რჩევები ოჯახებისთვის
როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები?
ქმარი ამბობს: „ჩვენი ქორწილის შემდეგ მე და სარა * ჩემი მშობლების სახლში ვცხოვრობდით. ერთხელ ჩემი ძმის მეგობარმა გოგონამ მთხოვა, რომ მანქანით სახლში მიმეყვანა. მე დავთანხმდი და თან ჩემი უმცროსი ბიჭიც წავიყვანე. როდესაც სახლში დავბრუნდი, სარა გაცეცხლებული დამხვდა. ჩვენ კამათი დავიწყეთ და სარამ ჩემი ოჯახის წევრების თანდასწრებით მექალთანე მიწოდა. ნერვები მომეშალა და მას ისეთი რაღაცეები ვუთხარი, რამაც ის კიდევ უფრო გააღიზიანა“.
ცოლი ამბობს: „იმ დროს ჩვენი ბიჭი ავად იყო, თანაც ფინანსურად გვიჭირდა. ამიტომ, როდესაც ფერნანდო თავისი ძმის მეგობარ გოგონასთან და ჩვენს ვაჟთან ერთად მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, რამდენიმე მიზეზის გამო აღვშფოთდი. როდესაც ის დაბრუნდა, პირში მივახალე ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი. ჩვენ სერიოზულად ვიჩხუბეთ და რა სიტყვებით აღარ ვლანძღეთ ერთმანეთი! ჩხუბის შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობდი“.
თუ ცოლ-ქმარი ჩხუბობს, ნიშნავს ეს იმას, რომ მათ აღარ უყვართ ერთმანეთი? არა! ზემოთ მოხსენიებულ ფერნანდოს და სარას ერთმანეთი ძალიან უყვართ. როგორი შეხმატკბილებულიც არ უნდა იყოს ოჯახი, უთანხმოება დროდადრო მაინც იჩენს თავს.
რატომ ხდება ოჯახში უთანხმოებები და რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ უთანხმოებებმა ძირი არ გამოუთხაროს თქვენს ქორწინებას? რამდენადაც ქორწინება ღვთისგან არის დაფუძნებული, გონივრული იქნება ვნახოთ, რას ამბობს მისი სიტყვა, ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით (დაბადება 2:21, 22; 2 ტიმოთე 3:16, 17).
რა იწვევს პრობლემებს?
დაქორწინებული წყვილების უმრავლესობას სურს, რომ ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ. მაგრამ, ბიბლია რეალურად აფასებს მდგომარეობას და გვეუბნება, რომ „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). ამიტომ, უთანხმოების წამოჭრისას ცოლ-ქმარს შეიძლება უჭირდეს თავის მოთოკვა. ასეთ დროს ზოგი შესაძლოა ყვირილსა და შეურაცხმყოფელ სიტყვებზე გადადიოდეს (რომაელები 7:21; ეფესოელები 4:31). კიდევ რამ შეიძლება დაძაბოს სიტუაცია?
ხშირ შემთხვევაში ცოლსა და ქმარს ურთიერთობის განსხვავებული სტილი აქვთ. „როდესაც დავქორწინდით, — ამბობს მიჩიკო, — დავინახე, რომ ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვანაირად ვმსჯელობდით. მე მიყვარს არა მხოლოდ იმაზე საუბარი, თუ რა მოხდა, არამედ იმაზეც, თუ რატომ და როგორ მოხდა. ჩემი ქმარი კი, როგორც ვატყობ, მხოლოდ საბოლოო შედეგით არის დაინტერესებული“.
