„დაუახლოვდით ღმერთს“
„დაუახლოვდით ღმერთს“
„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8, აქ).
1, 2. ა) ჩვეულებრივ, რის გაცხადება უყვართ ადამიანებს? ბ) რა რჩევა მოგვცა იაკობმა და რატომ იყო ეს საჭირო?
„ჩვენთან არს ღმერთი!“. ეს სიტყვები მრავალი ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოსა თუ ჯარისკაცის ფორმას ამშვენებს. „ღმერთზე ვართ მინდობილი“ — ეს ფრაზა კი უთვალავ თანამედროვე მონეტასა თუ ქაღალდის ფულზე გვხვდება. ჩვეულებრივ, ადამიანებს უყვართ იმის გაცხადება, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. ალბათ, ეთანხმებით იმ აზრს, რომ ერთია, ნამდვილად იქონიო ასეთი ურთიერთობა და მეორეა ამის შესახებ ლაპარაკი ან ლოზუნგების გამოფენა.
2 ბიბლიიდან ჩანს, რომ ღმერთთან ურთიერთობა შესაძლებელია, თუმცა ამას ძალისხმევა სჭირდება. პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგიერთ ცხებულ ქრისტიანსაც კი სჭირდებოდა იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობის განმტკიცება. ქრისტიანი ზედამხედველი იაკობი აფრთხილებდა მათ ხორციელი მიდრეკილებების და სულიერი სისუფთავის დაკარგვის შესახებ. რჩევასთან ერთად ის მოუწოდებდა მათ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:1—12, აქ). რა ჰქონდა იაკობს მხედველობაში, როდესაც წერდა „დაუახლოვდით ღმერთს“?
3, 4. ა) რის გახსენება შეეძლო გამოთქმას „დაუახლოვდით ღმერთს“ იაკობის წერილის მკითხველებისთვის, რომლებიც პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ? ბ) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთთან მიახლოება შესაძლებელია?
3 იაკობმა გამოიყენა გამოთქმა, რომელიც მისი წერილის მკითხველთაგან უმრავლესობისთვის ცნობილი იყო. მოსეს რჯულში მოცემული იყო სპეციალური მითითებები მღვდლებისთვის, თუ როგორ უნდა ‘მიახლებოდნენ’ იეჰოვას ხალხის სახელით (გამოსვლა 19:22). ამგვარად, იაკობის წერილის მკითხველებს მიეცათ შეხსენება, რომ დაეფასებინათ იეჰოვასთან მიახლოების შესაძლებლობა. იეჰოვა ხომ ყველაზე აღმატებულია მთელ სამყაროში.
4 სხვა მხრივ, ერთმა ბიბლეისტმა აღნიშნა, რომ: „ეს მოწოდება [იაკობის 4:8, აქ] სავსეა ოპტიმიზმით“. იაკობმა იცოდა, რომ იეჰოვა ყოველთვის სიყვარულით იწვევდა არასრულყოფილ ადამიანებს, მიახლოებოდნენ მას (მეორე ნეშტთა 15:2). იესოს მიერ გაღებულმა მსხვერპლმა იეჰოვასთან მიახლოება უფრო მეტად გახადა შესაძლებელი (ეფესელთა 3:11, 12, სსგ). დღეს ღმერთთან მიახლოების შესაძლებლობა მილიონობით ადამიანს აქვს! მაგრამ, როგორ ვისარგებლოთ ამ ბრწყინვალე შესაძლებლობით? მოდი მოკლედ განვიხილოთ იეჰოვა ღმერთთან მიახლოების სამი საშუალება.
განაგრძეთ ღვთის ‘გაცნობა’
5, 6. როგორ გვიჩვენებს ახალგაზრდა სამუელის მაგალითი, თუ რას ნიშნავს „ვეცნობოდეთ“ ღმერთს?
