არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

მოგვეთხოვება ყოველკვირეული წმინდა დღის დაცვა?

მთელ მსოფლიოში მილიონობით მუსლიმანს, იუდეველს თუ ქრისტიანს კვირაში ერთი დღე აქვს გამოყოფილი რელიგიური მსახურებისთვის. მაგალითად, ერთი ღრმად მორწმუნე მუსლიმანი, იბრაჰიმი, რომელიც ყოველ პარასკევს დადის მეჩეთში სალოცავად და ქადაგების მოსასმენად, ამბობს: „მინდა, რომ ღმერთთან სიახლოვეს ვგრძნობდე და სულის სიმშვიდე ვპოვო“.

რას ამბობს ბიბლია, ითხოვს ღმერთი თავისი მსახურებისგან ყოველკვირეული წმინდა დღის დაცვას? დაგვაახლოებს ასეთი რიტუალი ღმერთთან?

დროებითი ღონისძიება

დაახლოებით 3 500 წლის წინათ ღმერთმა წინასწარმეტყველ მოსეს კანონთა ნუსხა გადასცა. კანონი ითვალისწინებდა დასვენების დღეებს — შაბათებს, რომლებიც გამოყოფილი იყო თაყვანისცემისთვის. ამ დასვენების დღეებიდან ყველაზე ხშირი იყო ყოველკვირეული შაბათი. ეს დღე იწყებოდა პარასკევს მზის ჩასვლის შემდეგ და შაბათს მზის ჩასვლით მთავრდებოდა (გამოსვლა 20:8—10).

ყველა ერს უნდა დაეცვა ეს ყოველკვირეული დასვენების დღე? არა. მოსეს კანონი მიეცათ უშუალოდ ებრაელებს და მათი დაცვა იუდაიზმზე მოქცეულებსაც მოეთხოვებოდათ. ღმერთმა ასე გააფრთხილა მოსე: „დაიცვან ისრაელის ძეებმა შაბათი . . . ეს არის მარადიული * ნიშანი ჩემსა და ისრაელის ძეებს შორის“ (გამოსვლა 31:16, 17).

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მოსეს კანონი იყო „მომავლის ჩრდილი“ (კოლოსელები 2:17). აქედან გამომდინარე, შაბათი იყო დროებითი ღონისძიება და მიანიშნებდა მომავალ, უფრო დიდებულ ღონისძიებაზე (ებრაელები 10:1). საღვთო წერილიდან კარგად ჩანს, რომ ისრაელისთვის მიცემულმა კანონმა, მათ შორის კანონმა შაბათის შესახებ, იესოს სიკვდილის შემდეგ ღვთის თვალში ძალა დაკარგა (რომაელები 10:4). რამ ჩაანაცვლა ის?

თაყვანისმცემლობის ახალი ფორმა

როგორც დავინახეთ, მოსეს კანონმა თავის მიზანს მიაღწია და გაუქმდა. მაგრამ ბიბლიაში აღწერილია თაყვანისმცემლობის ის ფორმა, რომელსაც დღეს ღმერთი იწონებს. დაგვიწესა ღმერთმა კვირის რომელიმე დღე თაყვანსაცემად?

წმინდა წერილებიდან ჩანს, რომ ისრაელისთვის მიცემული კანონებიდან ზოგიერთი დღემდეა ძალაში. მათ რიცხვს მიეკუთვნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანი უნდა მოერიდოს კერპთაყვანისმცემლობას, სიძვას და სისხლის მიღებას (საქმეები 15:28, 29). აღსანიშნავია, რომ შაბათის კანონი არ შედიოდა იმ მითითებებში, რომელთა დაცვაც ქრისტიანებს მოეთხოვებოდათ (რომაელები 14:5).

კიდევ რას ამბობს ბიბლია პირველი საუკუნის ქრისტიანების თაყვანისცემაზე? ისინი რეგულარულად იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ, კითხულობდნენ წმინდა წერილებს, ისმენდნენ წარმოთქმულ თემებს და მღეროდნენ ღვთის განსადიდებელ სიმღერებს (საქმეები 12:12; კოლოსელები 3:16). ასეთ შეხვედრებზე ქრისტიანები მითითებებს იღებდნენ, რწმენაში მტკიცდებოდნენ და ერთმანეთს ლესავდნენ (ებრაელები 10:24, 25).

