არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები რა უნდა ვიცოდე სოციალური ქსელის შესახებ? — ნაწილი 2

ახალგაზრდების შეკითხვები რა უნდა ვიცოდე სოციალური ქსელის შესახებ? — ნაწილი 2

ახალგაზრდების შეკითხვები რა უნდა ვიცოდე სოციალური ქსელის შესახებ? — ნაწილი 2

ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი იმის მიხედვით დანომრე, რასაც უპირატესობას ანიჭებ.

․․․․․ ჩემი უსაფრთხოება

․․․․․ ჩემი დრო

․․․․․ რეპუტაცია

․․․․․ მეგობრებთან ურთიერთობა

რომელს მიანიჭე ყველაზე დიდი მნიშვნელობა? ის, რომელსაც 1-იანი დაუსვი, დანარჩენ სამთან ერთად შეიძლება დიდი რისკის ქვეშ დადგეს, თუ სოციალური ქსელებით სარგებლობ.

უნდა იყო დარეგისტრირებული სოციალური ქსელის საიტზე? თუ მშობლებთან ერთად ცხოვრობ, ეს მათი გადასაწყვეტია * (იგავები 6:20). სოციალური ქსელით სარგებლობას თან სდევს დადებითი და უარყოფითი მხარეები, როგორც ეს ინტერნეტით სარგებლობისას ხდება. თუ მშობლებს არ სურთ, დარეგისტრირდე სოციალური ქსელის საიტზე, მაშინ უნდა დაუჯერო მათ (ეფესოელები 6:1).

მეორე მხრივ, თუ მშობელი ნებას დაგრთავს, ისარგებლო სოციალური ქსელით, როგორ უნდა აარიდო თავი საშიშროებას? ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 2011 წლის ივლისის ნომერში, რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვები“, განიხილავდა ორ საყურადღებო მხარეს: უსაფრთხოებას და დროს. ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ იმ საზიანო გავლენაზე, რაც შეიძლება სოციალურმა ქსელმა იქონიოს შენს რეპუტაციასა და მეგობრებთან ურთიერთობაზე.

შენი რეპუტაცია

რეპუტაცია რომ არ შეგელახოს, ფრთხილად უნდა იყო — არავის მისცე იმის საბაბი, რომ ცუდად იფიქროს შენზე. წარმოიდგინე, რომ გყავს ახალთახალი მანქანა, რომელსაც ერთი ნაკაწრიც არა აქვს. განა არ ისურვებდი, რომ ის ყოველთვის კარგ მდგომარეობაში გყოლოდა? რას იგრძნობდი, თუ შენი უყურადღებობის გამო მანქანა დაიმტვრეოდა?

თუ სოციალური ქსელით სარგებლობ, რაღაც მაგდაგვარი შეიძლება დაემართოს შენს რეპუტაციას. „ერთი სურათით ან ერთი კომენტარით შეიძლება საერთოდ გაიფუჭო რეპუტაცია“, — ამბობს ახალგაზრდა გოგონა, კარა. ახლა ვნახოთ, შენს რეპუტაციაზე როგორ შეიძლება იმოქმედოს შემდეგმა:

შენი სურათები. მოციქულმა პეტრემ მოგვიწოდა, ისე მოვიქცეთ, რომ ჩვენს საქციელში ყოველთვის კარგი დაინახონ სხვებმა (1 პეტრე 2:12). რა გხვდება თვალში, როცა სხვების სურათებს ათვალიერებ?

„ზოგზე კარგი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ სურათებიდან გამოჩნდა, რომ სმა ჰყვარებია“ (ანა, 19 წლის).

„ვიცნობ გოგოებს, რომლებიც ისეთ პოზაში იღებენ სურათებს, რომ თავიანთი სხეული გამოაჩინონ. საიტზე დადებულ სურათებში ისინი სხვანაირად გამოიყურებიან, სინამდვილეში კი სულ სხვანაირები არიან“ (კარა, 19 წლის).

რას იფიქრებ იმ ადამიანზე, რომელსაც სოციალურ ქსელში განთავსებულ სურათებში 1) გამომწვევად აცვია ან 2) მსმელის შთაბეჭდილებას ტოვებს?

1 ․․․․․

2 ․․․․․

შენი კომენტარები. „ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა“, — ნათქვამია ეფესოელების 4:29-ში. ზოგმა შენიშნა, რომ სოციალური ქსელების საიტებზე მიმდინარეობს უხეში, გარყვნილი საუბრები და ჭორაობა.

„ხალხი თავს ბევრის უფლებას აძლევს. თვლიან, რომ ცუდი სიტყვები იმდენად არასასიამოვნოდ არ ჟღერს, როცა ბეჭდავ. შეიძლება არ ილანძღებოდე, მაგრამ გამომწვევად, თამამად და უზრდელად საუბრობდე“ (დანიელი, 19 წლის).