5 იოანეს 17:3-ის თანახმად, იესომ თქვა: «ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ [„გეცნობოდნენ“, აქ] შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს». ამ მუხლის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ოდნავ განსხვავდება სხვა თარგმანებისგან. მათში ნათქვამია, არა „გეცნობოდნენ“, არამედ უბრალოდ „გიცნობდნენ“ ან „იცნობდნენ“ ღმერთს. მაგრამ, ენათმეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბერძნულ ორიგინალში გამოყენებულ ამ სიტყვას ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. ის აღნიშნავს უწყვეტ პროცესს, რომელსაც შეუძლია ვინმესთან ძალიან დაახლოოს ადამიანი.
6 იესოს დროს უცხო არ ყოფილა ის აზრი, რომ ღმერთთან დაახლოება შესაძლებელია. მაგალითად, ებრაულ წერილებში ვკითხულობთ, რომ სამუელი პატარაობისას „ჯერ კიდევ ვერ სცნობდა . . . უფალს“ (პირველი მეფეთა 3:7). ნიშნავს თუ არა ეს, რომ სამუელმა ღვთის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცოდა? არა. რა თქმა უნდა, მშობლებმა და მღვდლებმა ბევრი რამ ასწავლეს მას. მაგრამ, ერთი სწავლულის თანახმად, აქ მოცემული ებრაული სიტყვა „გამოიყენება ძალიან ახლო ნაცნობობასთან დაკავშირებით“. სამუელი არ იცნობდა ღმერთს ისე კარგად, როგორც მოგვიანებით, როდესაც იეჰოვას წარმომადგენლად მსახურობდა. მაგრამ ზრდასთან ერთად, მან უკეთ გაიცნო იეჰოვა და მასთან პირადი, ახლო ურთიერთობა განავითარა (პირველი მეფეთა 3:19, 20).
7, 8. ა) რატომ არ უნდა გვიკარგავდეს ხალისს ბიბლიის ღრმა სწავლებები? ბ) რომელია ღვთის სიტყვის ზოგი ღრმა სწავლება, რომლის კარგად შესწავლაც გვმართებს?
7 ღებულობთ შემეცნებას იეჰოვას შესახებ, რომ ახლოს გაეცნოთ მას? ამისთვის აუცილებელია, „ინატროთ“ ღვთისგან ბოძებული სულიერი საზრდო (1 პეტრე 2:2). ნუ დასჯერდებით იმას, რომ იცით ბიბლიის ძირითადი სწავლებები. ეცადეთ, ჩასწვდეთ მასში არსებულ უფრო ღრმა სწავლებებს (ებრაელთა 5:12—14). ხომ არ გიკარგავთ ასეთი სწავლებები ბიბლიის შესწავლის სურვილს, რადგან ძალიან რთული გეჩვენებათ? თუ დიახ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა უდიდესი „მოძღვარია“ (ესაია 30:20). მან იცის, როგორ მოგვაწოდოს ასეთი ღრმა საკითხები, რადგან ითვალისწინებს ჩვენს არასრულყოფილ გონებრივ შესაძლებლობებს. იეჰოვა აკურთხებს თქვენს გულწრფელ ძალისხმევას, რომ ჩაწვდეთ იმას, რასაც ის გასწავლით (ფსალმუნი 24:4).
8 კარგი იქნებოდა, თუ შეამოწმებდით, რამდენად კარგად იცით „ღვთის სიღრმეები“ (1 კორინთელთა 2:10). ეს არ არის ერთფეროვანი, მშრალი თემები, რომელთა ირგვლივაც თეოლოგები და სასულიერო პირები კამათობენ. ეს უმნიშვნელოვანესი სწავლებებია, რომლებიც არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევს, ჩავიხედოთ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის გონებასა და გულში. მაგალითად, ისეთი თემების, როგორიცაა გამოსყიდვა, „წმინდა საიდუმლო“ და სხვადასხვა შეთანხმება, რომელთა მეშვეობითაც იეჰოვა აკურთხებდა თავის ხალხს და ასრულებდა თავის განზრახვებს, ასევე სხვა მსგავსი საკითხების პირადად გამოკვლევა და შესწავლა უდიდეს სიამოვნებასა და სარგებლობას მოგვიტანს (1 კორინთელთა 2:7).
9, 10. ა) რატომ არის სიამაყე საშიში და როგორ ავარიდოთ მას თავი? ბ) რატომ გვმართებს თავმდაბლობის გამოვლენა, როდესაც საქმე იეჰოვას შესახებ შემეცნებას ეხება?