ბიბლიაში არსად წერია, რომ ქრისტიანული შეხვედრები კვირაობით ან სხვა რომელიმე დღეს უნდა ტარდებოდეს. მაშ, რატომ მიიჩნევს ზოგი ქრისტიანი კვირას წმინდა დღედ? კვირადღეს თაყვანისცემის ჩვეულებამ და სხვა არაბიბლიურმა სწავლებებმა თუ ტრადიციებმა მას შემდეგ იჩინეს თავი, რაც ბიბლიის წერა დასრულდა.

კიდევ ერთხელ ხომ არ დააწესა მოგვიანებით ღმერთმა ამ თემაში მოხსენიებული წმინდა დღის რიტუალი? არა. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სრული სურათი ბიბლიაში დეტალურად არის მოცემული. არანაირი სხვა შთაგონებული ჩანაწერები არ დამატებია წმინდა წერილებს. მოციქული პავლე ღვთისგან შთაგონებით ასეთ რამეს წერდა: „თუნდაც ჩვენ ან ზეციერმა ანგელოზმა გაუწყოთ სასიხარულო ცნობა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გაუწყეთ, დაწყევლილი იყოს“ (გალატელები 1:8).

გამომაცოცხლებელი და ღვთისმოსაწონი თაყვანისცემა

მართალია, იესოს დროინდელი რელიგიური ლიდერები ზედმიწევნით იცავდნენ ყოველკვირეულ წმინდა დღეს, მაგრამ მათ თაყვანისცემას არანაირი ფასი არ ჰქონდა ღვთის თვალში. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ გულებში ბოროტებას გაედგა ფესვი. ფული უყვარდათ, საწყალ ხალხს ზემოდან დაჰყურებდნენ და სურდათ, სხვებზე მაღლა მდგარიყვნენ; ქრთამს იღებდნენ და იმ დროინდელ პოლიტიკურ დაპირისპირებებში ღრმად იყვნენ ჩაფლულნი (მათე 23:6, 7, 29—33; ლუკა 16:14; იოანე 11:46—48). მათ პრეტენზია ჰქონდათ, რომ ღვთის წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა ღვთისგან ბოძებული შაბათის კანონი, რომელიც ხალხის სულიერ გამოცოცხლებას უნდა მომსახურებოდა, ადამიანთა ტრადიციებით დაამძიმეს და აუტანელ ტვირთად აქციეს (მათე 12:9—14).

შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ყოველკვირეული წმინდა დღის დაცვა არ ყოფილა საჭირო იმისათვის, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ. მაშ, რა არის საჭირო? იესოს შემდეგი მოწოდება მრავალს იზიდავს: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათე 11:28). თაყვანისცემა, რომელიც ჭეშმარიტად იესოს სწავლებებზეა დაფუძნებული, ნამდვილად გამომაცოცხლებელია. ის თავისუფალია პირმოთნეობისა და დამამძიმებელი რიტუალებისგან.

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ფეხდაფეხ მისდევენ იესოს ადრეული მიმდევრების მაგალითს. მოწმეები მიჰყვებიან ბიბლიის შესწავლის ყოველკვირეულ პროგრამას. ისინი თავად წყვეტენ, ადგილობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელ დღეს ჩაატარებენ შეხვედრებს. შეგიძლიათ დაესწროთ ამ შეხვედრებს და თავად დარწმუნდებით, რომ მათი თაყვანისმცემლობა თქვენთვისაც ძალზე გამამხნევებელი იქნება.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ბიბლიაში გამოთქმა „მარადიული“ ყოველთვის მუდმივს არ ნიშნავს. ის შესაძლოა მიუთითებდეს დროის ხანგრძლივ და განუსაზღვრელ პერიოდზე.

გიფიქრიათ?

● მოითხოვება კვირის რომელიმე დღის გამოყოფა ღვთისმსახურებისთვის? (რომაელები 10:4; 14:5)

● რატომაა ერთად შეკრებები აუცილებელი თაყვანისცემისთვის? (ებრაელები 10:24, 25)

● რა არის ჭეშმარიტი კმაყოფილების მომგვრელი თაყვანისცემის გასაღები? (მათე 11:28)

[დიაგრამა/სურათები 10, 11 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

სამშაბათი

ოთხშაბათი

1 ხუთშაბათი

2 პარასკევი

3 შაბათი

4 კვირა