მონების მიერ განვლილი გზა
მონების მიერ განვლილი გზა
ქალაქი ვიდა XVII—XIX საუკუნეებში მონათვაჭრობის ცენტრი იყო დასავლეთ აფრიკაში. ვიდა, რომელიც დღევანდელი ბენინის სახალხო რესპუბლიკის ადგილას მდებარეობდა, ქვეყნიდან მილიონზე მეტი მონის გაყვანის მომსწრე გახდა. ხშირად თვითონ აფრიკელები ცვლიდნენ თანამემამულეებს ალკოჰოლზე, ტანსაცმელზე, სამაჯურებზე, დანებზე, ხანჯლებზე, განსაკუთრებით თოფებზე, რაზეც ტომობრივი დაპირისპირების გამო დიდი მოთხოვნილება იყო.
XVI—XIX საუკუნეებში სავარაუდოდ 12 მილიონი აფრიკელი ჩაიყვანეს ატლანტის ოკეანით ახლად აღმოჩენილ მიწაზე პლანტაციებში და მაღაროებში სამუშაოდ. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი (American Slavery—1619—1877), მონების დაახლოებით 85 პროცენტი ბრაზილიაში და კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე არსებულ ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის კოლონიებში გადაიყვანეს. დაახლოებით 6 პროცენტი იმ კოლონიებში გადაიყვანეს, რომლებიც მოგვიანებით შეერთებული შტატების ნაწილი გახდა. *
ბორკილდადებული, ნაცემი და დადაღული მონები 4-კილომეტრიან გზას გადიოდნენ. ეს გზა იწყებოდა ციხე-სიმაგრიდან, რომელიც დღეს გადაკეთებულია ვიდას ისტორიულ მუზეუმად, და მთავრდებოდა გასასვლელით, რომელსაც ჰქვია „კარიბჭე, საიდანაც არ ბრუნდებიან“. ეს კარიბჭე პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა და აქ მთავრდებოდა „მონების გზა“. ამ სახელწოდებას უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვიდრე პირდაპირი, რადგან ყველა მონა ამ ადგილიდან არ მიჰყავდათ. რატომ იყო მონათვაჭრობა იმხანად ასე გავრცელებული?
ხანგრძლივი და საზარელი ისტორია
ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში არაბი ვაჭრები აფრიკელი მმართველებისგან ყიდულობდნენ ტყვეებს. მოგვიანებით, მონათვაჭრობაში ევროპის ძლიერი ქვეყნებიც ჩაებნენ, განსაკუთრებით ამერიკის კონტინენტზე თავიანთი კოლონიების დაარსების შემდეგ. იმ პერიოდში ტომობრივი დაპირისპირების შედეგად აფრიკაში იზრდებოდა ტყვეების და, შესაბამისად, მონების რიცხვიც. ამგვარად, დაპირისპირებები და ომი მომგებიან საქმედ იქცა, როგორც გამარჯვებული მხარისთვის, ისე ხარბი მონათვაჭრებისთვის. მონებს აგრეთვე სხვა გზითაც იგდებდნენ ხელში: იტაცებდნენ
ან უშუალოდ აფრიკელი ვაჭრებისგან ყიდულობდნენ. მონად ნებისმიერი ადამიანის გაყიდვა შეიძლებოდა, თვით წარჩინებული პირისაც კი, რომელსაც მეფის კეთილგანწყობა ჰქონდა დაკარგული.ერთ-ერთი ცნობილი ბრაზილიელი ვაჭარი იყო ფრანცისკო ფელიქს დე სუზა. 1788 წელს ის დაეუფლა ციხესიმაგრეს, რომელიც მონათვაჭრობის უმსხვილესი ბაზარი გახდა ბენინის ყურეში. იმ დროს ვიდა დაჰომეას სამეფოს ექვემდებარებოდა. მაგრამ დე სუზასა და დაჰომეას მეფე ადანდონზანს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. ასე რომ, დე სუზა, შესაძლოა ციხეში ყოფნის დროს, შეითქვა მეფის ძმასთან ადანდონზანის წინააღმდეგ და 1818 წელს ერთობლივი ძალებით მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს. ასე ჩაეყარა საფუძველი მომგებიან საქმეს ახალ მეფე გეზოსა * და დე სუზას შორის, რომელმაც მონათვაჭრობის მონოპოლია მოიპოვა.
