გონივრულად იყენებთ ციფრულ მოწყობილობებს?
ჯენი ერთ ვიდეო თამაშს ძალიან მიეჯაჭვა. „დღეში რვა საათს ვთამაშობ. ვხვდები, რომ ეს სერიოზულ პრობლემად მექცა“, — ამბობს ის.
დენისმა გადაწყვიტა, შვიდი დღე არ გაჰკარებოდა ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტს. მაგრამ მან 40 საათზე მეტი ვერ გაძლო.
ჯენი და დენისი მოზარდები არ გეგონოთ. ჯენი 40 წლისაა და ოთხი შვილის დედაა, დენისი კი 49 წლის კაცია.
თქვენც იყენებთ ციფრულ მოწყობილობებს? * ბევრი ამ კითხვას დადებითად უპასუხებს და ერთი მხრივ, ეს კარგიც არის. ელექტრონული მოწყობილობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასაქმების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა თუ გართობის სფეროებში.
თუმცა, ჯენისა და დენისის მსგავსად ბევრი ტექნიკას უზომოდ დიდ დროს უთმობს. მაგალითად, 20 წლის ნიკოლი ამბობს: „ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მე და ჩემი ტელეფონი საუკეთესო მეგობრები ვართ. ყოველთვის ვამოწმებ, თან მაქვს თუ არა. ჭკუიდან გადავდივარ, როცა ქსელი მიუწვდომელია. ყველაზე დიდი ნახევარი საათი გავძლო, ერთი სული მაქვს, როდის შევამოწმებ მესიჯებს. ცოტა არ იყოს, სასაცილო დღეში ვარ“.
ზოგი მთელი ღამე ამოწმებს მესიჯებს და ახალ ინფორმაციებს. და იმ შემთხვევაში, თუ „ციფრული მეგობარი“ გვერდით არა ჰყავს, შეიძლება „ლომკაში“ ჩავარდეს. ზოგი სპეციალისტი ასეთ მდგომარეობას ტექნიკაზე
„დამოკიდებულებას“ უწოდებს — იქნება ეს ზოგადად ციფრულ მოწყობილობებზე, უფრო მეტად ინტერნეტზე თუ რომელიმე კონკრეტულ მოწყობილობაზე, მაგალითად, სმარტფონზე. სხვები ერიდებიან სიტყვა „დამოკიდებულების“ გამოყენებას და ადამიანის მიჯაჭვულობას ტექნიკაზე უწოდებენ პრობლემას, მავნე ჩვევას ან აკვიატებას.რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, ტექნიკის არაგონივრულად გამოყენებამ, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. ზოგჯერ ის ბარიერს ქმნის ოჯახის წევრებს შორის. მაგალითად, ერთი 20 წლის გოგონა ჩივის: „მამაჩემმა ჩემი ცხოვრების შესახებ უკვე აღარაფერი იცის. ის ოთახში ზის, იმეილებს წერს და თან მე მელაპარაკება. ტელეფონს ხელიდან ვერ უშვებს. ვიცი, რომ მისთვის სულერთი არა ვარ, მაგრამ ზოგჯერ ამაში უკვე ეჭვი მეპარება“.
„ციფრული დეტოქსიკაცია“
ტექნიკაზე დამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, სამხრეთი კორეა, შეერთებული შტატები და ჩინეთი დაარსდა „ციფრული დეტოქსიკაციის“ ცენტრები, სადაც ადამიანს რამდენიმე დღის განმავლობაში არანაირი შეხება არა აქვს ინტერნეტსა და ციფრულ მოწყობილობებთან. 28 წლის ბრეტი ამბობს, რომ იყო დრო, როცა დღეში თითქმის 16 საათი თამაშობდა ონლაინ თამაშებს. ის იხსენებს: „როგორც კი ინტერნეტში შევდიოდი, ისეთ სიამოვნებას ვგრძნობდი, როგორც ნარკომანი წამლის გაკეთების შემდეგ“. როდესაც ბრეტმა სამკურნალოდ ერთ-ერთ ასეთ ცენტრს მიაკითხა, მას აღარც სამსახური ჰქონდა, აღარც ჰიგიენას იცავდა და აღარც მეგობრები ჰყავდა. რა უნდა გააკეთოთ, რომ ამ მდგომარეობამდე არ მიხვიდეთ?
შეამოწმეთ, რამდენ დროს უთმობთ ტექნიკას. დააკვირდით, რა გავლენას ახდენს ტექნიკა თქვენზე. საკუთარ თავს დაუსვით შემდეგი კითხვები:
-
ხომ არ ვღიზიანდები და კიდევ უფრო უარესი, მდგომარეობიდან ხომ არ გამოვდივარ, როცა ინტერნეტზე ხელი არ მიმიწვდება ან რაღაც მიზეზის გამო ვერ ვიყენებ ელექტრონულ მოწყობილობას?
-
იმაზე მეტ დროს ხომ არ ვუთმობ ინტერნეტს ან რომელიმე ელექტრონულ მოწყობილობას, ვიდრე დაგეგმილი მქონდა?
-
ძილს ხომ არ ვიკლებ იმის გამო, რომ ვერ ვწყდები მესიჯების კითხვას?
-
ტექნიკა ოჯახისგან ხომ არ მრიყავს? ჩემი ოჯახის წევრებიც ასე ფიქრობენ?
თუ ტექნოლოგია იმისგან გაშორებთ, „რაც უფრო მნიშვნელოვანია“, მათ შორის ოჯახის წევრებისგან და სხვა პასუხისმგებლობებისგან, დროა, რამე იღონოთ (ფილიპელები 1:10).
დაადგინეთ გონივრული საზღვრები. რაც უნდა კარგი იყოს, გადაჭარბებული არაფერი ვარგა. ასე რომ, როცა ტექნიკას სამუშაოდ ან გასართობად იყენებთ, დაადგინეთ, რამდენ დროს დაუთმობთ მას და მკაცრად დაიცავით დადგენილი დრო.
რჩევა: დახმარებისთვის ოჯახის წევრს ან მეგობარს მიმართეთ. ბიბლიაში ნათქვამია: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, . . . თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს“ (ეკლესიასტე 4:9, 10).
ნუ დაემონებით ტექნიკას!
ვინაიდან ახალ-ახალი ციფრული მოწყობილობები უფრო აადვილებს ინფორმაციის სწრაფად მიღება-გადაცემას, უდავოა, ეს კიდევ უფრო გაზრდის ტექნიკის არაგონივრულად გამოყენების ალბათობას. ნუ დაემონებით ტექნიკას! თუ „გამოისყიდით თქვენთვის ხელსაყრელ დროს“, შეძლებთ ციფრული მოწყობილობების გონივრულად გამოყენებას (ეფესოელები 5:16).
^ აბზ. 5 ამ სტატიაში „ციფრულ მოწყობილობებში“ იგულისხმება ელექტრონული მოწყობილობები, რომლებსაც აქვს ციფრული ინფორმაციის მიღება-გადაცემის უნარი, მათ შორის, ელექტრონული შეტყობინებების, სატელეფონო ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ვიდეორგოლების, მუსიკის, თამაშებისა და ფოტოების.