ხეზე ხატვის რუსული ტრადიცია
ხეზე ხატვის რუსული ტრადიცია
● თითქმის ყველა, ვინც რუსეთს სტუმრობს, სამახსოვროდ ყიდულობს ხელით გაკეთებულ რუსულ თოჯინებს, „მატრიოშკებს“. ძველად ასეთ ნაკეთობებს სოფელში მცხოვრები მარჯვე ხელოსნები, ძირითადად, ხისგან ამზადებდნენ. ხეზე ხატვის ტრადიციულ ხელოვნებას „ხოხლომას“ უწოდებენ.
საუკუნეების განმავლობაში რუსები საჭმელს საგულდაგულოდ ამოჭრილი, მოხატული ჯამებიდან მიირთმევდნენ. მათ კოვზები, ფინჯნები და სხვა ჭურჭელიც ხისა ჰქონდათ. ამ ჭურჭლებზე, ჩვეულებრივ, ცხოველები და მცენარეები იყო მოხატული. ზოგჯერ რამდენიმე სოფელი ერთ რომელიმე ხის ნაკეთობას ამზადებდა.
გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში მაშინ, როცა მინდორში საქმე აღარ ჰქონდათ, სოფლის ხალხი ასეთი ნივთების კეთებით იქცევდა თავს. დაახლოებით 200 წლის წინ ზოგიერთ ქალაქსა თუ სოფელში ამგვარი ხელნაკეთი ნივთებით ვაჭრობა საკმაოდ მომგებიანი საქმე გახლდათ. მაგალითად, ერთი პერიოდი სემიონოვის მთელმა მოსახლეობამ შეწყვიტა სასოფლო სამუშაოები და ერთ წელიწადში ორ მილიონამდე ხის ჯამი, ლანგარი, ფინჯანი და კოვზი დაამზადა.
ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებმა ხალხმა ხეზე ხატვის განსხვავებული მეთოდი შეიმუშავა. მათ მიერ დამზადებული ჭურჭლის ზედაპირი იყო გამძლე და ოქროსფერი შეფერილობის. ამისათვის იყენებდნენ ცეცხლგამძლე საღებავებს და ლაქს. ბოლოს ხდებოდა ჭურჭლის ღუმელში გამოწვა; მაღალი ტემპერატურა ვერცხლისფერ ზედაპირს მთლიანად ოქროსფერ შეფერილობას აძლევდა. ამ მეთოდს დღესაც იყენებენ „ხოხლომას“ ქარხნებში ნიჟნი-ნოვგოროდის შემოგარენში.
ხეზე შესრულებულ „ხოხლომას“ სტილის ნამუშევრებზე მოხატულია ის ყვავილები და მცენარეები, რომლებსაც რუსეთის ტყეებსა და მდელოებზე შეხვდებით; აგრეთვე ფრინველები და თევზები. ხშირად ერთად ხატავენ დახვეულ ბალახის ღეროებს, ფოთლებსა და კენკროვნებს. მოსახატად, უმთავრესად, იყენებენ წითელ, შავ, ოქროსფერ და მწვანე ფერებს. მსოფლიოს მრავალ ოჯახში შეხვდებით სასადილო მაგიდებს, რომლებსაც „ხოხლომას“ სტილში შესრულებული რუსული დეკორაციული ჭურჭელი ამშვენებს.