გეზოს თავისი სამეფოს საზღვრების გაფართოება ჰქონდა განზრახული და ამისთვის ევროპელებისგან იარაღი სჭირდებოდა. ამიტომ მან დე სუზა ქალაქ ვიდას გამგებლად დანიშნა, რათა ევროპელებთან სავაჭრო ურთიერთობები ეწარმოებინა. მონათვაჭრობის საქმეში ის განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა აფრიკის ამ ნაწილში და მალე დიდი ქონებაც დააგროვა. მონათა ბაზარი, რომელიც მის სახლთან ახლოს იყო, უცხოელი და ადგილობრივი მყიდველების თავშეყრის ადგილად იქცა.
ცრემლით დასველებული გზა
თანამედროვე მნახველისთვის „მონების გზა“, როგორც უკვე აღინიშნა, იწყება გადაკეთებული პორტუგალიური ციხე-სიმაგრიდან, რომელიც თავდაპირველად 1721 წელს აიგო. ამჟამად მის ადგილას ისტორიული მუზეუმია. მონებად გასაყიდ ტყვეებს ათავსებდნენ ციხე-სიმაგრის დიდ, ცენტრალურ ეზოში. ერთმანეთზე ბორკილებგადაბმული ტყვეების უმეტესობა ღამეებს გზაში ატარებდა, სანამ ციხე-სიმაგრეში მიიყვანდნენ. რატომ მაინცდამაინც ღამე? სიბნელეში გზის გაკვლევა რთული იყო და გაქცეულებს სახლში დაბრუნება გაუჭირდებოდათ.
მონებს რომ ჩამოიყვანდნენ, ტარდებოდა აუქციონი, რომლის შემდეგაც ვაჭრები თავიანთ „შენაძენს“ დაღს ასვამდნენ. ქვეყნიდან გასაყვანი მონები სანაპიროსკენ მიჰყავდათ, საიდანაც კანოეებით ან პატარა ნავებით გემებზე გადაჰყავდათ.
კიდევ ერთი, რაც „მონების გზას“ უკავშირდება, ის ადგილია, სადაც ადრე „დავიწყების ხე“ იდგა. დღეს მემორიალი დგას ამ ხის ადგილას, რომლის გარშემოც ტყვეებს წრის დარტყმას აიძულებდნენ — მამაკაცებს სავარაუდოდ 9-ჯერ, ხოლო ქალებს 7-ჯერ. ხის გარშემო სიარული, როგორც მათ ეუბნებოდნენ, მშობლიურ მიწა-წყალს დაავიწყებდათ და აჯანყების სურვილს დაუკარგავდათ.
„მონების გზაზე“ აგრეთვე ნახავთ მონუმენტს, რომელიც „ზომაის“ ქოხების მოსაგონრად აიგო. „ზომაი“ ნიშნავს „მუდმივ წყვდიადს“, რომელიც ქოხებში იყო
დასადგურებული. ეს ქოხები ტყვეებით იყო გადაჭედილი; ამგვარად, ტყვეებს აჩვევდნენ გემებზე საშინელ პირობებთან შეგუებას. ქოხებში ტყვეებს შესაძლოა თვეები უწევდათ ყოფნა, სანამ მათ გემებით წაიყვანდნენ. ბევრი მათგანი ქოხებში კვდებოდა. დახოცილებს საერთო სამარხებში ჰყრიდნენ.განსაკუთრებით გულის ამაჩუყებელია მონუმენტი, სახელწოდებით „ზომაჩი“, რომელიც მონანიებასა და შერიგებას ასიმბოლოებს. ყოველ იანვარს მონებისა და მონათვაჭრების შთამომავლები მონუმენტის წინ თავს იყრიან და ღმერთს პატიებას სთხოვენ მათთვის, ვინც ეს უსამართლობა ჩაიდინა.
როგორც უკვე ითქვა, „მონების გზა“ მთავრდება „კარიბჭით, საიდანაც არ ბრუნდებიან“. ეს არის მემორიალი, რომელიც ასიმბოლოებს აფრიკის მიწაზე მონების ყოფნის ბოლო წუთებს. ამ დიდი თაღოვანი შესასვლელის თავზე არის ბარელიეფი ბორკილდადებული აფრიკელების გამოსახულებით, რომლებიც ორ მწკრივად მიემართებიან სანაპიროსკენ, რომლის წინ ატლანტის ოკეანე იშლება. როგორც ამბობენ, ამ სანაპიროზე ზოგი სასოწარკვეთილი ტყვე ქვიშას ჭამდა მშობლიური მიწის გასახსენებლად. ზოგი სიკვდილს არჩევდა და ბორკილებით თვითონვე იხრჩობდა თავს.
თავისუფლება!