როგორ ფიქრობ, რატომ გრძნობს ბევრი თავს უფრო თავისუფლად, როცა კომპიუტერთან ზის და ბეჭდავს?

․․․․․

აქვს ფოტოებსა და კომენტარებს სინამდვილეში რაიმე მნიშვნელობა? რა თქმა უნდა! „სკოლაში მთავარი თემა ეს იყო. — ამბობს ახალგაზრდა ჯეინი. — განვიხილავდით, თუ რა შთაბეჭდილებას შეუქმნიდა დამსაქმებელს სოციალური ქსელის საიტზე განთავსებული გვერდი იმ ადამიანის ქცევებსა და ხასიათზე, რომელიც სამსახურს ეძებს“.

წიგნში «„ფეისბუქი“ მშობლებისთვის», დოქტორი ბრაიან ფოგი ამბობს, რომ მისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ის დასძენს: „ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებ. მე რომ ვინმეს მონაცემები წამეკითხა და იქ მენახა რაიმე უმსგავსო, ნამდვილად არ მოვიხიბლებოდი. ასეთს არავითარ შემთხვევაში არ ავიყვანდი სამსახურში. იცით რატომ? იმიტომ, რომ მინდა, ჩემთან ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები მუშაობდნენ“.

თუ ქრისტიანი ხარ, სხვა უფრო მნიშვნელოვან რამეზეც უნდა დაფიქრდე — როგორ იმოქმედებს შენი კომენტარები თანაქრისტიანებზე და სხვებზე. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს“ (2 კორინთელები 6:3; 1 პეტრე 3:16).

რა შეგიძლია გააკეთო

თუ მშობლები სოციალური ქსელით სარგებლობის ნებას გრთავენ, დააკვირდი საიტზე დადებულ შენს სურათებს და დაფიქრდი: რას ამბობენ ეს სურათები ჩემზე? მართლა ასეთ ადამიანად მინდა გამიცნოს ხალხმა? ხომ არ შემრცხვება, თუ ფოტოებს ჩემი მშობლები, კრების უხუცესი ან მომავალი დამსაქმებელი ნახავს? თუ ბოლო კითხვაზე შენი პასუხი დადებითია, ცვლილებების დროა. ზუსტად ასე მოიქცა 21 წლის ქეითი. ის გვიყვება: „უხუცესი დამელაპარაკა საიტზე დადებულ სურათებზე. ძალიან მადლიერი ვიყავი. ვიცოდი, რომ მას უნდოდა ჩემს რეპუტაციას გაფრთხილებოდა“.

გარდა ამისა, გულდასმით გადახედე როგორც შენს კომენტარებს, ისე სხვებისას, რომლებსაც შენს გვერდზე ტოვებენ. ნუ შეიწყნარებ „სულელურ ლაპარაკს“ და „უწმაწურ ხუმრობას“ (ეფესოელები 5:3, 4). „ზოგიერთები ისეთ კომენტარებს ტოვებენ, რომლებშიც უწმაწური სიტყვები ან ორაზროვანი წინადადებებია. თუნდაც შენ არ გეთქვა ეს სიტყვები, ის მაინც შენ დაგაზარალებს, რადგან ეს შენი გვერდია“, — ამბობს 19 წლის ჯეინი.

როცა საქმე სურათებისა და კომენტარების განთავსებას ეხება, სად უნდა გაავლო ზღვარი, რომ გაუფრთხილდე რეპუტაციას?

․․․․․

მეგობრებთან ურთიერთობა

ჩასვამდი ნებისმიერს შენს ახალ მანქანაში? თუ მშობლები არ გიშლიან სოციალურ ქსელზე დარეგისტრირებას, შენზეა დამოკიდებული „ვის ჩასვამ და ვის — არა“, ანუ ვის დაიმატებ „მეგობრების სიაში“ და ვის — არა. იქნები კარგი გამრჩევი?

«ზოგს მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ ბევრი მეგობარი ჰყავდეს — რაც მეტი, მით უკეთესი. „მეგობრების სიაში“ ისინი იმათაც კი იმატებენ, ვისაც ფაქტიურად არ იცნობენ» (ნაიშა, 16 წლის).

„სოციალური ქსელის დახმარებით შეგიძლია კვლავ დაუკავშირდე მათ, ვისაც წარსულში იცნობდი, მაგრამ ზოგჯერ უმჯობესია, ეს ადამიანები შენთვის ისევ წარსულში დარჩნენ“ (ელენი, 25 წლის).

რა შეგიძლია გააკეთო

რჩევა: შეამოწმე და შეცვალე. გადახედე „მეგობრების სიას“ და თუ საჭიროა, ცვლილებები შეიტანე. დაფიქრდი:

1. რამდენად კარგად ვიცნობ ამ ადამიანს პირადად?

