დაე, იეჰოვამ დაიცვას და განამტკიცოს თქვენი ქორწინება!
„თუ იეჰოვა არ იცავს ქალაქს, ტყუილად ფხიზლობს გუშაგი“ (ფსალმ. 127:1ბ).
1, 2. ა) რატომ დაკარგა 24 000-მა ისრაელმა კურთხევები? ბ) რატომ არის ეს შემთხვევა ჩვენთვის გამაფრთხილებელი გაკვეთილი?
ღვთის ერი აღთქმული მიწის ზღურბლთან იდგა, როდესაც ათობით ათასმა მამაკაცმა მოაბელ ქალებთან გარყვნილება ჩაიდინა. შედეგად, იეჰოვამ 24 000 ისრაელი შემუსრა. წარმოიდგინეთ, ეს მოხდა მაშინ, როცა ისრაელები ასე ახლოს იყვნენ ნანატრ მიზანთან — მათ მალე უნდა დაემკვიდრებინათ აღთქმული მიწა! თუმცა ღვთის ხალხი წინ ვერ აღუდგა ცდუნებას და დაკარგა კურთხევები (რიცხ. 25:1—5, 9).
2 ბიბლიაში ეს შემაძრწუნებელი შემთხვევა „ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (1 კორ. 10:6—11). დღეს, ბოლო დღეების მიწურულს, ჩვენც, ღვთის მსახურები, სამართლიანი ახალი ქვეყნიერების ზღურბლთან ვდგავართ (2 ტიმ. 3:1; 2 პეტ. 3:13). სამწუხაროა, რომ იეჰოვას ზოგმა თაყვანისმცემელმა სულიერი სიფხიზლე ვერ შეინარჩუნა, უზნეობის მახეში გაება და მწარე შედეგებიც მოიმკა. რეალურად, ასეთი ადამიანები სასწორზე დებენ თავიანთ მარადიულ კურთხევებს.
3. რატომ სჭირდებათ წყვილებს იეჰოვას ხელმძღვანელობა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
3 ვინაიდან დღევანდელი მსოფლიო უზნეობის ჭაობშია ჩაფლული, წყვილებს მართებთ, იეჰოვას სთხოვონ ხელმძღვანელობა, რათა დაიცვან თავიანთი ოჯახები (წაიკითხეთ ფსალმუნის 127:1). ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, თუ როგორ უნდა დაიცვან წყვილებმა გული, როგორ უნდა დაუახლოვდნენ იეჰოვას, როგორ უნდა შეიმოსონ ახალი პიროვნებით, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან და როგორ უნდა შეასრულონ ქორწინებაში თავიანთი მოვალეობა, რათა მათ ქორწინებას ბზარი არ გაუჩნდეს.
დაიცავით გული
4. რამ მიიყვანა ზოგი ქრისტიანი უზნეო საქციელის ჩადენამდე?
4 შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: რას მიჰყავს ქრისტიანი უზნეო საქციელის ჩადენამდე? ხშირად ყველაფერი თვალიდან იწყება. როგორც იესომ თქვა, „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათ. 5:27, 28; 2 პეტ. 2:14). ზოგი ქრისტიანი ასეთ საქციელამდე იმან მიიყვანა, რომ დაუშვა, ეყურებინა პორნოგრაფიისთვის, წაეკითხა ეროტიკული შინაარსის ლიტერატურა ან ენახა ინტერნეტში განთავსებული უხამსი ვიდეომასალა. ზოგმა თავს უფლება მისცა, ეყურებინა სექსუალური უზნეობის ამსახველი ფილმებისთვის, სასცენო წარმოდგენებისა თუ სატელევიზიო პროგრამებისთვის. ზოგი კი სტუმრობდა ღამის კლუბებს, სტრიპტიზ-ბარებსა და მასაჟის ცენტრებს ეროტიკული მასაჟისთვის.
5. რატომ უნდა დავიცვათ გული?
