არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ჩინეთი

2012 წლისგან განსხვავებით 2013 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პეკინში განქორწინების მაჩვენებელი 41 პროცენტით გაიზარდა. ექსპერტების აზრით, ასეთი სწრაფი ზრდა შეიძლება იმან გამოიწვია, რომ წყვილები ცდილობენ, თავი აარიდონ ახლად დაწესებულ 20 პროცენტიან გადასახადს, რომელიც სახლის გაყიდვის შემთხვევაში მოქმედებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გადასახადი შემცირდეს, თუ განქორწინებული წყვილი ყიდის მეორე სახლს.

მსოფლიო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საკვების ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩართოს კვების რაციონში მწერები. ერთი უახლესი ანგარიშის თანახმად, მწერებს გააჩნიათ მაღალი კვებითი ღირებულება და ისინი ადამიანისთვის არასაკვებ ნივთიერებებს საკვებ ნივთიერებებად გარდაქმნიან. ხალხს ხორცის ნაცვლად შეუძლია საჭმელად ვარგისი მწერები მიირთვას. თუმცა ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ კულტურაში მწერების საკვებად გამოყენება ზიზღს იწვევს.

კანადა

ხელოვნური განაყოფიერების კლინიკები იურიდიული და მორალური დილემის წინაშე დგანან და არ იციან, რა უყონ იმ გაყინულ ემბრიონებს, რომელთა მფლობელებიც არსად ჩანან. მხოლოდ ერთი კლინიკის მონაცემებით, მათ შენახული აქვთ 1 000 სიცოცხლისუნარიანი ემბრიონი, რომლებიც ეკუთვნის იმ პაციენტებს, რომელთაც ინ-ვიტრო განაყოფიერება გაუკეთდა და შემდეგ „უგზო-უკვლოდ გაქრნენ“.

ირლანდია

2013 წლამდე ირლანდიაში მცხოვრებ კათოლიკეებს ქორწინებისას უნდა აერჩიათ, რელიგიური ხასიათის ცერემონიალი სურდათ თუ სამოქალაქო; მაგრამ ამავე წელს მათთვის ხელმისაწვდომი გახდა განსხვავებული საქორწილო ცერემონიალი, რომელიც მათ ჰუმანისტთა ორგანიზაციამ შესთავაზა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რომ „გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც უფრო მეტი სურთ, ვიდრე უბრალოდ ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაცია და ამასთანავე არ უნდათ, რომ ქორწინებისას რელიგიური ცერემონიალი ჩატარდეს; ამან კი დიდი რიგი დააყენა“ ჰუმანისტებთან, რომლებიც ქორწინების ამ ახალ და განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობენ.