ვინ შექმნა?
გასტროენტერული ინკუბაციის ბაყაყის რეპროდუქციული სისტემა
ავსტრალიურ გასტროენტერულ ინკუბაციის ბაყაყს, რომელსაც 2002 წლიდან გადაშენებულად მიიჩნევენ, გამრავლების უცნაური უნარი ჰქონდა. მდედრი ბაყაყი განაყოფიერებულ კვერცხებს ყლაპავდა, რის შემდეგაც დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში კუჭში ხდებოდა მათი ინკუბაცია. ამის შემდეგ მდედრი პირიდან შობდა უკვე სრულად განვითარებულ ბაყაყებს.
იმისათვის, რომ კვერცხები არ მოენელებინა, დედა ბაყაყს არა მარტო ჭამა უნდა შეეწყვიტა, არამედ კუჭის წვენის გამოყოფაც. როგორც ჩანს, კვერცხებისა და თავკომბალების მიერ გამოყოფილი ქიმიური ნივთიერება აფერხებდა კუჭის წვენის გამოყოფას.
მდედრის კუჭში დაახლოებით 24 კვერცხი იჩეკებოდა. იმ დროისთვის, როცა დედას უნდა ეშვა პატარა ბაყაყები, ისინი მისი საერთო წონის 40% შეადგენდნენ. ეს იმის მსგავსია, რომ ქალი, რომელიც დაფეხმძიმებამდე 68 კგ იწონიდა, ფეხმძიმობის დროს მუცლით ატაროს 24 ბავშვი, რომელთაგან თითოეულის წონა 1,8 კილოგრამია. პატარა ბაყაყები იმ დონემდე ბერავდნენ დედის მუცელს, რომ მას ფილტვები ეთიშებოდა და კანით უწევდა სუნთქვა.
დედა პატარებს ჩვეულებრივ რამდენიმე დღის განმავლობაში მათი მომწიფების მიხედვით შობდა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე საფრთხეს იგრძნობდა, ის მათ ერთიანად ამოაღებინებდა. ერთხელ მკვლევრები შეესწრნენ ფაქტს, თუ როგორ ამოისროლა დედამ პირიდან 6 პატარა ბაყაყი დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე.
თუ გასტროენტერული ინკუბაციის ბაყაყის რეპროდუქციული სისტემა ევოლუციის შედეგად განვითარდა, როგორც ამას ზოგი აცხადებს, მაშინ მას სწრაფად და ძირეულად უნდა მოეხდინა როგორც ფიზიკური, ისე ქცევითი ცვლილებები. „წარმოუდგენელია, რომ რეპროდუქციის ასეთი სისტემა ნელ-ნელა განვითარებულიყო. ასეთი სისტემა ან ეფექტურად მუშაობს ან საერთოდ არ მუშაობს“, — ამბობს ევოლუციონისტი და მეცნიერი მაიკლ ტაილერი. ის ერთადერთ შესაძლო ახსნად „ერთ დიდ ნახტომს“ მიიჩნევს. ზოგი ამ დიდ ნახტომს შემოქმედებას უწოდებს. *
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განვითარდა გასტროენტერული ინკუბაციის ბაყაყის რეპროდუქციული სისტემა თუ შემოქმედების გზით?
^ აბზ. 7 თავის წიგნში „სახეობათა წარმოშობა“ ჩარლზ დარვინი აღნიშნავს: „ბუნებრივი გადარჩევის შედეგად თანდათანობით ხდება ცვლილებები; ბუნება დიდ ნახტომს არასოდეს აკეთებს“.