2. როგორ სურათებსა და კომენტარებს დებს საიტზე?

3. დადებითად მოქმედებს ეს ადამიანი ჩემზე?

«როგორც წესი, თვეში ერთხელ ვამოწმებ „მეგობრების სიას“. და თუ წავაწყდები რომელიმე არასასიამოვნო სტუმარს ან მას, ვისაც კარგად არ ვიცნობ, სიიდან ვშლი» (ივანა, 17 წლის).

რჩევა: შეიმუშავე საკუთარი სტანდარტები. დაადგინე წესი, თუ ვის დაიმატებ სიაში, ისე როგორც ამას რეალურ ცხოვრებაში გააკეთებდი (1 კორინთელები 15:33). ერთი ახალგაზრდა, სახელად ლიანი, გვეუბნება: «მეგობრებს ასეთი წესით ვირჩევ — თუ არ გიცნობ, არ დაგიმატებ „მეგობრებში“. თუ შენს გვერდზე რაიმე ისეთს ვნახავ, რაც არ მომეწონება, წაგშლი „მეგობრების სიიდან“ და აღარც სხვა დროს დაგიმატებ». სხვებიც მსგავსი წესებით მოქმედებენ.

„ყველასთან არ ვმეგობრობ. ეს ცოტა სარისკოა“ (ერინი, 21 წლის).

«მათ, ვისთანაც ერთ სკოლაში ვსწავლობდი, უნდათ რომ „მეგობრებში“ დამამატონ. არადა სკოლაში ყველანაირად თავს ვარიდებდი ამ ხალხთან ახლო ურთიერთობას. ახლა რაღატომ უნდა დავიჭირო მათთან საქმე?» (ალექსი, 21 წლის).

ქვემოთ დაწერე, რა მეთოდით აირჩევ მეგობრებს.

․․․․․

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ შეგიძლია ნახო შემდეგ ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 8 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ არც მხარს უჭერს და არც განსჯის სოციალური ქსელის რომელიმე საიტს. ქრისტიანებმა ისე უნდა ისარგებლონ ინტერნეტით, რომ არ დაარღვიონ ბიბლიური პრინციპები (1 ტიმოთე 1:5, 19).

[ჩანართი 10 გვერდზე]

ერთი ბიბლიური იგავი ამბობს: „თუ არჩევანი კარგ სახელსა და დიდძალ სიმდიდრეზე მიდგა, კარგი სახელი აირჩიე“ (იგავები 22:1, „დღევანდელი ინგლისური თარგმანი“).

[ჩარჩო 12 გვერდზე]

გაიგე შენი მშობლების აზრი

მშობლებთან ერთად წაიკითხე ეს და წინა ნომერში დაბეჭდილი სტატია სოციალური ქსელების შესახებ. იმსჯელეთ, რა გავლენას მოახდენს ინტერნეტის გამოყენება 1) შენს უსაფრთხოებაზე, 2) დროზე 3) რეპუტაციაზე და 4) მეგობრებთან ურთიერთობაზე.

[ჩარჩო 13 გვერდზე]

მშობლების საყურადღებოდ

შეიძლება თქვენმა შვილებმა თქვენზე მეტი იციან ინტერნეტ სამყაროზე, მაგრამ თქვენ გაცილებით მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ (იგავები 1:4; 2:1—6). ინტერნეტ უსაფრთხოების ექსპერტი პერი აფტაბი ამბობს: „ბავშვები უკეთ ერკვევიან ტექნოლოგიებში, მშობლები კი — ცხოვრებისეულ საკითხებში“.

ბოლო წლებში სოციალურმა ქსელებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. არის თქვენი შვილი საკმარისად გამჭრიახი, რომ ისარგებლოს ამ ქსელებით? ეს თქვენ უნდა განსაზღვროთ. ისევე როგორც მანქანის მართვას, საბანკო ანგარიშის წარმოებას და საკრედიტო ბარათის გამოყენებას, სოციალური ქსელით სარგებლობასაც გარკვეული რისკი ახლავს თან. რა რისკზეა საუბარი?

უსაფრთხოება: ბევრ ახალგაზრდას არ ესმის, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბევრი ინფორმაციის განთავსებას ინტერნეტში. იმის თქმამ, თუ სად ცხოვრობენ, რომელ სკოლაში სწავლობენ, როდის არიან ან არ არიან სახლში, შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ოჯახს.

რისი გაკეთება შეგიძლიათ: შვილებს პატარაობისას ასწავლიდით, რომ გზაზე გადასვლისას აქეთ-იქით გაეხედ-გამოეხედათ. ახლა კი, როცა წამოიზარდნენ, უნდა ასწავლოთ, როგორ იფრთხილონ ინტერნეტის გამოყენებისას. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ წინა თვის ნომერში დაბეჭდილი სტატია სოციალურ ქსელებზე. ასევე გადახედეთ 2008 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ს, გვერდები 3—9. შემდეგ შვილებთან ერთად დასხედით და იმსჯელეთ ამ საკითხის ირგვლივ. ეცადეთ, შვილებს შთააგონოთ „სიბრძნე და ჭკუა“, რათა თავი დაიცვან ინტერნეტით სარგებლობისას (იგავები 3:21).

დრო: ინტერნეტმა მიჩვევა იცის. „დარეგისტრირებიდან სულ რამდენიმე დღეში უკვე თავს ვეღარ ვანებებდი. საათების განმავლობაში ვათვალიერებდი სურათებს და კომენტარებს“, — ამბობს 23 წლის რიკი.

რისი გაკეთება შეგიძლიათ: შვილებთან ერთად განიხილეთ 2011 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ის ამავე რუბრიკაში დაბეჭდილი სტატია „დამოკიდებული ხომ არ გავხდი ტექნიკაზე“. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 26-ე გვერდზე მოცემულ ჩარჩოს „სოციალურ ქსელებში გაბმული“. ასწავლეთ მოზარდებს ზომიერება და დაუდგინეთ, რამდენ დროს დაუთმობენ ინტერნეტს (1 ტიმოთე 3:2). შეახსენეთ შვილებს, რომ ცხოვრება ინტერნეტის მიღმაც არსებობს.

რეპუტაცია: ერთი ბიბლიური იგავი ამბობს: „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“ (იგავები 20:11). ამ სიტყვების ჭეშმარიტება ნათელი ხდება ინტერნეტით სარგებლობის დროსაც. რადგან სოციალური ქსელები სახალხო ფორუმს წარმოადგენს, ის, რასაც თქვენი შვილები იქ განათავსებენ, იმოქმედებს არა მარტო მათ, არამედ მთელი ოჯახის რეპუტაციაზე.

რისი გაკეთება შეგიძლიათ: მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ ინტერნეტში განთავსებული მათი სურათები და კომენტარები მათსავე პიროვნებაზე მეტყველებს. მათ ასევე უნდა ახსოვდეთ, რომ ის, რაც ინტერნეტში ხდება, მასში სამუდამოდ რჩება. „შეიძლება ბავშვებს კარგად არ ესმით, რომ ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ათავსებენ, ბოლომდე არ იშლება, მაგრამ მათთვის ამის ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია. მშობელმა ბავშვს ხშირად უნდა შეახსენოს, რომ არასოდეს თქვას ინტერნეტში ისეთი რამ, რასაც პირისპირ საუბარში არ იტყოდა“, — წერს თავის წიგნში დოქტორი გუენ შურგენ ოკეფი (CyberSafe).

მეგობრებთან ურთიერთობა: «ბევრ ახალგაზრდას ძალიან უნდა პოპულარობა, ამიტომ მზად არის „იმეგობროს“ უცნაურ და უპრინციპო ადამიანებთან,» — ამბობს 23 წლის ტანია.

რისი გაკეთება შეგიძლიათ: დაეხმარეთ შვილებს, ჰქონდეთ მეგობრების არჩევის საკუთარი სტანდარტები. 22 წლის ალისია, როგორც წესი, „მეგობრების სიაში“ არ იმატებს თავისი მეგობრების მეგობრებს. ის ამბობს: «თუ არ გიცნობ და პირადად არასოდეს მინახიხარ, „მეგობრებში“ ვერ დაგიმატებ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთო მეგობარი გვყავს».

ერთი ცოლ-ქმარი, ტიმი და ჯულია, თავადაც დარეგისტრირდნენ სოციალურ ქსელში, რათა ეკონტროლებინათ თავიანთი გოგონას კომენტარები და ის, თუ ვისთან მეგობრობდა მათი შვილი. «ჩვენ შევთანხმდით, რომ ის „მეგობრების სიაში“ დაგვიმატებდა, — ამბობს ჯულია. — ვისთანაც ის ურთიერთობს, ისე გამოდის, თითქოს მათ სახლში ეპატიჟება. გვინდა ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი».

[სურათი 11 გვერდზე]

როგორც მანქანა შეიძლება დაზიანდეს დაუდევრობით, ისე შეიძლება შეგელახოს რეპუტაცია, თუ საიტზე ქრისტიანისთვის შეუფერებელ სურათებსა და კომენტარებს განათავსებ.

[სურათი 12 გვერდზე]

ჩაისვამდი მანქანაში უცხოს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი მიმართულებით მიდიხართ? მაშ, რატომ იწყებ ინტერნეტით ისეთ ადამიანთან მეგობრობას, რომელსაც არ იცნობ?