ არის. მაშ, საიდან იცის ღმერთმა, სად რა ხდება? (2 მატიანე 6:39). თავისი წმინდა სულის, მოქმედი ძალის მეშვეობით. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „სად წავუვალ შენს სულს და სად გავექცევი შენს სახეს? ზეცაშიც რომ ავიდე, შენ იქა ხარ, სამარეშიც რომ გავიშალო ტახტი, იქაც შენა ხარ“ (ფსალმუნი 139:7—10).

იმის დასანახვებლად, რომ ღვთის წმინდა სული ყველგან ვრცელდება, მოვიყვანოთ მზის მაგალითი. მზე ერთ კონკრეტულ ადგილას მდებარეობს, მაგრამ მისი ენერგია დედამიწის დიდ ნაწილზე ვრცელდება. მსგავსად ამისა, იეჰოვა ღმერთსაც აქვს სამყოფელი, მაგრამ თავისი ნების შესრულება მთელ სამყაროში შეუძლია. უფრო მეტიც, იეჰოვა წმინდა სულით იგებს რა, სად როდის ხდება. 2 მატიანეს 16:9-ში ვკითხულობთ: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“.

ღმერთს აგრეთვე ექვემდებარებიან ანგელოზებად წოდებული სულიერი ქმნილებები. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ანგელოზების რიცხვი ასობით მილიონს და, შესაძლოა, მილიარდებსაც აღწევს (დანიელი 7:10). * ბიბლიაში ჩაწერილია უამრავი შემთხვევა, საიდანაც ჩანს, რომ ანგელოზები ღვთის წარმომადგენლების როლს ასრულებდნენ; ისინი ჩამოდიოდნენ დედამიწაზე, ადამიანებს ელაპარაკებოდნენ და ღმერთს ანგარიშს აბარებდნენ. მაგალითად, აბრაამის დროს ანგელოზების ყურს სოდომსა და გომორაზე ჩივილის ხმა მისწვდა. ღმერთმა ამ ქალაქების განადგურება, როგორც ჩანს, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ანგელოზებისგან შეიტყო, თუ რა ხდებოდა ამ ქალაქებში (დაბადება 18:20, 21, 33; 19:1, 13).

ამრიგად, ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვა ღმერთისთვის აუცილებელი არ არის, პირდაპირი გაგებით ყველგან იყოს. წმინდა სულისა და ანგელოზების მეშვეობით იეჰოვას შეუძლია, ყველაფერი გაიგოს თავისი ქმნილებების შესახებ.

ბიბლია შემოქმედის უკეთ გაცნობაში გვეხმარება. ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მკვიდრობს სულიერ სამყოფელში, რომელსაც „ზეცა“ ეწოდება. სულიერ სამყოფელში მასთან ერთად არის უთვალავი ანგელოზი, ძლიერი სულიერი ქმნილებები. ღვთის სამკვიდრო სიმშვიდის, ძალისა და სიწმინდის განსახიერებაა. ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს ადამიანები დედამიწაზე ისეთივე მშვიდობიან პირობებში იცხოვრებენ, როგორიც ზეცაშია (მათე 6:10).

[სქოლიო]

^ აბზ. 13 გამოცხადების 5:11-ში ნათქვამია, რომ ღვთის ტახტის გარშემო იყო „ათი ათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი“ ანუ 100 მილიონი ანგელოზი. უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნულ ორიგინალში „ათი ათასი“ მრავლობით რიცხვში წერია, რაც, შესაძლოა, იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს მილიარდობით სულიერი ქმნილება.

გიფიქრიათ?

● ყველგან არის ღმერთი? (1 მეფეები 8:30, 39)

● ყველგან ვრცელდება ღვთის სული? (ფსალმუნი 139:7—10)

[ჩანართი 29 გვერდზე]

მზე ერთ კონკრეტულ ადგილას მდებარეობს, მაგრამ მისი ენერგია დედამიწის დიდ ნაწილზე ვრცელდება. მსგავსად ამისა, იეჰოვა ღმერთსაც აქვს სამყოფელი, მაგრამ თავისი ნების შესრულება მთელ სამყაროში შეუძლია