ვინ შექმნა?
აგამა ხვლიკის კუდი
ჰორიზონტალური ზედაპირიდან ვერტიკალურ კედელზე ახტომა აგამა ხვლიკისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ თუ ზედაპირი სრიალაა, მას უჭირს მოჭიდება, თუმცა მაინც წარმატებით აღწევს მიზანს. როგორ? საიდუმლო მის კუდშია.
დაფიქრდით: როდესაც აგამა ხტება უხეში ზედაპირიდან, რომელზეც ადვილად იყო მოჭიდებული, ის მყარად იჭერს სხეულს და კუდს დაბლა იშვერს. ეს კი მას სასურველი კუთხით ახტომაში ეხმარება. მაგრამ სრიალა ზედაპირიდან ახტომისას უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და სასურველი კუთხის შერჩევა. თუმცა ის კუთხეს ჰაერშივე ასწორებს კუდის მეშვეობით, რომელსაც სწრაფად სწევს მაღლა. ეს პროცესი რამდენჯერმე მეორდება. „ხვლიკებმა ჰაერში განუწყვეტლივ უნდა ამოძრაონ კუდი, რომ სასურველი კუთხე დაიჭირონ“, — ნათქვამია კალიფორნიის უნივერსიტეტის ანგარიშში. რაც მეტად სრიალაა ზედაპირი, ხვლიკმა მით უფრო მაღლა უნდა ასწიოს კუდი, რომ „დაშვება“ წარმატებით განახორციელოს.
აგამას კუდზე დაკვირვებით ინჟინრები ფიქრობენ, შექმნან სწრაფი რობოტები, რომელთაც გამოიყენებენ მიწისძვრებისა თუ სხვა კატასტროფების დროს გადარჩენილთა მოსაძებნად. მკვლევარი ტომას ლიბი აღნიშნავს: „რობოტები არ არიან ისეთი სწრაფები და მოქნილები, როგორც ცხოველები. ნებისმიერი რამ, რამაც შეიძლება რობოტს მდგრადობა შეუნარჩუნოს, უკვე წინსვლად შეიძლება ჩაითვალოს“.
რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით განუვითარდა აგამას ასეთი კუდი თუ ეს უნარი მასში ღმერთმა ჩადო?