არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | დღესაც აქტუალურია ბიბლია?

მარად გამოსადეგი ფასეულობები — პატიოსნება

მარად გამოსადეგი ფასეულობები — პატიოსნება

ბიბლიური პრინციპი: „[ღმერთო] ვინ გესტუმრება კარავში? . . . ვინც უბიწოდ დადის, სიმართლეს აკეთებს და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში“ (ფსალმუნი 15:1, 2).

რით არის კარგი: ადამიანების უმეტესობა აფასებს პატიოსნებასა და ერთგულებას. მაგრამ როგორ იქცევიან მაშინ, როცა იმის შესაძლებლობა ეძლევათ, რომ უპატიოსნო საქციელით მოგება ნახონ და თანაც ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს? ასეთ დროს გადამწყვეტ როლს გული — ჩვენი შინაგანი პიროვნება — თამაშობს.

რაკელი, რომელიც შესყიდვების მენეჯერია, ამბობს: „რამდენიმე დისტრიბუტორი ჩემს მოქრთამვას შეეცადა; ისინი მეუბნეობდნენ, რომ თუ მათ პროდუქციას შევიძენდი, ფასდაკლებას გამიკეთებდნენ, ჩემი კომპანია კი იგივე საფასურს გადაიხდიდა. მაგრამ მე მახსოვდა ბიბლიის თვალსაზრისი პატიოსნებაზე და მათ უარი ვუთხარი. როცა ეს ამბავი ჩემმა უფროსმა შეიტყო, უფრო მეტი ნდობა გამომიცხადა“.

თუ რაკელი ცდუნებას აჰყვებოდა, შეიძლება რაღაცა პერიოდის განმავლობაში კარგი მოგება ენახა. მაგრამ რა მოხდებოდა მაშინ, თუ ამას მისი უფროსი გაიგებდა? შეინარჩუნებდა რაკელი სამუშაოს? ან ადვილად იშოვიდა ახალ სამსახურს? რაკელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა სინდისი და ღირსების გრძნობა იყო. იგავების 22:1-ში ნათქვამია: „კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია, კეთილგანწყობის მოპოვება ოქრო-ვერცხლზე უკეთესია“.

ჯესიმ პატიოსანი თანამშრომლის რეპუტაცია მოიპოვა

ჯესიმაც პატიოსნებითა და სანდოობით კარგი სახელი მოიპოვა დამსაქმებლის თვალში. როგორ დაჯილდოვდა მისი პატიოსნება? ის კომპანიის მენეჯერი გახდა და უფრო თავისუფალი გრაფიკი ჰქონდა, რის გამოც მეტი დრო რჩებოდა ცოლ-შვილისა და სულიერი საქმეებისთვის.

ზოგი დამსაქმებელი, როდესაც თანამშრომლებს ეძებს, პატიოსნებით გამორჩეულ ორგანიზაციებს მიმართავს. მაგალითად, ფილიპინებზე ერთი კომპანიის მენეჯერმა წერილი მისწერა იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ ფილიალს, სადაც მოწმეებს სამუშაოდ იწვევდა. ის წერდა: „ისინი შრომისმოყვარეობით, პატიოსნებითა და ერთგულებით გამოირჩევიან“. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამისთვის დიდება იეჰოვა ღმერთს ეკუთვნის, რომელიც გვასწავლის, შევიძულოთ ის, რაც ცუდია და შევიყვაროთ ის, რაც კარგია (ამოსი 5:15).