რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები
როგორ მივიღო შენიშვნა
პრობლემა
«როდესაც შენიშვნას გაძლევენ, სინამდვილეში გეუბნებიან, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ. არავინ მეგულება ისეთი, ვინც იტყოდა: „მომწონს, როცა შეცდომაზე მიმითითებენ“» (ემი, 17 წლის). *
გიჭირს შენიშვნის მიღება მშობლებისგან, მასწავლებლებისგან ან სხვებისგან? ეს სტატია დაგეხმარება, გაუმკლავდე ამ პრობლემას.
რა უნდა იცოდე
შენიშვნას ყველა საჭიროებს.
„ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2).
„სასირცხვილო არაფერია იმაში, თუ შენიშვნა გჭირდება მაშინ, როცა რაღაც არასწორს აკეთებ“ (ჯესიკა).
როცა შენიშვნას გაძლევენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ადამიანი ხარ.
„იეჰოვა * იმას შეაგონებს, ვინც უყვარს, როგორც შვილის მოყვარული მამა“ (იგავები 3:12).
„როცა შენიშვნას მაძლევენ, ვცდილობ, ვიფიქრო იმაზე, თუ რა ძალისხმევის ფასად უჯდებათ ეს მათ და რჩევის მოცემით რამხელა სიყვარულს ავლენენ“ (თამარა).
შენიშვნა დაგეხმარება, უკეთესი ადამიანი გახდე.
„მოუსმინე დარიგებას [და] დაბრძენდი“ (იგავები 8:33).
„შენიშვნების გარეშე მოწიფული ადამიანი ვერ გახდები. ეს გეხმარება, გაიგო, რას ფიქრობენ სხვები შენზე და მოიშორო ის უარყოფითი თვისებები, რომლებიც შესაძლოა არც კი იცოდი, რომ გქონდა“ (დიანა).
როგორ შეგიძლია მოიქცე
იყავი ობიექტური. შეიძლება გწყინს, როდესაც შენიშვნას გაძლევენ. მაგრამ ეცადე, ემოციები გვერდზე გადადო. ეს რომ გაგიადვილდეს, ერთი წუთით წარმოიდგინე, რომ შენ აძლევ იმავე შენიშვნას სხვას, მაგალითად, შენს პატარა ძმას ან დას. ახლა თუ ხედავ შენიშვნის დადებით მხარეს? მაშ, ეცადე, ასეთი თვალით შეხედო შენს სიტუაციასაც (ბიბლიური პრინციპი: ეკლესიასტე 7:9).
„ზოგჯერ შეიძლება შენიშვნაზე ძალიან გაბრაზდე და დაგავიწყდეს, რომ ამ ადამიანს შენთვის კარგი უნდოდა და მისი მიზანი სულაც არ ყოფილა შენთვის გულისტკენა“ (ტერესა).
იყავი თავმდაბალი. სიამაყის გამო, უარი არ თქვა შენიშვნის მიღებაზე. არც იმის გამო გაიტეხო გული, რომ რაღაც გაქვს გამოსასწორებელი. თავმდაბლობა დაგეხმარება, არც ერთ უკიდურესობაში არ გადავარდე. გახსოვდეს: შენიშვნა, რომელიც ყველაზე მეტად გტკენს გულს, შეიძლება ზუსტად ის არის, რაც ყველაზე მეტად გჭირდება. თუ რაიმე მიზეზის გამო უარს ამბობ შენიშვნაზე, ხელიდან უშვებ შესაძლებლობას, რომ გახდე მოწიფული ადამიანი (ბიბლიური პრინციპი: იგავები 16:18).
შენიშვნა, რომელიც ყველაზე მეტად გტკენს გულს, შეიძლება ზუსტად ის არის, რაც ყველაზე მეტად გჭირდება
„მოწიფული ადამიანი რომ გახდე, ძალიან მნიშვნელოვანია შენიშვნის გათვალისწინება. თუ არ ვიღებთ შენიშვნას, ვერც მოწიფულები გავხდებით და საკუთარ თავსაც ზიანს მივაყენებთ“ (ლენა).
იყავი მადლიერი. მაშინაც კი, როცა გიჭირს შენიშვნის მიღება, კარგი იქნება, თუ მადლობას გადაუხდი იმ ადამიანს, რომელიც შენიშვნას გაძლევს. დარწმუნებული იყავი, რომ ეს ადამიანი გულწრფელად არის შენით დაინტერესებული და ნამდვილად, სურს, რომ წარმატებული იყო (ბიბლიური პრინციპი: ფსალმუნი 141:5).
„მადლობის თქმით არაფერი დაგიშავდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენიშვნა გჭირდება. მაშინაც კი, თუ არ საჭიროებ შენიშვნას, იყავი მადლიერი იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა მოგცა, რადგან მისთვის ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი შენთან მოსვლა და ამის თქმა“ (კარლა).