XIX საუკუნის დასაწყისში ბევრი რამ გაკეთდა მონობის აღსაკვეთად. მონებით დატვირთულმა უკანასკნელმა გემმა 1860 წლის ივლისში ვიდადან შეერთებული შტატებისკენ აიღო გეზი და მობილში (ალაბამას შტატი) ჩავიდა. მაგრამ იქ ჩაყვანილთა მონობას მალე მოეღო ბოლო, რადგან შეერთებული შტატების მთავრობამ 1863 წელს გამოსცა „გათავისუფლების პროკლამაცია“. საბოლოოდ, მონობას დასავლეთ ნახევარსფეროში წერტილი მაშინ დაესვა, როცა 1888 წელს ბრაზილიის მთავრობამ მონათმფლობელობა გააუქმა. *
მონათვაჭრობამ შესამჩნევი კვალი დატოვა ამერიკის ბევრ ქვეყანაზე, რადგან აფრიკული დიასპორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ამ ქვეყნების დემოგრაფიასა და კულტურაზე. კიდევ ერთი, რაც მემკვიდრეობად ერგო ამ ქვეყნებს, „ვუდუა“. ეს არის რელიგია, რომლის ნაწილია ჯადოქრობა და შელოცვა. ეს რელიგია განსაკუთრებით გავრცელებულია ჰაიტიზე. „ვუდუ“, როგორც „ენციკლოპედია ბრიტანიკაშია“ ახსნილი, «წარმოდგება სიტყვიდან „ვუდენ“, რაც ბენინში (ყოფილი დაჰომეა) მცხოვრები ფონის ტომის ხალხის ენაზე „ღმერთს“ ან „სულს“ ნიშნავს».
სამწუხაროდ, დღესაც ბევრი იტანჯება მონობის მარწუხებში. მაგალითად, მილიონები უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში ლუკმა-პურისთვის მონურად შრომობენ. სხვებს დესპოტი მმართველები ჩაგრავენ (ეკლესიასტე 8:9). მილიონები ცრუ რელიგიური სწავლებებისა და ცრურწმენის ტყვეობაში არიან. შეუძლიათ ადამიანთა ხელისუფლებებს თანამედროვე მონობისგან ხალხის გათავისუფლება? რასაკვირველია, არა. მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შესწევს ამის ძალა! მის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილია დანაპირები, რომ ყველა, ვინც იეჰოვას დაუახლოვდება და თაყვანს სცემს მას ბიბლიური ჭეშმარიტებით — იმ ჭეშმარიტებით, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს — ერთ მშვენიერ დღეს „მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომაელები 8:21; იოანე 8:32).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 თავიდან შეერთებულ შტატებში მონების რაოდენობა მცირე იყო, მაგრამ შემდეგ მათი რიცხვი შთამომავლობის ხარჯზე გაიზარდა.
^ აბზ. 7 „გეზო“ სხვადასხვანაირად წარმოითქმის.
^ აბზ. 17 მონობის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ 2001 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ის სტატია „იწყნარებს ღმერთი მონათვაჭრობას“? რუბრიკიდან „ბიბლიის თვალსაზრისი“ (რუს.).
[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]
„კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“
ბევრს სჯერა, რომ მონათვაჭრები თავიანთ „ნადავლს“ იმით იგდებდნენ ხელში, რომ სოფლებს თავს ესხმოდნენ და მათ იტაცებდნენ, ვინც მოესურვებოდათ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ასეც ყოფილიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, მონათვაჭრები ვერ წაიყვანდნენ მონებად მილიონობით ადამიანს „დიდ სავაჭრო ქსელში ჩაბმულ აფრიკელ მმართველებთან და ვაჭრებთან შეთანხმების გარეშე“, — აღნიშნა აფრიკის ისტორიის პროფესორმა რობერტ ჰარმსმა რადიოინტერვიუში. როგორ მართლდება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, რომ „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“! (ეკლესიასტე 8:9).
[საავტორო უფლება]
© Réunion des Musées Nationaux/Art Resource, NY
[რუკები 22 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
დაახლოებით 12 მილიონ აფრიკელს მონური სამუშაოს შესასრულებლად ატლანტის ოკეანე გადააკვეთინეს
აფრიკა
ბენინი
ვიდა
მონების ნაპირი
[სურათი 22, 23 გვერდებზე]
1721 წელს აგებული პორტუგალიური ციხე-სიმაგრე, რომელიც ამჟამად ვიდას ისტორიული მუზეუმია
[საავტორო უფლება]
© Gary Cook/Alamy
[სურათი 23 გვერდზე]
„კარიბჭე, საიდანაც არ ბრუნდებიან“ — მემორიალი, რომელიც ასიმბოლოებს აფრიკის მიწაზე მონების ყოფნის ბოლო წუთებს
[სურათი 23 გვერდზე]
დაბმული და პირაკრული მონის ქანდაკება
[საავტორო უფლება]
© Danita Delimont/Alamy