არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები

როგორ გავუძლო ცდუნებას

როგორ გავუძლო ცდუნებას

პრობლემა

«ხანდახან გოგოები ტელეფონის ნომერს მთხოვენ და მეუბნებიან, რომ ჩემთან უნდათ ერთი ღამის გატარება. უარს ვეუბნები და იქაურობას ვტოვებ. მაგრამ ზოგჯერ მიფიქრია: „რა მოხდებოდა, ნომერი რომ მიმეცა?“ სიმართლე რომ ვთქვა, ზოგი ისეთი ლამაზია, შეიძლება გაიფიქრო: „რატომაც არა?“» — 16 წლის კარლოსი. *

კარლოსის მსგავსად შენც ხომ არ ებრძვი ცდუნებას? თუ ასეა, იცოდე, რომ შენც შეგიძლია გაიმარჯვო.

რა უნდა იცოდე

თუ ცდუნებას აჰყვები, ეს ტკივილის მეტს არაფერს მოგიტანს

ცდუნებას ყველა შეიძლება დაჰყვეს, ზრდასრული ადამიანიც კი. ცდუნება შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს. მოციქული პავლე ახალგაზრდა აღარ იყო, როცა დაწერა: „მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი, მაგრამ ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“ (რომაელები 7:22, 23). დიდი ზეწოლის მიუხედავად, პავლე ცდილობდა, წინ აღდგომოდა ცდუნებას. ეს შენც შეგიძლია! მართლაც, რატომ უნდა დაემონო სურვილებს? (1 კორინთელები 9:27). თუ ახალგაზრდობიდანვე ისწავლი, როგორ გაუძლო ცდუნებას, დღესვე თავიდან აირიდებ ბევრ პრობლემას და შეიძენ მნიშვნელოვან თვისებებს, რომლებიც ყოველთვის გამოგადგება.

მასმედია არასწორ სურვილებს უფრო მეტად გვიღვივებს. ბიბლია საუბრობს „ახალგაზრდულ სურვილებზე“, რომლებიც ისედაც საკმაოდ ძლიერია (2 ტიმოთე 2:22). მაგრამ ფილმები, ტელე-გადაცემები, მუსიკა და წიგნები, რომლებიც ახალგაზრდებზეა გათვლილი, ხშირად ისეთ შუქში წარმოაჩენს ახალგაზრდული სურვილების დაკმაყოფილებას, რომ თითქოს ეს სავსებით ნორმალური და მისაღებია. მაგალითად, თუკი ფილმის გმირები შეყვარებულები არიან, უეჭველია, რომ ფილმის რომელიღაც მონაკვეთში მათ სექსიც ექნებათ. თუმცა ბიბლია ამბობს, რომ ქალსა და მამაკაცს შეუძლიათ არ აჰყვნენ ხორციელ სურვილებს (1 პეტრე 2:11). ეს იმას ნიშნავს, რომ შენც შეგიძლია წინ აღუდგე ცდუნებას. მაგრამ როგორ?

რა შეგიძლია გააკეთო

უნდა იცოდე შენი სუსტი მხარეები. ჯაჭვი ადვილად გაწყდება თუ მასში ერთი რგოლი მაინც სუსტია. მსგავსადვე, შენი გადაწყვეტილება — აკეთო ის, რაც სწორია — შეიძლება შენში არსებულმა „სუსტმა რგოლმა“ შეგაცვლევინოს. როდის გჭირდება ყველაზე მეტად სიფრთხილის გამოჩენა? (ბიბლიური პრინციპი: იაკობი 1:14).

წინასწარ იფიქრე, რა შეიძლება იყოს შენთვის საცდური. იფიქრე იმაზე, თუ რა სიტუაციებში შეიძლება აღმოჩნდე ცდუნების წინაშე და როგორ დაძლევ მას (ბიბლიური პრინციპი: იგავები 22:3).

იყავი მტკიცე. ბიბლია მოგვითხრობს, რომ როდესაც იოსები სექსუალური უზნეობის ჩადენის წინაშე დადგა, თქვა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (დაბადება 39:9). ფრაზა „როგორ ჩავიდინო“, იმაზე მიუთითებს, რომ იოსებს კარგად ესმოდა, რა იყო სწორი და რა — არასწორი. შენც გესმის ეს?

შეიძინე კარგი მეგობრები. ბევრ ცდუნებას აირიდებ თავიდან, თუ ისეთი მეგობრების გარემოცვაში იქნები, რომლებიც შენს ზნეობრივ ფასეულობებს იზიარებენ. ბიბლია ამბობს: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20).

მოერიდე სიტუაციებს, სადაც გაგიჭირდება, გაუძლო ცდუნებას. მაგალითად:

  • არ დარჩე მარტო საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან.

  • არ გამოიყენო ინტერნეტი ისეთ დროს ან ისეთ ადგილას, როცა მეტი იქნება პორნოგრაფიის ყურების ცდუნება.

  • შორს დაიჭირე თავი ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც სიტყვებითა და მოქმედებებით ცუდ საქციელს მიმზიდველად წარმოაჩენენ.

ცდუნების თავიდან ასარიდებლად რომელ რჩევებს გამოიყენებდი? (ბიბლიური პრინციპი: 2 ტიმოთე 2:22).

დახმარებისთვის ღმერთს მიმართე ლოცვით. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „განუწყვეტლივ ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“ (მათე 26:41). იეჰოვა ღმერთს სურს, გაუძლო ცდუნებას და გეხმარება კიდეც ამ მიზნის მიღწევაში. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი „არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13).

^ აბზ. 4 სახელი შეცვლილია.