9 სულიერი საკითხების ღრმად შესწავლისას ერიდე საფრთხეს — სიამაყეს, რომელიც ცოდნის შეძენას მოჰყვება ხოლმე (1 კორინთელთა 8:1). სიამაყე ანუ გულზვიადობა იმით არის საშიში, რომ ხალხს ღვთისგან აშორებს (იგავნი 16:5; იაკობი 4:6). გახსოვდეთ, არავის აქვს მიზეზი, რომ იამაყოს თავისი ცოდნით. მაგალითისთვის, ყურადღება მიაქციეთ იმ წიგნის წინასიტყვაობას, რომელიც ბოლოდროინდელ მეცნიერულ აღმოჩენებს განიხილავს: „რაც უფრო მეტს ვიგებთ, უფრო მეტად ვხვდებით, რამდენად ცოტა ვიცით . . . რაც ვიცით, არაფერია იმასთან შედარებით, რის სწავლაც მოგვიწევს“. რა სასიამოვნოა ასეთი თავმდაბლური სიტყვების მოსმენა! ახლა, თუ შევეხებით ამოუწურავ შემეცნებას, ანუ შემეცნებას იეჰოვას შესახებ, თავმდაბლობის რამდენად მეტი მიზეზი უნდა გვქონდეს! რატომ?
10 ნახეთ, რას ამბობს ზოგიერთი ბიბლიური მონაკვეთი იეჰოვას შესახებ. „ფრიად ღრმაა შენი ზრახვები“ (ფსალმუნი 91:6). „[იეჰოვას] გონიერება განუზომელია“ (ფსალმუნი 146:5). „გამოუკვლეველია . . . [იეჰოვას] გონება“ (ესაია 40:28, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“). „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე!“ (რომაელთა 11:33). როგორც ჩანს, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ იეჰოვას შესახებ ყველაფერს (ეკლესიასტე 3:11). მან ბევრი ბრწყინვალე რამ გვასწავლა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს. ნუთუ ასეთი პერსპექტივა არ ახდენს ჩვენზე ღრმა შთაბეჭდილებას და არ გვიბიძგებს თავმდაბლობისკენ? ამიტომ, როდესაც ვსწავლობთ, ჩვენი ცოდნა ყოველთვის იეჰოვასთან მისაახლოებლად გამოვიყენოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამის გაკეთებაში; არასოდეს გამოვიყენოთ ცოდნა იმისთვის, რომ სხვებზე აღმატებული გამოვჩნდეთ (მათე 23:12; ლუკა 9:48).
გამოავლინეთ იეჰოვასადმი სიყვარული
11, 12. ა) როგორ უნდა მოქმედებდეს ჩვენზე იეჰოვას შესახებ მიღებული შემეცნება? ბ) როგორ განისაზღვრება ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული?
11 მოციქულმა პავლემ შემთხვევით არ დააკავშირა ერთმანეთთან შემეცნება და სიყვარული. ის წერდა: „ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული შემეცნებასა და შეგრძნებაში“ (ფილიპელთა 1:9). ამიტომ, იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ყოველი ძვირფასი ჭეშმარიტების მიღებამ კი არ უნდა გაგვაამაყოს, არამედ ჩვენი ზეციერი მამისადმი სიყვარულში უნდა გაგვზარდოს.
12 რა თქმა უნდა, მრავალი მხოლოდ ამბობს, რომ უყვარს ღმერთი. შესაძლოა, მათ საკმაოდ გულწრფელი გრძნობები აქვთ. ასეთი გრძნობები კარგი და საქებარია, თუ ის საფუძვლიან ცოდნას უკავშირდება. მაგრამ ეს გრძნობები თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ ნამდვილად უყვართ ღმერთი. რატომ? ყურადღება მიაქციეთ, როგორ განსაზღვრავს ღვთის სიტყვა ასეთ სიყვარულს: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3). ასე რომ, იეჰოვასადმი სიყვარული შეიძლება ნამდვილ სიყვარულად ჩაითვალოს, თუ ის მორჩილებით ვლინდება.