5 ზოგი დაქორწინებული ცდუნებას იმიტომ აჰყვა, რომ სხვისადმი განივითარა რომანტიკული გრძნობა. ქვეყნიერებაში ხალხი თავაშვებულად ცხოვრობს და მათთვის ყოველგვარი უზნეობა მისაღებია. შესაბამისად, ძალიან ადვილია, რომ დაოჯახებულ ქრისტიანს გულში, რომელიც მაცდური და უმართავია, სხვის მიმართ გაუჩნდეს გრძნობები (წაიკითხეთ იერემიას 17:9, 10). სწორედ ამიტომ თქვა იესომ: „გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა“ (მათ. 15:19).
6, 7. ა) სადამდე მიჰყავს ადამიანი მაცდურ გულს? ბ) როგორ ავირიდოთ თავიდან სავალალო შედეგები?
6 როცა ორი არასრულყოფილი ადამიანის ვერაგ გულში არასწორი სურვილები იდგამს ფესვს, მათ შესაძლოა ერთმანეთთან ისეთ თემებზე საუბარი დაიწყონ, რაზეც მხოლოდ მეუღლეებთან უნდა საუბრობდნენ. ცოტა ხანში ისინი ერთად ყოფნის შესაძლებლობებს ეძებენ და ერთი შეხედვით უწყინარი და, ვითომდა, შემთხვევითი შეხვედრები სისტემატურ ხასიათს იძენს. რაც უფრო ემოციურად დამოკიდებულნი ხდებიან ეს ადამიანები ერთმანეთზე, მით უფრო უძნელდებათ ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ისინი უფრო და უფრო ეჯაჭვებიან ერთმანეთს და უფრო რთულდება თავშეკავება; თუმცა მათ მშვენივრად უწყიან, რომ არასწორად იქცევიან (იგავ. 7:21, 22).
7 ქრისტიანული ფასეულობები თვალსა და ხელს შუა ქრება, როცა ისინი გაუთავებლად საუბრობენ და გასაქანს აძლევენ არასწორ სურვილებს, რასაც მოჰყვება ხელის ხელზე დადება, ამბორი, ალერსი, ვნებიანი ხვევნა-კოცნა და სხვა სახის სექსუალურად აღმგზნები ჟესტები, რაც მხოლოდ ქორწინებაში მყოფ წყვილთათვისაა დასაშვები. მათზე მართლდება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „საკუთარი სურვილი . . . აიყოლიებს და აცდუნებს [მათ] . . . სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“. ეს ცოდვა, ამ შემთხვევაში, სიძვაა (იაკ. 1:14, 15). შემცოდველები ასეთ სავალალო შედეგს თავიდან აირიდებდნენ, თუ გაიზიარებდნენ იეჰოვას თვალსაზრისს ქორწინების სიწმინდესთან დაკავშირებით. მოდი, ქვემოთ ვნახოთ, თუ რა დაეხმარებოდა მათ ამაში?
დაუახლოვდით იეჰოვას
8. რა მხრივ გვეხმარება იეჰოვასთან მეგობრობა ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნებაში?
8 წაიკითხეთ ფსალმუნის 97:10. ზნეობრივი სისუფთავე რომ შევინარჩუნოთ, უმნიშვნელოვანესია, ვიმეგობროთ იეჰოვასთან. თუ ღვთის უძვირფასეს თვისებებს ვეცნობით და ვცდილობთ, მივბაძოთ მას, „როგორც საყვარელმა შვილებმა და ვიაროთ სიყვარულში“, შევძლებთ, უკუვაგდოთ სიძვა და ყოველგვარი უწმინდურება (ეფეს. 5:1—4). დაქორწინებული წყვილები, რომელთაც კარგად ესმით, რომ „მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“, ყველანაირად ცდილობენ, რომ მათი ქორწინება „იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი“ (ებრ. 13:4).
9. ა) რა დაეხმარა იოსებს, რომ უზნეობა არ ჩაედინა? ბ) რას ვსწავლობთ იოსების მაგალითზე?
