არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შევინარჩუნოთ სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა?

როგორ შევინარჩუნოთ სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა?

ბიბლიის თვალსაზრისი

როგორ შევინარჩუნოთ სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა?

ბიბლიაში წერია: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). დედამიწაზე დღესდღეობით 7 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რადგან ყველა არასრულყოფილია, ურთიერთშორის კონფლიქტებიც გარდაუვალია. როგორ შეგვიძლია ასეთ დროს მშვიდობის შენარჩუნება?

ბიბლია კარგ რჩევებს გვთავაზობს. შემოქმედს, რომლის სახელიცაა იეჰოვა, ბიბლია მშვიდობის ღმერთად მოიხსენიებს (ებრაელები 13:20; ფსალმუნი 83:18). ღმერთს სურს, რომ მისმა მიწიერმა შვილებმა ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობებით გაიხარონ. ის ამ მხრივ იდეალურ მაგალითს გვაძლევს. როდესაც პირველმა წყვილმა ღმერთს შესცოდა, მათ შორის მშვიდობა დაირღვა. თუმცა ღმერთმა დაუყოვნებლივ მიიღო ზომები, რომ ადამიანები შეერიგებინა (2 კორინთელები 5:19). ვიმსჯელოთ სამ ფაქტორზე, რაც სხვებთან მშვიდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მთელი გულით აპატიეთ

რას ამბობს ბიბლია? „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13).

პრობლემა. შესაძლოა, ნამდვილად გაქვთ „ჩივილის მიზეზი“ და მწყენინებელთან ურთიერთობის გაწყვეტას სამართლიანად თვლით. შეიძლება იმასაც ფიქრობთ, რომ ჯერ მან უნდა მოგიხადოთ ბოდიში. მაგრამ თუ ის ვერ ხვდება, რომ გული გატკინათ ან ჰგონია, რომ თქვენ ხართ მტყუანი, კონფლიქტი მოუგვარებელი დარჩება.

რის გაკეთება შეგიძლიათ? გაითვალისწინეთ ბიბლიური რჩევა და ადამიანს მთელი გულით აპატიეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ პრობლემა უმნიშვნელოა. ღმერთს რომ ჩვენი შეცდომები და ცოდვები დაეთვალა, მის წინაშე ვერავინ წარვდგებოდით (ფსალმუნი 130:3). ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელია, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე. მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:8, 14).

ერთ ბიბლიურ იგავზეც დავფიქრდეთ: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11). წვდომის უნარი დაგვეხმარება, მივხვდეთ, რატომ თქვა ადამიანმა ეს ან რატომ მოიქცა ასე. დაფიქრდით: ავად ხომ არ იყო? იქნებ გადაღლილი იყო? ან იქნებ ვინმემ წააქეზა? სხვისი მოტივების, გრძნობების და მდგომარეობის უკეთ გაგება დაგეხმარებათ, ბრაზი დაიცხროთ და მწყენინებელს დიდსულოვნად აპატიოთ.

დაელაპარაკეთ

რას ამბობს ბიბლია? „თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით. თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა“ (მათე 18:15).

პრობლემა. შიში, ბრაზი და უხერხულობის გრძნობა შეიძლება ერთგვარი დაბრკოლება აღმოჩნდეს თქვენთვის, რომ მიხვიდეთ მწყენინებელთან პრობლემის მოსაგვარებლად. შეიძლება იმის ცდუნება გაგიჩნდეთ, რომ წახვიდეთ და ამ პრობლემის შესახებ სხვებთან ისაუბროთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ: ამით საქმეს სულ გააფუჭებთ!

რის გაკეთება შეგიძლიათ? თუ პრობლემა სერიოზულია და ფიქრობთ, რომ თვალი არ უნდა დახუჭოთ, მიდით მასთან და ერთი ერთზე ელაპარაკეთ. შეეცადეთ, პრობლემა მოაგვაროთ შემდეგნაირად:

) მალევე: ნუ გააჭიანურებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პრობლემა უფრო გამწვავდეს. ყურად იღეთ იესოს რჩევა: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24).

) ერთი ერთზე: გაუძელით ცდუნებას და სხვებთან ნუ იჭორავებთ. „შენს მოძმესთან განიხილე შენი საქმე და სხვის საიდუმლოს ნუ გააცხადებ“ (იგავები 25:9).

) მშვიდობის სულში: ნუ დაიწყებთ მტყუან-მართლის გარჩევას. თქვენი მიზანი კამათში გამარჯვება კი არ უნდა იყოს, არამედ მშვიდობის აღდგენა. ეცადეთ, არ გამოიყენოთ სიტყვა „შენ“. ისაუბრეთ საკუთარ თავზე და გამოიყენეთ სიტყვა „მე“. უთხარით: „მე იმაზე მეტკინა გული, რომ . . .“. ამის თქმა ჯობია, ვიდრე ის, რომ უთხრათ: „შენ მე გული მატკინე“. ბიბლიური ენით ეს რჩევა ასე ჟღერს: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომაელები 14:19).

იყავით სულგრძელი

რას ამბობს ბიბლია? „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს . . . მაგრამ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“ (რომაელები 12:17, 20).

პრობლემა. თუ თქვენს მცდელობას, აღადგინოთ მშვიდობა, მეორე მხარე არ ეხმაურება, ამან შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ აზრი არა აქვს თქვენს „წვალებას“.

რის გაკეთება შეგიძლიათ. აუცილებელია მოთმინება. ადამიანები განსხვავდებიან ბუნებითა და მოწიფულობის დონით. ზოგს ცოტა მეტი დრო სჭირდება, რომ დაწყნარდეს და მდგომარეობიდან გამოვიდეს. ზოგი ჯერ კიდევ სწავლობს ღვთიური თვისებების გამოვლენას. არ შეწყვიტოთ სიკეთისა და სიყვარულის გამოვლენა მათ მიმართ. „არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:21).

ვერავითარ შემთხვევაში ვერ გვექნება სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, თუ არ ვშრომობთ და არ ვირჯებით იმისათვის, რომ შევიმოსოთ თავმდაბლობით, წვდომის უნარით, მოთმინებითა და სიყვარულით. მაგრამ მშვიდობიანი ურთიერთობები ისეთი ძვირფასი რამ არის, რომ ღირს ამდენ შრომად.

გიფიქრიათ?

● რა დაგეხმარებათ იმაში, რომ მთელი გულით აპატიოთ შეცდომები სხვებს? (კოლოსელები 3:13)

● რომელი აზრი დაგეხმარებათ იმაში, რომ პირადად მიხვიდეთ ადამიანთან და მოაგვაროთ პრობლემა? (მათე 5:23, 24)

● როგორ უნდა მოიქცეთ, როცა თქვენს მცდელობას, აღადგინოთ მშვიდობა, მეორე მხარე იგნორირებას უკეთებს? (რომაელები 12:17—21)

[ჩანართი 11 გვერდზე]

„წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11)