რჩევები ოჯახებს | ქორწინება
როცა ცოლ-ქმარს განსხვავებული ინტერესები აქვს
პრობლემა
თქვენ სპორტი გიტაცებთ, თქვენს მეუღლეს კი — წიგნის კითხვა. თქვენ მარჯვე და მოწესრიგებული ხართ, ის კი — არაორგანიზებული. თქვენ ხალხთან ურთიერთობა გიყვართ, მას კი მარტო ყოფნა ურჩევნია.
„ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით, — ეუბნებით საკუთარ თავს. — ნეტა, შეყვარებულობის პერიოდში რატომ ვერ შევნიშნეთ ეს?“.
სხვაობას უთუოდ შენიშნავდით, მაგრამ, ალბათ, მაშინ უფრო დამთმობები იყავით. დათმობა სწორედ ის ძვირფასი თვისებაა, რაც ქორწინებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს სტატია დაგანახვებთ, თუ რამდენად აუცილებელია ამ თვისების გამოვლენა. მოდი, პირველ რიგში, იმ შესაძლო განსხვავებებზე ვისაუბროთ, რაც შეიძლება ცოლ-ქმარს შორის არსებობდეს.
რა უნდა იცოდეთ
ზოგიერთი განსხვავება სერიოზულია. შეყვარებულობის პერიოდი სწორედ იმას ემსახურება, რომ წყვილმა ერთმანეთს შორის არსებული განსხვავებები შენიშნოს. ბევრი სერიოზული განსხვავების აღმოჩენისას დაშორებას ამჯობინებს, რადგან არ სურთ ისეთი ოჯახის შექმნა, სადაც მუდამ უთანხმოება ექნებათ. მაგრამ, რის თქმა შეიძლება უმნიშვნელო განსხვავებებზე, რომელთაც ვერც ერთი წყვილი ვერ გაექცევა?
არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ნორმალურია, თუ მეუღლეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ქვემოთ ჩამოთვლილ მხარეებში:
ინტერესები. „აქტიური დასვენება არასოდეს მხიბლავდა. მაგრამ ჩემს ქმარს ბავშვობიდან უყვარს თოვლიანი მთების დაპყრობა და ტყეში ხეტიალი“, — გვიზიარებს ანა. *
ჩვევები. „ჩემს ცოლს შეუძლია, გვიან დაიძინოს და დილის 5 საათზე ენერგიულად გაიღვიძოს. მაგრამ მე გამოსაძინებლად 7-8 საათი მჭირდება, თორემ მეორე დღეს საშინელ ხასიათზე ვარ“, — აღნიშნავს ბრაიანი.
თვისებები. შესაძლოა თქვენ თავდაჭერილი ხართ, თქვენს მეუღლეს კი პირიქით, უყვარს თავისი აზრებისა თუ გრძნობების შესახებ საუბარი. დეივიდი ამბობს: „ისე გავიზარდე, რომ ჩემს პრობლემებზე არასოდეს მისაუბრია, ჩემი ცოლი კი ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც ყველაფერზე გულღიად საუბრობდნენ“.
განსხვავებულობა ზოგჯერ კარგიც კია. „ჩემი შეხედულება შესაძლოა სწორი იყოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთი სწორი აზრია“, — ამბობს დაქორწინებული ქალი, ელენე.
გამოსავალი
მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს. ადამი გვიზიარებს: „ჩემს ცოლს, კარენს, საერთოდ არ აინტერესებს სპორტი. მაგრამ ზოგჯერ მომყვება ხოლმე თამაშის საყურებლად და ჩემთან ერთად გულშემატკივრობს ჩემს საყვარელ გუნდს. მე კი კარენს ხელოვნების მუზეუმებში დავყვები, რადგან მას ძალიან უყვარს ხელოვნების ნიმუშების თვალიერება. მუზეუმში იმდენ ხანს ვჩერდებით, რამდენსაც ის მოისურვებს. ვცდილობ, ხელოვნებით მეც დავინტერესდე, რადგან მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ (ბიბლიური პრინციპი: 1 კორინთელები 10:24)
გაიფართოვეთ ინტერესის სფერო. ის, რომ თქვენი მეუღლე განსხვავებულად ფიქრობს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი შეხედულება არასწორია. სწორედ ამას მიხვდა ალექსი. ის ამბობს: „ყოველთვის მეგონა, რომ A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელად ერთადერთი სწორი გზა არსებობდა. მაგრამ დაქორწინების შემდეგ მივხვდი, რომ დანიშნულების ადგილამდე მისვლა სხვადასხვა გზით შეიძლება და თავისებურად ყველა კარგია“ (ბიბლიური პრინციპი: 1 პეტრე 5:5).
იყავით რეალისტი. საერთო ინტერესების ქონა იმას არ ნიშნავს, რომ ერთნაირები უნდა იყოთ. ამიტომ ნუ დაასკვნით, რომ თქვენი ქორწინება შეცდომა იყო მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგ საკითხში ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულება გაქვთ. ერთ წიგნში, რომელიც ოჯახებს ეხება, ნათქვამია: „ბევრი თავს იმით იმართლებს, რომ ისინი სიყვარულმა დააბრმავა. თუმცა ყოველი დღე, როცა ერთმანეთის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობთ, ამტკიცებს, რომ განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთი მაინც გიყვართ“ (The Case Against Divorce). ღვთის სიტყვა კი მოგვიწოდებს: „მოუთმინეთ . . . ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13).
შეგიძლიათ ასე მოიქცეთ: ჩამოწერეთ, რა მოგწონთ, რა გიყვართ და რა საერთო ინტერესები გაქვთ თქვენ და თქვენს მეუღლეს. შემდეგ კი დაწერეთ, რაში ვერ ეთანხმებით ერთმანეთს. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ განსხვავებები არც ისე სერიოზულია, როგორც გეგონათ. სიის ჩამოწერა იმის განსაზღვრაშიც დაგეხმარებათ, თუ როდის შეიძლება იყოთ უფრო მომთმენი და თანამდგომი. „ვაფასებ, როცა მეუღლე ჩემს სურვილებს ითვალისწინებს და მხარს მიბამს. ვიცი, მასაც სიამოვნებს, როცა მეც იგივეს ვაკეთებ. ჩემი ცოლის სახეზე ღიმილის ხილვა ნამდვილად მიღირს მსხვერპლის გაღებად“, — გვიზიარებს კენეთი (ბიბლიური პრინციპი: ფილიპელები 4:5).
^ აბზ. 10 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.