13. როგორ დაგვეხმარება ღვთისმოშიშება იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენაში?
13 ღვთისმოშიშება დაგვეხმარება, დავემორჩილოთ იეჰოვას. ღვთისადმი ასეთი დიდი მოკრძალება და ღრმა პატივისცემა ჩვენში მის გაცნობასთან ერთად ვითარდება, სწორედ მაშინ, როდესაც მის უსაზღვრო სიწმინდეს, დიდებას, ძლიერებას, სამართლიანობას, სიბრძნესა და სიყვარულს ვეცნობით. ასეთი შიში გადამწყვეტი ფაქტორია ღმერთთან მისაახლოებლად. ნახეთ, რა წერია ფსალმუნის 24:14-ში: «საიდუმლო უფლისა [„ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან“, აქ] — მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ». ამიტომ, თუ გვაქვს ჯანსაღი შიში, რომ არ ვაწყენინოთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, შეგვიძლია დავუახლოვდეთ მას. ღვთისმოშიშება დაგვეხმარება, მივიღოთ იგავნის 3:6-ში ჩაწერილი რჩევა: „შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. რას ნიშნავს ეს?
14, 15. ა) როგორი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს ყოველდღიურად? ბ) როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ღვთისმოშიშებას ირეკლავენ?
14 ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, რაზე აპირებთ საუბარს თანამშრომლებთან, თანაკლასელებთან ან მეზობლებთან? (ლუკა 6:45). აპირებთ თუ არა გულდასმით შეასრულოთ თქვენი დავალებები, თუ შეეცდებით, რაც შეიძლება მალე მოიცილოთ ისინი თავიდან? (კოლასელთა 3:23). აპირებთ თუ არა დამეგობრებას მათთან, ვისაც არასაკმარისად ან საერთოდ არ უყვართ იეჰოვა, თუ შეეცდებით სულიერად ძლიერ პიროვნებებთან იქონიოთ ურთიერთობა? (იგავნი 13:20). გსურთ, რომ მცირედით მაინც დაუჭიროთ მხარი სამეფოს ინტერესებს? (მათე 6:33). თუ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას ამ პრინციპებით ხელმძღვანელობთ, მაშასადამე, ყოველნაირად ცდილობთ იეჰოვას შეცნობას „ყოველ [თქვენს] გზაზე“.
15 ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას შემდეგზე უნდა დავფიქრდეთ: რას ელის იეჰოვა ჩემგან? ყველაზე მეტად რა ესიამოვნება მას? (იგავნი 27:11). ღვთისმოშიშების ასეთი გამოვლენა იეჰოვასადმი სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ღვთისმოშიშება ასევე აღგვძრავს, რომ დავიცვათ სულიერი, ზნეობრივი და ფიზიკური სიწმინდე. გაიხსენეთ, რომ იმავე მუხლში, სადაც იაკობი მოუწოდებს ქრისტიანებს, „დაუახლოვდნენ ღმერთს“, იქვე აგრძელებს: „დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო“ (იაკობი 4:8, აქ).
16. რას ვერ მივაღწევთ ვერასდროს იეჰოვასთვის რაიმეს გაღებით, მაგრამ რას ვავლენთ ამით?
16 უდავოდ, იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენა ცუდისგან თავის შეკავებაზე მეტს ნიშნავს. სიყვარული კარგის კეთებისკენ აღგვძრავს. მაგალითად, როგორ ვრეაგირებთ იეჰოვას უსაზღვრო ხელგაშლილობაზე? იაკობი წერდა: „ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან“ (იაკობი 1:17). რა თქმა უნდა, თუ რაიმეს ვაძლევთ იეჰოვას, ამით არ ვამდიდრებთ, რადგან ისედაც მას ეკუთვნის ყველაფერი (ფსალმუნი 49:12). და როდესაც ჩვენს დროსა და ენერგიას ვუძღვნით, ამით მის მოთხოვნილებებს არ ვაკმაყოფილებთ, თითქოს უჩვენოდ ვერაფერს გახდებოდა. თუნდაც უარი გვეთქვა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე, მისი ბრძანებით ქვებიც კი იღაღადებდნენ! მაშ, რატომ უნდა გავიღოთ იეჰოვასთვის ჩვენი სახსრები, დრო და ენერგია? უპირველესად იმიტომ, რომ ასეთი სახით მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით ვავლენთ მისადმი სიყვარულს (მარკოზი 12:29, 30).