9 ღვთის ზოგმა ერთგულმა მსახურმა საფრთხე შეუქმნა ქორწინებას იმით, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც აგრძელებდა ურთიერთობას თანამშრომლებთან, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები. თუმცა ქრისტიანი ცდუნებისგან არც სამუშაო საათებშია დაზღვეული. ასეთ შემთხვევას ბიბლიაშიც ვხვდებით. მაგალითად, ახალგაზრდა და წარმოსადეგი ყმაწვილი იოსები სწორედ სამუშაოზე აღმოჩნდა ცდუნების პირისპირ. იოსებს ბატონის ცოლმა დაადგა თვალი და ყოველ ცისმარე დღეს მის ცდუნებას ლამობდა. ერთ დღესაც, «სტაცა ქალმა ხელი ტანსაცმელზე და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“». მაგრამ იოსები მას გაექცა. ჩნდება კითხვა: რა დაეხმარა იოსებს, ეერთგულა თავისი ფასეულობებისთვის და შეწინააღმდეგებოდა ცდუნებას? მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გაფრთხილებოდა იეჰოვასთან ურთიერთობას და შეენარჩუნებინა სიმტკიცე და ერთგულება. მართალია, ღვთის პრინციპების ერთგულების გამო მან სამსახურიც დაკარგა და უსამართლოდაც დააპატიმრეს, მაგრამ იგი იეჰოვამ აკურთხა (დაბ. 39:1—12; 41:38—43). ქრისტიანები, სადაც არ უნდა იყვნენ, იქნება ეს სამსახურში თუ სხვაგან, უნდა მოერიდონ სიტუაციებს, სადაც ცდუნების წინაშე აღმოჩნდებიან.
შეიმოსეთ ახალი პიროვნებით
10. რა მხრივ გვიცავს ახალ პიროვნებად შემოსვა?
10 თუ ქრისტიანი წყვილები ახალი პიროვნებით შეიმოსებიან, „რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“, შეძლებენ, რომ უზნეობას თავი დააღწიონ (ეფეს. 4:24). ვინც ახალ პიროვნებად იმოსება, „კლავს“ თავის სხეულის ნაწილებს: „სიძვას, უწმინდურებას, ვნებას, მავნებელ სურვილებსა და სიხარბეს“ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:5, 6). ბიბლიის ამ მონაკვეთში გამოყენებული სიტყვა „ჩაკალით“ იმაზე მიუთითებს, რომ ვებრძოლოთ უზნეო ხორციელ სურვილებს. წყვილები უნდა მოერიდონ ყველაფერს, რამაც შესაძლოა მათ სხვა პიროვნების მიმართ სექსუალური სურვილები აღუძრათ (იობ. 31:1). ამრიგად, თუ ღვთის ნების თანახმად ვიცხოვრებთ, შევიზიზღებთ ბოროტებას და მივეკვრებით სიკეთეს (რომ. 12:2, 9).
11. რა მხრივ განამტკიცებს ქორწინებას ის, რომ წყვილები ახალ პიროვნებად იმოსებიან?
11 ის, ვინც ახალი პიროვნებით იმოსება, ემსგავსება თავად შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს (კოლ. 3:10). მართლაც, რამხელა კურთხევაა, როდესაც ცოლ-ქმარი იმოსება „სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ და ამგვარად განამტკიცებს ქორწინებას (კოლ. 3:12). როცა წყვილების „გულებში ქრისტეს მშვიდობა ბატონობს“, მათ ოჯახში სრული ჰარმონია ისადგურებს (კოლ. 3:15). როდესაც ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ სათუთი გრძნობები ამოძრავებს, ისინი მზად არიან პატივისცემაში ერთმანეთს დაასწრონ, რაც ორივეს სიხარულს ჰგვრის (რომ. 12:10).
12. პირადად თქვენ, როგორ ფიქრობთ, რომელი თვისებებია აუცილებელი ბედნიერი ქორწინებისთვის?
