დენგეს ცხელების გავრცელების საშიშროება
დენგეს ცხელების გავრცელების საშიშროება
„მორელოს ჯანდაცვის სამსახურმა . . . ემილიანო საპატას მუნიციპალური საბჭოს ჯანდაცვის განყოფილებასთან შეთანხმებით, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი დააჯილდოვა სერტიფიკატით . . . [მოწმეების] გუნდური შრომისთვის, რითაც მათ მიაღწიეს სისუფთავის მაღალ დონეს. შედეგად, მათი ადგილები დაცულია დენგეს ცხელების გადამტანი კოღოებისგან“.
მექსიკის მთავრობას ნამდვილად აქვს შეშფოთების მიზეზი, რადგან მათ ქვეყანაში დაავადების გადამტანი კოღოები საგრძნობლად მომრავლდა. პატარა მწერებს გადააქვთ დენგეს ცხელების გამომწვევი საშიში ვირუსი. 2010 წლის მონაცემებით, მექსიკაში 57 000-ზე მეტი ადამიანი იყო ამ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებით დაინფიცირებული. მექსიკა ერთ-ერთია იმ 100-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელშიც ეს დაავადება მძვინვარებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ შესაძლოა ყოველ წელს დენგეს ცხელების 50 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდეს. ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიოს დაახლოებით ორი მეხუთედი ამ დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, ჯანდაცვის სამსახურებმა შეიმუშავეს პროგრამები თეთრლაქიანი კოღოების (Aedes aegypti) გასანადგურებლად, რომელიც დენგეს ცხელების ვირუსის გადამტანი კოღოს ერთ-ერთი სახეობაა. *
დენგეს ცხელება უმეტესად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. განსაკუთრებით ვრცელდება წვიმის სეზონებზე და სტიქიური უბედურებების, მაგალითად, ქარიშხლებისა და წყალდიდობების შემდგომ პერიოდებში. ეს იმიტომ, რომ მდედრი კოღო (Aedes) კვერცხებს დამდგარ წყალში დებს. * ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებში მცხოვრებნი წყალს ბეტონის ბაკებში იმარაგებენ. ჯანდაცვის ექსპერტები აფრთხილებენ ასეთ მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ ბაკები თავღია მდგომარეობაში. სადაც სისუფთავის ასეთი ზომებია დაცული, იქ ნაკლებად მრავლდებიან კოღოები. ასევე სასურველია, ეზოში არ ეყაროს ძველი საბურავები, ქილები, ყვავილის ქოთნები, პლასტმასის კოლოფები — ყველაფერი, რაშიც შეიძლება წყალი ჩადგეს.
დენგეს ცხელების სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
ჯერჯერობით დენგეს ცხელების დიაგნოზს ვერ სვამენ, რადგან ამ დაავადებას გრიპის მაგვარი სიმპტომები აქვს. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ადამიანს შეუძლია ამოიცნოს დენგეს ცხელების ვირუსი. საამისოდ ის ასახელებს შემდეგ სიმპტომებს: კანზე გამონაყარს, თვალების ტკივილს და ტკივილს კუნთებსა და სახსრებში. სწორედ ამ უკანასკნელის გამო ამბობს ზოგჯერ ადამიანი, სახსრებში მტეხავსო. ცხელება 5-იდან 7 დღემდე გრძელდება.
ექიმებს დღემდე არ გააჩნიათ დენგეს ცხელების საწინააღმდეგო პრეპარატი. უმეტეს შემთხვევაში დაავადებას მკურნალობენ სახლის პირობებში კარგი დასვენებითა და სითხის დიდი რაოდენობის მიღებით. პაციენტები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ დენგეს ჰემორაგიული ცხელებისა და დენგეს შოკის სინდრომის დროს. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება მას შემდეგ, რაც ტემპერატურა დაიწევს და თითქოს პაციენტი მომჯობინდება. რა სიმპტომები შეინიშნება ამ დროს? მუცლის ძლიერი ტკივილი,
განუწყვეტელი პირღებინება, ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენა, შავი განავალი და მოწითალო ფერის წყლულები კანქვეშ. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს მოუსვენრობა, არანორმალური წყურვილის შეგრძნება, კანის სიფერმკრთალე, სხეულის გაციება და სისხლის დაბალი წნევა.სამწუხაროდ, აქ ანტიბიოტიკები არ გამოგვადგება, რადგან საქმე გვაქვს ვირუსულ ინფექციასთან და არა ბაქტერიულთან. პაციენტი უნდა მოერიდოს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, მაგალითად ასპირინსა და იბუპროფენს, რადგან ამ მედიკამენტებმა შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს. დენგეს ვირუსის ოთხი სახეობა არსებობს და შესაძლებელია, ეს ვირუსი ადამიანს რამდენჯერმე შეეყაროს.
თუ ეს ვირუსი შეგხვდათ, საკმარისად დაისვენეთ და მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე. აგრეთვე გამოიყენეთ მწერების დამცავი ბადე, რათა თავი დაიცვათ კოღოებისგან, რომლებმაც შემდგომში შეიძლება სხვებიც დააინფიცირონ.
კიდევ როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი მწერებისგან? ატარეთ გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, გრძელი შარვალი და კაბა, გამოიყენეთ კოღოს საწინააღმდეგო საშუალებები. კოღომ შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში გიკბინოთ, მაგრამ განსაკუთრებით მოერიდეთ გარეთ გასვლას მზის ამოსვლიდან ორი საათი და მზის ჩასვლამდე ორი საათი. ამ დროს კოღოები ძალიან აქტიურები არიან. საძინებელ ოთახში დამცავი ბადე გამოიყენეთ, რომელსაც მისხურებული ექნება კოღოს საწინააღმდეგო საშუალება.
დრო აჩვენებს, წარმატებული იქნება თუ არა დენგეს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელზეც დღემდე მუშაობენ მედიკოსები. თუმცა ერთი რამის თქმა კი გადაჭრით შეგვიძლია: ღვთის სამეფო ყველა სნეულებას მოსპობს, მათ შორის დენგეს ცხელებას. ღვთის მოიმედე ხალხი მოუთმენლად ელის დროს, როცა ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ზოგიერთ ქვეყანაში დენგეს ცხელების ვირუსის გადამტანი შეიძლება იყოს კოღოს სხვა სახეობაც (Aedes albopictus).
^ აბზ. 4 კოღო (Aedes) რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში დაფრინავს, იმ ადგილიდან სადაც კვერცხებს დებს.
[დიაგრამა 25 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
შეამოწმეთ გამრავლების კერები
1. გადაყრილი საბურავები
2. საწვიმარი ღარები
3. ყვავილის ქოთნები
4. პლასტმასის კოლოფები
5. გადაგდებული ქილები და კასრები
როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი კოღოებისგან?
ა. ატარეთ გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, შარვლები და გრძელი კაბები. გამოიყენეთ კოღოს საწინააღმდეგო საშუალებები
ბ. საძინებელში დამცავი ბადე გამოიყენეთ
[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]
Source: Courtesy Marcos Teixeira de Freitas