17. რა უნდა აღგვძრავდეს, რომ სიხარულით გავცეთ იეჰოვასთვის?
17 როდესაც იეჰოვას ვუძღვნით რაიმეს, ეს სიხარულით უნდა გავაკეთოთ, „ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7). ამაში დაგვეხმარება მეორე რჯულის 16:17-ში მოცემული პრინციპი: „თითოეულმა, რაც შეძლოს, ის უძღვნას უფლის, შენი ღმერთის, კურთხევის კვალობაზე, რაც უფალს შენთვის მოუცია“ („ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“). იეჰოვას ხელგაშლილობაზე ფიქრი გვეხმარება, რომ ჩვენც სიხარულით გავცეთ მისთვის. ეს ისევე ახარებს იეჰოვას, როგორც მშობელს მცირეოდენი საჩუქარი საყვარელი შვილისგან. სიყვარულის ასეთი გამოვლენა დაგვაახლოებს იეჰოვასთან.
დაუახლოვდით ღმერთს ლოცვის მეშვეობით
18. რატომ ღირს იმაზე დაფიქრება, თუ როგორ გავიუმჯობესოთ ლოცვები?
18 ლოცვისთვის დათმობილი დრო ჩვენს ზეციერ მამასთან პირადი და გულღია საუბრის არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევს (ფილიპელთა 4:6). რადგან ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთთან მისაახლოებლად, ღირს, შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, როგორია ჩვენი ლოცვები. აუცილებელი არ არის, რომ ისინი მჭევრმეტყველებითა და მაღალმხატვრულობით გამოირჩეოდეს, არამედ გულწრფელი და გულიდან გამომავალი უნდა იყოს. როგორ გავიუმჯობესოთ ლოცვები?
19, 20. რატომ უნდა დავფიქრდეთ ლოცვამდე და რა საკითხებზე გვმართებს დაფიქრება?
19 ლოცვამდე შეგვიძლია დავფიქრდეთ. თუ წინასწარ დავფიქრდებით, მაშინ ჩვენი ლოცვები კონკრეტული და მრავლისმეტყველი იქნება; ამასთანავე მოვერიდებით ერთი და იმავე, თავში მოსული პირველივე სიტყვების გამეორებას (იგავნი 15:28, 29). შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს იესოს სანიმუშო ლოცვაში მოხსენიებულ საკითხებზე დაფიქრება, რათა ისინი ჩვენს გარემოებას დავუკავშიროთ (მათე 6:9—13). მაგალითად, შეგვეძლო საკუთარი თავისთვის გვეკითხა: რა მცირეოდენი წვლილის შეტანა მსურს დედამიწაზე იეჰოვას ნების შესრულებაში? ნუთუ კარგი არ იქნებოდა იეჰოვას წინაშე გამოგვეხატა ჩვენი სურვილი, რომ მაქსიმალურად გამოგვიყენოს და შემდეგ დახმარება ვთხოვოთ, რომ შევასრულოთ მისგან მიღებული ყველა დავალება? ტვირთად ხომ არ გვაწევს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვა? რა ცოდვების პატიებას ვსაჭიროებთ და ვის მიმართ გვმართებს მიმტევებლობა? რა ცდუნებების წინაშე ვდგავართ და ვაცნობიერებთ თუ არა, რომ ვსაჭიროებთ იეჰოვას დაცვას?
20 გარდა ამისა, შეგვიძლია ვიფიქროთ მათზე, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ იეჰოვას დახმარებას (2 კორინთელთა 1:11). ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს მადლიერების გამოხატვა. თუ შევჩერდებით და დავფიქრდებით ამაზე, უამრავ მიზეზს აღმოვაჩენთ, რომ მადლობა მივუძღვნათ და ყოველდღე განვადიდოთ იეჰოვა მისი უსაზღვრო სიკეთისთვის (მეორე რჯული 8:10; ლუკა 10:21). ამას სხვა სარგებლობაც მოაქვს — ეს გვეხმარება უფრო დადებითად და მადლიერებით ვუყუროთ სიცოცხლეს.