12 როდესაც ერთ ძმას, სახელად სიდს, ჰკითხეს, თუ რომელი თვისებები უწყობს ხელს მის ბედნიერ ქორწინებას, მან თქვა: „სიყვარული. ეს არის თვისება, რომლის გამოვლენასაც ყოველთვის ვცდილობთ. რბილი ხასიათიც არანაკლებ მნიშვნელოვანია“. სიდს მისი მეუღლე სონიაც ეთანხმება და დასძენს: „სიკეთის გამოვლენაც აუცილებელია. ჩვენ ვცდილობთ, რომ თავმდაბლობაც გამოვავლინოთ, თუმცა ეს ყოველთვის ადვილი არ არის“.
შეინარჩუნეთ ახლო ურთიერთობა
13. რა არის აუცილებელი მტკიცე ქორწინებისთვის და რატომ?
13 თავაზიანი საუბარი ნამდვილად აუცილებელია მტკიცე ქორწინებისთვის. რა სამწუხაროა, თუ ცოლი ან ქმარი უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობა სრულიად უცხო ადამიანებსა და შინაურ ცხოველებსაც კი, ვიდრე საკუთარ მეუღლეს. წყვილები, რომლებსაც ახასიათებთ „გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა“, საკუთარი ხელით უთხრიან ძირს ქორწინებას (ეფეს. 4:31). უმჯობესი იქნება, თუ ცოლ-ქმარი გამუდმებული სარკაზმისა და კრიტიკისგან თავს შეიკავებს და ურთიერთობის განსამტკიცებლად ერთმანეთს კეთილად, სათუთად და თანაგრძნობით მოექცევა (ეფეს. 4:32).
14. რას უნდა ვერიდოთ, თუ მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენა გვწადია?
14 ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ არის „დუმილის დრო“ (ეკლ. 3:7). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულიად დავდუმდეთ და ჩვენსა და მეუღლეს შორის ერთგვარი ზღუდე აღვმართოთ, რაც ნამდვილად ხელს შეუშლის ურთიერთობის აღდგენას. გერმანიაში მცხოვრები ერთი დაქორწინებული და თავის აზრს გვიზიარებს: „ასეთ დროს ჩვენი დუმილით შესაძლოა გული ვატკინოთ მეუღლეს“. თუმცა იგი დასძენს: „მართალია, სტრესულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება არც ისე იოლია, მაგრამ არც ცხელ გულზე ბრაზის ნთხევაა საუკეთესო გამოსავალი. ასეთი მოქმედებით შესაძლოა უფრო მეტად ვატკინოთ გული მეუღლეს და კიდევ უფრო დაგვეძაბოს ურთიერთობა“. მეუღლეებს შორის უთანხმოება ყვირილითა და გაბუტვით არ გვარდება. წყვილები თავიანთ ქორწინებას იმ შემთხვევაში განამტკიცებენ, თუ გაუგებრობას დროულად მოაგვარებენ და არ დაუშვებენ, რომ გაჭიანურებულმა კონფლიქტმა ბზარი გაუჩინოს მათ ქორწინებას.
15. როგორ განამტკიცებს ქორწინებას ახლო ურთიერთობა?
15 ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა იმ შემთხვევაში გაღრმავდება, თუ ისინი დროს გამოყოფენ, რათა ერთმანეთს გაუზიარონ ნააზრევი და განცდილი. უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას ვამბობთ, არამედ ისიც, თუ როგორ ვამბობთ. ამიტომ კონფლიქტურ სიტუაციებშიც კი, შეეცადეთ, თქვენი სიტყვა-პასუხი მადლიანი იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორად შეარჩიოთ ხმის ტონი და სიტყვები. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მეუღლეს მოსასმენად განაწყობთ (წაიკითხეთ კოლოსელების 4:6). ცოლ-ქმარი ქორწინებას განამტკიცებს, თუ მათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ექნებათ და ბიბლიური პრინციპის თანახმად, მათი პირიდან მხოლოდ კარგი გამოვა აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამით მადლი მიანიჭონ ერთმანეთს (ეფეს. 4:29).
ღირსეულად შეასრულეთ თქვენი, როგორც მეუღლის, მოვალეობა
16, 17. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ცოლმაც და ქმარმაც იზრუნონ ერთმანეთის სქესობრივ და ემოციურ მოთხოვნილებებზე?
