ვინ შექმნა?
მფრინავი ალბატროსი
ფრინველებს, რომლებიც ცაში მოხდენილად ლივლივებენ, შეუძლიათ ჰაერში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაჩერდნენ. მოხეტიალე ალბატროსი ამის საუკეთესო მაგალითია. მისი ფრთების შლილი 3,4 მეტრს აღწევს, ხოლო სხეულის წონა 8,5 კილოგრამია. ამ ფრინველს შეუძლია ათასობით კილომეტრი ისე იფრინოს, რომ ძალიან ცოტა ენერგია დახარჯოს. ამის შესაძლებლობას ალბატროსს თავისი აგებულება და ფრენის ტექნიკა აძლევს.
დაფიქრდით: ფრენისას, როდესაც ალბატროსს ფრთები ბოლომდე აქვს გაშლილი, სპეციალური მყესების მეშვეობით მას ფრთები ერთ მდგომარეობაში უშეშდება, რისი წყალობითაც მისი კუნთები ისვენებს. საათობით ჰაერში ყოფნას ალბატროსი იმის წყალობითაც ახერხებს, რომ კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ოკეანის ქარები.
ფრენისას ალბატროსი განუწყვეტლივ ერთსა და იმავე მოძრაობას აკეთებს: მიფრინავს ჯერ მაღლა, შემდეგ კი დაბლა ეშვება. ეს ტექნიკა ეხმარება მას, ჰაერის წინაღობის მიუხედავად სიჩქარე არ დაკარგოს. მეცნიერები სულ ცოტა ხნის წინ მიხვდნენ, თუ რა საიდუმლოს ფლობს ალბატროსი. ადგილმდებარეობის დასადგენი მაღალი ხარისხის აპარატებითა და სპეციალური კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით მათ აღმოაჩინეს, რომ საჭირო ენერგიას ალბატროსი პირქარისა და ზურგის ქარის წყალობით იღებს; ანუ მაღლა აფრენისას მას პირქარი ეხმარება, ხოლო როდესაც უმაღლეს წერტილს მიაღწევს, ზურგის ქარის მეშვეობით დაბლა ეშვება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ფრენისას ენერგიის მიღება შეუფერხებლად და განუწყვეტლივ ხდება. შედეგად, ალბატროსს შეუძლია საათობით ილივლივოს ჰაერში ისე, რომ ფრთები ერთხელაც არ დაიქნიოს.
მოხეტიალე ალბატროსის შესახებ მიღებული ცოდნა შესაძლოა ინჟინრებს დაეხმაროს, შექმნან უპილოტო მფრინავი აპარატი, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს და შესაძლოა ძრავის გარეშეც კი იფრინოს.
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგია ის, რომ ალბატროსს ფრენის ასეთი საოცარი ტექნიკა აქვს, თუ ეს ღვთის დამსახურებაა?