მსგავსი ფაქტის წინაშე მიჩიკოს გარდა სხვებიც დგანან. ხშირად ერთ მხარეს შეიძლება სურდეს, რომ უთანხმოების შესახებ დაწვრილებით იმსჯელოს მეუღლესთან, მაშინ როცა ამ უკანასკნელს შესაძლოა არ სურდეს უსიამოვნო თემაზე საუბარი და ყველანაირად ერიდებოდეს ამ საკითხის გარჩევას. ზოგჯერ ისე ხდება, რომ რაც უფრო მეტად სურს ერთს გარკვეულ თემაზე საუბარი, მეორე მით უფრო მეტად არიდებს თავს ამაზე ლაპარაკს. თქვენს შემთხვევაშიც ასეთი რამ ხომ არ ხდება? უთანხმოებისას ერთ-ერთ თქვენგანს
ყოველთვის ხომ არ სურს საკითხის დეტალურად გარჩევა, მეორეს კი არა?მეორე ფაქტორი, რამაც მეუღლეებს შორის შეიძლება უთანხმოება გამოიწვიოს, არის ის, რომ ოჯახებში, სადაც ისინი აღიზარდნენ, მათ გარკვეული შეხედულება ჩამოუყალიბდათ იმ ურთიერთობაზე, რომელიც ცოლ-ქმარს შორის უნდა არსებობდეს. ჯასტინი, რომელიც ხუთი წელია, რაც დაქორწინებულია, ამბობს: „ჩემი ოჯახის წევრები საკმაოდ თავდაჭერილები იყვნენ, ამიტომ მეც მათ დავემსგავსე და ძალიან მიჭირს გრძნობების თავისუფლად გამოხატვა. ეს კი ჩემს ცოლს ძალიან აღიზიანებს. ის ჩემთან შედარებით სრულიად განსხვავებულ გარემოში აღიზარდა და ამიტომ, მას საერთოდ არ უჭირს ჩემთვის გრძნობების გაზიარება“.
რატომ უნდა ეცადოთ პრობლემების მოგვარებას?
მკვლევარების აზრით, იმის საუკეთესო მაჩვენებელი, თუ რამდენად ბედნიერია წყვილი, მაინცდამაინც ის არ არის, თუ რამდენად ხშირად ეუბნება ცოლ-ქმარი ერთიმეორეს, რომ უყვართ ერთმანეთი. არც სექსუალური ურთიერთობა და არც ფინანსური სტაბილურობა არ არის ბედნიერი ქორწინებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები. სინამდვილეში ბედნიერების საწინდარი არის ის, თუ რამდენად კარგად უმკლავდება ცოლ-ქმარი წამოჭრილ უთანხმოებას.
გარდა ამისა, იესომ თქვა, რომ როდესაც წყვილი ქორწინდება, მათ ღმერთი აუღლებს და არა კაცი (მათე 19:4—6). ამიტომ, ბედნიერი ქორწინება პატივს მიაგებს ღმერთს. მეორე მხრივ, თუ ქმარი სიყვარულსა და თანაგრძნობას არ ავლენს ცოლის მიმართ, იეჰოვა ღმერთმა შეიძლება მისი ლოცვები არ შეისმინოს (1 პეტრე 3:7). თუ ცოლი პატივისცემას არ იჩენს ქმრის მიმართ, ის სინამდვილეში იეჰოვას არ მიაგებს პატივს, რომელმაც ოჯახისთავად ქმარი დანიშნა (1 კორინთელები 11:3).
წარმატების საწინდარი — მოერიდეთ გულსატკენ სიტყვებს
მიუხედავად იმისა, თუ როგორ ურთიერთობას ხართ მიჩვეული და როგორ ოჯახურ გარემოში აღიზარდეთ, თუ გსურთ ბიბლიის პრინციპების თანახმად იცხოვროთ და ეფექტურად მოაგვაროთ უთანხმოებები, უნდა მოერიდოთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც თქვენს მეუღლეს გულს ატკენდა. საკუთარ თავს დაუსვით ქვემოთ მოყვანილი კითხვები:
„როცა მეუღლეს პასუხს ვუბრუნებ, გულს ხომ არ ვტკენ ჩემი სიტყვებით?“
„ცხვირის ჭყლეტით სისხლი გამოდის, რისხვის ჭყლეტით კი — ჩხუბი“, — ამბობს ერთ ბრძნული იგავი (იგავები 30:33). რას ნიშნავს ეს სიტყვები? განვიხილოთ ერთი მაგალითი. საუბარი, რომელიც იწყება სხვადასხვა აზრის გამოთქმით იმის თაობაზე, თუ როგორ განაგოთ ბიუჯეტი („ყაირათიანად უნდა ვხარჯოთ ფული“), შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს მეუღლის ხასიათის გაკრიტიკებაში („შენ ისეთი მფლანგველი ხარ“). თუ თქვენი მეუღლე ‘ცხვირს გიჭყლიტავთ’ იმ გაგებით, რომ თქვენს ხასიათს აკრიტიკებს, შეიძლება იმის სურვილი გეუფლებათ, რომ საპასუხოდ თქვენც იგივენაირად მოიქცეთ. მაგრამ, სამაგიეროს გადახდა მხოლოდ რისხვას იწვევს და სიტუაციას უფრო ამწვავებს.
ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, იაკობი გვაფრთხილებს: „პატარა ცეცხლსაც ხომ შეუძლია უზარმაზარი ტყის გადაბუგვა! ენა ცეცხლია“ (იაკობი 3:5, 6). როდესაც მეუღლეები ენას კონტროლს არ უწევენ, მცირე უთანხმოება შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს სერიოზულ კონფლიქტში. იმ ოჯახებში, სადაც ხშირად ემოციებს ვერ თოკავენ და ერთმანეთს სიტყვიერად უსწორდებიან, ვეღარ იქმნება ისეთი გარემო, სადაც სიყვარული დაისადგურებდა.
შეგიძლიათ, რომ სამაგიეროს გადახდის ნაცვლად მიჰბაძოთ იესოს, რომელიც „ლანძღვით არ პასუხობდა“ მათ, ვინც მას ლანძღავდა? (1 პეტრე 2:23). უთანხმოების მოგვარების ყველაზე სწრაფი საშუალება ისაა, რომ დაინახოთ თქვენი მეუღლის გაღიზიანების მიზეზი და მოუბოდიშოთ იმის გამო, რომ თავი ვერ მოთოკეთ.
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: შემდეგში, როდესაც შეატყობთ, რომ თქვენი და თქვენი მეუღლის საუბარი კამათში გადადის, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ხომ შეიძლება გავუგო ჩემს მეუღლეს, თუ რატომ გაღიზიანდა ის? რა გავაკეთე, რამაც ჩვენ შორის უთანხმოება წარმოშვა? რა მიშლის ხელს, რომ მეუღლეს მოვუბოდიშო ჩემი შეცდომებისთვის?“
„ნაკლებად სერიოზულად ხომ არ ვეკიდები ჩემი მეუღლის გრძნობებს?“
„ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი“, — მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა (1 პეტრე 3:8). მოდი, დავფიქრდეთ იმ ორ მიზეზზე, რომელთა გამოც შეიძლება გიჭირდეთ ამ რჩევის გათვალისწინება. ერთი მიზეზი ისაა, რომ თქვენ შეიძლება ნაკლებად გესმით, რას გრძნობს და განიცდის თქვენი მეუღლე. მაგალითად, თუ რაღაცის გამო თქვენი მეუღლე თქვენზე მეტად არის შეწუხებული, თქვენ შეიძლება ეუბნებით მას: „შენ ამას ზედმეტად განიცდი“. შეიძლება ამას იმიტომ ამბობთ, რომ გსურთ მეუღლეს დაანახვოთ, რომ ეს პრობლემა არცთუ ისე საგანგაშოა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრისთვის ასეთი სიტყვები ბევრი ვერაფერი ნუგეშია. როგორც ცოლებს, ისე ქმრებს სურთ, რომ მათთვის ძვირფასი ადამიანები უგებდნენ და თანაუგრძნობდნენ მათ.
