არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 7

„მაშინ მოვა აღსასრული“

ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 7

ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ ამ რვანაწილიან რუბრიკაში განიხილება ბიბლიის საგულისხმო წინასწარმეტყველებები. თითოეული ნაწილიდან ვიგებთ პასუხს კითხვაზე: უბრალოდ ჭკვიანმა ადამიანებმა მოიფიქრეს და დაწერეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები თუ ღმერთი დგას ამ უდიდესი სიბრძნის მიღმა? მოდი, განვაგრძოთ და ერთად მიმოვიხილოთ ფაქტები.

გაშფოთებთ ის ფაქტი, რომ კორუმპირებული მთავრობები ჩაგრავენ და ექსპლუატაციას უწევენ თავიანთ მოქალაქეებს? კიდევ უფრო მეტად ხომ არ გიმძაფრდებათ სამართლიანობის გრძნობა, როცა ხედავთ, როგორ მდიდრდებიან ერთეულები ღარიბ-ღატაკი ხალხის ხარჯზე? პროტესტის გრძნობა ხომ არ გიჩნდებათ იმის გამო, რომ რელიგიური წინამძღოლები ფულს სძალავენ თავიანთ მრევლს და აშკარა სიცრუეს ასწავლიან? თუ ასეა, ალბათ გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ ბიბლიაც გმობს ასეთ ბოროტებას. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ 1) იმ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც ბოროტებისა და ბოროტი ადამიანების განადგურებას ეხება და 2) იმაზე, თუ რატომ უნდა ვენდოთ ამ წინასწარმეტყველებებს.

ბოროტების განადგურება

ამ რუბრიკის წინა სტატიაში განვიხილეთ ის ნიშანი, რომელიც იესომ თავის მოწაფეებს მისცა. ამ ნიშნით მათ უნდა ამოეცნოთ დღევანდელი ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოება. ნიშნის ნაწილი იყო ის, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ. ეს სამეფო არის ღვთის ხელისუფლება, რომელიც მალე მთელ დედამიწაზე იმმართველებს (დანიელი 2:44; მათე 24:3, 14). იესოს სიტყვების თანახმად, აღსასრული მაშინ მოვიდოდა, როცა სამქადაგებლო საქმიანობა დასრულდებოდა. შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, რომ პირველი, რასაც ღმერთი გააკეთებს, არის ის, რომ გაანადგურებს ცრუ რელიგიას, რომელიც ღმერთზე სიცრუეს ასწავლის. ბიბლიაში ცრუ  რელიგია გაიგივებულია მეძავთან, რომელიც „დიდი ბაბილონის“ სახელით არის მოხსენიებული (გამოცხადება 17:1, 5; იხილეთ ჩარჩო  „რა იგულისხმება დიდ ბაბილონში?“, გვერდი 13).

წინასწარმეტყველება 1:

„მოვა მისი [დიდი ბაბილონის] წყლულები, სიკვდილი, გლოვა და შიმშილობა და ცეცხლში დაიწვება, რადგან ძლიერია იეჰოვა ღმერთი, მისი გამსამართლებელი“ (გამოცხადება 18:2, 8).

შესრულება: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დანიშნულ დროს ღმერთი აღძრავს პოლიტიკურ მმართველებს, აღდგნენ დიდი ბაბილონის წინააღმდეგ და გაანადგურონ. ისინი „ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ“ (გამოცხადება 17:16). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი სააშკარაოზე გამოიტანენ მის სამარცხვინო საქმეებს და დიდძალ სიმდიდრეს წაართმევენ. მისი განადგურება იმდენად სწრაფად და სრულად მოხდება, რომ კვალიც კი აღარსად დარჩება (გამოცხადება 18:21).

პოლიტიკურმა ლიდერებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ისინი თავად მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე. მაგრამ ამ საოცარი წინასწარმეტყველების შესრულება იმის დასტური იქნება, რომ სიმბოლური ბაბილონის განადგურებაში ღვთის ხელი ურევია, ‘რადგან ღმერთი მათ გულებში ჩაუდებს, რომ განახორციელონ მისი აზრი’ (გამოცხადება 17:17).

წინასწარმეტყველება 2:

„იმ მეფეების [აღსასრულის პერიოდში მოღვაწე პოლიტიკური მმართველების] დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს . . . ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს [მიწიერ ხელისუფლებებს], თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).

შესრულება: ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ, ღმერთი ყურადღებას პოლიტიკურ და კომერციულ ორგანიზაციებზე და ბოროტ ადამიანებზე გადაიტანს (იგავები 2:22; გამოცხადება 19:17, 18). დიდი მამულების მეპატრონე უდავოდ დაითხოვდა სამუშაოდან იმ დაქირავებულ მუშებს, რომლებიც  უდიერად ეპყრობიან მის ქონებას. მსგავსადვე, ღმერთიც მოსპობს „დედამიწის მომსპობთ“. ის ასევე გაანადგურებს ძალადობისა და უზნეობის მოყვარულებს (გამოცხადება 11:18; რომაელები 1:18, 26—29).

ვინ გადარჩება? ბიბლიაში ვკითხულობთ: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11; 72:7).

სანდოა ბიბლიური წინასწარმეტყველებები? მართლა მოსპობს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას და გადაარჩენს მართლებს? ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ეს ასე მოხდება!

ღვთის წინასწარმეტყველებები სანდოა

იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ბიბლიის ავტორი იეჰოვა ღმერთია და ის თავის დაპირებებს აუცილებლად შეასრულებს (2 ტიმოთე 3:16). რატომ არიან ისინი ასე ღრმად დარწმუნებულნი ამაში?

წარმოიდგინეთ, გყავთ მეგობარი, რომელთანაც მთელი ცხოვრება მეგობრობთ. იცით, რომ მას უყვარხართ და არასოდეს მოუტყუებიხართ. თუ ის გეტყოდათ, რომ თქვენთვის რაღაც კარგის გაკეთებას აპირებს, თანაც ისეთის, რაც მის შესაძლებლობებს არ აღემატება, არ დაიჯერებდით? ღმერთი კი ნებისმიერ მეგობარზე უფრო სანდოა. მან „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტე 1:2).

ღმერთს არ სურს, რომ მისი ბრმად გვწამდეს. ამიტომ მან აღძრა ბიბლიის დამწერები, დაეწერათ მრავალი წინასწარმეტყველება, რომელთა შესრულებაც მხოლოდ მას, ყოვლადძლიერ ღმერთს შეუძლია. ამ წინასწარმეტყველებებიდან ზოგიერთი და მათი საოცარი შესრულება განხილულია ამ სერიის პირველ ექვს სტატიაში . ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ღმერთი შეასრულებს სხვა წინასწარმეტყველებებსაც, მათ შორის მათაც, რომლებზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ.

დიახ, ჩვენი შემოქმედი ბოლოს მოუღებს ცრუ რელიგიას, უსამართლო მმართველობებს და ხარბ კომერციულ სამყაროს. გაინტერესებთ, რა მოხდება ყოველივე ამის შემდეგ? ამას მომდევნო ნომრიდან გაიგებთ. მასში მოცემული იქნება ამ რვანაწილიანი რუბრიკის ბოლო სტატია.

ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ცრუ რელიგიას, უსამართლო მმართველობებს და ხარბ კომერციულ სამყაროს