ინტერვიუ | ვენლონგ ჰი
ფიზიკოსი მოგვითხრობს თავის რწმენაზე
ვენლონგ ჰიმ ფიზიკის შესწავლა ჩინეთში, ძიანსუს პროვინციის ქალაქ სუჯოუში დაიწყო. ის საერთაშორისო ტექნოლოგიური ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრია და ათობით ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურაში. ამჟამად ვენლონგ ჰი შოტლანდიაში, სტრატკლაიდის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. ახალგაზრდობაში ის ევოლუციის თეორიას იზიარებდა, მაგრამ მოგვიანებით დაასკვნა, რომ სიცოცხლე შემოქმედის მიერ იყო შექმნილი. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მას ინტერვიუ ჩამოართვა.
რას გვეტყვით თქვენს ბავშვობაზე?
დავიბადე 1963 წელს ჩინეთში ძიანსუს პროვინციაში, მდინარე იანძის სამხრეთით მდებარე ერთ სოფელში. ამ სუბტროპიკულ მხარეში კარგი მოსავალი მოდის, რის გამოც მას ხშირად ბრინჯისა და თევზის ქვეყანას უწოდებენ. ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი, თუ რის წყალობით იყო ბუნებაში ამდენი გემრიელი საკვები. ნუთუ ეს ყველაფერი თავისით გაჩნდა? ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი? ჩინეთში ათეიზმი დომინირებს, ამიტომ, სკოლაში ევოლუციის თეორიას გვასწავლიდნენ.
თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?
ჩემი მშობლები ათეისტები იყვნენ. დედა სოფლის მეურნეობას ეწეოდა, მამა არქიტექტორი იყო და საკუთარი სამშენებლო კომპანია ჰქონდა. ხუთ ძმაში უფროსი მე ვიყავი. სამწუხაროდ, ორი ძმა ახალგაზრდობის ასაკში დამეღუპა, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. ხშირად ვფიქრობდი: რატომ კვდებიან ადამიანები? ნეტავ ისევ ვნახავ ჩემს ძმებს?
რატომ დაინტერესდით ფიზიკით?
მაოცებდა ბუნება და მასზე დაკვირვება. ვფიქრობდი, რომ ფიზიკა გამცემდა იმ კითხვებზე პასუხს, რომლებიც ბავშვობიდან მოსვენებას არ მაძლევდა.
რომელი მიმართულებით აწარმოებთ კვლევებს?
ვიკვლევ გზებს, თუ როგორ შეიძლება დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის სიჩქარე სინათლის სიჩქარეს მიუახლოვდეს. ეს ატომების აგებულების შესწავლაში მეხმარება. ვიკვლევ იმასაც, თუ როგორ შეიძლება მაღალი სიმძლავრის გამოსხივების მიღება, რომლის სიხშირის დიაპაზონიც იმერყევებს მიკროტალღური გამოსხივების სიხშირესა და ინფრაწითელი გამოსხივების სიხშირეს შორის. მართალია, ჩემი კვლევები კომერციულ ინტერესებს უკავშირდება, მაგრამ იმის გაგებაც ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ მიეცა სამყაროს დასაბამი.
როგორ დაინტერესდით ბიბლიით?
1998 წელს სახლში ორი იეჰოვას მოწმე მესტუმრა. შემომთავაზეს, რომ ჩემს კითხვებზე პასუხს ბიბლიიდან გასცემდნენ. საუბარში ჩემი მეუღლე, ჰუაბიც ჩაგვერთო, რომელიც აგრეთვე მეცნიერ-მკვლევარია. ადრე ბიბლია თვალით არ გვქონდა ნანახი; გავოცდით, როცა ვნახეთ, რამდენად პრაქტიკული რჩევები იყო მასში მოცემული. შევამჩნიეთ, რომ იმ ცოლ-ქმარს, რომელიც ჩვენ გვესაუბრებოდა, ბედნიერი და მშვიდი ოჯახი ჰქონდა, რადგან ბიბლიურ პრინციპებს იყენებდნენ. მაგრამ ბიბლიაში ღმერთზე ნათქვამმა კვლავ დამაწყებინა ფიქრი იმაზე, მართლა მან შექმნა თუ არა სამყარო. ფიზიკოსი ვარ და ბუნებრივია, კარგად უნდა ვერკვეოდე ფიზიკის კანონებში. ამიტომ გადავწყვიტე, ფაქტები ზედმიწევნით შემესწავლა.
