არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მადლობდეთ იეჰოვას ხელგაშლილობისთვის

მადლობდეთ იეჰოვას ხელგაშლილობისთვის

იეჰოვა ღმერთი ხელგაშლილია (იაკ. 1:17). ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მწვანით მოსილი დედამიწა, ეს ყოველივე ღვთის ხელგაშლილობაზე მოწმობს (ფსალმ. 65:12, 13; 147:7, 8; 148:3, 4).

ფსალმუნმომღერალი იმდენად მადლიერი იყო შემოქმედის, რომ დაწერა სიმღერა, სადაც ხოტბა შეასხა მისი ხელის ნამოქმედარს. თუ 104-ე ფსალმუნს წაიკითხავთ, თქვენს გულს ღრმად ჩასწვდება მასში ჩაქსოვილი აზრები. ამ ფსალმუნში ვკითხულობთ: „მთელი სიცოცხლე ვუმღერებ იეჰოვას, ქებას ვუმღერებ ჩემს ღმერთს, სანამ ცოცხალი ვარ“ (ფსალმ. 104:33). დარწმუნებულნი ვართ, რომ თითოეულ თქვენგანსაც ეს გსურთ.

ხელგაშლილობის უნიკალური მაგალითი

იეჰოვას ძლიერ სურს, რომ მას ხელგაშლილობაში მივბაძოთ. იგი იმის მიზეზებსაც გვიმხელს, თუ რატომ უნდა ვიყოთ გულუხვნი. ყურადღება მიაქციეთ, რა დააწერინა მან პავლე მოციქულს: „მიუთითე ახლანდელ ქვეყნიერებაში მცხოვრებ მდიდრებს, რომ ქედმაღლები არ იყვნენ და იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დაამყარონ, რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს, და აკეთონ სიკეთე, გამდიდრდნენ კარგი საქმეებით, იყვნენ გულუხვები და გამზიარებლები, მოაგროვონ განძი, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:17—19).

როდესაც პავლე მოციქულმა კორინთელებს ღვთის შთაგონებით მეორე წერილი მისწერა, მან ყურადღება გაამახვილა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა მას, ვინც სხვისთვის გასცემდა: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორ. 9:7). შემდეგ პავლემ აღნიშნა, თუ ვისთვის მოჰქონდა სიკეთე გულუხვ გაცემას; ამას სიკეთე მოჰქონდა მათთვის, ვისი საჭიროებებიც კმაყოფილდებოდა და მათთვისაც, ვინც გასცემდა, ვინაიდან ისინი სულიერად მდიდრდებოდნენ (2 კორ. 9:11—14).

პავლემ ამ მონაკვეთის დასასრულს მოიხსენია ღვთის ხელგაშლილობის უდიდესი მტკიცებულება: „მადლობა ღმერთს ენით აუწერელი უსასყიდლო ძღვნისთვის“ (2 კორ. 9:15). იეჰოვას ძღვენი, იესოს გამოსასყიდი, თავის თავში აერთმთლიანებს ყველა იმ სიკეთეს, რასაც ღმერთი თავისი ხალხის მიმართ ავლენს. ეს იმდენად დიდი საჩუქარია, რომ მისი შეფასება შეუძლებელია.

როგორ გამოვხატოთ მადლიერება იეჰოვასა და მისი ძის მიმართ იმ ყველაფრისთვის, რაც მათ წარსულში გააკეთეს და რასაც სამომავლოდ გააკეთებენ? ხელგაშლილობის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება ისაა, რომ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ დავიშუროთ დრო, ენერგია და სახსრები იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად (1 მატ. 22:14; 29:3—5; ლუკ. 21:1—4).