21. რომელი ბიბლიური მაგალითების შესწავლა დაგვეხმარება, რათა ლოცვით დავუახლოვდეთ იეჰოვას?
21 ლოცვების გაუმჯობესებაში შესწავლაც დაგვეხმარება. ღვთის სიტყვაში ერთგული მამაკაცებისა და ქალების ლოცვებია მოცემული. მაგალითად, თუ ჩვენთვის ან ჩვენი ახლობლებისთვის საშიში, დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით, შეგვიძლია წავიკითხოთ ლოცვა, რომელიც იაკობმა წარმოთქვა მაშინ, როდესაც თავის შურისმაძიებელ ძმასთან, ესავთან, შეხვედრას აპირებდა (დაბადება 32:9—12). ან შეგვიძლია განვიხილოთ მეფე ასას ლოცვა, რომელიც მან მაშინ წარმოთქვა, როდესაც ღვთის ხალხს ეთიოპელთა დაახლოებით მილიონიანი არმია ემუქრებოდა (მეორე ნეშტთა 14:10, 11). თუკი საფიქრალში გვაგდებს პრობლემა, რომელიც იეჰოვას წმინდა სახელის შებღალვის საფრთხეს ქმნის, კარგი იქნება, თუ გადავხედავთ ელიას მიერ ქარმელის მთაზე ბაალის თაყვანისმცემლების წინაშე წარმოთქმულ ლოცვას, ან იერუსალიმის სავალალო მდგომარეობის შესახებ ნეემიას მიერ წარმოთქმულ ლოცვას (მესამე მეფეთა 18:36, 37; ნეემია 1:4—11). ასეთი ლოცვების წაკითხვა და მათზე დაფიქრება გვიძლიერებს რწმენას და გვეხმარება იმის დადგენაში, თუ როგორ მივმართოთ იეჰოვას ლოცვაში საუკეთესო სახით ჩვენი საზრუნავის გამო.
22. როგორ ჟღერს 2003 წლის წლიური მუხლი და რა კითხვა უნდა დავუსვათ დროდადრო საკუთარ თავს ამ წლის განმავლობაში?
22 ნამდვილად, არ არსებობს იმაზე მეტი პატივი იაკობი 4:8, აქ). მოდი გავიზარდოთ ღვთის შემეცნებაში, ვეცადოთ, უფრო მეტად გამოვავლინოთ მისადმი ჩვენი სიყვარული და ლოცვების მეშვეობით განვავითაროთ ახლო ურთიერთობა. დაე მთელი 2003 წლის განმავლობაში გვახსოვდეს წლიური მუხლი, იაკობის 4:8, და დავუკვირდეთ საკუთარ თავს, რამდენად რეალურად ვუახლოვდებით იეჰოვას. რის თქმა შეიძლება ამ მუხლის მეორე ნაწილზე? რა გაგებით „მოგიახლოვდებათ თქვენ“ იეჰოვა და რა კურთხევები მოჰყვება ამას? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
და იმაზე უკეთესი მიზანი, ვიდრე მივყვეთ იაკობის რჩევას — „დაუახლოვდით ღმერთს“ (შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რატომ არის იეჰოვასთან დაახლოება სერიოზული საკითხი?
• რა მიზნების დასახვა შეგვიძლია იეჰოვას შესახებ შემეცნების მიღებასთან დაკავშირებით?
• როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად გვიყვარს იეჰოვა?
• რა დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ იეჰოვას ლოცვის მეშვეობით?
[სასწავლო კითხვები]
[ჩანართი 12 გვერდზე]
2003 წლის წლიური მუხლი: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8, აქ).
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
ზრდასთან ერთად, სამუელი უფრო ახლოს ეცნობოდა იეჰოვას.
[სურათი 12 გვერდზე]
ქარმელის მთაზე წარმოთქმული ელიას ლოცვა ჩვენთვის კარგი მაგალითია.