16 ცოლ-ქმარი ურთიერთობის განმტკიცებას იმითაც შეძლებს, თუ ერთმანეთის სურვილებსა და ინტერესებს საკუთარზე წინ დააყენებს (ფილ. 2:3, 4). ქმრებიც და ცოლებიც ყურადღებიანები უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ სათანადოდ იზრუნონ თავიანთი მეუღლეების ემოციურ და სქესობრივ მოთხოვნილებებზე (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:3, 4).
17 საწყენია, რომ ზოგი დაქორწინებული გაურბის მეუღლისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოვლენას და თავის მოვალეობას არ ასრულებს მასთან. ზოგიერთ მამაკაცს ჰგონია, რომ მეუღლესთან სინაზის გამოვლენა მეტად არამამაკაცურია. ბიბლია კი ქმრებს მოუწოდებს: „თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს“ (1 პეტ. 3:7, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ქმრებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი მოვალეობის შესრულებაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ სქესობრივი კავშირის დამყარება მეუღლესთან. ცოლისთვის ქმართან ფიზიკური სიახლოვე უფრო სასიამოვნო იქნება, თუ იგი მისადმი სიყვარულსა და სითბოს გამოავლენს არა მხოლოდ სქესობრივი აქტის დროს, არამედ ყოველთვის. თუ ცოლიცა და ქმარიც სიყვარულსა და ყურადღებას იჩენენ ერთმანეთის მიმართ, ისინი უკეთ შეძლებენ ერთმანეთის ემოციური და ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
18. როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს, რომ ქორწინების სიმტკიცეს შეუწყონ ხელი?
18 მართალია, ქორწინებაში ღალატს გამართლება არ აქვს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: როცა ცოლი ან ქმარი სითბოსა და სიყვარულს მეუღლისგან ვერ იღებს, ის დანაკლისის სხვასთან შევსებას ცდილობს (იგავ. 5:18; ეკლ. 9:9). სწორედ ამიტომ მოუწოდებს ბიბლია წყვილებს: „ნუ მოაკლებთ ერთმანეთს ამას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეთანხმდებით, მხოლოდ დროებით . . . რომ სატანამ არ გაცდუნოთ თქვენი თავდაუჭერლობის გამო“ (1 კორ. 7:5). მართლაც, რა სამწუხაროა, თუ წყვილი სატანას საშუალებას მისცემს, ბოროტად ისარგებლოს მათი თავდაუჭერლობით, აცდუნოს ისინი და სიძვა ჩაადენინოს. ამის საპირისპიროდ, როცა თითოეული მეუღლე იმას კი არ ეძებს, „რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ . . . [იმას], რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ და მეუღლის წინაშე აღებულ ვალდებულებას ასრულებს სიყვარულით და არა — მოვალეობის მოხდის მიზნით, ეს მათი ცოლ-ქმრული კავშირის სიმტკიცეს უწყობს ხელს (1 კორ. 10:24).
გაუფრთხილდით ქორწინებას
19. რა უნდა დავისახოთ მიზნად და რატომ?
19 ჩვენ ღვთის ახალი, სამართლიანი ქვეყნიერების ზღურბლთან ვიმყოფებით. თუ მოაბის ველზე დაცემული 24 000 ისრაელის მსგავსად, საკუთარ გულისთქმებს ავყვებით, ეს ჩვენც ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანს. მას შემდეგ, რაც პავლემ ეს შემზარავი და სამარცხვინო შემთხვევა შეახსენა კორინთელებს, დასძინა: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს“ (1 კორ. 10:12). აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, ვუერთგულოთ ჩვენს ზეციერ მამას და ჩვენს მეუღლეს, რითაც ერთიორად განვამტკიცებთ ჩვენს ქორწინებას (მათ. 19:5, 6). დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ „[ღვთის] წინაშე წარვდგეთ უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ (2 პეტ. 3:13, 14).