გარდა ამისა, მეტისმეტი სიამაყის გამო ერთი მეუღლე შეიძლება სერიოზულად არ ეკიდებოდეს მეორის გრძნობებს. ამაყი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენოს. შეიძლება ის ამას იმით აღწევს, რომ სხვებს დამამცირებელი სახელებითა თუ შედარებებით მიმართავს. დაფიქრდით იესოს დროს მცხოვრები ამაყი ფარისევლებისა და მწიგნობრების მაგალითზე. როდესაც ვინმე, თუნდაც ფარისეველი, ისეთ აზრს გამოთქვამდა, რომელიც მათ აზრს არ ემთხვეოდა, ისინი მას შეურაცხმყოფელ სახელებს უწოდებდნენ და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ (იოანე 7:45—52). იესო სრულიად სხვაგვარად იქცეოდა. ის თანაუგრძნობდა სხვებს, როდესაც ისინი მას თავიანთ სატკივარს უზიარებდნენ (მათე 20:29—34; მარკოზი 5:25—34).
დაფიქრდით, როგორ იქცევით, როდესაც თქვენი მეუღლე თავის საწუხარს გიზიარებთ. აისახება თანაგრძნობა თქვენს სიტყვებში, ხმის ტონსა და სახის გამომეტყველებაში? თუ ყურადღებას არ აქცევთ ხოლმე თქვენი მეუღლის გრძნობებს?
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: მომდევნო კვირების განმავლობაში დააკვირდით, როგორ ელაპარაკებით მეუღლეს. თუ ზედაპირულად ეკიდებით მის გრძნობებს ან ისეთ რამეს ეუბნებით, რაც მას ამცირებს, მაშინვე მოუბოდიშეთ.
„ხშირად ხომ არ ვასკვნი, რომ მეუღლეს ეგოისტური მოტივები ამოძრავებს?“
„მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში? შენ არ მფარველობ მას, მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს?“ (იობი 1:9, 10). ამ სიტყვებით სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ერთგული მამაკაცის, იობის, შინაგანი მოტივები.
თუ ცოლ-ქმარი სიფრთხილეს არ გამოიჩენს, მათაც შეიძლება ერთმანეთს არასწორი მოტივები მიაწერონ. მაგალითად, თუ მეუღლე რაიმე სასიამოვნოს აკეთებს თქვენთვის, ხომ არ ფიქრობთ, რომ ის რაღაცას გიმალავთ ან სანაცვლოდ რაღაცას მოგთხოვთ? თუ მეუღლე რაღაც შეცდომას უშვებს, ხომ არ ასკვნით, რომ ის ეგოისტია და თქვენზე არ ზრუნავს? მაშინვე ხომ არ იხსენებთ მის მიერ წარსულში ჩადენილ მსგავს შეცდომებს და ძველ „სიას“ ამ ახალ შეცდომასაც ხომ არ უმატებთ?
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: გაიხსენეთ მეუღლის მიერ თქვენთვის გაკეთებული კარგი საქმეები და ის კარგი მოტივები, რამაც აღძრა ის ასეთი მოქმედებისკენ.
პავლე მოციქულმა დაწერა: „სიყვარული . . . განაწყენებას არ ითვლის“ (1 კორინთელები 13:4, 5). მართალია, ნამდვილი სიყვარული ბრმა არ არის, მაგრამ ის „განაწყენებას არ ითვლის“. პავლემ ისიც თქვა, რომ სიყვარულს „ყველაფერი სწამს“ (1 კორინთელები 13:7). ასეთი სიყვარული მიამიტური კი არ არის, არამედ ნდობა ახასიათებს. ის არ არის ცინიკური და ეჭვიანი. ის სიყვარული, რომელზეც ბიბლია საუბრობს, მზადაა პატიებისთვის და სხვა ადამიანს არასწორ მოტივებს არ მიაწერს (ფსალმუნი 86:5; ეფესოელები 4:32). თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ ასეთ სიყვარულს გამოავლენს, მათ ბედნიერი ოჯახი ექნებათ.
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
-
რა შეცდომა დაუშვა სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა წყვილმა?
-
როგორ მოვერიდო მსგავსი შეცდომების დაშვებას?
-
სტატიაში მოხსენიებული რომელი რჩევების გათვალისწინება მჭირდება ყველაზე მეტად?
^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.