ფიზიკოსი ვარ და ბუნებრივია, კარგად უნდა ვერკვეოდე ფიზიკის კანონებში. ამიტომ გადავწყვიტე, ფაქტები ზედმიწევნით შემესწავლა.
რა ფაქტები გაქვთ მხედველობაში?
პირველი, ვიცოდი, რომ ჩაკეტილ სისტემაში რთული და მაღალორგანიზებული წესრიგი ვერ წარმოიშობოდა და ვერ შენარჩუნდებოდა გარეგანი ზემოქმედების გარეშე. ეს გახლავთ თერმოდინამიკის მეორე კანონი. იმის გამო, რომ სამყაროში და დედამიწაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესები მოწესრიგებულად მიმდინარეობს, დავასკვენი, რომ ამ ყველაფრის უკან გარეგანი ძალა, ანუ შემოქმედი იდგა. მეორე ფაქტი ის იყო, რომ სამყარო და დედამიწა თურმე კონკრეტული მიზნისთვის, სიცოცხლისთვის, ყოფილა შექმნილი.
შეგიძლიათ მოიყვანოთ მაგალითები?
დედამიწაზე სიცოცხლე მზის ენერგიაზეა დამოკიდებული. ეს ენერგია სივრცეში რადიაციის სახით ვრცელდება. ის დედამიწამდე ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით აღწევს, რომელთაც სიგრძის ფართო სპექტრი აქვთ. ყველაზე მოკლეა მომაკვდინებელი გამა გამოსხივება, შემდეგ მოდის რენტგენული გამოსხივება, ულტრაიისფერი სხივები, ხილული სინათლე, ინფრაწითელი გამოსხივება, მიკროტალღები და ყველაზე გრძელი რადიოტალღები. საოცარია, რომ ატმოსფერო არ უშვებს ჩვენამდე საზიანო გამოსხივებას, მაშინ როცა, საჭირო სხივები თავისუფლად აღწევს დედამიწამდე.
რატომ მოახდინა ამ ფაქტმა თქვენზე შთაბეჭდილება?
ძალიან დამაინტერესა შემოქმედების შესახებ ბიბლიის პირველივე გვერდზე მოთხრობილმა ისტორიამ და იქ მოხსენიებულმა სინათლემ. იქ წერია: «თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს სინათლე“. და გამოჩნდა სინათლე». * მზის ენერგიის ნაწილს, თითქმის ნახევარს, ხილული სინათლე წარმოადგენს. ის აუცილებელია სიცოცხლის არსებობისთვის. მცენარე სინათლის გარეშე ნაყოფს ვერ გამოიღებს, სინათლის გარეშე ვერაფერს დავინახავდით. ის, რომ შეგვიძლია სინათლის დანახვა, შემთხვევითობას არ უნდა მივაწეროთ. კიდევ უფრო გასაოცარი ის გახლავთ, რომ ჩვენს პლანეტამდე ულტრაიისფერი სხივების მხოლოდ მცირე რაოდენობა აღწევს.
რით არის ეს საოცარი?
ზოგიერთი სახის ულტრაიისფერი სხივები სიცოცხლისთვის საშიშია. ჩვენს კანს ულტრაიისფერი სხივების მცირე რაოდენობა სჭირდება, რომ D ვიტამინი გამოიმუშაოს. ეს ვიტამინი აუცილებელია ძვლების სიმტკიცისთვის და აგრეთვე გვიცავს კიბოსა და სხვა დაავადებებისგან. თუმცა ამ სხივების დიდი რაოდენობით მიღება იწვევს კანის კიბოს და თვალის კატარაქტას. ატმოსფერო დედამიწამდე ულტრაიისფერი სხივების მხოლოდ მცირე ნაწილს ანუ ზუსტად საჭირო რაოდენობას უშვებს. ჩემთვის ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ ვიღაცამ დედამიწა იმ მიზნით შექმნა, რომ მასზე სიცოცხლეს ეარსება.
დროთა განმავლობაში მე და ჰუაბი დავრწმუნდით, რომ არსებობდა შემოქმედი და ბიბლია მისი შთაგონებით იყო დაწერილი. 2005 წელს იეჰოვას მოწმეები გავხდით და ახლა ბიბლიურ სწავლებებს სხვებს ვუზიარებთ.